ინფლუენსერი, ვლოგერი თაკო საზინა ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. სასიხარულო სიახლე მეგობრებსა და გამომწერებს მან სოციალურ ქსელში გაუზიარა. პატარა გოგონას მატილდა დაარქვეს.
ამჯერად თაკო გამომწერებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უზიარებს, საზოგადოების ყურადღებას მისი საახალწლო დეკორაციებიც იქცევს.
თაკო საზინა
უმშვენიერესი ვლოგერი, ინსტაგრამერი და უკვე ინფლუენსერი თაკო საზინა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი ვლოგერია, რომელმაც სილამაზის სფერო საზოგადოებას ვიდეოების მეშვეობით გააცნო.
თაკომ ვლოგერობა წლების წინ დაიწყო და Youtube-ზე მაკიაჟისა და კანის მოვლის შესახებ მოკლე ვიდეოებს აქვეყნებდა. განსაკუთრებით პოპულარული ის 2016 წელს გახდა. მას შემდეგ მისი მიმდევრების რაოდენობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, "ინსტაგრამსა" და "ტიკ-ტოკზე" სულ უფრო იზრდება.
„საქართველოში მსგავსი ვიდეოებით არ იყვნენ განებივრებული გოგონები და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოწონება და სიყვარული დავიმსახურე ხალხში“, - ამბობდა თაკო.
თაკოს მთავარი ნიშა დღეს ორიგინალური, ტრენდული მაკიაჟია. ის ვიდეოში დეტალურად აჩვენებს, როგორ შეიძლება ისეთი შედეგის მიღწევა, როგორსაც ცნობილი სახეების, მოდელებისა თუ მსახიობების ფოტოებში ვხედავთ. თაკო ასევე ვიდეოს სახით აქვეყნებს რჩევებს თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ახალი პროდუქტების შესახებ. მრავალწლიანი გამოცდილების გამო მას უამრავი ადამიანი ენდობა და მის რჩევებსაც ითვალისწინებს.
„ძალიან ხშირად ვუყურებ უცხოელ ვიდეობლოგერებს, ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს და შემდეგ ვცდილობ, ეს სიახლეები ჩემს მაყურებელსაც გავუზიარო. ასე ვერავის გამოვარჩევდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე მეც სწორედ ასე ვისწავლე მაკიაჟის კეთება, ჩავრთავდი ვიდეოს, წინ დავიდგამდი სარკეს და ვცდილობდი, როგორმე დამემსგავსებინა ჩემი მაკიაჟი მათი შედევრებისთვის. ნელ-ნელა დამეხვეწა ხელი და ვისწავლე მაკიაჟის გაკეთება”, - ამბობდა თაკო.