გადაცემის „პირველამდე“ სტუმარი ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაიაა. როგორც ნანუკამ აღნიშნა, ის ენერგიას ადამიანებისგან იღებს.
„ენერგიას ადამიანების ემოციებით ვინაზღაურებ. რომ მოდიან და მელაპარაკებიან ძალიან დიდი ხანი მყვება ეს ენერგია. მავიწყდება ის, რომ ზურგი მტკივა და ძალიან მძიმეა ჩემი ზურგჩანთა…“
ნანუკამ გადაცემაში ასევე თქვა, რომ მისთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის, ასმაგად მტკივნეულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ყურება.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო და გვინდა ომი. ყველაზე კარგად ვიცით, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებმა რას ნიშნავს ომი.
მე გავიზარდე მამის გარეშე, გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა. შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი რა გაიღო ჩემმა ოჯახმა იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო.
წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რასაც ვუყურებ ახლა, ასმაგად მტკივნეულია. საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი,“ – აღნიშნა ნანუკამ.
ნანუკა ქაჯაია
ნანუკა ეკრანზე ყოველთვის ენერგიულია, ამბობენ და თავადაც აღიარებს, რომ ცხოვრებაში - კიდევ უფრო. მეგობრები ხშირად ეხუმრებიან, რომ საუბარს არასდროს ამთავრებს და სახალისო კადრებს ამაზე სოციალური ქსელის მის პირად გვერდებზეც გადააწყდებით.
"31 წლის ვარ და აქედან 10 წელია, რაც ჟურნალისტი ვარ. თავდაპირველად ტელეკომპანია “იმედში” დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, სტაჟირებაზე ნოდარ მელაძის რეკომენდაციით ამიყვანეს.
პირველივე დღეს მკითხა პროდიუსერმა, გადაღებაზე წავიდოდი თუ არა. ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამიშვია. იმ დღეს ექვს გადაღებაზე ვიყავი. მთელი კვირა ამ რეჟიმში ვმუშაობდი. კვირის ბოლოს კი საინფორმაციოს უფროსმა, მათე კირვალიძემ, დამიძახა. არასდროს დამავიწყდება, როგორი შეშინებული შევედი მის კაბინეტში. მეგონა, რაღაც გავაფუჭე. მითხრა, მაინტერესებს, ვინ ხარ, სულ შენი გვარი მიწერია ე.წ. ვიორსტკაშიო და მომცა შესაძლებლობა, პირველივე კვირას გამეკეთებინა პირველი სიუჟეტი. ეს ეხებოდა სეზონურ ინფექციებს. მესამე წელს ითვლის, რაც “ტვ პირველში” ვმუშაობ.
არაფერი მაბედნიერებს ისე, როგორც მაყურებლის აზრი, მათი გამოხატული სითბო, მხარდაჭერა, გამხნევება. აი, მაგალითად, გადაღებაზე ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და იმდენ დადებით ემოციას მაძლევენ, რომ ყველაფერი მავიწყდება – დაღლაც, სიცივეც, ყინვაც. ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან განებივრებული ვყავარ და ამ ყველაფრით უბედნიერესი ვარ."