ნანუკა ქაჯაია რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ტელესივრცეში და ახლა ნახავთ ყველგან, სადაც ცხელ-ცხელი ამბები ტრიალებს. კვირაში 5 დღე სამსახურითა და რესპონდენტებით ცხოვრობს. განსაკუთრებით მოსწონს, როცა მოვლენების შუაგულში უწევს ყოფნა და ყველაფერი მის თვალწინ ხდება.
"31 წლის ვარ და აქედან 10 წელია, რაც ჟურნალისტი ვარ. თავდაპირველად ტელეკომპანია “იმედში” დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, სტაჟირებაზე ნოდარ მელაძის რეკომენდაციით ამიყვანეს.
პირველივე დღეს მკითხა პროდიუსერმა, გადაღებაზე წავიდოდი თუ არა. ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამიშვია. იმ დღეს ექვს გადაღებაზე ვიყავი. მთელი კვირა ამ რეჟიმში ვმუშაობდი. კვირის ბოლოს კი საინფორმაციოს უფროსმა, მათე კირვალიძემ, დამიძახა. არასდროს დამავიწყდება, როგორი შეშინებული შევედი მის კაბინეტში. მეგონა, რაღაც გავაფუჭე. მითხრა, მაინტერესებს, ვინ ხარ, სულ შენი გვარი მიწერია ე.წ. ვიორსტკაშიო და მომცა შესაძლებლობა, პირველივე კვირას გამეკეთებინა პირველი სიუჟეტი. ეს ეხებოდა სეზონურ ინფექციებს. მესამე წელს ითვლის, რაც “ტვ პირველში” ვმუშაობ.
არაფერი მაბედნიერებს ისე, როგორც მაყურებლის აზრი, მათი გამოხატული სითბო, მხარდაჭერა, გამხნევება. აი, მაგალითად, გადაღებაზე ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და იმდენ დადებით ემოციას მაძლევენ, რომ ყველაფერი მავიწყდება – დაღლაც, სიცივეც, ყინვაც. ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან განებივრებული ვყავარ და ამ ყველაფრით უბედნიერესი ვარ.
იცით, რა მახარებს ყველაზე მეტად? ჩემი იმედი აქვთ, რომ გვერდით დავუდგები და პრობლემების გადაჭრაში დავეხმარები. რა უნდა იყოს იმაზე კარგი შეგრძნება, როცა გენდობიან და შენი სჯერათ. უცნაური ზარებიც არის. აი, მაგალითად, დამირეკა ერთმა ქალმა, კარგი შვილი მყავს და რძლად მომწონხარო. მეორემ ადიგენიდან ჭაჭა ჩამომიტანა და დამპირდა, შემდეგ ჩამოსვლაზე კარტოფილი უნდა მოგიტანოო. ღვინოც კი მოუტანიათ კლინიკა “ვივამედთან”. ზოგი პოლიტიკაში წასვლასაც მთხოვს", - ამბობდა ნანუკა ქაჯაია.
ნანუკა ეკრანზე ყოველთვის ენერგიულია, ამბობენ და თავადაც აღიარებს, რომ ცხოვრებაში - კიდევ უფრო. მეგობრები ხშირად ეხუმრებიან, რომ საუბარს არასდროს ამთავრებს და სახალისო კადრებს ამაზე სოციალური ქსელის მის პირად გვერდებზეც გადააწყდებით.
მუდამ ხალისიანი ნანუკას მიღმა არც ისე მარტივი ისტორიაა:
"თბილისში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩვენ გაგრიდან ვართ. მამაჩემი იქ დაიღუპა. მე და ჩემი ორი და, მერი და ნატა, დედამ, მადონა ცომაიამ, მარტო გაგვზარდა. ვფიქრობ, რთული პერიოდის მიუხედავად, დედამ შეძლო, რომ უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა სიყვარულსა და ბევრ სითბოში. სხვადასხვა წრეზე დავყავდით – სამსახიობოზე, ცეკვაზე, მუსიკაზე. სიმღერა საერთოდ არ გამომდის, მაგრამ მაინც ვმღერი.
რაც შეეხება დასვენებას, ზამთრის პერიოდში ეს იყო ბაკურიანი. მთელი დღე შემეძლო მესრიალა და არაფერი მახსოვდა. სხვათა შორის, ბავშვობაში ერთ-ერთი დაშვება კოხტაგორადან მოტეხილობით დავასრულე.
ზაფხულში ჯერ ზღვაზე ვისვენებდით და შემდეგ მთაში. სურამში დედას აუცილებლად ერთი თვით მივყავდით და მე და ჩემი დები სულ ვაპროტესტებდით. დედა არის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და დიდი გულშემატკივარი. რჩევებს მაძლევს გარეგნობის თაობაზეც. მაგალითად, ყოველ დილით მთხოვს, წავისვა წითელი ტუჩსაცხი და გავიშალო თმა", - ამბობს ნანუკა ქაჯაია.