არეული ვიყავი. იმ წუთებში საბა რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, ალბათ არ გამიჩნდებოდა ასეთი სურვილი, მაგრამ ახლა, როცა მასთან ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ყველაფერი, «ვნების სასწორი» ლუკასკენ გადაიხარა. ვინ, ვინ და, ჩემს სიცარიელეს ახლა მხოლოდ ლუკა თუ შეავსებდა და იმ დანაკლისსაც, რაც საბასთან განშორებით იყო გამოწვეული…
როგორც ჩანს, გამთენიისას ჩამეძინა, რადგან საოცარი რამ მესიზმრა. თითქოს სადღაც უდაბნოში ვიყავი, მზე საშინლად აცხუნებდა. წყურვილისაგან ტუჩები მქონდა დაშაშრული. ფეხშიშველი მივაბიჯებდი ცხელ ქვიშაზე და სასოწარკვეთილი აქეთ-იქით ვუყურებდი, ჭას, გუბეს, წყაროს _ რაღაც ამდაგვარს ვეძებდი. მოულოდნელად ჩემ წინ ორი ადამიანი აისვეტა. ხელი მოვიჩრდილე და დავაკვირდი _ ლუკა და საბა იყვნენ. ხელში ორივეს წყლიანი ჭიქები ეჭირა _ ლუკას სავსე, საბას _ ნახევრად ცარიელი. ცდუნება დიდი იყო. ისე მწყუროდა, რა თქმა უნდა, თვალი წყლით სავსე ჭიქისკენ გამექცა, მაგრამ გული მაინც საბასკენ მეწეოდა. ვხვდებოდი, ჩემი ბედი ახლა წყდებოდა _ ან ერთი უნდა ამერჩია, ან მეორე. ნაბიჯი ჩემდა უნებურად ლუკასკენ გადავდგი, მან ჭიქა გამომიწოდა… უცებ ყველაფერი შეზანზარდა და ვიგრძენი, ფეხქვეშ ნიადაგი როგორ გამომეცალა. მიწამ ნაპრალებად დაიწყო დასკდომა. შიშით უკან დავიხიე, რომ პირღია უფსკრულში არ გადავჩეხილიყავი. ლუკა მიტრიალდა და გაიქცა, საბა ადგილიდან არ დაძრულა. ამასობაში წონასწორობა დავკარგე და ის იყო, უნდა გადავჩეხილიყავი, რომ საბა გადმოხტა და ხელი წამავლო. განწირული ხმით ვიკივლე. ამ დროს საიდანღაც მაიას ძახილი მომესმა: «მაგდა, მაგდა!» ოფლში გაწურულს გამომეღვიძა, თურმე მართლა მეძახდა მაიკო. უცნაური ზმანება გაქრა.
_ მაგდა, ნახე, რა ამინდია, ადექი, რა დროს ძილია, პლაჟზე გავიდეთ, _ მაია ჩანთას ალაგებდა.
კარგა ხანს გონს ვერ მოვედი სიზმარში ნანახით თავზარდაცემულმა. მაიას მოვუყევი დილის კოშმარი, სახე მოექუფრა.
_ ფრთხილად იყავი, ლუკასგან თავი შორს დაიჭირე. რა იცი, რა ხდება, _ მირჩია მან.
_ სიზმრების არ მჯერა, თანაც მე ყველაფერი უკუღმა მიხდება ხოლმე, _ ჩავიქნიე ხელი და ჩაცმას შევუდექი.
მინდოდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამევიწყებინა, მაგრამ მაინც შევფიქრიანდი.
ზღვის ხმაურმა და თბილმა ამინდმა გუნება გამომიკეთა. მაია მაშინვე წყალში შევარდა. მეც შევყევი, ცოტა ხანს ვინებივრე ტალღებზე და მალევე ამოვედი წყლიდან, შეზლონგი გავშალე და წამოვწექი. მცხუნვარე სხივები სხეულზე მომელამუნა. მესიამოვნა და გაღიმებულმა ქუდი ჩამოვიფხატე თვალებზე, სახის კანი ზედმეტად არ დამეწვას-მეთქი.
