იმდენად იმოქმედა ჩემზე ლუკას საქციელმა, ქობულეთში გაჩერება აღარ შემეძლო. საღამომდე დავიცადე, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი, შემდეგ კი მაიკოს გამოვუცხადე, პრობლემები მაქვს და თბილისში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მაია გაფითრდა. რა თქმა უნდა, ჩემი მოულოდნელი გამგზავრება მაშინვე გიას და მის ურთიერთობას დაუკავშირა. დიდხანს ვამშვიდებდი, შენ არაფერ შუაში ხარ, სხვა რამ მაწუხებს, ახლა ვერაფერს გეტყვი, ოდესმე აგიხსნი ყველაფერს-მეთქი. გაოგნებული დავტოვე მეგობარი. ისე ვიყავი გაცოფებული, ლუკა სადმე რომ შემხვედროდა, ალბათ შუაზე გავგლეჯდი. როგორ ვნანობდი ჩემს ნაბიჯს, როგორ ვნანობდი. მძულდა საკუთარი თავი. ვერასდროს მოვინელებდი იმას, რაც ჩემი აჩქარებით გავაფუჭე…
მთელი გზა ტირილში გავლიე. გვიან ღამით, თბილისში რომ ჩამოვაღწიე და თავი სახლში დავიგულე, მხოლოდ მაშინ დავწყნარდი ოდნავ. ლოგინზე მივეგდე დაღლილი და ღონემიხდილი. ფიქრის თავიც არ მქონდა, ეგრევე ჩამეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა, ჯერ გათენებულიც არ იყო წესიერად. ვიგრძენი, თვალები დამსიებოდა. პირველი, რამაც შემაწუხა, შიმშილის შეგრძნება იყო. ახლაღა გავაცნობიერე, რომ წინა დღით ლუკმა არ ჩამსვლია პირში. ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ, ვერაფერს ვჭამ, თითქოს კრიჭა მეკვრება. შინ არც არაფერი მეგულებოდა სასუსნავი. ორი კვირის წასულს რა დამხვდებოდა ცარიელ სახლში? გარდა ამისა, თავი მისკდებოდა ტკივილისაგან. ესეც უჭმელობას დავაბრალე. რის ვაივაგლახით წამოვდექი, სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა. ამდენი ხნის მგზავრობამ თავის ქნა. რას მოვრბოდი? მეთხოვა მაიკოსთვის და მშვიდად გვემგზავრა მანქანით, რა მოხდებოდა? მაგრამ არა, არ შემეძლო, ერთი დღეც ვერ გავჩერდებოდი იმ წყეულ ქობულეთში. არც ის მინდოდა, მაიკოს რამე გაეგო, ამიტომაც ვამჯობინე მარტო წამოსვლა. სარაფანი გადავიცვი და მარკეტში გადავირბინე, პური და მაწონი ვიყიდე, რომ ცოტათი მაინც დამეწყნარებინა «ამბოხებული» კუჭი. საუზმის შემდეგ თავის ტკივილიც დამიამდა. მაგარი ყავაც მოვიდუღე და სვენებ-სვენებით დავლიე. ახლაღა გამოვიხედე თვალებში. სარკეში ჩავიხედე. თვალები შემშუპებოდა, ქუთუთოები ამოღამებული მქონდა. ესეც შენ, მაგდა! მოგიხდება! ბოლოს და ბოლოს, ისწავლი თუ არა ჭკუას? თავი გადავაქნიე და სარკეს მოვცილდი. რა ვქნა ახლა მე? მოდი, ჯერ დედას დავურეკავ, ვეტყვი, რომ ჩამოვედი, მერე სახლს დავასუფთავებ, ამასობაში მოსაღამოვდება და ჩემებთან გავალ სანახავად, გაუხარდებათ. ასეც მოვიქეცი. დედას ხმა აუკანკალდა, რომ დაველაპარაკე, იმასაც მოვნატრებივარ. შევპირდი, ამაღამ გამოვალ და თქვენთან დავრჩები-მეთქი.
სახლის დალაგებას მთელი დღე მოვუნდი. იმდენი მტვერი დაგროვებულა, გატანას ვერ ავუდიოდი. ყველაფერი რომ დავაწკრიალე, აბაზანაში «ვდურთე» თავი. მესიამოვნა ცხელი წყალი. არ მახსოვს, რამდენჯერ წავისვი საპონი, თითქოს ერთი ღამის წინ დაშვებული შეცდომის ჩამორეცხვას ვცდილობდი. კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა ჩემს ცხოვრებაში. ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, ასე რომ ავმჩატდი, ასე რომ ავყევი ცდუნებას. არა უშავს, როგორმე მოვინელებ. იმედია, რაღაც მაინც შეიცვლება ჩემდა სასიკეთოდ, ბოლომდე არ გამწირავს განგება. საბა! ახლა მისი სახელი ამოტივტივდა გონებაში. შენი ბრალია ყველაფერი, შენი! შენ მიბიძგე ამ ნაბიჯისკენ, შენ გამიღვიძე გრძნობები, თორემ კაცი სულ არ მახსოვდა და არც სექსზე მქონია აქამდე გართულება, _ დავტუქსე იგი გონებაში. თუმცა მას რას ვერჩოდი, როცა ყველაფერი ჩემი უგუნურების ბრალი იყო. მე თვითონ გავაფუჭე ყველაფერი, მე თვითონ გავყავი ყულფში თავი.
ვერა და ვერ გამომიკეთდა ხასიათი. ძლივს ავიყვანე თავი ხელში, რომ ჩემებს არაფერი შეემჩნიათ, მაგრამ დედაჩემს მაინც ვერ გამოვაპარე ჩემი უხასიათობა. რა გჭირს და რა გჭირსო, შემიჩნდა. ავუხსენი, ამხელა გზის გამოვლით დავიღალე, მერე სახლი დავალაგე, ძალა აღარ შემრჩა-მეთქი. არ დამიჯერა, მაგრამ რას იზამდა, ცხელი ვახშამი მომიმზადა, «გამტენა» გემრიელი კერძებით და ლოგინი მერეღა გამიშალა. მამა ნასვამი დამხვდა. იმდენი მესიყვარულა, გული ამიჩუყდა. როცა ფხიზელია, არასდროს ავლენს ხოლმე ჩემ მიმართ მშობლისთვის დამახასიათებელ სისუსტეს, ყოველთვის ისე მხვდება, როგორც ვაჟიშვილს შეხვდებიან ხოლმე მამები. ახლა კი… ვერ მოითმინა და პატარა ბავშვივით მეფერა.
გვიან დავწექით დასაძინებლად. დედამ კიდევ ერთხელ სცადა, ლაპარაკი წამოეწყო ჩემს სევდიან განწყობაზე, მაგრამ გავაჩუმე, ძალიან მეძინება-მეთქი და ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე. შუქი ჩავაქრე და დავწექი, თუმცა თვალზე რული დიდხანს არ მომეკარა. შუაღამემდე ვიწრიალე ლოგინში, ხან ლუკა ამოტივტივდებოდა გონებაში, ხანაც საბა. ერთხანს მაიას და გიასაც გადავწვდი ფიქრებით… ასე ვიტანჯებოდი მანამ, სანამ რის ვაივაგლახით ძილმა არ წამართვა თავი…
7 7 7
მესამე დღეს მაიკოც ჩამოვიდა და დამირეკა. როგორც ჩანს, გულმა არ მოუთმინა. გამოდი-მეთქი, დავპატიჟე. ერთ საათში ჩემთან გაჩნდა და შემოსვლისთანავე კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
_ მოვკვდი შენზე ნერვიულობით, არ მეტყვი, რა დაგემართა? _ შეშფოთებული ხმით მკითხა.
_ ისეთი არაფერი. ხომ გითხარი, არ ინერვიულო-მეთქი, რა მოგარბენინებდა?
_ რაღა რა მომარბენინებდა, გოგო, გული გამიხეთქე, ისეთი წამოხვედი, ფერი არ გედო სახეზე. მომიყვები, ბოლოს და ბოლოს, რა გჭირს?
_ ჯანდაბა და არგადარჩენა. ქალის ამბავი არ იცი? «იმას» გამოვექეცი, _ მოვხსენი თავი ტყუილების გუდას.
_ ვის იმას, გიას? _ შიშნარევი გაუხდა გამოხედვა.
_ გიას არა, იმას კიდევ!.. გია რა შუაშია, ლუკაზე გეუბნები, _ ხელი ავიქნიე.
_ ლუკას? გამოსაქცევი რა გჭირდა? _ ვერ მიხვდა მაია.
_ რა და… გადამეკიდა, გინდა თუ არა, ერთმანეთს შევხვდეთ და ძველი ურთიერთობა აღვადგინოთო. მეც რაღაცნაირად… ერთ მომენტში კიდევაც ვიფიქრე, შევხვდები, რა დაშავდება-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი, დროზე გადავიფიქრე. კინაღამ შევცდი. ამიტომაც გადავწყვიტე, დროზე გავცლოდი, თორემ მასთან სიახლოვე კარგს არაფერს მომიტანდა.
_ რა იცი, იქნებ კიდევაც გამოგსვლოდათ რამე. შენ ხომ გიყვარდა იგი?
