„დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის ფსიქოლოგიური რომანია, რომელმაც მკითხველში განსაკუთრებული ინტერესი ჯერ კიდევ 1986-1987 წლებში გამოიჩინა, როცა პერიოდულ ჟურნალში იბეჭდებოდა.
1987 წელს რომანი უკვე წიგნად გამოიცა და მკითხველთა ფართო წრეებს მიეცა შესაძლებლობა, მწერლის შემოქმედებას გაცნობოდნენ.
„დედის ოჯახი“ ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია: მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი (აქაც პირველი პირით თხრობა). საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე „მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.
ყმაწვილი კაცი, უკვე რა ხანია სავარძელში რომ იჯდა უძრავად და რაღაც უბედურებით სახეგამშრალი შეშტერებოდა ამ ოდნავ მსუნთქავ, ლივლივა ქსოვილს, – და რიიინნგ! რიიინნგ! – შუაღამისას რეკდა საათი... – უეცრად წამოხტა და მიიჭრა ფარდიან კართან...
ფარდა დედის ოთახის კარზე ორმაგი იყო: ბინდიან ოქროსფერ, ხვეულ ტალღებად დაშვებულ ხავერდს ნისლივით ეკიდა სულმთლად გამჭვირვალე, წვრილზე წვრილი ძაფითა და ყაისნაღით ნაქსოვი, აბლაბუდასავით ჰაეროვანი ბადე. კარი კი თვითონ: – ალაგ-ალაგ მუქთეთრად დაფიფქული, რძისფერი შუშა ხის ვიწრო ჩარჩოში სურათივით იყო ჩამჯდარი... და აი ასეთს – თეთრად დაბინდულ-დაფარულსა და შესახედად სასიამოვნოს – ფარდა სულაც არ სჭირდებოდა, დამფარავი, მაგრამ ფარდები უყვარდა დედას.
თურმე ამ ფარდის ქსოვა მაშინ დაუწყია... და მთელი ცხრა თვე ქსოვდა და ქარგავდა, როცა ის მის სხეულში, ამქვეყნად ყველაზე საკვირველ წყალში თავდაყირა დატივტივებდა. აკი ჰგავდა კიდეც წყალს ეს ფარდა, წყლისქვეშეთს, სადაც ბლანტ თხიერებაში გარდატეხილი მზის შუქი იღვრება, ლიცლიცებს: უცნაურად, არათანაბრად! რადგან ხავერდიცა და ნისლისფერი ბადეც დაქარგული იყო ძლივს შესამჩნევი, ოდნავ მბზინავი ძაფით. წყალმცენარეების მსგავსი რაღაც ყვავილები მოჩანდა თითქოს, ნიჟარის ზოლები და მარჯნის ბუჩქნარი... და საიდანღაც წყლის ბალახიდან ორი ამობურცული, მკვრივი, სველი წრე, თევზის თვალები: თითქოს. ხავერდის დაბინდული ნაქარგები ნისლისფერი ბადის ნაქარგებს შორის იყო მიმოფანტული და ჰაერის უმცირეს მოძრაობაზეც კი ირხეოდა ბადე, და მთელი ფარდა ემსგავსებოდა მოლივლივე წყლის ფსკერს ან მუსიკას და თუ ახლოს მიხვიდოდი, სულ ახლოს, გამოსახულებანი ქრებოდნენ, ხაზები იშლებოდა და ვეღარაფერს ვერ გაარჩევდი, მხოლოდ ფერადი ძაფების ლაქებიღა რჩებოდა: ვერცხლისა და ხავსის უამრავი ელფერი, ერთმანეთში გარდამბზინავი, შიგადაშიგ ნარინჯისფერიც გამოკრთოდა, რაც იწვევდა ალბათ მარჯნის ბუჩქნარის შთაბეჭდილებას. მოშორდებოდი და ისევ ზღვის ფსკერი იყო, ნამდვილი წყლისქვეშეთი.
თუმცა, ეს ალბათ მისთვის. რადგან ენდი ხომ ამტკიცებდა: აქ მწვანე, დაბურული ტყეა, პატარა გუბურა და ტოტებში მზე იღვრებაო. გიორგიმ კი გამოაცხადა: გამოქვაბულიაო, და მერე დაეჭვდა: „ან ეგებ ღრუბლებია ცაზე. სად, სად გინახავს ხავსისფერი ღრუბლები?“ – შეაფრინდა მაშინ ენდი. „მინახავს. სად, მითხარი, სად?“ – „არ გეტყვი, მინახავს“ – დაიჩემა და ამის მეტი სიტყვა ვეღარ ათქმევინეს: პატარები იყვნენ.
თურმე ეს ფარდა სწორედ იმ დღეს დაუმთავრებია დედას, და ისიც დაიბადა. გაჩნდა თუ არა, დედის კარზე ფარდაც დაეშვა.
მაგრამ პატარა უმეტესად დედის ოთახში იყო, ამ ფარდის მიღმა და ჯერ ლიბრიან, შემდეგ კი წყაროს წყალივით დაწმენდილ გუგებს ხან საწოლის გისოსებიდან, ხან დედის ხელში აყვანილი, დედის პირისახის სიმაღლიდან იმ ოთახის სივრცეში ატრიალებდა, ნაირნაირ საგნებზე ასრიალებდა. მაგრამ, როდესაც ხელ-ფეხი საკმარისად დაიუფლა და მოიმარჯვა, რათა იქაურობის საკვირველ ნივთებთან ახლოს მისულიყო და შეხებოდა, სხვა ოთახში გადაიყვანეს. და მერე კი ჯერ ფარდა იყო, მერე კარი, მერე ოთახი და აი, სულ ასე... და იზრდებოდა ფარდის წინ ან ფარდის მიღმა და ფარდაც თანდათან იცვლებოდა: სულ პატარასთვის – შეუმჩნევლად ლამაზი, მოზრდილისთვის – გამაოცრად და გამახარად, დიდისთვის – შემაშფოთებლად, უფრო დიდისთვის – უკვე მტანჯველად, და აი, სულ ბოლოს – გამაღიზიანებლად ლამაზი იყო: ფარდა. რაღაც ჯადოქრული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ბოლოს, ბოლო ხანებში აღარ უნდოდა ამის ატანა, ამ ჯადოქრული ძალმომრეობის.
როგორ გაუჩნდა ეს გაღიზიანება, თანდათან უფრო აუტანელი, რატომ ან როდის, ამას ეძებდა, ამას იკვლევდა ხან ცნობიერად, ხან და ალბათ უფრო დიდი ხანი იყო – ქვეშეცნეულად, და ვერ აეხსნა: რას ერჩოდა, ბოლოს და ბოლოს, ამ გასაკვირველ, დედის ხელით ნაქსოვ-ნაქარგ, ჰაერივით ლივლივა ფარდას: იყო, ეკიდა: მისი ბავშვობის ზებუნებრივი ეკრანი, წყალქვეშ რომ ჩაჰყავდა, ფსკერზე დაატარებდა, აოცებდა, აოცნებებდა... და ვიდრე დედასთან შევიდოდა, წყლისქვეშეთი უნდა გაევლო, წყალმცენარეებში გახლართულიყო, ნიჟარების მოგუდული, შორიდან მოღწეული შრიალი ჩაღვროდა, წყლის უცნაურ ზუზუნსა და რაღაც მსუბუქ, გაბმულ, სევდიან სტვენას გაერინდებინა...
არა. არასდროს უთქვამს: _ ოთახში ნუ შეხვალთ, ან ნუ შემოხვალთო _ დედას. პირიქით: „შევიდეთ ჩემთან~-ო, ხშირად ამბობდა, ანდა სიღრმიდან გამოსძახებდა: „მოოდი~. მაგრამ ძნელი იყო ოთახში შესვლა, რადგან ჯერ ხომ ბადეში იხლართებოდა, მერე ბადესა და ხავერდს შორის ებნეოდა თავგზა, მერე ხავერდსა და კარს შორის ეკვროდა სუნთქვა, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, კარს შეხსნიდა და პირდაპირ კედელზე მწვანე მცენარეშემოსალტული სარკე წყალივით გაიბრწყინებდა. ასე უნდა შეეღწია დედის ოთახში. ეს – პატარას. დიდობაში, მუდამ, ახლაც, რაღა უშლიდა? რაღაც. ყოველთვის რაღაც უნდა გადაელახა, დაეძლია: უკვე შიგნით, საკუთარ თავში, ვიდრე ოთახის ზღურბლს გადააბიჯებდა.
ნაირა გელაშვილი ერთადერთი ქართველი ავტორია, რომელიც „პალიტრა L-ის“ ახალ საეტაპო სერიაში მოხვდა. ის მკითხველმა თავად შეარჩია.
უფრო კონკრეტულად, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის ახალი პროექტია, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა სერიისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. აღნიშნული სერია 15 წლის წინ გამოიცა, თითქმის მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოცემულია მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას ქალი ხავერდის ყელსაბამით“, კაზუო იშიგუროს „არასოდეს გამიშვა“, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“, კურტ ვონეგუტის „სასაკლაო“, ფრანც კაფკას „პროცესი“, ჰომეროსის „ილიადა“, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“, ჯეინ ოსტინის „ემა“ და მე-12 ტომის სახით მალე ხელმისაწვდომი გახდება ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი“.
თითოეული ტომი თავად მკითხველმა შეარჩია ხმის მიცემის გზით, რომელიც ახლაც გრძელდება.
R