“თუ მამულისთვის არ მიბრძოლია, მისთვის მაინც ხომ ვხატავდი" - ეს სიტყვები რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვარს, ეჟენ დელაკრუას ეკუთვნის. ხელოვნება სასტიკ რეჟიმთან შეწინააღმდეგების ალბათ ყველაზე მშვიდობიანი გზაა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, პოეტები - ყველა თავისებურად იბრძოდა იმისთვის, რომ ადამიანისთვის ყველაზე ღირებული, თავისუფლება დაეცვათ.
მკერდმოშიშვლებული, ფეხშიშველი თავისუფლება დაღუპულების გვამებზე მიაბიჯებს, აჯანყებულებს ბრძოლისკენ მოუწოდებს და რესპუბლიკის სამფეროვან დროშას მიაფრიალებს - ასე ახასიათებენ ეჟენ დელაკრუას ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, "თავისუფლება ხალხს მიუძღვის".
1830 წელს საფრანგეთში ჩამოაგდეს ხალხისათვის საძულველი ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი შარლ X. ცნობილი მწერლის ა. დიუმას გადმოცემით, ღვთისმშობლის ტაძარზე მოფრიალე რესპუბლიკის ალამმა მხატვარს სურვილი აღუძრა „სამი ღირსშესანიშნავი დღე“ დიდ ტილოზე აღებეჭდა.
მხატვარმა მუშაობა დაიწყო 1830 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მომდევნო წლის აპრილში სურათი უკვე გამოფინა კიდეც. ასე შეიქმნა „თავისუფლება ბარიკადებზე“ — დელაკრუას ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოები, მიძღვნილი 1830 წლის რევოლუციისადმი.
რევოლუციონერთა მრავალი თაობისათვის დელაკრუას სურათი რჩება რესპუბლიკის სიმბოლოდ, რევოლუციური ტრადიციებისა და ხალხის ვაჟკაცობის შესანიშნავ ძეგლად.
ვაშინგტონი კვეთს მდინარე დელავერს
ამერიკაში მცხოვრები გერმანული წარმოშობის მხატვრის, ემანუელ ლოიცეს მიერ შესრულებულ ნამუშევარზე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონია გამოსახული, რომელიც კონტინენტურ არმიასთან ერთად ამერიკის რევოლუციის დროს მდინარე დელავერს კვეთს. Christie’s-ის სააუქციონო სახლი ხელოვნების ნიმუშის 15-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად გაყიდვას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ემანუელ ლოიცემ ნამუშევრის სამი ვერსია შექმნა. აქედან ერთი ბრემენის სამხატვრო გალერეის კოლექციაში შედიოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას განადგურდა. ნამუშევრის კიდევ ერთი, მცირე ზომის ვერსია კი ამჟამად ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
რაც შეეხება მესამე ნამუშევარს, ის 2015 წელს დეტროიტელი მეწარმისგან მილიარდერმა რობერტ კირლინმა ცოლთან ერთად გაურკვეველ თანხად შეიძინა. მათ ნამუშევარი თავისივე დაარსებულ მინესოტის საზღვაო ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს.
აჯანყება
"მოლიერი ფანქრით" - ასე მოიხსენიებდნენ ერთ-ერთ გამორჩეულ ფრანგ მხატვარს, ონორე დომიეს. პირველი ლითოგრაფია დომიემ 1829 წელს, 21 წლის ასაკში გამოაქვეყნა ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალში „ლა სილუეტ“ (La Silhouette). 1830 წლის რევოლუციის შემდეგ დომიე ნამუშევრებს ანტიმონარქისტული, პრორესპუბლიკური ჟურნალისთვის „ლა კარიკატურ“ (La Caricature) და ლითოგრაფიით ილუსტრირებული პირველი ყოველდღიური გაზეთის - პარტიზანული „ლე შარივარისთვისაც“ (Le Charivar) ქმნიდა.