10 გამორჩეული გამონათქვამი გელა ჩარკვიანისგან - Marao

10 გამორჩეული გამონათქვამი გელა ჩარკვიანისგან

2024-12-06 15:12:12+04:00

გელა ჩარკვიანსა და მის ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს - იცნობს და უყვარს, როგორც განათლებული, ერუდირებული და პატრიოტი ადამიანი. გელა იყო დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი. მისი ნააზრევი კი დღემდე უცვლელი სახელმძღვანელოა არაერთი თაობისთვის. 

გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს,აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ეს ის პერიოდია, როცა აშშ-ში პიკს აღწევდა ახალგაზრდული რევოლუცია. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა .

ამერიკიდან ჩამოსულმა ჩარკვიანმა სწავლა კვლავ თბილისში განაგრძო ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გელა ჩარკვიანი, როგორც ტელეწამყვანი

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან, 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. მისი, ხუთი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი, „ქართველები კრემლში” 2004 წლის სექტემბერ/ოქტომბერში რუსთავი 2-ის ეთერით აჩვენეს.

გელა ჩარკვიანი, როგორც დიპლომატი

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო.ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანი, როგორც მუსიკოსი 

გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში, 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.

გელა ჩარკვიანის ოჯახი 

"ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს.

  • "მამა მკაცრი იყო, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრები ვიყავით..." - ვინ არის, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს დღეს ირაკლი ჩარკვიანის უფროსი შვილი, რომელიც მამის ასლია 

ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლქმრულ ურთიერთობებში – ციკლი დამთავრდა და ცვლილება თითქოს გარდაუვალია. ამ დროს მოხდა ის, რაც, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ ნანას უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცა. ტროტუარზე მდგარს მანქანა დაეჯახა. ხელ-ფეხის მოტეხილობასთან ერთად მას მუცლის აორტაც დაუზიანდა. ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ შესძლებოდა ცეკვა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა და რომელშიც მე ჯეროვან პარტნიორობას ვერ ვუწევდი, ჩვილობაში გადატანილი პოლიომიელიტის გამო.

  • “ბაბუაჩემი სულ ჰყვებოდა, მე რომ რამდენიმე წამით ადრე გამოვსულიყავი სახლიდან, ავტობუსს რომ არ დაეგვიანა, ვერ გავიცნობდიო ნანას" - ნანა ჩარკვიანი გელა ჩარკვიანისა და მისი მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს 

და მაინც ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება, მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა.

ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს...გაგრძელება

გელა ჩარკვიანის ფრაზები

  • "იცოდეთ, ყველაფერი, რაც გაქვთ, დროებითია. სხვებს არაფრით სჯობიხართ. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია. დრო გააქრობს თქვენს ფულს, თანამდებობას, კარგ მანქანას, სახლებს და ყველაფერს, რაც მატერიალურია… მთავარი ადამიანობა, ღირსება, სიყვარული და კაცობაა - მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ".
  • "ყველა ტიტული მოვიცილე, დამრჩა ერთი – გელა ჩარკვიანი".
  • "დიდი მომავლის კაცი მოწყვლადია. შეიძლება წაართვან. დიდი წარსულის მქონე კაცს, საუკეთესო შემთხვევაში, ფეხებს მოსჭამენ".
  • "ასაკოვანი კაცის უპირატესობა ისაა, რომ მას სიცოცხლეს ვეღარავინ წაართმევს. მისი განვლილი გზა file-ში დევს. იგი თავისუფალია. აღარ ეშინია".
  • "როგორც ბავშვობაში შენი დაბადების დღიდან მიჰყავთ მშობლებს შენი მეგობრები, ასევე რიგრიგობით მიჰყავს ისინი დღეს ჩვენს საერთო მშობელს. მაშინდელივით განიცდი, გინდა, გაგრძელდეს ზეიმი. აღარავინ გრჩება, რომ ეთამაშო".
  • "ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანა უფრო შორს წავიდა – მან სიკვდილი მომანდომა". 
  • "ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულიად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი".
  • "მე თერგდალეულიც ვარ და ატლანტიკა – ნაყლაპიც. ამიტომ დამეჯერება".
  • "დღეს ჩვენ კვლავ თავისუფალი ერი ვართ და ამ თავისუფლების შენარჩუნება უნდა იქცეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანად. ძალიან ვღიზიანდები როცა მესმის დამოუკიდებლობამ რა მომცაო. მან მოგცა საშუალება თავად განკარგო შენი ბედი და, რაც მთავარია, მან დაგიბრუნა ღირსება. ვაჭრუკანული საზომის გამოყენება ისეთი ამაღლებული ცნების შეფასებისას, როგორიც ქვეყნის დამოუკიდებლობაა, სამარცხვინოა, რადგან ეს ცნება, ერის თავისუფლება, ყოველგვარი მატერიალური სარგებლის მოსაზრებათა გარეშე, თავისთავად წარმოადგენს უმაღლესი რანგის ღირებულებას“.
  • "ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა იქნება ჩემი სულ ბოლო აზრი, ხატი, ბგერა, მელოდია, ადამიანის სახე, სახელი (იქნებ ცხოველის), მოკლედ, აი, ის უკანასკნელი გაელვება, რის შემდეგაც სრული სიჩუმეა. ნეტავ რაზე იფიქრა ნანამ, რამ გაიელვა მის გონებაში. მე ხომ შევესწარი მის სიკვდილს. გვერდით ვეჯექი. ვწუხვარ, რომ ჩემს ბოლო აზრს ვერ გაგიზიარებთ. ვერ დავაშეარებ“.