ლუი დე ფიუნესი დაიბადა 1914 წლის 31 ივლისს კურბევოაში , პარიზის გარეუბანში, მისი მშობლები წარმოშობით სევილიიდან იყვნენ. ვინაიდან წყვილის ოჯახები ეწინააღმდეგებოდნენ ქორწინებას, ისინი გაიქცნენ საფრანგეთში 1904 წელს. მისი მამა, კარლოს ლუის დე ფიუნეს დე გალარზა, დიდგვაროვანი იყო. ესპანეთში იურისტად მუშაობდა, მაგრამ საფრანგეთში ჩასვლისთანავე ბრილიანტის მჭრელი გახდა.
ახალგაზრდობაში უყვარდა ხატვა და ფორტეპიანოზე დაკვრა. ის იყო პარიზის ლიცეის კონდორსეს კურსდამთავრებული. ის გახდა ბარის პიანისტი, მუშაობდა ძირითადად ჯაზ-პიანისტად პიგალეში, პარიზში. იგი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა სამსახიობო სკოლაში. 1936 წელს იგი დაქორწინდა ჟერმენ ლუიზ ელოდი კაროიერზე, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი: ვაჟი, სახელად დანიელი; წყვილი 1942 წლის ბოლოს დაშორდა. 1940-იანი წლების დასაწყისში დე ფიუნესი აგრძელებდა ფორტეპიანოზე დაკვრას კლუბებში.
მეორე მსოფლიო ომში, პარიზის ოკუპაციის დროს მან განაგრძო ფორტეპიანოს სწავლა მუსიკალურ სკოლაში, სადაც შეუყვარდა ჟანა ბარტელემი დე მოპასანი. ისინი დაქორწინდნენ 1943 წელს და დარჩნენ ერთად ორმოცი წლის განმავლობაში.
იმისთვის, რომ ოჯახი შეენახა, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. ის მეკუჭნავე, უნივერმაღში ვიტრინების დეკორატორი, მეთუნუქე, ბუღალტერი და ფოტოგრაფიც იყო. ის ასევე გამოდიოდა ექსპერიმენტული თეატრების სცენებზე. მღეროდა, ცეკვავდა, ხალხს აცინებდა... სცენიდან ბარში გარბოდა და როიალთან ჯდებოდა. ასე შოულობდა ფულს ოჯახისთვის და სამსახიობო კურსების დასაფინანსებლად.
ასეთ ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია და როგორც მსახიობის მეგობრები ამბობდნენ, მას ძალიან რთული ხასიათი ჩამოუყალიბდა. განსაკუთრებული სირთულეები ამის გამო, მსახიობის მეზობლებს ექმნებოდათ. ლუი დე ფიუნესი ხშირად იძახებდა პოლიციას, თუ საღამოს 10 საათის შემდეგ, მეზობლებისგან ხმაური ისმოდა. ამასთან, ის ხანდახან, კომპენსაციის სახით, მატერიალურ ანაზღაურებასაც ითხოვდა.
ომის დამთავრების შემდეგ, ლუი დე ფიუნესმა ბედი კინემატოგრაფიას დაუკავშირა; მას იმ პერიოდისთვის უკვე დამთავრებული ჰქონდა რენე სიმონის სამსახიობო კურსები და 1945 წელს ის "ბარბიზონის ცდუნებაში" გადაიღეს. თუმცა, ამ ფილმს მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია. მის კარიერაში, საეტაპო ფილმი "არ დაგიჭერია, ე. ი. ქურდი არ არის"(1958) აღმოჩნდა.
1979 წელს ლუი დე ფიუნესმა ფილმი გადაიღო, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად იყო. ფილმში მთავარი გმირი მდიდარი დიდგვაროვანია, რომელსაც სკივრი ოქროს მონეტებით აქვს სავსე და საკუთარი შვილებისთვის არაფერი ემეტება.
შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა ამ ფილმში საკუთარი თავი ითამაშა. მისმა ვაჟმა ოლივიემ, მამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა:
"მამა ძალიან ძუნწი იყო. ერთხელ მან მაიძულა, რომ ნაყიდი სპორტული ფეხსაცმელი, შედარებით იაფფასიანზე გადამეცვალა, რადგან ჩათვალა, რომ მეტისმეტად ძვირი იყო".
ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება, შესაძლებელია, მსახიობის მიერ, ბავშვობაში გადატანილ ტრავმას უკავშირდებოდეს. როგორც ამბობენ, ლუი დე ფიუნესის მამას ვალები ჰქონდა. ამის გამო, მან თავი მოიკლა და ოჯახი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში დატოვა.