ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს, რომ აღარ ემღერება და ამ პროფესიით ბევრ ვერაფერს მიაღწია.
მომღერალი სტაბილურ სამსახურს ეძებს და საზოგადოებას მიმართავს.
„გამარჯობა, მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ. როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.
მოკლედ რომ ვთქვათ, არ მემღერება, ბევრი მიზეზის გამო. ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე. ასე, რომ მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს, ვიცი 4 ენა, ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული. მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე. თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა, სად შეიძლება გამოგადგეთ, მომწერეთ. მადლობა წინასწარ“, – წერს ნინი შერმადინი.
ნინი შერმადინი 1987 წელს თბილისში დაიბადა. 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“. 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. ნინი გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში და იქვე ფესტივალის მუზის ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო.
2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი, მარიამ ციცაგი, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ნინის ყოფილი მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:
"ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება, სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და "გრემიზე" საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.
ყოველთვის გვერდში მედგა, "იქს ფაქტორიდან" დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს" - ამბობდა ნინი "რეიტინგთან" ინტერვიუში.