იგი ითვლება იტალიაში როკ-ენ-როლის ერთ-ერთ პირველ შემსრულებლად. ერთ-ერთი პირველი იტალიელი არტისტი პოპულარული მუსიკის სფეროში, რომელმაც საყოველთაო აღიარება და საერთაშორისო „ვარსკვლავის სტატუსი“ მოიპოვა.
ადრეული ცხოვრება
ადრიანო ჩელენტანო დაიბადა ქ. მილანში, მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს, სამუშაოს გამო.
ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.
ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.
ყველამ არ იცის, რომ ჩელენტანოს მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვს მიღებული. 12 წლის ასაკში უკვე საათების სახელოსნოში მუშაობდა, სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა და ნელ-ნელა მომავალ პროფესიას ეუფლებოდა.
კარიერა
ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით. გამუდმებით მღეროდა და ალბათ მესაათე გახდებოდა, ერთ დღესაც რომ არ მოესმინა როკ-ენ-როლი. პირველივე ხმებიდან ამ მუსიკალურმა სტილმა მოხიბლა ახალგაზრდა და მან საკუთარ თავს პირობა დადო, რომ როკ ჯგუფში შევიდოდა იგივე სიმღერების სამღერად.
ჩელენტანოს ოცნება ახდა, ის გახდა Rock Boys-ის სოლისტი, რომელმაც 1957 წელს იტალიის როკ-ენ-როლის ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა.
ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია „La coppia piu' bella del mondo“, რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა; „Azzurro“ (1968), პაოლო კონტეს ტექსტით და „Prisencolinensinainciusol“ (1972).
ადრიანო ყოველთვის ამბობდა, რომ ის მსახიობი კი არა, მომღერალი იყო. მისი სიმღერების უცხოელი მსმენელები, რომლებმაც იტალიური არ იციან, ბევრს კარგავენ, არ ესმით სიტყვები და ტკბებიან მხოლოდ მუსიკით და მომღერლის თავისებური ხმით. მაგრამ ჩელენტანო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს ტექსტს. მისი ყველა კომპოზიცია მოგვითხრობს დიდ სიყვარულზე, უბრალო ადამიანების მძიმე ცხოვრებაზე, ბუნების დაცვაზე... და ჩერნობილის კატასტროფაზეც კი.
პირადი ცხოვრება
ადრიანომ თავისი დიდი და ერთადერთი სიყვარული, კლაუდია მორი, ფილმის „უცნაური ტიპი“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო.
ჩელენტანო გადასაღებ მოედანზე მოვიდა ძველი ფეხსაცმლით და დახეული, ჭუჭყიანი პერანგით. იმისდა მიუხედავად, რომ "კავალერის" გარეგნობა ძალიან საზიზღარი იყო, იმ დროს პოპულარულ ლამაზმან მორის შეუყვარდა.
მორიმ მიატოვა კინომსახიობის კარიერა და გახდა დიასახლისი, ცხოვრება მიუძღვნა ქმარს და სამ შვილს.