საბას დანახვაზე მუხლები მომეკვეთა. გულმა «არეულად» დამიწყო ცემა. არ ვიცი, რა გამომეხატა სახეზე, მაგრამ მისმა დანახვამ ისე იმოქმედა, რომ ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, გიას მოტანილი თაიგულის სილამაზის აღნიშვნაც კი ვერ მოვიაზრე. გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, გიამ თვალწინ თითები რომ გამიტკაცუნა მხიარული შეძახილით: «ტანკლი-ტუნკლი, პატარა გოგო!» ახლა კი შევკრთი და აღელვება რომ დამეფარა, თავი წითელ ვარდებში ჩავრგე სახეაფორიაქებულმა.
_ რა სილამაზეა, დიდი მადლობა, _ გადავეხვიე გიას.
_ რა იყო, მისის იუბილარო, აქაოდა, დაბადების დღე მაქვსო, ამ დონის ხალხი ვერ უნდა შეგემჩნია? _ გამეხუმრა.
_ უკაცრავად, მაგრამ საბას არ ველოდი. სად გადაეყარეთ ერთმანეთს? _ სხვათა შორის ვიკითხე.
_ კოსმოსიდან ჩამოფრინდა პარაშუტით და ეგრევე ტრასიდან მოვხსენი. არ ეტყობა? _ გია ანგლობის ხასიათზე იყო.
_ გამარჯობა, მაგდა, გილოცავ, _ საბამ ხელი ჩამომართვა და «ეტიკეტის დაცვით» გადამკოცნა, _ ეს ჩემგან, _ თქვა ბოლოს, გულის ჯიბიდან საგანგებოდ შეფუთული ოთხკუთხა პატარა ზომის ყუთი ამოიღო და გამომიწოდა.
_ გმადლობთ, გმადლობთ, რატომ შეწუხდით, მოკლედ, დღეს სიურპრიზების დღე მაქვს, _ სიხარულს ვერ ვმალავდი საყვარელი მამაკაცის დანახვით აღელვებული.
_ ხედავ, რა პატარა საჩუქარი მოგიტანა ჩემმა ძმაკაცმა? ხვდები, რომ მეტი ვერ გამოიმეტა შენთვის? ახლა ჩემი ნახე?! _ თქვა გიამ და ქურთუკის გარეთა ჯიბიდან უფრო მოზრდილი, ლამაზი ვარდისფერი ბაფთით განასკვული იმავე ფორმის კოლოფი ამოაძვრინა.
_ თქვენ რა, მოლაპარაკებული ხომ არ იყავით? _ სიცილი ვერ შევიკავე და საჩუქარი გამოვართვი.
_ არავითარ შემთხვევაში! ჩვენ სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს აგერ, შენი სახლიდან ათ ნაბიჯზე. მე რა ვიცი, სად იყო და რას აკეთებდა. დავინახე, გამიხარდა, ავდექი და დავპატიჟე. იმედია, არ გეწყინა.
_ არა გრცხვენია? პირიქით, ძალიან გამიხარდა საბას ნახვა. იმ ღამეს რა დამავიწყებს, _ ხაზგასმით ვთქვი და მრავლისმთქმელი მზერა ვესროლე მოღიმარ მამაკაცს.
_ არ გამახსენო, არ გამახსენო, სწორედ იმ ღამემ დამღუპა, რომ იცოდე, _ ხუმრობანარევი კილოთი ამოიხვნეშა გიამ და ქურთუკი გაიხადა.
_ რაც შეეხება საჩუქარს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჯიბეში მუდამ მიდევს ერთი ეგზემპლარი ისე, ყოველი შემთხვევისთვის, _ თქვა საბამ და თვალი ჩამიკრა.
_ და ეს სწორედ ის შემთხვევაა, არა? _ თვალები მოვჭუტე.
_ კი, ნამდვილად ასეა.
_ თქვენის ნებართვით, საჩუქრებს ცოტა მოგვიანებით ვნახავ, თორემ ამიჯანყდნენ სტუმრები. სად ხართ ამდენი ხანი, დავწყდით თქვენი ლოდინით. მობრძანდით, ახლავე დავსხდებით, უკვე ყველაფერი მზადაა, _ შევიპატიჟე «საპატიო» სტუმრები და წინ გავატარე.
სხვას უკვე აღარავის ველოდი, ამიტომ მალევე მივუსხედით სუფრას და დაიწყო «სმა-ჭამა დიდად შესარგი». თამადობა გიამ ითავა, როგორც ჩემმა «ძირძველმა» მეგობარმა. მამაკაცებში ყველაზე კარგად მაგდას მე ვიცნობო, გამოაცხადა და თამადობაც მოითხოვა. ვინ დაუდგებოდა წინ. თუმცა სუფრის თავში დაჯდომა არ ისურვა, ცალი ხელი მაიას წაავლო, მეორე მე გადამხვია და შუაში ჩაგვიჯდა. თან ისე მოხდა, რომ რატომღაც საბას გვერდით აღმოვჩნდი _ ისე, თავისით, მას ამაზე სპეციალურად არ უზრუნია.
გია პროფესიონალი თამადა აღმოჩნდა. ისეთ ლამაზ სადღეგრძელოებს გაიძახოდა, ყველა აღფრთოვანდა. მეც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მთელი ჩემი გულისყური მაინც საბასკენ იყო მიპყრობილი. ხანდახან მუხლით ან მხრით შევეხებოდი ხოლმე და ისეთი ჟრუანტელი მივლიდა, თავბრუს მახვევდა. კიდევ კარგი, შიგადაშიგ ადგომა მიწევდა, ხან ვინ მირეკავდა ტელეფონზე და ხან ვინ, შორეული თუ ახლობელი დაბადების დღეს მილოცავდა. გიას დედამაც კი დამირეკა. მეც ღრმა მოწიწებით ვიღებდი ყველას მოლოცვას და სურვილებს.
ბოლოს ზარები შეწყდა, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ, დაგვიანებული ზარის გამო, კვლავ მომიწია სუფრის დატოვებამ. შემოსასვლელში გავედი და ყურმილი ავიღე.
_ მაგდა, გილოცავ დაბადების დღეს, ულევ სიხარულს და დიდ სიყვარულს გისურვებ, _ გაისმა მამაკაცის ხმა.
თავდაპირველად ვერ ვიცანი უცხო ხმა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, ვინც იყო. ეს ლუკა გახლდათ მთელი თავისი ბრწყინვალებით. რა თქმა უნდა, თავი მაქსიმალურად შევიკავე, რომ არ შემომლანძღოდა და ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა, თუმცა საკმაოდ ცივად, რადგან იგი თბილ ტონს არ იმსახურებდა.
_ იცი? ძალიან ბევრს ვფიქრობ შენზე. მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანურად მოგექეცი, უკანასკნელი ლაჩარივით მიგატოვე, არ შემიძლია ეს არ გითხრა. შენი დავიწყება არ შემიძლია. ალბათ უკვე აღარ გჯერა ჩემი, არა?
_ რაო, ლუკა, არ მიგიღო ცოლმა? _ ცინიკურად ვკითხე, სიბრაზემ, რომ იტყვიან, ტვინში ამასხა.
_ რა? არა, ეგ რა შუაშია, ცოლის დედაც… მე შენ მიყვარხარ, მე შენთან მინდა ყოფნა. თუ ნებას მომცემ, ახლავე გამოვალ.
_ მერედა, ვინ გეპატიჟება? სიმართლე მითხარი, შეგირიგდა თუ არ შეგირიგდა?
ლუკამ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა. მერე შეცვლილი ხმით თქვა.
_ არა, ჩვენი შერიგება გამორიცხულია. ეგ ამბავი მოკვდა. მე მას ყველაფერი ვუამბე ჩვენზე, რომელ შერიგებაზეა საუბარი?
_ მაგით რისი თქმა გინდა, რომ ჩემ გამო დაანგრიე ოჯახი? მე გინდა შენი უბედურების მიზეზად გამხადო? ცოლმა რომ არ მიგიღო, იმიტომაც გაგახსენდი, არა? აქამდე სად იყავი? _ ნერვებმა მიმტყუნა, ავცახცახდი.
_ ნუ მეჩხუბები, გთხოვ. მიზეზი რა შუაშია. მას უნდოდა ჩემთან შერიგება, მაგრამ მე არ ვისურვე. იმ ღამის შემდეგ მას როგორ შევურიგდებოდი, რას ამბობ. შეგნებულად არ დაგირეკე აქამდე. ვიცოდი, გაბრაზებული იქნებოდი. ვიფიქრე, ცოტა დაწყნარდეს-მეთქი, ამიტომაც გავაჭიანურე დარეკვა. მოდი, შევხვდეთ და ყველაფერს აგისხნი.
_ რას ამიხსნი, რას! დაგავიწყდა, რა მითხარი მეორე დღეს ტელეფონში? ცოლს ვურიგდებიო, რომ ამბობდი, შენ არ იყავი? არშემდგარი კაცი ხარ შენ, ლუკა. მეორედ არ გაბედო აქ დარეკვა. ჩემი სახელის ხსენებასაც კი გიკრძალავ. გირჩევ, ახლოს არ გამეკარო, არც იფიქრო, დაივიწყე ყველაფერი! _ თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა.
_ ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ შემხვ…
_ არ არის საჭირო. მე შენთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ დავამთავრე. ერთი რამ იცოდე, რომ ძალიან ვნანობ, შენთან შერიგება რომ ვცადე. საშინელება იყო ის ღამე, ყველაზე ბინძური ღამე ჩემს ცხოვრებაში. წამშალე შენი მეხსიერებიდან, მე შენნაირები არ მჭირდება! _ კბილებში გამოვცერი და ყურმილი დავახეთქე.
მთელი ტანით ვცახცახებდი. რაღა დღეს დარეკა, რამ გაახსენა ჩემი დაბადების დღე, ბედი არ უნდა? ჩამაშხამა მთელი საღამო. ვიფიქრე, ცოტა თუ არ დავწყნარდი, ასე სტუმრებს ვერ დავენახვები, რას იფიქრებენ, ამ მდგომარეობაში რომ დამინახავენ-მეთქი და საძინებელში გავედი საჩუქრების დასათვალიერებლად.
მამაკაცების მოტანილ ლამაზად შეფუთულ კოლოფებს გადავხედე. ჯერ გიას ნაჩუქარი სუნამო გავხსენი _ და ვინჩის «კოდი» აღმოჩნდა, მართლაც რომ მოდური და ძვირიანი საჩუქარი. ისეთ ლამაზ ფლაკონში იდო, ვერ მოვითმინე და გავხსენი. თითზე დავიპკურე და ცხვირზე მოვისვი. საოცარი სურნელი ჰქონდა. ძალიან გამიხარდა. მერე საბას საჩუქარს შემოვხსენი ოქროსფერი ბრჭყვიალა ქაღალლდი. ყვითელი ფერის კოლოფზე მაგნოლია ეხატა. სუნამოსაც «მაგნოლია» ერქვა, ხოლო დაბლა თეთრი ასოებით მეორე დასახელებაც ეწერა ფრანგულად ლა ბლანჩე ლინე, რაც ქართულად თეთრ მთვარეს ნიშნავს. ეს ვიცოდი, რადგან სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და ასე თუ ისე, ჯერ კიდევ მახსოვდა რაღაც სიტყვები. გაოგნებულს ენა ჩამივარდა. ღმერთო, ნუთუ ასეთი სუნამოც არსებობს? არ ვიცოდი. ალბათ განსაკუთრებული სურნელი აქვს, ალბათ საბას საყვარელი სუნამოა, რადგან მას შემადარა. საინტერესოა, როგორი სუნი აქვს? ის იყო, გახსნას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და ოთახში თვალებაჟუჟუნებული მაიკო შემოვიდა.
_ რას შვრები, ცუდად ხომ არ ხარ?
_ არა, რა მეტყობა ცუდად ყოფნის, საჩუქრებს ვათვალიერებ. აი, გიამ ნახე, რა მომიტანა. მაგარი სუნი აქვს.
_ «კოდი»? ვიცი,. მეც ზუსტად ასეთი მაჩუქა გუშინ. მართლა კარგია.
ღიმილი სახეზე შემეყინა. არა იმიტომ, რომ მეწყინა, არამედ… თავადაც არ ვიცი, რატომ…
_ დალიე? თვალები გიბრწყინავს, _ უხერხულობის გასაფანტავად ვკითხე.
_ არც ისე ბევრი. რაღაც კარგ ხასიათზე ვარ. ასე მგონია, ამაღამ რაღაც სასიამოვნო მოხდება. ჰო მართლა, ის მეორე ვინ არის? გიას ვერ ვკითხე, მომენტი არ ჩამივარდა, _ დაინტერესდა მაია.
_ ის მეორე ის არის, მე რომ გიყვებოდი, გახსოვს? საბაა, გიას ჯგუფელი, მე რომ გამაგიჟა.
_ არ გადამრიო! _ ჩურჩულით შეიცხადა მაიამ, _ აუ, რა მაგარი ტიპია, დავიშოკე, რომ დავინახე. რა თვალები აქვს! აკი პარიზშიაო?
_ მეც ასე მეგონა, მაგრამ რატომღაც აქ აღმოჩნდა, მაგრამ როგორ, არ ვიცი. ასე ადრე არ ველოდი, აბა რა გითხრა, თვითონაც გაოცებული ვარ, _ მხრები ავიჩეჩე და კმაყოფილმა გავუღიმე დაქალს.
_ ასპროცენტიანი შენი გულისთვის ჩამოვიდა. თავს დავდებ, თუ ასე არ იყოს. რა ტიპია?! მაგას ყველა ვერ იზამდა. არ არის ხელიდან გასაშვები კაცი.
_ ეჰ, ჩემო მაია, რას გაიგებ. იქნებ საქმეზე ჩამოვიდა და მე სულაც არაფერ შუაში ვარ.
_ შენ ნუ იცი ყველაფრის გაუბრალოება. ვერ ხვდები, რომ კაცი ამხელა გზაზე შენ გამოა ჩამოსული? მაგას რად უნდა მარჩიელობა.
_ ვნახოთ, ჩემო კარგო, ვნახოთ. ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. მოვა დრო და იტყვის ალბათ.
_ წამო, წამო, უკვე გკითხულობენ. თამადამ ცეკვაც კი მოითხოვა შენთან. შეთვრა უკვე.
_ აუჰ! ძალიან ხომ არ მოეკიდა სასმელი? იმღამინდელი არ დაემართოს და მაგიდაზე არ ჩამოეძინოს, თორემ შენი წასაყვანი გახდება, ხომ ვიცი.
_ გახდება და გახდეს, მაგას რა ჯობია. ავდგები და პირდაპირ ჩემთან ვუკრავ თავს. შენ რა გგონია, ვუხათრებ? მერე ნახოს, რაც მოუვა, პირდაპირ მმაჩის ბიუროში მოუწევს წაჩიქჩიქება, _ გაიცინა მაიამ.
_ ეგრევე უღელს დაადგამ, არა? _ ორივე ავკისკისდით.
მაიასთვის არ მითქვამს, ლუკამ რომ დარეკა, არ იყო საჭირო. მერე, სხვა დროს მოვუყვები. საბას საჩუქარი საგულდაგულოდ შევახვიე თავისსავე ქაღალდში და «საიმედო ადგილას», ჩემს უჯრაში ჩავკეტე, როგორც ყველაზე ძვირფასი და ყველაზე იდუმალი საჩუქარი.
_ ისე, წესით, მაგნოლიები უნდა მოეტანა, _ წამჩურჩულა მაიამ, ჩვენ-ჩვენს ადგილებს რომ დავუბრუნდით.
_ რა დროს მაგნოლიაა ამ შუა ზამთარში? _ მეც გადავუჩურჩულე ისე, რომ საბას არ გაეგო.
_ თუ მოინდომებს, კაცი ყველაფერს მოახერხებს, _ არ ცხრებოდა მაია.
_ სამაგიეროდ, სუნამოს ჰქვია «მაგნოლია». არ იცი, რა საყვარლობაა.
_ რა ბოროტი ხარ, რატომ არ მაჩვენე?
_ დამაცადე, რო? ხელში არ მეჭირა? ხვალ გიჩვენებ, არა უშავს. სამაგიეროდ, შენი კაცის ნაჩუქარი ხომ განახვე? დამანებე ახლა თავი, _ მსუბუქად გავკარი მხარი და ნახევრად შევაქციე ზურგი მეგობარს.
გაგრძელება იქნება