ჟურნალისტ სალომე ასათიანს აქამდეც ბევრი იცნობდა - შეუძლებელია, მისი ნიჭიერება და პროფესიონალიზმი შეუმჩნეველი დარჩენილიყო - თუმცა ბოლო დღეებია, რაც ის უფრო ფართო საზოგადოებამ გაიცნო. ამის მიზეზი მისი ერთ-ერთი ეთერი და საინტერესო ინტერვიუ გახდა.
საუბარი, ალბათ, მისი ოჯახით უნდა დავიწყოთ - სალომე ასათიანი ყველასთვის კარგად ნაცნობი მომღერლის, ირმა სოხაძისა და რეზო ასათიანის შვილია. სალომეს ჰყავს და, ნატა ასათიანი, რომელიც საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი სახეა. ნატა პროფესიით ფსიქოლოგია, არის 2 წიგნის ავტორი „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ” და „ბულინგი - ფორმები და ფსიქოლოგიური მექანიზმი” ავტორი. ნატა მაყურებელმა ტელეწამყვანის ამპლუაშიც გაიცნო.
სალომე ასათიანი არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. სალომეს აქვს საკუთარი პოდკასტი "ასათიანის კუთხე", სადაც ლიტერატურის, კინოს, მუსიკის, კულტურის ისტორიისა და ფემინიზმის შესახებ საუბრობს.
სალომე ასათიანის ირგვლივ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა 2016 წელს, როცა მისი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ შედგა "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და რადიო "თავისუფლების" ერთობლივ გადაცემაში "ინტერVIEW". ინტერვიუ მაყურებელმა დაუმონტაჟებლად იხილა. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ კი სალომემ არაერთი განმარტება გააკეთა.
ირმა სოხაძე შვილების შესახებ იშვიათად საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებს. 2016 წელს, ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, სალომე ასათიანი კრიტიკის ობიექტი გახდა. ეს კრიტიკა კი, სამწუხაროდ, ჩარჩოებს გასცდა და ჟურნალისტის გარეგნობასაც შეეხო.
"ეს არის უსინდისო, უსაქმური და უინტელექტო ხალხი! ამ სიტყვების ხმარებისთვის სიტყვა "მაპატიე"-საც არ გეუბნებით. მათ მხოლოდ დეგენერატები და გონებრივად ჩამორჩენილები შემიძლია ვუწოდო, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ. სალომემ "ფეისბუქზე" სტატუსიც დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ბადურა ჩამოეშალა. სალომე არის ფანტასტიკური გოგო! არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია", - ამბობდა მაშინ ირმა სოხაძე.
საკუთარი გარეგნობისა და მასთან დაკავშირებული კრიტიკის შესახებ მაშინ სალომე ასათიანმაც გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი. ეს წერილი დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ნიშნით ბულინგი კვლავ აქტუალური თემაა.
„ტელეგადაცემის ლინკებზე თუ ფოტოებზე რამდენჯერმე შემხვდა შენიშვნა ჩემი თვალების ასიმეტრიასთან დაკავშირებით. რომ „ელამი“ ვარ, რომ „აჯობებს კადრში მუქი სათვალით დავჯდე“… გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს. დაახლოებით ათი წლის წინ ბადურა ჩამომეშალა, სამი მძიმე ოპერაციის და უამრავი არანაკლებ მძიმე პროცედურის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შემინარჩუნეს. უსინათლო თვალი თანდათან კარგავს ფუნქციას და დროდადრო მართლაც იხრება გვერდზე.
ვიცი, რომ ჩვენთან გარეგნობა, წონა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, სამკაულები და მსგავსი ქარაფშუტობები ლამის ფეტიშის რანგშია აყვანილი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ დავნებდე ამ სტანდარტებს და სადმე დავიმალო. მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება თვალი ავიკრა, მეკობრის სტილში, შავი ხავერდით. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ „ობრაზს“ ვხედავ ასე და არა თვალის დამალვის მიზნით. მანამდე კი იმედია როგორმე გამიძლებთ. ძირს ჩარჩოები და სილამაზის სტანდარტები, ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი „ნაკლები“ და „ხარვეზები“. we are all individuals, როგორც მონტი პაიტონის ბრძენები გვასწავლიან…
ემოციურად არ მეხება მსგავსი კომენტარები, საამისო ძალა ნამდვილად მაქვს. არც მაწუხებს და არც მთრგუნავს. მით უმეტეს მაშინ, როცა უმეტესი გამოხმაურება დადებითია, გადაცემების და ტექსტების შინაარსზეა და არა ამაზე. მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ამ “გარეგნობის ფეტიშიზმზე” ხმამაღალი ლაპარაკი. მარტო ჩემს თვალებში არაა საქმე, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი და გოგო განიცდის ამ ფეტიშიზმის წნეხს და ამაზე უნდა დავიწყოთ ღია დისკუსია, აუცილებლად", - დაწერა სალომემ.
გაცილებით საინტერესო და შთამბეჭდავია სალომე ასათიანის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების ნუსხა. სალომე ასათიანი არის კინომცოდნე, ის მედიის კვლევებისა და გენდერის კვლევების მაგისტრია, მისი ინტერესის სფერო კი ძალიან ფართოა: მედიის კვლევები, ფემინისტური ისტორია და თეორია, პოსტკოლონიალური კვლევები, გლობალიზაციის თეორიები, სუბკულტურული კვლევები, მასკულინობის კვლევები, ნაციონალიზმის კვლევები, თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფია...
სალომე ასათიანი არის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტი და ბლოგერი, რომელიც აშუქებს პოლიტიკას, ადამიანის უფლებებსა და კულტურულ მოვლენებს საქართველოში. მანამდე, 2004-2005 წლებში, მუშაობდა რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტად, აწარმოებდა ყოველკვირეულ პროგრამას ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და საქართველოს უმცირესობების შესახებ. ჟურნალისტობამდე სალომე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობდა ადგილობრივ რადიოშიც.