წინა ღამის განცდებით დაღლილს მალევე ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. მობილური მოვძებნე და ნომერს დავხედე, გია იყო. მისი ხმა კარგად არ ისმოდა, ხანდახან ექოსავით იკარგებოდა. მხოლოდ ის გავიგე, უკვე გზაში ვარ და ქობულეთში მოვდივარო. არც მწყენია და არც გამხარებია. ვინ იცის, იქნებ ჯობდეს კიდევაც მისი ჩამოსვლა, უკეთ გავერთობით, იმედია, თავს არ მომაბეზრებს სასიყვარულო ფრაზებით. თუმცა ბოლო ხანებში არც თბილისში ვყავდი ამით განებივრებული. ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მეწვოდა ბეჭები. როგორც ჩანს, კარგა ხანს მეძინა, თაკარა მზემ კი თავისი ქნა. მივიხედ-მოვიხედე, თვალებით მაიას დავუწყე ძებნა. იგი ცოტა მოშორებით კოჭამდე წყალში იყო შესული და ვიღაცას მხიარულად ელაპარაკებოდა. ის ვიღაცა კი, ჩემდა გასაკვირად, ლუკა აღმოჩნდა. უსიამოვნოდ გამცრა ტანში, წეღანდელი კოშმარი გამახსენდა. ნუთუ სიზმარს რამე ძალა აქვს? იქნებ წინათგრძნობა მართლა რაღაცას მკარნახობს? იქნებ მართლა მმართებს სიფრთხილის გამოჩენა? რამ ამამჩატა ამხელა ქალი, შეიძლება ერთდროულად ორ მამაკაცზე ფიქრობდეს საღად მოაზროვნე ადამიანი? თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, წამოვდექი და მათკენ გავეშურე.
_ აი, მაგდაც გამოჩნდა. დაიხრუკე? _ მაია მხიარული შეძახილებით შემხვდა.
_ საშინლად მეწვის ბეჭები, რატომ არ გამაღვიძე? _ ვუყვედურე მეგობარს.
_ ისე ტკბილად გეძინა, შემეცოდე. თან ისედაც კარგად იყავი «დაზაგრული» და რას ვიფიქრებდი, კიდევ უფრო თუ მოგეკიდებოდა მზე.
_ გამარჯობა, ლუკა, _ მივესალმე მამაკაცს და თვალი ავარიდე.
_ დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? _ შემომცინა მან და ხარბად შემათვალიერა.
ახლა კი სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში. კარგია, რომ ვაღელვებ. ესე იგი, ისევ ვუნდივარ, გავიფიქრე ჩემთვის.
_ არა მიშავს. მე წყალში უნდა შევიდე, ცოტას გავგრილდები, _ თითქოს ნებართვა ვითხოვე და წელამდე წყალში შესულმა ჩავყვინთე.
დიდხანს დავაყოვნე წყლის ქვეშ. ყურები დამიგუბდა. მეტის გაძლება რომ ვერ შევძელი, თავი ამოვყავი, ზურგზე გავწექი და ნელ-ნელა, ნებივრად გავცურე. ცურვა, იცოცხლე, კარგი ვიცი. ბავშვობიდან დავყავდი დედას აუზზე. ისე მსიამოვნებდა წყალზე ლივლივი, ნაპირზე გამოსვლა არ მინდოდა…
7 7 7
შუადღემ მოატანა. ლუკა წამით არ გვშორდებოდა, თითქოს ჩვენთან ერთად იყო ჩამოსული და მთელი კვირა ერთად გაგვეტარებინოს. არ მიკვირდა მისი საქციელი, მით უმეტეს, ახლა, როცა სულიერად ასე უჭირდა, როცა სრულ სიცარიელეს გრძნობდა ტრავმირებული ცხოვრების გამო. ახი კი იყო მასზე, რაც დაემართა, მაგრამ შურისძიებისთვის ვერ ვიმეტებდი. შურისძიება კი არა, მთელი არსებით მივიწევდი მისკენ, ოდნავადაც რომ შემეხებოდა, სუნთქვა მეკვროდა.
ამასობაში მოგვშივდა. ვერ გადავწყვიტეთ, სადმე დავმსხდარიყავით და «მეფურად» გვესადილა, თუ იქვე, ნაპირზე მოგვეტანა რამე და ამით დავკმაყოფილებულიყავით. წასვლაზე უარი ვთქვი, ლუკა დავინდე, იქნებ არც ჰქონდა საკმარისი ფული, არ მინდოდა, უხერხულად ეგრძნო თავი.
_ მოდი, მე წავალ და რამეს მოვიტან, _ წამოხტა მაია.
_ თუ მოსატანია, მე მოვიტან, ისედაც არ იქნება ლამაზი, მე აქ ვიჯდე და «საკვების მოსაპოვებლად» შენ მიდიოდე, _ გაიხუმრა ლუკამ.
_ არა, მაინც წასავლელი ვარ, ერთი ვიღაც უნდა ვნახო. თქვენ ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინოთ, მე ნახევარ საათში აქ გავჩნდები, _ თვალი ჩამიკრა მაიკომ და პასუხს არ დალოდებია, პარეო შემოიხვია, ჩანთას დაავლო ხელი და წავიდა.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით.
_ მომენატრე, _ თქვა ბოლოს ლუკამ.
მთელ ტანში დამბურძგლა ამ სიტყვების გაგონებაზე.
_ შენ ალბათ არასდროს მაპატიებ შეცდომას, არა? _ გააგრძელა ლუკამ.
_ არ გვინდა იმის გახსენება, რაც უკვე იყო. ნუ დავუბრუნდებით ძველ თემას, გთხოვ, _ თავი ჩავღუნე და კენჭებით დავიწყე თამაში.
_ რაც შენ დაგშორდი, ცუდად წამივიდა საქმე. ვწუხვარ, რომ გული გატკინე. ამის დავიწყება არ შემიძლია, _ იმართლებდა თავს მამაკაცი.
_ ლუკა, მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ, ხომ შეიძლება? _ თავი ავწიე და შევხედე.
_ კარგი, მაშინ შენ შეარჩიე სასაუბრო თემა, _ ამოიხვნეშა ლუკამ და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
_ რას აპირებ, თბილისში რომ დაბრუნდები?
_ არ ვიცი, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. რამეს მოვიფიქრებ.
_ ცოლს არ შეურიგდები?
_ მას არ უნდა ჩემთან დაბრუნება. უკვე აღარ ვჭირდები.
_ ვერ გავიგე, ხომ უყვარდი? მერე რა, რომ ასეთი რამ შეგემთხვა. ეს შეიძლება ყველას დაემართოს. ამის გამო ოჯახის დანგრევა ვის გაუგია?
_ მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგდა. ახლა არაფრის გახსენება არ მინდა. მთავარია, რომ ახლა აქ ვარ, შენთან, შენი ხმა მესმის, შენი სუნთქვა, შენს ლამაზ თმას ვეხები, _ თქვა და ხელი თმაზე გადამისვა.
თვალები დავხუჭე. მსიამოვნებდა მისი შეხება.
_ მე ახლა ჩავიძირები შენს თმაში და… დავიხრჩობი, _ ჩურჩულით თქვა.
პასუხი არ გამიცია.
_ იქნებ უსიამოვნოა შენთვის ეს ყველაფერი? _ მკითხა უცებ და ხელი შემიშვა.
_ არა, გააგრძელე, ხომ იცი, როგორ მიყვარს, როცა თმაზე მეფერებიან.
_ ჰო, ვიცი, მაგას რა დამავიწყებს, _ გაიცინა ლუკამ და თითები თმაში შემიცურა.
_ ვერ დაგივიწყე, ვერაფრით შევძელი შენი ფიქრებიდან განდევნა. ამაზე ძლიერი არასდროს არაფერი განმიცდია ცხოვრებაში. რომ შეიძლებოდეს ყველაფრის უკან დაბრუნება, ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი და უშეცდომოდ გავაგრძელებდი.
_ ამას ახლა ამბობ, როცა…
_ როცა რა?
_ როცა მარტო დარჩი, თორემ აქამდე არც კი გაგხსენებივარ, _ ირონიულად შევხედე.
_ ცდები. დღე არ გასულა, შენზე არ მეფიქრა, მაგრამ ვიცოდი, არ მქონდა უფლება, ერთხელ მაინც შეგხმიანებოდი. კრისტის ძალიან ხშირად ვურეკავდი, ვეკითხებოდი შენ შესახებ, თან ვაფრთხილებდი, შენთვის არაფერი ეთქვა. არ მინდოდა გაბრაზებულიყავი. ვიცი, რომ გათხოვდი, მერე…
_ გამოვთხოვდი, არა? _ დავასრულე მისი ფრაზა.
_ ქმარს რომ დაშორდი… იმის ამბებიც ვიცი, ბოლოს რომ გიყვარდა…
წარბები შევჭმუხნე.
_ კოკაზე მეუბნები? ეგეც კრისტიმ გითხრა?
_ არა, ეგ სხვამ მითხრა, _ შეცბა ლუკა, _ ერთმა საერთო ნაცნობმა.
_ მერე? რა დასკვნა გამოიტანე? _ აღარ ჩავეძიე, საიდან იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ასე დაწვრილებით.
_ ის, რომ არც შენ აგეწყო ცხოვრება ისე, როგორც ამას იმსახურებ. შენ ძალიან ლამაზი ხარ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. შენნაირ ქალს მამაკაცი ხელისგულზე დასმულს უნდა ატარებდეს.
გამომცდელად შევხედე.
_ მერე? რატომ არ მატარე? ვინ შეგიშალა ხელი?
_ ჩემმა უტვინო თავმა, სხვამ არავინ, _ კვლავ ამოიხვნეშა და შეეშვა ჩემს თმას.
_ ახლა უკვე გვიან არის, _ ვთქვი და კენჭი ზღვაში მოვისროლე.
_ ვიცი, მაგრამ ჩემი გრძნობების დამალვა არ მინდა. თქმით ხომ არაფერი დაშავდება.
_ ჩემთან სექსის სურვილი გაქვს? _ მოულოდნელად ვკითხე, მეც არ ვიცი, რატომ.
გაოცებულმა შემომხედა, თითქოს ჩემი შეკითხვის არსს ვერ ჩაწვდაო.
_ გეხუმრე, შენი რეაქცია მაინტერესებდა.
_ ბოროტი ხუმრობა გამოგივიდა, მინდა გითხრა… რატომ დამცინი?
_ არ დაგცინი, საიდან მოიტანე.
_ აბა რა ლაპარაკია ეს, სამაგიეროს მიხდი?
_ სულაც არა. უბრალოდ… მე მაქვს ასეთი სურვილი და… შენც იმიტომ გკითხე, _ გავწითლდი.
კიდევ უფრო გაოგნდა.
_ მართლა მეუბნები? შემომხედე, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, მართლა ამბობ? _ ნიკაპზე წამავლო ხელი და თვალი თვალში გამიყარა.
_ რა არის აქ უჩვეულო? მე ის მინდა შენგან, რაც არ მქონია, რაც დამაკლდა, ყველაზე მეტად რაც დამაკლდა.
_ ისევ გიყვარვარ? არ დამიმალო, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, _ თავი შევიკავე აღიარებისგან. იქნებ მართლა არ მიყვარდა? იქნებ მხოლოდ ხორციელი ლტოლვა მქონდა და იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი ამას?
_ სიზმარში იცი, რამდენჯერ მქონია შენთან სექსი? _ გამიღიმა და ხელზე მომიჭირა ხელი.
_ რამდენჯერ?
_ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. ის რომ ცხადში ამიხდეს…
_ რას იზამდი?
_ ალბათ სიცოცხლეს დავთმობდი, _ თქვა და მკლავზე ამაყოლა თითები.
იმდენად მსიამოვნებდა ლუკას ცივი ხელის შეხება დამწვარ ბეჭებზე, მექანიკურად გადავიხარე მისკენ და თავი მხარზე მივადე.
_ საღამოს სადმე შევხვდეთ, მე თანახმა ვარ, _ ჩურჩულით ვუთხარი.
ერთხანს გამომცდელად მიმზერდა, მერე თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა.
_ კარგი, მე მოვაგვარებ მაგ საკითხს. სად გნახო?
_ ათ საათზე პარკის შესასვლელთან დაგელოდები.
_ ცენტრალურ შესასვლელთან?
_ ჰო, _ უცნაურად გაბრუებული ვიყავი, თითქოს ბანგი დამელიოს.
_ იმედია, საღამომდე არ გაგინელდება ეს სურვილი, _ კვლავ ჩურჩულით თქვა და თითები ტუჩებზე მომისვა. ვნებისაგან თვალები დაენისლა.
_ იმედია, _ ჩურჩულითვე ვუპასუხე და თვალებით მივეფერე…
7 7 7
ერთ საათში მაიკოც დაბრუნდა, ცხელ-ცხელი თონის პურები, სულგუნის ყველი, კიტრი და პომიდორი მოიტანა. გემრიელად ვისადილეთ… მოვითენთე. ძილი მომინდა. თან ისეთ ხასიათზე ვიყავი, მარტო მინდოდა დარჩენა საკუთარ თავთან, რომ კარგად გამეანალიზებინა ყველაფერი, მაგრამ ასე უცებ ვერ წავიდოდი, არ მინდოდა მაიკოს სხვანაირად ეფიქრა. თანაც, ლუკასთან ხომ არ დავტოვებდი, უხერხული იყო. იძულებული გავხდი, გადამეფიქრებინა წასვლა.
დიდხანს დავყავით ნაპირზე. რაზე არ ვისაუბრეთ, ვის არ გადავწვდით, პოლიტიკაზეც კი ჩამოვაგდეთ საუბარი, ზღვის აბაზანებიც ბევრი მივიღეთ და მზისაც.
ამასობაში მზე სამხრეთისკენ გადაიხარა. კვლავ აწკრიალდა ჩემი მობილური.
_ ვინ არის? _ დაინტერესდა მაია.
_ მგონი, გია ჩამოვიდა. დილით დამირეკა, მოვდივარო, _ უსიამოვნოდ ვთქვი, ახლა ნამდვილად არ მინდოდა გიას გამოჩენა, მისი ვიზიტი ჩემს გეგმებს ხელს შეუშლიდა.
_ ჰო, გია, ჩამოხვედი? სადა ხარ? _ ჩავძახე მობილურში.
_ ერთი საათია, რაც ჩამოვედი. სასტუმროში ავიღე ნომერი, პარკთან ახლოს. შენ სადა ხარ? როგორ მოგაგნო?
_ ცენტრში, «მარშრუტკების» გაჩერებასთან მოდი, იქ დაგელოდები, _ ვუთხარი და გავთიშე.
_ უნდა წავიდე, _ ვთქვი და ავდექი, _ მელოდებიან.
_ სტუმარი გყავს? _ ლუკამ თვალებით გამხვრიტა.
დანაშაულზე წასწრებულივით მზერა ავარიდე.
გაგრძელება იქნება