მან კიდევ ერთხელ გამომხედა, ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა. არ შევიმჩნიე. ცოტა ხანში კვლავ გამომხედა. ვეღარ მოვითმინე და მეც შევხედე. ისევ მომნუსხა მისმა თვალებმა, რომელიც ღამის შუქზე მომაჯადოებლად უბრწყინავდა. ვეღარ გავუძელი მის მზერას და წინა გავიხედე. უცებ საბამ მარჯვენა ხელი უშვა საჭეს და ჩემკენ გამოსწია. თრთოლვამ ამიტანა. სიბნელეში მისმა თითებმა ადვილად იპოვეს ჩემი გაყინული თითები და… გადაიხლართნენ ერთმანეთში. ვნების ტალღამ მთელ სხეულში დამიარა, ეს სიამოვნების კულმინაცია იყო. მისი თითები არ ისვენებდნენ, არც ჩემი. საბამ კიდევ უფრო შეანელა სვლა, მერე ცენტრალური გზიდან გადაუხვია და სადღაც, ქუჩის ყველაზე ბნელ ადგილას გააჩერა მანქანა. სუნთქვა შემეკრა. «ახლა დაიწყება», _ გავიფიქრე სიამოვნებისაგან «დაზაფრულმა» და თვალები მექანიკურად დავხუჭე.
_ შეგიძლია მაკოცო? _ საბას ხმამ გამომაფხიზლა.
თხოვნის გამეორება არ დამჭირვებია. თითქოს ამას ველოდიო, მისკენ გადავიხარე და პირდაპირ ტუჩებზე დავაკვდი. რა ცხელი და ვნებიანი ტუჩები ჰქონდა… დიდხანს, ძალიან დიდხანს, უსასრულოდ ვკოცნიდით ერთმანეთს. ეს სწორედ ის იყო, რასაც წლების განმავლობაში ველოდი. ოდესღაც მსგავსი რამ მხოლოდ ლუკამ მაგრძნობინა, ახლა კი თითქოს მეორდებოდა ყოველივე. სრული ნეტარება, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რასაც განვიცდიდი. ბედნიერებისაგან გათანგულმა სრული თავისუფლება მივანიჭე მამაკაცის ტუჩებს და ისინიც ნება-ნება მოგზაურობდნენ ჩემს ღაწვებზე, ბაგეებზე, ყელზე… მოღეღილ მკერდზე. ამ უკანასკნელზე რომ შემეხო, თავი ვერ შევიკავე და კვნესა აღმომხდა. ეს ის წერტილია, რაზე შეხებაც ბოლომდე მაგიჟებს, ყველაფერს მავიწყებს… ვის როგორ, მაგრამ ჩემი ყველაზე «ურცხვი» ეროგენული ზონა მკერდია. ის პირველი გრძნობს, ვისი შეხებაც სურს, ვისი მოფერებაც. არც ამჯერად «დათმო» პირველობა და მთელი არსებით მიენდო საბას ტუჩებსა და თითებს… და დაიწყო თავაწყვეტილი ალერსი…
არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, არ შემეძლო და არც მსურდა მოძალებული ვნების მოთოკვა. დრო თითქოს გაჩერდა.
_ დიდი ხანია, მინდოდა შენთვის მეკოცნა, _ თქვა საბამ და ამ სიტყვებით «წუთშესვენება» გამოაცხადა.
_ ჩვენ ხომ დღეს გავიცანით ერთმანეთი, _ ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
_ სამაგიეროდ, დიდი ხნის წინ შევხვდით ერთმანეთს. გამოგიტყდები და, როგორც კი დაგინახე, მაშინვე ეს სურვილი დამებადა, _ შემომცინა მამაკაცმა, _ თუმცა მაშინ როგორ მივცემდი თავს ამის უფლებას. ალბათ ადგილზე მიმაკლავდი.
_ არა, რატომ… მე…
_ ანუ შემეძლო მეცადა?
_ ეგ არ მითქვამს.
_ მაშინ მითხარი, რისი თქმა გინდოდა.
_ არ ვიცი… _ ალმური წამეკიდა სახეზე. კიდევ კარგი, სიბნელე იყო და საბა ჩემს ალეწილ სახეს ვერ ხედავდა.
_ გზა გავაგრძელოთ, თუ… _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები მამაკაცმა.
მივხვდი, «თუ»-ში კოცნის გაგრძელება იგულისხმებოდა. დიდი სიამოვნებით დავრთავდი ამის ნებას, მაგრამ შემრცხვა, რამე ისე არ იფიქროს-მეთქი და პირველი ვარიანტი ვარჩიე.
_ გზა, _ მოკლედ მოვჭერი და თმა გავისწორე.
