რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისათვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
- სალ, შენთან ლაპარაკი მინდა!
- რა ვერ ამოთქვი?
- ნუ ხარ შეუვალი! როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩემები რაღაცას ხვდებიან უკვე... კითხვები დამისვეს...
- ჰოდა, მერე შენც აუხსენი! - რა პრობლემაა?
- ბავშვივით იქცევი! აქეთ-იქით დადიხარ, გაურკვეველ ადგილებში, რაღაც უცნაურ სამსახურებს იცვლი, ტელეფონს არ პასუხობ... - რა ხდება, გამაგებინე...
- ერთი პროექტის მონაწილე ვარ!
- რა პროექტის? გიხდიან რამეს?
- მაგას ვერ გეტყვი...
- არ ვიცი, სალ... უცებ ისე შეიცვალე, მართლა ვეღარ გცნობ! იმ ქორწილში მართლა შემთხვევით მოხვდი თუ მე რო მეგის სურათებს ვათვალიერებდი, მერე მოძებნე და...
- რა სისულელეა! ეგღა მაკლია, შენს საყვარლებს ვეძებდე და ტორტები მივართვა!
- პანაშვიდზეც უცნაურად იქცეოდი... ვიცი, რომ რაღაცას მიმალავ!
- დამალვა შენი მოგონილია! - წავედი, დავალება უნდა ამოვხსნა! გუშინ გავათენე ისედაც...
- რა დავალება?
- რაღაც თავსატეხია და უნდა ამოვხსნა! მისმინე... რამეს ხომ არ გეუბნება სიტყვები: -"გუდიაშვილი", "სიახლოვეს", "ნანგრევები" და არ გაგეცინოს!
- რა?
- "ასტვაც! ინჩუ ჰამარ! - ეს ყველაფერი რაღაცა ადგილის მინიშნებაა...
- გუდიაშვილის მოედანთან რო სომხური ეკლესიის ნანგრევებია?
- ვაიმეე... რა იცოდი?
- დაგავიწყდა, რომ მერიაში ვმუშაობ, გოგო?
- სიმართლე გითხრა, კიი... რატომღაც არ გამხსენებია ეგ. - კაი, წავედი! მერე დაგირეკავ...
სალიმ საბას ტელეფონი გაუთიშა და ტრიქსტერს მისწერა:
- გუდიაშვილის მოედანთან ეკლესიის ნანგრევები, ხომ?
- ნწწ...
- არაა?..
- კიი, კიი... ეგაა ყოჩაღ, ქერა
- როდის უნდა წავიდე?
- თუ გინდა, დღესვე გამოვუშვებ შოთიკოს და წაგიყვანს. გასაღები დამალულია!
- რატომაც არა! სადღაც, ერთ საათში მოვიდეს, კაი?
- კარგი შენ პრაქტიკულად ჩაიცვი
- ეგ თავისთავად
ერთ საათში სალი უკვე მანქანაში იჯდა. მძღოლმა არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და მთელი გზა ჩუმად მართავდა მანქანას.
ეკლესიის ნანგრევებში სალიმ გასაღები ძალიან დიდხანს ეძება. ისე დაიღალა, რომ ბოლოს ლამის ხელიც ჩაიქნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც იპოვა. - კიბეზე, ქვიშაში იყო ჩამარხული. გახარებული მანქანაში დაბრუნდა.
გასაღები პატარა იყო და შავი ფერის ატლასის "ლენტი" ჰქონდა გამობმული.
სახლში მისვლისთანავე მისწერა ტრიქსტერს.
- მე საიდუმლო ოთახის გასაღები მაქვს!
- გილოცავ! მაგრამ, სანამ იმ ოთახში მოხვდები, ერთი დავალებაც უნდა შეასრულო!
- დღეეს?.. ძალიან დავიღალე... ფეხზე ძლივს ვდგავარ!
- დღეს არა, ზეგ! ხვალ ფულს ჩაგირიცხავ, ქერა! ლამაზი გამოსასვლელი კაბა იყიდე და ფეხსაცმელი...
- რისთვის?
- ზეგ, საღამოს მანქანით ერთი ახალგაზრდა მოგაკითხავს. - ბიზნესმენია! თავის კომპანიონებთან საქმიანი ვახშამი აქვს...
- მერე მე რა შუაში ვარ?
- ვისაც ხვდება, ორივე მისი კომპანიონი საცოლეებთან ერთად მოდის. - მას კიდევ არ უნდა მარტო წასვლა...
