უცებ მობილურმა «დაიწკმუტუნა», ეს მესიჯის სიგნალი იყო. ტელეფონს ვეცი. ის იყო, საბა, რომელიც მხოლოდ ორ სიტყვას მწერდა: «შეხვედრამდე, ლედი». ნომერს დავხედე და სასწრაფოდ ვაფრინე საპასუხო შეტყობინება: «რატომ ცამეტი?» არც პასუხმა დაყოვნა: «კარგად მაქვს დაცდილი». ახლა ნომერი ავკრიფე და დარეკვა ვცადე, მაგრამ… ნურას უკაცრავად. ავტომატის უსიამოვნო ხმამ ეგრევე «მომახალა»: «მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. დარეკეთ მოგვიანებით». კიდევ ვცადე, კვლავ უშედეგოდ. ესეც ასე, მაგდა, ტყუილად ნუ ირჯები, ამ ეტაპზე ამით უნდა დაკმაყოფილდე, «დავამშვიდე» ჩემი თავი და… ავტირდი. დიდხანას, ძალიან დიდხანს ხმამაღლა მოვთქვამდი, თითქოს ჩემი ცრემლებით ერთდროულად ვეთხოვებოდი დანგრეულ წარსულს, უღიმღამო აწმყოსა და გაურკვეველ მომავალს…
ის ღამეც თეთრად გავათენე…
7 7 7
ამ ამბიდან რამდენიმე კვირა გავიდა. სექტემბერიც დადგა. საბასგან არაფერი ისმოდა, მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, არც უცდია ჩემთან დაკავშირება. სამაგიეროდ, გია გააქტიურდა. ძველებურად მირეკავდა, სამსახურში მაკითხავდა… ერთი სიტყვით, დამღალა თავისი ყურადღებით. რამდენჯერმე დედამისთან ვიზიტის შესახებაც ჩამომიგდო ლაპარაკი, მაგრამ შორს დავიჭირე. ნამდვილად არ ვიყავი მის ხასიათზე. საბას გამგზავრების შემდეგ ჩვევად მექცა, სამსახურის დამთავრებისთანავე შინისკენ გავქცეულიყავი და იქ დავლოდებოდი სასწაულს. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი იდუმალი სიყვარული სიურპრიზს მომიმზადებდა და, ყვავილების არ იყოს, კიდევ ერთხელ გამაოგნებდა თავის «ოინებით». არა და არა. ამაოდ ველოდი რაღაც მოულოდნელს. როგორები არიან მამაკაცები… ნუთუ ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ყურადღება? სულ მცირე ყურადღებაც კი… ერთი მესიჯი რა გახდა? ვოხრავდი გაწბილებული…
ბოლოს, ილუზიებით ცხოვრება რომ მომბეზრდა, მტკიცედ გადავწყვიტე, შვებულება ამეღო და ქობულეთში წავსულიყავი. მაიკოც ავიყოლიე. სიხარულით დამთანხმდა _ «ბარხატნი» სეზონია და კარგ დროს გავატარებთო. ბევრი არ გვიფიქრია, ორკვირიანი შვებულება ავიღეთ და მაიკოს მანქანით «დავაწექით» ქობულეთისკენ მიმავალ გზას.
მშვიდობიანად ჩავაღწიეთ «დანიშნულების ადგილამდე». არც ბინის მოძებნა დაგვჭირვებია. მაიამ ძველ, «პრესტიჟულ ხაზეიკას» მიაკითხა და იმანაც უმალ გამოგვიყო საუკეთესო ოთახი _ «პირადი» სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით. ერთი სიტყვით, კომფორტულად მოვეწყვეთ.
პირველი სამი დღე გადასარევი ამინდი იყო _ მზიანი, თბილი, მაგრამ მეოთხე დღეს, წვიმამ რომ დაუშვა, წაეწყო და წაეწყო წვიმიანი დღეები, თავს გარეთ ვერ ვყოფდით, ისე აცივდა. ლამის ისტერიკა დაგვემართა, ყველაფრის ხალისი დავკარგეთ. ერთი კვირა არ გამოდარებულა. შინაბერებივით ოთახში ვისხედით და საწოლზე წამოკოტრიალებულები ხან კარტს ვშლიდით, ხან «ჩაძირობანას» ვთამაშობდით, სხვა რა უნდა გვეკეთებინა? ერთ საღამოს, როგორც იქნა, წვიმა შეწყდა. ჩვენც დრო ვიხელთეთ და ქუჩაში გამოვედით. პარკში შესვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბუნგალოში მაინც შევსულიყავით და თბილისურად, «სვეტსკურად» მოგველხინა. სანაპიროზე სუსხი იგრძნობოდა, სამაგიეროდ ზღვის ხმაური გვიწყნარებდა ნერვებს. მიუხედავად სიცივისა, მაინც დავსხედით და ორი აჭარული ხაჭაპური და ორიც «ესპრესო» მოვითხოვეთ. ყავა რამდენიმე წუთში მოგვიტანეს, ხაჭაპურს კი უნდა დავლოდებოდით. მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ჩვენს მოპირდაპირე მაგიდასთან ძალიან ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. მეჩვენება თუ ნამდვილად ის არის? კიდევ ერთხელ დავძაბე გონება. არა, არ მეშლებოდა, ლუკა იყო, ჩემი ძველი და გაწბილებული სიყვარული. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი. საიდან სად? ამასობაში ლუკა წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. მაიას ჩემი შეშფოთება არ გამოჰპარვია და თვალები ჩემს მზერას გააყოლა.