_ კი მიყვარდა, მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ და ზეგ ცოლთან დაბრუნებას არ დააპირებს? მერე სად წავიდე? ამისგან დაზღვეული ნამდვილად არა ვარ. მისგან ეს მოსალოდნელია, რომ იცოდე.
_ ჰო-ო-ო! ეგეც მართალია. თუმცა… შენთან შეხვედრა თუ უნდა, აქ რა, ვერ მოახერხებს?
_ იქ თითქმის მთელი დღეები ერთად ვიყავით, ხომ ხედავდი, გვერდიდან არ გვცილდებოდა. აქ კი ადვილად შემიძლია თავი დავაღწიო. ჩემი ნება არ არის, შევხვდები თუ არა? აქ იმდენს ვერ გაბედავს.
_ ისე… იცი, რა? ის ორი დღე არც გამოჩენილა…
_ არც გამოჩნდებოდა, დავურეკე და ვუთხარი, მივემგზავრები, ყველაფერი დამთავრებულია და ჩემთან აღარ დარეკო-მეთქი, _ დავაყენე ტყუილების გორა.
_ ჰო, ეგ კი არ მიფიქრია. მერე არ დაურეკავს?
_ არა და ალბათ ვერც დარეკავს, ისე ცივად ველაპარაკე. ახლა შენზე მომიყევი რამე, რა ხდება, გია რა ხასიათზეა?
_ რა ვიცი, რა ვიცი, _ ამოიოხრა მაიამ, _ ვერაფერი ვერ გავიგე, მაგდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო იმ ღამეს, თან გადამყვა, რა გაეკეთებინა, არ იცოდა. მეორე დღეს კი თითქოს შეიცვალა, მგონი ინანა კიდეც, რაც გააკეთა.
_ ნუ გადამრიე! რას ჰქვია, ინანა! რა, პატარა გოგო გნახა? სათამაშო ხომ არ ხარ?
_ მე ვფიქრობ, შენზე უნდოდა შური ეძია, ალბათ ამიტომაც ამომიღო მიზანში, მეტი არაფერი, მე მას არ ვაღელვებ. შენ…
_ რა მე?
_ შენ არ გისაუბრია? _ თვალი ამარიდა და გაწითლდა.
_ გაგიჟდი? საიდან, როგორ? შენთან იყო და მე როგორ დამელაპარაკებოდა?
_ რა ვიცი, იქნებ დაგირეკა…
_ არა, მაიკო, გეფიცები, ერთხელაც არ უცდია ჩემთან დაკავშირება, ზარიც კი არ გამოუშვია. თქვენ რა, ერთად არ ჩამოსულხართ?
_ არა. გია თავისი მანქანით წამოვიდა.
_ გასაგებია, მაგრამ… ერთდროულად არ წამოხვედით?
_ მე უფრო ადრე გამოვედი, ძმაკაცებს ვნახავ და მერე წამოვალო, მითხრა.
_ მერე?
_ მერე რა ვიცი, ჯერ არ შემხმიანებია.
_ შენ არ დაურეკე?
_ არა. თუ საჭიროდ ჩათვლის, თვითონ დამირეკავს. ხომ არ შევეხვეწები.
_ ჩემსავით ხომ არ შეტოპე?_ წამომცდა უცებ და ენაზე ვიკბინე.
_ რაში? _ ვერ მიმიხვდა, კიდევ კარგი.
_ შენც ნაადრევად ხომ არ დაიწყე ფიქრი მასზე? _ გამოვასწორე შეცდომა.
_ აბა რა გითხრა, იმ ღამის შემდეგ ჯერაც ეიფორიაში ვარ, რა ვქნა, მომწონს და…
_ მაიკო, სექსამდე მივიდა საქმე? _ ახლა კი პირდაპირ დავუსვი კითხვა.
_ არა, არა, კიდევ კარგი, ეგ არ გავაკეთე, თუმცა მაინცდამაინც არც თვითონ დაუძალებია. ერთი კი მითხრა, ჩემთან ავიდეთო, მაგრამ უარი ვუთხარი, არ ვიჩქარე. ახლა რომ ვუფიქრდები, კარგი ვქენი, თორემ ვინ იცის, იქნებ სანანებლადაც გამხდომოდა საქმე.
_ არა უშავს, მაი, აცალე ცოტა ხანს, ცოტა დაფიქრდეს, აზრზე მოვიდეს და გააანალიზოს ყველაფერი. ნუ გეშინია, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის. გული მიგრძნობს, ეგ ამბავი კარგად დამთავრდება.
_ ვნახოთ, აგერ შენ და აგერ ამერიკა, _ გაიხუმრა მაიამ და ნაძალადევად გაიცინა.
გაგრძელება იქნება