- ანუ მისი საცოლე უნდა ვიყო?
-
- აუუ... არ ვიცი...
- იცი! შენ არ გაგიჭირდება გაიხსენე, შეყვარებული რომ იყავი!
- უუფ... რაღა მახსოვს... კაი, კაი... რამეს ვიზამ იმედია, ისევ რაღაც შარში არ გამხვევ!
-
მეორე დღეს სალი საყიდლებზე წავიდა და ლამაზი წითელი კაბა იყიდა. ყველაზე მეტად წითელი ფერი უხდება. მერე ლუკა დედამისთან გაიყვანა, თვითონ საგულდაგულოდ გამოეწყო. ძალიან უნდოდა, რომ ლამაზი ყოფილიყო...
დაბურულმინებიანი მანქანა კორპუსთან დახვდა. მძღოლის მხარეს კარი გაიღო და შუახნის კაცი გადმოვიდა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ბიზნესმენს... მანქანას შემოუარა და უკანა კარი გამოაღო.
სალი დაბნეულად მიესალმა და მანქანაში ჩაჯდა.
- რა ლამაზი ყოფილხარ!
მანქანაში სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და იღიმოდა. ეტყობოდა, რომ ყველაფერი ძალიან ძვირფასი ეცვა და რაღაც საოცარი სუნამო ესხა... სალის ლამის თავბრუ დაეხვა უცებ...
- ხომ არ ნერვიულობ?
- აა... არა...
- მე გიორგი მქვია! - გაუღიმა და სალის ხელზე აკოცა.
- მე - სალი...
- კიი, უკვე ვიცი... - წავედით?
- უჰჰ... კიი...
- ოღონდ არ ინერვიულო! თავისუფლად იყავი, კარგი?
- ვეცდები...
სალიმ ღრმად ამოისუნთქა და დაძაბულობისაგან ხელი ჩანთის სახელურს მაგრად მოუჭირა. ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. ფაქტობრივად, მას გათხოვების მერე არ ჰქონია სხვა მამაკაცთან ურთიერთობა... არადა, ძალიან პატარა გათხოვდა...
მანქანა დაიძრა. გიორგი მთელი გზა ლაპარაკობდა, რომ სალის დაძაბულობა მოხსნოდა. რაღაცებს უყვებოდა თავის შესახებ... რა საჭმელი და სასმელი უყვარს და ათას წვრილმანს...
რესტორანი, სადაც მივიდნენ, საკმაოდ ძვირად ღირებული იყო. გიორგის მაგიდა წინასწარ ჰქონდა დაჯავშნული. ერთი წყვილი უკვე ადგილზე დახვდათ, - ჟღალთმიანი გოგონა, თავის საქმროსთან ერთად...
გიორგიმ სალის სკამი გამოუწია და შემდეგ თვითონაც მის გვერდით დაჯდა.
- ეს ირაკლია! - ირაკლი, ეს სალია, ჩემი საცოლე...
- სასიამოვნოა! - ესეც ჩემი საცოლე, - მია!
ერთმანეთის გაცნობის მერე ბიჭებმა რაღაც აქციებზე ჩამოაგდეს საუბარი... სალიმ მოპირდაპირედ მჯდომი მია შეათვალიერა, რომელიც მის მკერდს უცნაურად მიშტერებოდა. სალის ეგონა, რომ რამე ცუდად უჩანდა და თვითონაც დაიხედა მკერდზე. - ყველაფერი წესრიგში იყო... სალი მიხვდა, რომ წითური მის მედალიონს უყურებდა.
სალის თავისით გაექცა მზერა მიას მკერდისკენ და მოულოდნელობისაგან გაშრა... წითურსაც ეკეთა მედალიონი, ხელი - გაშვერილი თითით...
მათი მზერა შეხვდა ერთმანეთს... ორივე ძალიან კარგად მიხვდა, რომ ერთი და იგივე რაღაცაზე ფიქრობდნენ...
ამ დროს მაგიდას მესამე წყვილიც მოუახლოვდა... - ბიჭი და მომღიმარი შავგვრემანი გოგონა, რომელსაც სალის დანახვისთანავე შეეცვალა გამომეტყველება.
- ცოტა დავაგვიანეთ, ბოდიში! - გაიცანით, ჩემი საცოლე - ნინი...
სალის, ისევე, როგორც მიას, შავგვრემანი გოგონას მკერდისკენ გაექცა თვალი...
მას დიდი თვალის ფორმის მედალიონი ეკეთა...
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს