არგენტინელი მწერალი და პოეტი, მე-20 საუკუნის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა.
დაიბადა 1899 წლის 24 აგვისტოს, არგენტინაში. მამა, ხორხე გილიელმო ბორხესი, ადვოკატი და ფსიქოლოგიის პროფესორი, ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მაგრამ შვილისგან განსხვავებით, წარმატებას ვერ მიაღწია. დედა, ლეონორ ასევედო სუარესი ინგლისურიდან მთარგმნელად მუშაობდა. ბორხესების ოჯახი ორენოვანი იყო, ამიტომ მომავალი მწერალი ბავშვობიდან ერთ დონეზე ფლობდა ინგლისურ და ესპანურ ენას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბორხესი ჟენევაში სწავლობს, გარკვეულ დროს ატარებს იტალიასა და ესპანეთში. ამ პერიოდისთვის ხორხე ლუის ბორხესი ესპანეთში ულტრაისტული ავანგარდული მიმდინარეობის წევრია. ჟურნალში Grecia ქვეყნდება უოლტ უიტმანის სტილში დაწერილი მისი პირველი ლექსი, ჰიმნი ზღვას.
საერთაშორისო კრიტიკა ბორხესის შემოქმედებით მხოლოდ 1960-იანი წლებში ინტერესდება. 1961 წელს იგი სამუელ ბეკეტთან ერთად იღებს ფორმენტორის პრემიას. 1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგმნება ინგლისურად, რასაც ავტორისთვის დიდი პოპულარობა მოაქვს.
პირადი ცხოვრება
1967 წლის აგვისტოში 68 წლის არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი დაქორწინდა 57 წლის ქვრივ ელზა ასტეტ მილანზე. წყვილი ერთმანეთს დაახლოებით 1927 წელს შეხვდა, თუმცა მათი გაცნობის ცნობები ძალიან განსხვავებულია.
ქორწინებიდან მალევე, ჯორჯი და ელზა გაემგზავრნენ ჰარვარდში. მასაჩუსეტსში ყოფნისას ბორხესმა გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი - დაბადებული 1933 წელს - ნორმან თომას დი ჯოვანი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში გახდება ბორხესის თანამშრომელი, მენტორი, ამანუენსი.
ცნობილი ფაქტია, რომ ელზა მეუღლისა და დი ჯოვანის ურთიერთობაზე ეჭვიანობდა, მიიჩნევდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მის ქმარზე ზედმეტად დიდი გავლენა ჰქონდა.
ცნობების თანახმად, ელზამ დი ჯობვანის თავისი საყვარელი ნუტრიის ქირქის მოპარვაც კი დააბრალა. ბოლოს კი არგენტინაში ამერიკის ელჩს მიადგა და მისი დაბრუნება მოითხოვა. ელჩი გაბრაზდა. ''მე აღარასდროს მინდა გავუსწორო თვალი იმ ქალს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცენ მას ჩემს კარში ფეხის შედგმის უფლება."
ელზასა და ბორხესის ქორწინება მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.
1973 წელს ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბორხესი ტოვებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას. 1979 წელს მწერალს აჯილდოებენ სერვანტესის პრემიით, 1983 წელს კი საპატიო ლეგიონის ორდენს იღებს.
ცხოვრების ბოლო წლებს ბორხესი თავის თანაშემწესთან, მარია კოდამასთან ატარებს. 1984 წელს ისინი აქვეყნებენ ნაწყვეტებს თავიანთი დღიურიდან, სახელწოდებით ატალა, სადაც ბორხესის ტექსტები და კოდომას ფოტოებია. ისინი 1986 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდნენ.