ამასობაში შვებულებაც ამოგვეწურა და სამსახურშიც გავედით. გიას ჩემთან არ დაურეკავს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. ეს არ მანაღვლებდა. მე მაიას მდგომარეობა უფრო მაშფოთებდა. აშკარა იყო, გოგოს უკვე უყვარდა იგი. ძალიან მინდოდა გიასთან ამ თემაზე მესაუბრა, მაგრამ იგი ყველანაირად არიდებდა ჩემთან დალაპარაკებას თავს.
საღამო ხანს, პირველი სამუშაო დღე რომ დასრულდა, მაიკო შემოვარდა ჩემს კაბინეტში სახეგაბადრული.
_ მაგდა, გია მოვიდა, თავისთან გვეპატიჟება, _ ჩქარ-ჩქარა მომაყარა.
_ სად თავისთან?
_ დედაჩემს უნდა თქვენი გაცნობაო. გთხოვ, უარი არ მითხრა, რა, პლიიზ, გთხოვ, რა გთხოვ, _ თითით ყელი გამოიწია მაიამ.
_ კარგი , წავიდეთ, რა პრობლემაა, _ ავდექი და ხალათი გავიხადე. მართალია, გიას დედასთან სტუმრობის იოტისოდენა სურვილიც არ მქონდა, მაგრამ მეგობარს უარს ვერ ვეტყოდი.
ეზოში ჩავედით. გია მანქანიდან გადმოვიდა. ისე ჩვეულებრივად შემხვდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, გადამკოცნა, მხიარულად მომიკითხა.
_ არ იცით, როგორ გელოდებათ დედაჩემი, ისეთი სუფრა გააწყო, თქვენი მოწონებული, _ ხელი ხელს შემოჰკრა და ორივეს ღიმილით გადმოგვხედა…
სუფრა მართლაც დიდებული დაგვხვდა. ქალბატონი თამარი თბილად შეგვხვდა, თან ორივეს დიდი ინტერესით გვათვალიერებდა. მაიამ დაიმორცხვა, მთელი საღამო სიწითლე არ მოშორებია სახიდან, მოკვდა ნერვიულობით. გია მაიას გვერდით დაჯდა, მე კი ქალბატონ თამარს დავუმშვენე მხარი.
_ როგორც იქნა, ვეღირსე თქვენს გაცნობას. რამდენი ხანია, ვეხვეწები ჩემს შვილს, გამაცანი ის გოგო-მეთქი და არ დააყენა საშველი.
_ გოგო კი არა, გოგოები, _ შეუსწორა გიამ.
_ რა თქმა უნდა, გოგოები, მაგრამ ჯერ იყო და, მაგდას ხსენებით გამომიჭედა ყურები, ახლა კი, რაც ქობულეთიდან ჩამოვიდა, სულ მაიას ახსენებს. ბიჭო, მოიყვანე ერთხელ და დამანახვე მაინც, ვინა არიან ამისთანა, ხომ უნდა ვიცნობდე შენს მეგობრებს-მეთქი. როგორც იქნა, მაღირსა. ძალიან გახარებული ვარ, შვილებო, კარგი ადამიანები ჩანხართ. დიდი მადლობა, რომ ჩემს გიჟმაჟ შვილთან მეგობრობთ. ისე, არ მყავს ცუდი ბიჭი, რას იტყვით? _ ღიმილით გადმოგვხედა.
_ რას ამბობთ, დეიდა თამარ, გია არაჩვეულებრივი ადამიანია, _ დავუდასტურე ქალს და მაიკოს ვანიშნე, შენც თქვი რამე-მეთქი.
მაია ხმას არ იღებდა, პატარძალივით ჩუმად იჯდა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
_ ეჰ, ქალებო, თქვენ არ იცით, როგორ მყავს გაზრდილი, რა წვალებით, რა…
_ მორჩი, რა, დედა, არ გინდა ახლა ეგეთები, _ გააწყვეტინა გიამ.
_ რატომ, დედა, რატომ? უნდა იცოდნენ, რა არის ამაში ცუდი?
_ ახლა ამის დრო არ არის. იციან, რომ შენ გამზარდე, ასე რომ… ახალს ვერაფერს იტყვი. გოგოებო, გადაიღეთ რამე, აქ რასაც ხედავთ, სულ დედაჩემის ნახელავია, თანაც ყველაფერი თქვენთვის, ეს გაითვალისწინეთ. თამარა არაჩვეულებრივი კულინარია.
_ მიირთვით, გოგოებო, არ მოგერიდოთ, ღმერთმა შეგარგოთ, რა ვიცი, მგონი გემრიელი გამომივიდა. ძალიან კი ვეცადე და…
მართლაც გემრიელი იყო ყველა კერძი. ქალბატონი თამარი მთელი საღამო გვეხვეწებოდა, მშივრები არ ადგეთ სუფრიდან, კარგად დანაყრდით, შინ მისულებმა კიდევ ჭამა არ მოითხოვოთ და თავი არ მომჭრათო. საკმაოდ მხიარულად ჩაიარა სტუმრობამ. ცოტა დავლიეთ, ვიმღერეთ კიდეც. გიას დედას საოცარი ხმა აღმოაჩნდა. ისე უკრავდა გიტარაზე და ისეთი ტკბილი ხმით ღიღინებდა, აღტაცებული ვუსმენდით.
გვიან ღამით დავიშალეთ. დავემშვიდობეთ დიასახლისს და გიას მანქანაში ჩავსხედით. მე რომ უკანა სალონში ჩავჯექი, მაიაც გვერდით მომისკუპდა. გიამ გაკვირვებით გამოგვხედა.
_ კი მაგრამ, მე რა, ტაქსის მძღოლი ვარ? ერთ-ერთი წინ გადმოჯექით, რა პონტია! _ გაგვიწყრა ორივეს.
_ მე ადრე ჩავდივარ, ამიტომაც ვიჯდები უკან, მაიას კი შეუძლია წინ გადაჯდეს, _ მტკიცედ ვთქვი.
მაიკომ გააპროტესტა ჩემი ნათქვამი, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია წინ გადასვლამ. შეუმჩნევლად ჩავიღიმე.
_ ესე იგი, ჯერ შენ მიგიყვანოთ? _ სარკეში შემომხედა გიამ.
_ რა თქმა უნდა, მე უფრო ახლოს არ ვარ? მაია ეჰე-ე-ე! სად გყავს წასაყვანი, ხომ არ დაგავიწყდა? _ გავიხუმრე.
_ როგორც მიბრძანებთ, ნება თქვენია, _ თქვა გიამ და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
_ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, მშვენიერი საღამო იყო, _ საუბარი წამოვიწყე, რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო.
_ მართლაც, _ ამყვა მაია, _ ბრწყინვალე ქალია დედაშენი, ძალიან მომეწონა.
_ დაბერდა თამარა, ადრე უფრო ყოჩაღად გრძნობდა თავს. რას იზამ, სტარასტ ნე რადასტ, _ თავი გააქნია გიამ.
_ ნუ აჭარბებ, მეგობარო, ბებერი სულაც არ არის, გადასარევად გამოიყურება, _ «დავიცავი» ქალბატონი თამარი, _ აი, ცოლს რომ შეირთავ და შვილიშვილს ჩაუგორებ კალთაში, მერე უფრო გაახალგაზრდავდება, _ დავაყოლე და გავიტრუნე, რას იტყვის-მეთქი.
_ თვითონაც მაგის იმედი აქვს. შემჭამა, დროზე დაქორწინდი, დროზე დაოჯახდი, შვილიშვილი მინდა, როდის მოვესწრები შენს შვილსო და რა ვიცი, გამიწყალა გული.
_ ჰოდა, დროა მაგაზე იფიქრო, პატარა ბიჭი აღარ ხარ, ვერ ამჩნევ, რომ შენც ბერდები? გემატება და გემატება ჭაღარა, _ დავანამუსე.
_ დღეს არადა, ხვალ ვიზამ მაგ საქმეს, _ ამყვა ხუმრობაში გია და კვლავ სარკიდან შემომხედა.
_ ჰო მართლა, ჩემი დაბადების დღე ახლოვდება. ვფიქრობ, ერთი კარგი ქეიფი ჩვენთანაც არ გვაწყენდა, _ გამახსენდა უცებ.
გიამ დაამუხრუჭა.
_ მართლა? ამ თვეში? რომელ რიცხვში? _ მომიტრიალდა.
_ არა, ამ თვეში არა, იმ თვეში. ექვს ოქტომბერს, ოღონდ ასაკი არ მკითხო. ხომ იცი, მაინც არ გეტყვი.
_ შენი თქმა რად მინდა, ვიცი, რომ ოცის ხდები, _ გამაშაყირა გიამ და კვლავ გააგრძელა სვლა, _ ასე არ არის?
_ ასეა, ასე, განა მეტყობა მეტი? _ მხიარულად ავკისკისდი.
_ მაიკო, შენ რატომ არაფერს ამბობ? ხომ არ შეგშურდა, მაგდა ოცის რომ ხდება? შენ მგონი ორმოცდაათის ხარ, არა? _ ახლა მაიას გაეხუმრა გია.
_ ორმოცდათერთმეტის, გეშლება, _ არც მაიამ «დაიხია» უკან, _ წელს რატომ მაკლებ?
_ მართალი ხარ, შემეშალა. ესე იგი, ვქეიფობთ?
_ მაააშ! ერთი გემრიელად მოვულხინოთ.
_ ბევრი ხალხი გეყოლება?
_ არა! ძალიან ვიწრო წრეში გავაკეთებ. არ მიყვარს, როცა ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები იკრიბებიან ერთად. სანამ ისინი ერთმანეთს გაიცნობენ, საღამოც მთავრდება ხოლმე. შინაურები შევიკრიბებით, ძალიან ახლო მეგობრები, _ ჩემმა იდეამ მევე აღმაფრთოვანა და ისე ხალისით გავაგრძელე ამ თემაზე საუბარი, ვერც შევამჩნიე, სახლს როგორ მივუახლოვდით.
_ მოვედით, _ თქვა გიამ და მანქანა გააჩერა.
_ ესეც ასე. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აბა, კარგად მეყოლეთ, იმედია, მალე ვნახავთ ერთმანეთს, _ ორივე გადავკოცნე და მანქანიდან გადავედი…
7 7 7
ოქტომბერიც დაიწყო. გაფუჭდა ამინდი, აცივდა, გაწვიმდა. ცუდი დარი ჩემს ხასიათზე «პირდაპირპროპორციულად» მოქმედებდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე, რომ შინ წავსულიყავი და შინაბერასავით გამოვკეტილიყავი ჩემს მყუდრო «საბუდარში». არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ეს ალბათ დეპრესიის მსუბუქი ფორმა იყო. ახლა იმასაც კი ვნანობდი, დაბადების დღის გადახდა რომ დავაპირე, სულაც არ მეხალისებოდა ქეიფი და სუფრის გაშლა. მარტოობისკენ მიმიწევდა გული, მაგრამ გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დავაბრუნებდი.
გიას და მაიას რომანი თითქოს აეწყო. მაიას ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. გამუდმებით გიაზე მელაპარაკებოდა, მათი შეხვედრის ყველა დეტალს დაწვრილებით მიყვებოდა. თუმცა ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთვის. რა ვიცი, იქნებ მაიკო ბოლომდე არ იხსნებოდა ჩემთან და რაღაც-რაღაცებს მიმალავდა კიდეც. უცნაური კი იყო, გია, როგორც საცოლეს, ისე ეპყრობოდა, კოცნით კი არ ანებივრებდა ქალს. ეს მაფიქრებდა. გადავწყვიტე, გიას დავლაპარაკებოდი. ერთ საღამოსაც სახლში დავურეკე და მოვიკითხე. მხიარულად შემხვდა. მერე მაიაზე ჩამოვუგდე საუბარი. მომეჩვენა, თითქოს არ ესიამოვნა, ამ თემას რომ შევეხე.
_ მიხარია, ერთმანეთს რომ ხვდებით, მაიკო მართლა კარგი გოგოა, _ არ ვეშვებოდი მამაკაცს.
_ ვიცი, ვხედავ, რომ კარგი გოგოა.
_ მერე? რას აპირებ?
_ რა უნდა დავაპირო?
_ გია, იცი რა? მე და მაიკო დიდი ხნის მეგობრები ვართ და არ მინდა მოტყუებული დარჩეს. თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაკავშირებს, ჯობია დროზე გაჩერდე.
_ ასე უცებ ვერაფერს ვიტყვი. სერიოზული გრძნობა ვისთანაც მაკავშირებდა, იმან…
_ არ გინდა, არ მსურს იმის მოსმენა, რაც არასდროს ყოფილა. მაპატიე, მაგრამ მე ყოველთვის სხვა მიყვარდა, შენამდეც და შენი გაცნობის შემდეგაც.
_ ვინ არის ასეთი, ერთხელ მაინც როგორ ვერ გნახეთ ერთად?
_ სიყვარულსა მალვა უნდა, ჩემო კარგო, თუ ქვეყანამ გაიგო, რაღა გამოვიდა? _ გავიცინე.
_ ანუ მე ყველანაირი იმედი უნდა გადავიწურო? _ ყურმილს იქით ხშირი სუნთქვის ხმა ისმოდა.
_ მე არც არასდროს მომიცია შენთვის იმედი.
_ გასაგებია. შენს შეყვარებულს ალბათ დაბადების დღეზე მაინც გავიცნობ. დავიჯერო, არ დაპატიჟებ?
_ ის აქ არ არის, უცხოეთშია. თუ იქამდე ჩამოვიდა, თავისთავად მოვა, თუ არადა…
_ თუ უყვარხარ, ჩამოვა კიდეც.
_ მას არ უყვარს სიურპრიზები, _ ფიქრებით საბას გადავწვდი. მე ხომ მას ვგულისხმობდი.
_ ნამდვილი მამაკაცი ასე მოიქცეოდა.
_ შესაძლებელია, _ გუნება გამიფუჭდა, დავემშვიდობე გიას და ყურმილი დავკიდე.
არადა, მე როგორ მიყვარს სიურპრიზები…
7 7 7
დაბადების დღისთვის საგანგებოდ მოვემზადე. დედაჩემმა ზღაპრული სუფრა გამიწყო, მაგრამ თვითონ არ დარჩენილა, ახალგაზრდები ხართ და ხელს არ შეგიშლითო. სულ რამდენიმე მეგობარი დავპატიჟე _ გია, მაია, ჟანა თავისი ქმრით და კრისტი. ზედმეტი ხმაურის თავი არ მქონდა. ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი, ისეთი კაბა მეცვა, ჰოლივუდის ვარსკვლავებს რომ შეშურდებოდათ.
შვიდ საათზე თითქმის ყველანი შეიკრიბნენ. კრისტი ისე იყო გარუჯული, ძლივს ვიცანი. რაც ბულგარეთიდან ჩამოვიდა, არ მენახა. მაიკოც კარგ ფორმაში იყო. ჟანა, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტს მხიარულობდა და ქმარს წარამარა კისერზე ეკიდებოდა. მხოლოდ გია არ ჩანდა. მაიკო მარტო მოვიდა, გიას სამსახურში შეაგვიანდა და ამიტომ არ დაველოდეო. ქეიფის დაწყებას არ ვჩქარობდი, მინდოდა გიაც ყოფილიყო, რომ მაიას არ მოეწყინა.
რვა ხდებოდა, ზარი რომ დაირეკა. მაიკო პირველი გავარდა კარის გასაღებად. მეც თან მივყევი. ფართოდ გაღებულ კარში ჯერ შავი ვარდების უზარმაზარი თაიგული გამოჩნდა, მერე გია და ბოლოს…
ღმერთო, თვალებს არ დავუჯერე, თავი სიზმარში მეგონა… ზღურბლთან გაღიმებული საბა იდგა…
გაგრძელება იქნება