ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი უკვე რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებს ამჯერად ნინი საპროტესტო ტალღისა და აქციების შესახებ წერს:
„არ მჯერა, რომ საკუთარ დაბადების დღეზე კუბოზე ვწერ პოსტს, მაგრამ ესე შერჩევით ვერ იქნება ჩემი პოსტები, მაპატიეთ, ბავშვებო, მეგობრებო, ჩემო გულანთებულო ქართველებო.
ყველანაირი პროტესტის ფორმა მესმის, მაგრამ სასახლის, ანუ გარდაცვლილის ბოლო სახლის დაწვა, არაფრით არ იწვევს ჩემში აღტაცებას და, მით უმეტეს, იუმორისტულად ვერ ვუყურებ.
პროტესტს სატანისტურ რიტუალს ნუ დაამსგავსებთ, გთხოვთ, გთხოვთ, სიბრაზემ არ გაჯობოთ და კიდევ უფრო ნუ მისცემთ საბაბს ხალხს თქვენი ლანძღვისთვის. მაპატიეთ, შეიძლება თქვათ, ეგდე შენ მანდ, არავინ გეკითხება მოდი და აქ დადექიო, სწორიც იქნება, მე არ მაქვს უფლება აქედან ვინმეს მორალი გიკითხოთ, ან რამე მოგიწოდოთ, ან რამე გასწავლოთ, შობა მოდის და, კუბოს დაწვის მაგივრად, ქაშვეთთან ვილოცოთ, ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს!
ვილოცოთ სიყვარულისთვის, მშვიდობისთვის, მთლიანობისთვის, გაბრწყინებისთვის, მიტევებისთვის. უფალი დიდია და მის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. გვჯეროდეს მისი წყალობის და აუცილებლად გადმოგვხედავს. მიყვარხართ მთელი გულით! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთმა გვიშველოს და მოგვიტევოს ყველას ჩვენი ცოდვები, ამინ!“ – წერს ნინი შერმადინი.
ნინი შერმადინის ბიოგრაფია
ნინი შერმადინი 1987 წელს თბილისში დაიბადა. 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“. 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. ნინი გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში და იქვე ფესტივალის მუზის ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო.
2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი, მარიამ ციცაგი, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.