იმ ღამეს ალბათ სულ ორი საათი მეძინა. იმდენად დაძაბული ვიყავი, წავთვლემდი თუ არა, მაშინვე მეღვიძებოდა. გულზე თითქოს მძიმე ლოდი მედო, თითქოს სუნთქვას მიშლიდა. მეორე დღეს განადგურებული წავედი სამსახურში, სახეზე ფერი არ მედო. მსუბუქი მაკიაჟი მაინც გავიკეთე, მთლად მიცვალებულს რომ არ დავმსგავსებოდი. მაიკოს, როგორც ყოველთვის, ჩემი უგუნებობა არ გამოჰპარვია. გაკვრით მოვუყევი, ბანკეტზე რაც მოხდა, ჩემს ბინაში მომხდარი ამბების გამომზეურებას კი მოვერიდე. თუმცა არა იმიტომ, რომ მას არ ვენდობოდი, უბრალოდ, არ მინდოდა ეფიქრა, რომ პირველსავე შემხვედრს კისერზე ვეკიდებოდი.
_ გამოჩნდება, აი ნახავ, _ დაბეჯითებით თქვა მაიკომ, მოყოლა რომ დავამთავრე.
_ რაღაც არა მგონია, მე მაგის ბედი არა მაქვს, _ ხელი ჩავიქნიე.
_ თუ არ მოვა და თავის თავს დააბრალოს, მე შენ გეტყვი და, შენნაირს ყოველდღე შეხვდება ქუჩაში.
_ მას გიას მომენტი უფრო აფერხებს, იცი?
_ მერე რა, შენ ხომ იგი გიამდე გაიცანი, თავის გასამართლებელი საბუთი გაქვს. იმან რა იცოდა, გია თუ გამოჩნდებოდა?
_ ასეც არის, მაგრამ ხომ არ დავაძალებ, თავისი საქმისა თვითონ იცის. მე ვერაფერს შევცვლი.
_ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გსურს. ძლივს ვიღაცა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. რადგან მეორეჯერაც შეგახვედრა ღმერთმა, ესე იგი, ამ ურთიერთობას გაგრძელება უწერია.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ კარი გაიღო და ოთახში გიამ შემოყო თავი _ ნაბახუსევმა, თვალებჩაწითლებულმა.
_ შეიძლება? _ დამნაშავესავით იკითხა.
_ მობრძანდით, თქვენთვის ყოველთვის შეიძლება, _ შესცინა მაიამ და წამოდგა, _ მე წავალ, მაგდა, საქმეს მივხედავ.
მაიკო გავიდა. გია სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა.
_ გუშინ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა ასე… _ ჩაილუღლუღა.
_ რას მებოდიშები, არა გრცხვენია? მერე რა მოხდა, ვინ არ დამთვრალა… _ ხელზე დავადე ხელი.
_ ვიცი, არ მაპატიებ, მით უმეტეს, იმ საუბრის შემდეგ. ალბათ შენთან მოსასვლელი ყველა გზა მოვიჭერი, არა? _ თავი ასწია და გაუბედავად შემომხედა.
დავიბენი. კარგი შანსი კი მეძლეოდა, მასთან იმწუთშივე გამეწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ შემეცოდა. არ ვიცი, რატომ ვერ გავიმეტე.
_ ნუ სულელობ, ეგ სიმთვრალე არაფერს წყვეტს. ხომ გითხარი, ისეთი არაფერი მომხდარა-მეთქი. მეც დამილევია და დავმთვრალვარ, მერე რა?
_ უგონოდ? _ გაიცინა.
_ უგონოდ არა, მაგრამ… კარგი, კარგი, არ გვინდა ამაზე საუბარი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
_ მითხარი, როგორ გამოვასწორო გუშინდელი შეცდომა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
_ არაფერი არ არის საჭირო, ტყუილად მიხდი ბოდიშს. ჩვენ ძველებურად კარგ მეგობრებად დავრჩებით. ჰო, მართლა, დედაშენი რომ გავიცანი, გითხრა?
ამის გაგონებაზე ოდნავ გამოცოცხლდა.
_ იცი, დედას როგორ მოეწონე? შენ როგორ შეგიყვ… შენ როგორ შეგიყვარებს ასეთი გოგოო, მითხრა, _ შეასწორა გიამ წინადადება.
_ იმ გოგოს მე უკვე ვუყვარვარ-თქო, ვერ უთხარი?
ამის გაგონებაზე გია დაიძაბა. მივხვდი, რაც გაიფიქრა და სასწრაფოდ დავაყოლე.
_ მეგობრულად, რა თქმა უნდა, _ და თვალი ავარიდე.
_ ჰო, ასეა, ეგ იცის, ჩემი თქმა რაში სჭირდება. მთხოვა, ერთხელ ჩვენთანაც ამოიყვანეო. თუ შენთვის უხერხული და უსიამოვნო არ იქნება, ვეწვიოთ, როცა თავისუფალი დრო გექნება.
_ აუცილებლად, დედაშენი ისეთი კარგი ქალია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი მის უფრო ახლოს გაცნობაზე, ოღონდ ამ დღეებში არა, ცოტა მაცალე, კარგი?
_ კი ბატონო, რა პრობლემაა. როცა შენ იტყვი. ეჰ, წუხანდელი საქციელი თავიდან არ ამომდის. საბასთანაც ცუდად გამომივიდა, შევრცხვი ამხელა კაცი. თუმცა მას დიდი ხანია ვიცნობ და გამიგებს. დილით რომ დავურეკე და მობოდიშება დავუწყე, სიცილით მოკვდა, აქეთ დამანამუსა.
_ ელაპარაკე საბას? _ ალმური წამეკიდა სახეზე, გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
_ ჰო, ერთი საათის წინ. მისი არ მერიდება, მაგრამ აი შენთან თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში.
_ ჰოდა, რადგან ასეა, შენი საქციელის გამოსასწორებლად ორივე დაგვპატიჟე სადმე და გულზეც მოგეშვება, _ სიცილით ვთქვი, თან სმენად ვიქეცი, ამაზე რას იტყვის-მეთქი.
_ ეგრეც ვიფიქრე, მაგრამ ვერ ვასწრებ. დღეს და ხვალ უამრავი საქმე აქვს, საბუთები უნდა მოაგვაროს საელჩოში, ზეგ კი მიფრინავს.
ლოდი კიდევ უფრო დიდი სიმძიმით დამაწვა გულზე.
_ სად მიფრინავს? _ ჩამწყდარი ხმით ვიკითხე.
_ საფრანგეთში, საბა ხომ იქ მუშაობს.
_ იქ მუშაობს?
_ ჰო, ძირითადად იქ არის. ექვსი თვე მაინც უწევს პარიზში ყოფნა. მერე ისევ ჩამოდის რამდენიმე თვით და ასე დადის წინ და უკან.
_ რას აკეთებს პარიზში? _ ცნობისმოყვარეობა გამიმძაფრდა.
_ «ნიუხაჩად» მუშაობს მგონი, ზუსტად არ ვიცი.
_ რა-ად? _ სიტყვის არსს ვერ ჩავწვდი.
_ აი, სუნამოების დეგუსტატორები რომ არიან, რა ჰქვია იმ პროფესიას, ქართულად არ ვიცი.
_ ა-ა-ა, გასაგებია, _ ახლა კი მივხვდი, როგორ შეძლო საბამ ჩემი სურნელის ასე ადვილად გამოცნობა.
_ საფრანგეთის მოქალაქეა?
_ არა მგონია, მაგრამ იმდენად კარგი სპეციალისტია, რომ მიიწვიეს. ისე, იქ შეისწავლა ეს პროფესია.
_ აქ ვინ ჰყავს?
_ ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა მგონი აღარ არიან ერთად, მაგრამ შვილი რომ არ ჰყავს, ეგ დანამდვილებით ვიცი.
_ აბა ვისთან ცხოვრობს?
_ ალბათ მარტო, როცა ერთად ვსწავლობდით, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა დიღომში, ორი წლის წინ კი წერეთელზე ოთხოთახიანი ბინა უყიდია, ამბობენ, ანტიკვარებით აქვს გამოტენილიო. ბოლო პერიოდში მაგრად აიწყო ცხოვრება, ფული იშოვა, მაგარი მანქანა დაითრია და რა ვიცი, გულაობს კაცი. იქ კოლოსალურ თანხას უხდიან თურმე. მე კი იშვიათად ვხვდები, მაგრამ ლევანისგან ვიგებ ხოლმე მის ამბებს.
_ პარიზში ცხოვრება ხუმრობა საქმე არ არის. მე რომ ეგ ბედნიერება მქონდეს, აქეთკენ არც კი გამოვიხედავდი. ნეტავ რისთვის ჩამოდის, ვიცოდე, _ საბას ამბები უფრო დაწვრილებით რომ გამეგო, რაღას არ ვლაყბობდი.
_ აქაც მუშაობს, ფრანგული სუნამოების საბაზო ქსელი აქვს თბილისში გახსნილი და იმას კურირებს. პარფიუმერიის თითქმის ყველა სერიოზულ მაღაზიას ეგ ამარაგებს.
_ შემთხვევით შენც მისგან ხომ არ ყიდულობ? _ გამკრა უცებ გონებაში და ეშმაკურად გავხედე.
_ ერთი-ორჯერ მეც დამეხმარა. მერე რა?
_ არა, არაფერი. გემოვნებით რომ იყო შერჩეული, უბრალოდ ვიფიქრე, რომ…
_ ანუ, შენი აზრით, მე ვერ შევარჩევდი?
_ მე ეგ არ მითქვამს. რადგან შენ მოყევი, მეც დავაკავშირე ერთმანეთთან, თორემ შენს გემოვნებაში ეჭვი ერთი წუთითაც არ შემპარვია.
ახლა კი მივხვდი, საიდან იცოდა საბამ, რა სუნამოები მქონდა სახლში, როგორც ჩანს, გია მისი რჩევით ყიდულობდა ჩემთვის ფრანგულ ფლაკონებს.
გია წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
_ მალე აცივდება.
_ ჯერ ადრეა, რა დროს სიცივეა.
_ სექტემბერში ყოველთვის ფუჭდება ამინდები.
_ სექტემბრამდე ჯერ დიდი დროა…
_ არც ისე. შვებულებაში არ გადიხარ?
_ ვაპირებ, ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, როდის ჯობია.
_ საით უმიზნებ?
_ ალბათ ზღვაზე წავალ. ახლა ყველაზე კარგი სეზონია გასარუჯად.
_ არ გინდა, ერთად წავიდეთ?
_ არა, გმადლობთ, _ გავიცინე, _ მე მარტო არ მივდივარ.
_ აბა ვისთან ერთად მიემგზავრები, თუ საიდუმლო არ არის?
_ საიდუმლოა, _ ხაზი გავუსვი ჩემს ნათქვამს.
_ ანუ მეგობარ მამაკაცს გულისხმობ?
_ თუნდაც. რა, არ შეიძლება?
_ როგორ არ შეიძლება, _ გია შეიშმუშნა, ფანჯარას მოშორდა და კარისკენ გასწია, _ მე წავალ, მოგვიანებით შეგეხმიანები, თუკი შენი სურვილიც იქნება. ისეთ «პახმელიაზე» ვარ, თავი მისკდება, ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება სადმე გავგორდე.
_ ლუდი ჩაარტყი და ისე დაიძინე, ეგ ყველაზე კარგი გამოსავალია.
_ ყოჩაღ! შენ საიდან იცი ამდენი?
_ ხომ გითხარი, მეც დავმთვრალვარ-მეთქი, არ გჯერა?
_ ეგ როდის, მე რომ არ მახსოვს?
_ ეგ ადრე იყო, ღრმა ახალგაზრდობაში, შენ კი არა, მეც აღარ მახსოვს, _ სიცილი ვერ შევიკავე.
_ კარგი, აბა, წავედი და დაგირეკავ, ო კეი?
_ ო კეი, არ დაიკარგო, _ დავემშვიდობე გიას და კარი გაიხურა თუ არა, სასოწარკვეთილი სკამზე მივესვენე.
საბა, საბა… აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო… ექვსი თვე რა მოიცდის? არა, არა, წასვლამდე უნდა ვნახო, ასე არ შეიძლება… მაგრამ როგორ? არც სახლი ვიცი მისი, არც ტელეფონი. თვითონაც რომ არ გამომართვა ჩემი მობილურის ნომერი? რა მოვიმოქმედო? ვის დავუკავშირდე? გიას ხომ არ ვთხოვ, მისი ნომერი მომეცი-მეთქი, რა უსინდისო ვარ, ეგ როგორ გავიფიქრე. რაღაც სხვა გზა უნდა გამოვნახო.
7 7 7
ფიქრით თავს ვიმტვრევდი, რა მეღონა, გამგზავრებამდე როგორ დავკავშირებოდი საბას, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. ლევანთან დარეკვის მომერიდა, სხვანაირად არ ეფიქრა, სხვა გამოსავალი კი ვერ ვიპოვე. ბედს მივენდე, რაც მოსახდენია, თავისით მოხდეს-მეთქი. გუნება დამიმძიმდა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. თვალწინ გამუდმებით საბას სახე მედგა და მისი სიტყვები ჩამესმოდა _ «მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, ეს არ დაგავიწყდეს, რაც არ უნდა მოხდეს». რა იგულისხმა? რა უნდა მოხდეს? რას აპირებს? კითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა. ან კი საიდან უნდა მცოდნოდა, რა ჩაიფიქრა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ორჯერ შევხვდი ცხოვრებაში, თანაც _ ორივეჯერ შემთხვევით.
ორი დღეც გავიდა. გიას არ დაურეკავს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აწუხებდა სინდისი, ვერ მოინელა იმღამინდელი ამბები და ამიტომ აჭიანურებდა შემოხმიანებას. არც მე გამჩენია სურვილი, მომეკითხა. მასზე უკვე აღარ ვფიქრობდი _ არც ასე და არც ისე, თითქოს უკვალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს წაიშალა…
კვირა საღამო იყო. მთელი დღე სახლში გავატარე, სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც იმედი მქონდა, რომ საბა დარეკავდა ან მობილურზე, ან სახლის ტელეფონზე, ამიტომაც ფეხი არ მომიცვლია შინიდან. ჩემმა იმედმა არ გაამართლა. მხოლოდ დედამ დამირეკა და მომიკითხა, ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. მოვატყუე, მეგობრებს ველოდები და დღეს ვერ გამოგივლით-მეთქი. საღამო ჟამს, ზუსტად ცხრა საათზე, კარზე ზარის ხმა გაისმა. დაფეთებული წამოვხტი და ჰოლისკენ გიჟივით გავქანდი, საბა არ იყოს-მეთქი. სათვალთვალოში გავიხედე, ვერავინ დავლანდე.
_ ვინ არის? _ აკანკალებული ხმით ვიკითხე.
პასუხი არავინ გამცა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ხომ არ მაყაჩაღებენ-მეთქი და კითხვა უფრო ხმამაღლა გავიმეორე. ისევ დუმილი. ცოტა ხანს მივაყურადე, გარედან ჩქამი არ ისმოდა. ბოლოს გავბედე და კარი ოდნავ გამოვაღე. გამოვაღე და… სადარბაზოს მთელი მოედანი ბრჭყვიალა ქაღალდებში ლამაზად შეფუთული ყვავილების ნაირნაირი თაიგულით იყო მოფენილი. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მივხვდი, საბას გარდა ამას არავინ ჩაიდენდა. დავთვალე ბუკეტების რაოდენობა _ 13 აღმოჩნდა. რატომ ცამეტი? ახლა ეს კითხვა დავუსვი საკუთარ თავს. ვერ მივხვდი. ფართხაფურთხით მოვკრიფე სუყველა, შინ შემოვზიდე და მაგიდაზე შემოვდე. იმწუთას მათი დახარისხების და ლარნაკებში გადანაწილების თავი არ მქონდა. სამწუხაროდ, იმას, რასაც ვეძებდი, ანუ ბარათს ან რაიმე წერილს, ვერ წავაწყდი, იქნებ რაღაც მინიშნება მაინც ყოფილიყო, მაგრამ ვერა, მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე.
გაგრძელება იქნება ორშაბათს