_ ვინა არის? _ ჩურჩულით მკითხა, სანამ ლუკა მოგვიახლოვდებოდა.
_ მერე გეტყვი, _ ჩურჩულითვე ვუპასუხე და სახეზე ღიმილი გაჭირვებით ავისხიპე.
_ გამარჯობა, მაგდა, _ ლუკას ხმაც შეცვლოდა, გარეგნობასთან ერთად, ისე გამხდარიყო, ძნელად თუ იცნობდა ადამიანი.
_ ლუკა, აქ როგორ გაჩნდი? _ ისე მოვიკითხე, თითქოს ჩვენ შორის «შავ კატას» არასდროს გაერბინოს.
_ გუშინ ჩამოვედი, _ უხერხულად შეიშმუშნა, _ შეიძლება თქვენთან ცოტა ხნით ჩამოვჯდე?
_ კი როგორ არა, დაჯექი, _ ხელით ვანიშნე და შეცბუნებულმა მაიას გადავხედე.
_ მაიკო, გაიცანი, ჩემი ძველი მეგობარი, ლუკა. ეს მაიკოა, ჩემი დაქალი და ამავდროულად თანამშრომელი, _ გავაცანი ორივე ერთმანეთს.
ლუკამ მაიას ხელი ჩამოართვა და დაჯდა.
_ დალევთ რამეს? გეპატიჟებით, _ ჯიბეზე გაიკრა ლუკამ ხელი.
_ არა, გმადლობთ, უკვე შევუკვეთეთ, _ თავაზიანი უარი «ვტკიცე» ჩემს «წარსულს» და ამით ვაგრძნობინე, რომ მისი ვიზიტი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.
_ დიდი ხანია, აქ ხარ? _ მკითხა.
_ მეორე კვირაა, მაგრამ ჩავლპით სახლში, რამდენი დღეა, მზე არ გვინახავს, _ დავიწუწუნე.
_ ხვალიდან გამოიდარებს, _ «შეგვპირდა» ლუკა.
_ თქვენ საიდან იცით, შემთხვევით სინოპტიკოსი ხომ არ ხართ? _ კეკლუცად გაეხუმრა მაია და თავის გაქნევით თმა უკან გადაიყარა.
_ რადგან მე ჩამოვედი, აუცილებლად კარგი ამინდები წამოვა, დამიჯერეთ, _ დარწმუნებით თქვა ლუკამ.
_ მარტო ხარ ჩამოსული თუ მეუღლესთან ერთად? _ დავსვი «საჭირბოროტო» კითხვა.
ამის გაგონებაზე თითქოს შეცბა და თვალი ამარიდა.
_ ამჯერად მარტო ვარ… ასე ვამჯობინე, _ დააყოლა ოდნავი პაუზის შემდეგ.
_ შეცვლილხარ, ძლივს გიცანი, _ რაღაც ხომ უნდა მეთქვა.
_ ჰო, შევიცვალე. რას იზამ, ასეც ხდება. შენც შეცვლილი ხარ, მაგრამ უკეთესობისკენ, _ გამიღიმა.
_ დიდი მადლობა, არც შენ ხარ «უარესობისკენ», მშვენივრად გამოიყურები.
_ ვიცი, როგორც გამოვიყურები. იმ ამბის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, _ თითქოს გაუჭირდა ამის თქმა.
_ რა ამბის შემდეგ? _ შუბლი შევჭმუხნე, მის შესახებ დიდი ხანია, არაფერი მსმენოდა.
_ არ იცი? _ გაუკვირდა.
_ არა, არაფერი გამიგია.
_ კრისტის არ უთქვამს?
_ კრისტი თვეზე მეტია, არ მინახავს, ბულგარეთში ისვენებს, «ოქროს ქვიშებზე». ასე რომ…
_ სამსახურში პრობლემები შემექმნა, ერთი პაციენტის მშობელმა მიჩივლა და… იძულებული გავხდი, მუშაობა მიმეტოვებინა.
_ რას ამბობ? _ შევიცხადე, რადგან მართლა ძალიან მეწყინა ეს ამბავი, _ დიდი ხანია?
_ დაახლოებით თვენახევრის წინ, ტელევიზორშიც იყო, მეგონა, იცოდი. მთელმა საქართველომ გაიგო და შენ როგორ გამოგრჩა?
_ სიმართლე გითხრა, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მით უმეტეს, საინფორმაციო გამოშვებებს. ასეთი რამეები მძაბავს, _ ვიმართლე თავი.
_ ჩემი სიმამრი დამეხმარა, თორემ დასაჭერად მქონდა საქმე, ისეთი ვითარება შეიქმნა, გახსენებაც აღარ მინდა, ცუდი დღეები გამოვიარე.
_ თუ გინდა, ნუ იტყვი, შენი საქმეა, _ გულწრფელად შემეცოდა, განახევრებული იყო კაცი.
ამასობაში ხაჭაპურიც მოგვართვეს, თუმცა ლუკას ნაამბობმა ისეთ ხასიათზე დაგვაყენა მე და მაია, არც ერთს ხელი არ გვიხლია მისთვის.
_ არა, არა, ახლა უკვე ყველაფერი დამთავრდა, ღვთის მადლით, ნერვიულობა უკან დარჩა. ერთ ქალს კუჭის წყლულის ოპერაცია გავუკეთე და მესამე დღეს პერიტონიტი განუვითარდა. ეს გარემოება კი გამომრჩა, როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.
_ შეცდომა ყველას მოსდის, _ ვანუგეშე.
_ ჰო, მაგრამ მე, როგორც მთავარი ექიმის მოადგილეს, შეცდომის უფლება არ მქონდა. შედეგიც მოვიმკე.
_ დისკვალიფიკაციაც ხომ არ მოგცეს? _ ჰკითხა მაიამ.
_ რა თქმა უნდა, ეგ რომ არა, გასამართლება არ ამცდებოდა. რადგან პაციენტი გადარჩა, პატრონები ამით დაკმაყოფილდნენ.
_ ვწუხვარ, _ თანაგრძნობით შევხედე.
თვალი თვალში გამიყარა და ირონიულად ჩაიცინა.
_ შენმა ცოდვამ მიწია, მაგდა, ამიტომაც სამართლიანად დავისაჯე.
_ რა სისულელეა, ეგ რამ გაფიქრებინა.
_ ასეა, ასე. კარიერის გულისთვის მაშინ მე ისეთ რამეზე ვთქვი უარი, რაც ყველაზე მეტად ალამაზებდა და ავსებდა ჩემს ცხოვრებას, თუმცა შენ რომ არ დაგეჩქარებინა მოვლენები, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო _ შენთვისაც და ჩემთვისაც სასიკეთოდ, _ თავი ჩაქინდრა ლუკამ.
_ მე ნუ მადანაშაულებ, ძალიან გთხოვ, ჩემს ადგილზე ყველა ქალი ჩემნაირად მოიქცეოდა.
_ ყველა არა, ასე მხოლოდ შენ შეგეძლო მოქცეულიყავი, _ დანანებით წარმოთქვა და კვლავ შემომხედა თავისი ლამაზი თვალებით.
_ არ გვინდა წარსულის გახსენება, მე უკვე დავივიწყე, _ ცივად ვუთხარი.
_ კარგი, მე დაგტოვებთ, თორემ როგორც ვატყობ, მშივრები დარჩებით. სად ხართ დაბინავებული? თუ ზედმეტობაში არ ჩამითვლი, ხანდახან შემოგივლი, გნახავ, _ ლუკა წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
_ ზუსტად პარკის წინ, მაღაზიის გვერდზე რომ ორსართულიანი სახლია, მეორე სართულზე. როცა გინდა, მოდი, პრობლემა არ არის.
_ ჰო, ისე… მეც გავშორდი ცოლს, _ თქვა მოულოდნელად.
ამის გაგონებაზე გავწითლდი.
_ მეც რას ნიშნავს? _ დავეკითხე.
_ რა ვიცი, როგორც გავიგე… შენც… ქმარს გაშორდაო, მითხრეს…
_ კი, მართალი უთქვამთ, თუმცა ეგეც შორეულ წარსულში იყო, _ თავი გავაქნიე და მწარედ გავიღიმე…
* * *
კიდევ ერთი უძილო ღამე… თვალწინ გამუდმებით ლუკა მედგა, მისი მონაყოლი მახსენდებოდა. მოგონებებმა ძალაუნებურად გადამისროლა წარსულში, ის დრო გამახსენდა, როცა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, როცა ვარდისფერ ფერებში ვუყურებდი ცხოვრებას. რომ ვუფიქრდებოდი, სადღაც, გულის სიღრმეში, ისევ ისე მიყვარდა იგი, მისი ადგილი ვერა და ვერ დაიკავა სხვამ, თუნდაც საბამ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მთელი გრძნობებით საბაზე ვიყავი გადართული. იმ ურთიერთობას სხვა ეშხი ჰქონდა, შიში არ ახლდა _ მიტოვების და მოპარული სიყვარულის შიში. ეს სხვა იყო. ფაქტობრივად, საბასთან რომანს, შორიდან რომ შეეხედა ადამიანს, არც ერქვა სიყვარული. ალბათ უფრო სიგიჟე იყო, არამიწიერი, არაამქვეყნიური გრძნობა, აუხსნელი და ამოუცნობი. არ ვიცი, ქალები რას გრძნობენ, როცა ყოფილ შეყვარებულს წლების შემდეგ ხვდებიან, მაგრამ მე საოცარი რამ ვიგრძენი _ მასთან სიახლოვე მომინდა _ ხორციელი სიახლოვე ანუ ის, რაც მისგან მაკლდა _ ჩვენ ხომ სექსი არასდროს გვქონია.
გაგრძელება იქნება