_ გასაგებია, რა გაეწყობა, როგორც შენ იტყვი, ისე იქნება, ნება შენია, ყველაზე ლამაზო ლედი, _ პოეტურად წარმოთქვა და მანქანა დაქოქა.
მთელი სხეული მიხურდა. ყელსა და სახეზე ისევ ვგრძნობდი საბას ტუჩების ნაკვალევს, თითქოს მეწვოდა ის ადგილები, სადაც მამაკაცმა კოცნის «ნაფეხურები» დატოვა. მან სიბნელეში კვლავ მონახა ჩემი თითები და თავის ხელისგულში მოიქცია. თვალები მივლულე. ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს გზა, ნეტავ მანქანა გაუფუჭდეს ან… რომ შემომთავაზებდეს, სიამოვნებით გავყვები, სადაც მეტყვის, ახლავე ჩავუგორდები ლოგინში, ოღონდ კი მოისურვოს. არ მაინტერესებს, რას იფიქრებს, რა წარმოდგენა შეექმნება ჩემზე. მინდა, მინდა მასთან ყოფნა და რა ვქნა, ვეღარ ვერევი თავს. რატომ ვუთხარი, გზა გავაგრძელოთ-მეთქი, ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავით ერთად, არ შეიძლებოდა?
_ მეშინია, ყველაფერი არ გავაფუჭო ამ ერთ ღამეში, _ თქვა უცებ, თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო.
შევკრთი. რატომ ამბობს ამას?
_ რა უნდა გააფუჭო? _ გავბედე და ვკითხე.
_ პირველ რიგში, შენი და გიას ურთიერთობა.
_ ჩვენ შორის არაფერი ისეთი არ ხდება, _ დავიცავი თავი.
_ ასეთი? _ გამეხუმრა.
_ არც ასეთი და, საერთოდ, ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ და მეტი არაფერი. სიყვარულზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა. არასდროს, _ დავაზუსტე.
_ მაგრამ ოდესმე ხომ ალაპარაკდება?
_ არა მგონია… მისთვის ამის საბაბი არ მიმიცია და… არც მივცემ.
_ ალბათ მაინც აჯობებს, გიამ არ გაიგოს ის, რაც…
_ დამოძღვრა არ მჭირდება, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, _ უხეშად გავაწყვეტინე დაბოღმილმა.
_ გეწყინა, არა?
_ ისე, რა.
_ მაპატიე, ცუდად გამომივიდა.
_ არა უშავს, ხდება ხოლმე.
_ ხომ მაპატიებ?
_ უკვე გაპატიე, ნუ მებოდიშები.
_ არა არ მაპატიე და რომ იცოდე, მიხარია კიდეც.
_ რატომ?
_ რატომ? იმიტომ, რომ პატიება სხვა რამეს ნიშნავს.
_ რას?
_ იმას, რომ უკვე ყველაფერი დასრულებულია.
_ როგორც ჩანს, ღრმა ფილოსოფიური აზრი დევს ამაში.
_ არა, ეს უბრალო ჭეშმარიტებაა, თუ დაუკვირდები, ადვილად მიხვდები.
გიამ ჩემი «დატყვევებული» თითები ტუჩებთან მიიტანა და ეამბორა _ დიდხანს, ხანგრძლივად.
_ ამათ გარეშე რა გაძლებს, გამიჭირდება. მინდა ეს იცოდე, მაგდა, _ ხმაშეცვლილმა თქვა.
«შენც ნუ დარჩები მათ გარეშე», _ გავიფიქრე, _ «თუ მოისურვებ, მუდამ შენთან იქნებიან».
_ ადამიანის კლონირება რომ შეიძლებოდეს, ვერავინ დამასწრებდა, _ გააგრძელა საბამ, _ და ჩემზე ბედნიერი კაცი მეორე არ იქნებოდა ამქვეყნად.
_ შენი აზრით, კლონირებულ მაგდას უფრო ეყვარები? _ ძალაუნებურად წამომცდა.
_ უფრო? ეს რას ნიშნავს, რომ ნამდვილ მაგდას ვუყვარვარ? _ მოულოდნელად დაამუხრუჭა, ხელი შემიშვა და გამომცდელად შემომხედა.
ენა ჩამივარდა. ეს რა წამომცდა? არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის? იქნებ ეს მხოლოდ სექსუალური ლტოლვაა და მეტი არაფერი? იქნებ არც მიყვარს?
_ ჰა, მაგდა, რას ფიქრობს რეალური მაგდა? შენს პასუხს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩემს ცხოვრებაში.
_ არ ვიცი… ჯერ არ ვიცი, _ თავი შევიკავე ნაჩქარევი დასკვნებისგან.
_ აი კლონირებულს კი ეცოდინებოდა, _ დაბეჯითებით თქვა და კვლავ დაქოქა მანქანა.
თითები, რომელიც საბას ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს გამეყინა. საოცარი სიცივე ვიგრძენი. ამასობაში სახლს მივუახლოვდით. საბამ მანქანა გააჩერა.
_ მგონი, მოვედით, _ ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლა.
_ ჰო, მოვედით.
_ რა სამწუხაროა, ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემა შენი ნახვის შესაძლებლობა, _ ისე ხმადაბლა გამოუვიდა ნათქვამი, ძლივს გავიგონე მისი სიტყვები.
_ მე არსად დავიკარგები, _ «გავამხნევე».
_ ვიცი, ვიცი, მაგრამ… მე ცოტა სხვა მხრიდან ვუყურებ ამ ამბავს. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ბინამდე მიგაცილებ, კარგი? უხერხული ხომ არ იქნება?
_ არა, არა, მარტო ვცხოვრობ, არავინ მაკონტროლებს… ჯერჯერობით, ასე რომ… _ გავიცინე.
საბამ ჯიპი დისტანციური მართვის პულტით ჩაკეტა და ჩემთან ერთად წამოვიდა… აკანკალებული თითებით ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს.
_ აბა, კარგად, იმედია, აღარ გჭირდები…
_ შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო, თუ არ გეჩქარება, _ შევაპარე.
თითქოს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. მერე შეყოყმანდა, გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ჯერ დოინჯი შემოიყარა, მერე ჯიბეში ჩაიწყო ხელები და თავი ჩაღუნა.
_ იცი? უმჯობესია, წავიდე, თორემ ნამდვილად დიდ სისულელს ჩავიდენ, პასუხისმგებელი არ ვარ ჩემს საქციელზე, _ ასწია ბოლოს თავი და დამნაშავესავით შემომხედა.
_ მე ვაგებ პასუხს… _ გაბედულად წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.
_ რაზე?
_ რომ ეს სისულელე არ იქნება.
_ დარწმუნებული ხარ? _ თავი გვერდზე გადახარა.
_ ის, როგორც არასდროს.
_ მე შენ მაგიჟებ, მაგდა, რატომ ცდილობ ამას?
_ სულაც არ ვცდილობ, ეს თავისთავად ხდება, _ თანდათან გავთამამდი.
_ არ გეშინია, ხვალ ყველაფერი რომ ინანო?
_ არ ვინანებ.
_ ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის მშვენიერი ლედი?
_ ამ შემთხვევაში არა, _ ამასობაში კარი გავაღე, შევედი, შუი ავანთე და განზე დავდექი, რითაც მივანიშნე, შემოდი-მეთქი.
შეყოვნდა. კარგა ხანს დაჟინებით მიმზერდა, მერე ერთი ამოიხვნეშა, მიიხედ-მოიხედა და… თითქოს ვიღაცას ემალებაო, ისე შემოიპარა, ქურდულად.
_ კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს სამოთხეში, _ თქვა ღიმილით და ოთახი შეათვალიერა, _ რა სილამაზეა, მომწონს აქაურობა.
_ მეც მომწონს, ძალიან ვეცადე, კომფორტულად მომეწყო ჩემი ბუნაგი, _ ვთქვი და კარი ჩავკეტე.
_ დიდი ხანია, მარტო ცხოვრობ?
_ სულ რამდენიმე თვეა.
_ იქამდე?
_ იქამდე მშობლებთან ვცხოვრობდი, მაგრამ მომბეზრდა. მარტო ყოფნა მირჩევნია.
_ ჰო, როცა არის საშუალება, მარტო უკეთესია, _ კვერი დამიკრა შეცბუნებულმა.
_ დაჯექი, მე ყავას მოვადუღებ, _ დავფაცურდი.
_ მოიცა, არ გინდა, მე მალე წავალ, _ გამაჩერა სამზარეულოსკენ მიმავალი და მაჯაში ჩამაფრინდა.
ვნებამ კვლავ დამრია ხელი. ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან, ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობდით. თვალებში ჩამხედა. «მინდა», ეწერა იქ. მეტის მოთმენა არ შემეძლო, სხეული თავისი მიიწევდა მისკენ.
_ პასუხს შენ აგებ, იცოდე, _ ჩურჩულით მითხრა და მძლავრად მიმიკრა მკერდზე.
_ მზად ვარ, _ ჩურჩულითვე ვუპასუხე და ხელები კისერზე შემოვხვიე თვალებდახუჭულმა…
მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია… იქვე, იატაკზე ჩავიკეცეთ ორივე. კაბის დარდი არ მქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. საბას სახე არეოდა, გაცხარებული მკოცნიდა, მეფერებოდა… ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს სადმე გაქცევას ვლამობდი.
_ სანატრელო, სანატრელო, _ ჩურჩულებდა ვნებისაგან აღრეული, _ რა საოცარი ხარ, რომ იცოდე… როგორ მწყურია შენი მოფერება…
_ მიყვარხარ, საბა, სიგიჟემდე მიყვარხარ, _ უკვე აღარაფრის დამალვას არ ვცდილობდი, მინდოდა ყველაფერი ცოდნოდა.
_ მეც, მეც მიყვარხარ… შენ ნამდვილი საოცრება ხარ, _ სადღაც შორიდან მესმოდა მისი სიტყვები.
მერე მკერდი მომიღეღა, კაბა ამიწია და შიშველ ფეხზე შემახო ხელი.
_ მოიცა, გავიხდი, _ ოდნავ წამოვიწიე.
ამის თქმა და… მოულოდნელად გაჩერდა, წამით გაირინდა, დამაცქერდა, მერე კი უცებ წამოდგა და სახეზე მოისვა ხელი წარბშეჭმუხნილმა.
_ მე წავალ, _ ყრუდ თქვა.
გავოგნდი. არ მახსოვს, როგორ ავდექი, კი არ ავდექი, მგონი წამოვფრინდი იატაკიდან.
_ არ წახვიდე, გთხოვ, _ მუდარა გაისმა ჩემს ხმაში, თითებით მის პერანგს ჩავაფრინდი.
_ უნდა წავიდე, ასე არ შეიძლება. ეს უნამუსობა იქნება ჩემი მხრიდან, _ იგი ჩემი ხელების მოშორებას ცდილობდა.
თვითონ არ ვიცი, რა მემართებოდა, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი, თავგზა ამებნა. სირცხვილის ყოველგვარი გრძნობა დავკარგე, მაგნიტივით მიზიდავდა მისი სხეულის მხურვალება, მისი სურნელი, ვნებისაგან მკერდი მითრთოდა. ვიცოდი, ურცხვად ვიქცეოდი, მაგრამ არად დაგიდევდით ჩემს საქციელს, ოღონდ არ წასულიყო, ოღონდ ახლა მარტო არ დავეტოვებინე. ასე მეგონა, არასდროს დაბრუნდებოდა უკან.
_ სხვა დროს იყოს, ამით არ მთავრდება ყველაფერი, _ იმავე ტონით გაიმეორა.
_ სხვა დრო, როგორც ვატყობ, არ იქნება, _ დანანებით ვუპასუხე მისი საქციელით განხიბლულმა.
_ შენ ასე გგონია? _ თავი გვერდზე გადახარა და კვლავ დოინჯი შემოიყარა.
_ სამწუხაროდ, _ ვთქვი და თვალებში შევხედე.
დიდხანს მიყურა, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. მეც გავუსწორე თვალი, ახლა უკვე არაფერს ვკარგავდი.
_ არ მოგეწონე, არა? არა ვარ შენი შესაფერისი, ხომ ასეა? ალბათ უფრო ლამაზი უნდა ვიყო, რომ შეგიყვარდე, ხომ? _ წუწუნის მთელი კორიანტელი დავაყენე.
_ მართალი ხარ. რომ შეუყვარდე, ლამაზი უნდა იყო, მაგრამ ლამაზი რომ იყო, ამისთვის ვიღაცას უნდა შეუყვარდე.
_ ანუ?
_ შენ ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებ, ამიტომ მე უკვე შეყვარებული ვარ.
_ შენ ჩემზე ლამაზი ხარ, საბა…
_ მამაკაცს სილამაზე მხოლოდ ორი კვირით აძლევს უპირატესობას.
_ არ გეთანხმები.
_ წავედი, წავედი, _ ღრმად, კაცურად ამოიხვნეშა და გატრიალდა. კართან მისული შედგა და სანამ გააღებდა, უკანმოუხედავად ჩაილაპარაკა.
_ ერთი რამ იცოდე მხოლოდ, მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, ეს არასდროს დაგავიწყდეს, რაც უნდა მოხდეს.
პასუხი არ გამიცია.
_ გესმის?
_ მესმის.
_ ჰოდა, დაიმახსოვრე. მე ძალიან დიდხანს ვეძებდი იმას, რაც შეიძლება ახლა დავკარგო.
_ მერე? რა ძალა გადგია, რატომ იტანჯავ თავს? _ მისკენ გადავდგი ნაბიჯი.
_ არ ვიცი, ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს.
_ და როდის გექნება? _ მივუახლოვდი. იგი არ შერხეულა, კვლავ ზურგშექცევით იდგა.
_ არც ეგ ვიცი. დაველოდოთ და ვნახოთ, _ თქვა, კარი გააღო და გავიდა.
კარს მივეყრდენი და შუბლი ცივ რკინას მივადე. თითქოს ჩემი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, თითქოს კიდევ ერთი ეტაპი ერთდროულად დაიწყო და დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში…
გაგრძელება იქნება