ძალიან ლამაზი და მხიარული დაბადების დღე გამოვიდა. გიას ისე კარგად მიჰყავდა სუფრა, ყველა აიყოლია. ბოლოს, კარგად რომ «შეჭიკჭიკდა», საცეკვაო პაუზაც გამოაცხადა და პირველად მე გამიწვია, როგორც იუბილარი. აბა როგორ ვეტყოდი უარს, მაგრამ ხელი მომხვია თუ არა, სახე წაეშალა, დანაღვლიანდა და ისე დავამთავრეთ ვალსი, ხმაც არ გაუღია. ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა. მერე მაიკო ააყენა და მასთან გააგრძელა ცეკვა. შვებით ამოვისუნთქე. ხანდახან მალულად გავხედავდი ხოლმე, იქნებ მაიასთან საუბარს მაინც გაემხიარულებინა. ერთი-ორჯერ მაიკომაც გამომხედა. არ ვიცი, რას ელაპარაკებოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ გია უფრო და უფრო მოიღუშა, თავჩაღუნული ცეკვავდა, თითქოს ქალს საერთოდ ვერ ამჩნევდა. ამან დამაფიქრა. მოულოდნელად მკლავზე საბას ხელის შეხება ვიგრძენი.
_ როგორ ხარ, ლედი? რაღაც განერვიულებული მეჩვენები. ჩემი ნახვა ხომ არ გეწყინა? _ თავი ჩემკენ გადმოხარა და მიჩურჩულა.
_ არა, რას ამბობ. მეწყინა კი არა, ჭკუაზე არ ვარ. არ იცი, როგორ გამახარე. როდის ჩამოხვედი?
_ დღეს და პირდაპირ აქეთკენ გამოვეშურე. დიდხანს ვიტრიალე შენს სახლთან, არ ვიცოდი, როგორ მომეხერხებინა შენთან მოსვლა. მხსნელად გია მომევლინა.
_ ასე უცებ რატომ ჩამოხვედი? აკი ექვსი თვე დავრჩებიო?
_ წესით უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ მოვითმინე. თან ვიცოდი, დაბადების დღე რომ გქონდა და კი არ წამოვედი, გამოვიქეცი.
_ მართლა? საიდან იცოდი, რომ დაბადების დღე მქონდა?
_ რა, არ გჯერა? ნამდვილად შენი გულისთვის ჩამოვედი. შენი დაბადების დღის დადგენა არც ისე ძნელი იყო, ჯერ კიდევ წასვლამდე გავიგე, ასე რომ… _ წინადადება არ დაამთავრა, მკლავზე მომიჭირა ხელი.
ვნების ტალღამ კვლავინდებურად სასიამოვნო ბურანში გამხვია. თვალები მივლულე. საოცრად მსიამოვნებდა მისი შეხება.
_ როდის უნდა დაბრუნდე?
_ ორ-სამ დღეში, დიდი ხნით ვერ დავრჩები.
საცოდავად შევხედე.
_ გასაგებია.
_ რა არის გასაგები?
_ რომ უნდა დაბრუნდე. აბა სამსახურს ხომ არ დაკარგავ, _ ცოტა ირონია გავურიე ნათქვამში.
_ არც შენ დაგკარგავ, ეს დაიმახსოვრე.
_ ჰო-ო? მერე? გიას რა პასუხს აძლევ? _ ჯიქურ შევხედე თვალებში.
_ გიამ სხვა მოძებნოს. მე შენ გიამდე მეკუთვნოდი.
_ გეკუთვნოდი?
_ კი, მეკუთვნოდი და არ შემეპასუხო, იცოდე, ეს ასეა, _ თითი ტუჩებზე მომადო საბამ და გამიღიმა.
ამ დროს გია მოგვიახლოვდა, ორივეს გადაგვხვია ხელი და საბას მიმართა.
_ საბუნია, შენი ნებართვით, კიდევ ერთხელ ვეცეკვები ჩვენს იუბილარს, შეიძლება?
_ კი, ძმაო, მე რა უფლება მაქვს, დაგიშალო, შენი მეგობარი არ არის?
_ არის, როგორ არ არის, მაგრამ შენი «რაზრეშენიე» მაინც მჭირდება, როგორც ვატყობ, _ წაკბინა გიამ.
მივხვდი, რომ სიტუაცია დაიძაბა. როგორც ჩანს, მაიკომ ვერ მოითმინა და ცეკვისას გიას ჩვენზე ელაპარაკა. სასწრაფოდ წამოვდექი, გიას ხელი ჩავავლე და საბას გავარიდე.
ამას ცეკვა არ ექვა. გიას მხრები ჩამოეყარა და ღვინით დანისლული თვალებით ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს შეჭმას ლამობდა.
_ ხომ მოგიყვანე, ხომ კარგი ბიჭი ვარ, _ ამრეზით თქვა.
_ კი, კარგი ბიჭი ხარ, _ კანკალმა ამიტანა.
_ ესე იგი, საზღვარგარეთ მყავს შეყვარებულიო, არა? ამაზე მეუბნებოდი? _ თავით მანიშნა საბაზე.
_ მაგაზე გეუბნებოდი, მერე რა? _ არ დავიხიე უკან და გამჭოლი მზერა ვესროლე, _ რამით უკმაყოფილო ხარ?
_ რატომ დამიმალე, თუ საბა გიყვარდა? ეს იმ ღამეს დაიწყო, არა? ვერც ვიფიქრებდი…
_ არა, იმ ღამეს არ დაწყებულა, გია. შენს გაცნობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ყველაფერი.
_ მართლა? რაღაც არ მჯერა. თუკი სიმართლეს მეუბნები, რატომ დროზე არ მითხარი? კუდში რომ დაგდევდი, რატომ დროზე არ «დამასტოპე», რას მერჩოდი?
_ რა უნდა მეთქვა? შენ ჩვეულებრივად მოდიოდი, მე შენთვის არაფერი მითხოვია, არც შენ ითხოვდი ჩემგან რამეს. ერთი სიტყვაც არ დაგცდენია _ ან მომწონხარ, ან მიყვარხარ. მე ხომ არ გეტყოდი? რაღაც ხომ უნდა წამოსულიყო შენგან, რომ შემეჩერებინე?
_ რა, არ გითხარი?
_ როცა მითხარი, უკვე გვიან იყო. მერე მეც აგიხსენი და გაგაფრთხილე, ნურაფრის იმედი ნუ გექნება-მეთქი. არ იყო ასე? რაში მადანაშაულებ?
_ იმასაც უყვარხარ?
კინაღამ წამომცდა, არ ვიცი-მეთქი. პასუხი არ გავეცი.
_ მითხარი, უყვარხარ? გელაპარაკა ამაზე?
_ ეგ ჩემი საქმეა.
_ ასე, არა? ის თუ გითხრა, ცოლი რომ ჰყავს? იცი, რომ ცოლიანია? _ დაჟინებით იმეორებდა გია ერთსა და იმავეს.
_ ცოლი უკვე აღარ ჰყავს.
_ შენ ასე გგონია? გიკითხავს კი ოდესმე? იმ ქალს მე ძალიან ხშირად ვხვდები და ყოველთვის ვეკითხები საბას ამბებს. არასდროს უთქვამს, არაფერი ვიცი მის შესახებო. პირიქით, სულ თბილად ახსენებს და რაღაც-რაღაცებს მიყვება კიდეც მათი ოჯახური ცხოვრებიდან. გაიგე? ნუ ირთულებ ცხოვრებას, გირჩევ.
გული დამიმძიმდა. ლამის იყო, ჩავიკეცე, ისე მომახალა ეს ყველაფერი გიამ.
_ არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, როგორმე თავად გავარკვევ მასთან ურთიერთობას, _ ცივად ვთქვი.
_ მე ჩემი მითქვამს. უბრალოდ, არ მინდა მის გამო გაუბედურდე. სანამ რამეს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი და ბევრი რამ გაარკვიე. ის ვალდებულია, საქმის კურსში ჩაგაყენოს.
_ კარგი, ასე ვიზამ, ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ. მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს.
_ როგორც ჩანს, ყურებამდე ხარ შეყვარებული. კარგი, თავს აღარ შეგაწყენ. მე ახლა წავალ და მაიასაც წავიყვან. იმედია, არ გეწყინება.
_ არა, რატომ უნდა მეწყინოს. მადლობის მეტი რა მეთქმის, მშვენიერი საღამო გაგვიმართე.
_ ჰო, კარგი მასხარა ვარ, ოსტატურად ვამხიარულებ ხალხს, _ მწარედ ჩაიცინა და ხელი გამიშვა, _ დიდი მადლობა პარტნიორობისთვის, _ თქვა და გატრიალდა.
საბას დაჟინებული მზერა ვიგრძენი. შევხედე. მას სახეზე ეწერა, რომ ყველაფერს მიხვდა. ხელი ამიწია, ნუ გეშინია, მე აქ ვარო და შემოსასვლელისკენ წასულ გიას გზაში დაეწია. მაიკო მომიახლოვდა.
_ რა მოხდა? _ შეშფოთებულმა მკითხა.
_ არაფერი, ყველაფერი რიგზეა, _ ამოვიოხრე და თვალები ცრემლით ამევსო.
ამასობაში ჯულიც შემოგვიერთდა.
_ გოგოებო, რა იყო, რა სახეები გაქვთ? ნახეთ, ჩემი ქმარი როგორ დათვრა, რა წაიღებს ახლა ამას სახლში.
_ ჩვენ გაგაცილებთ, რა პრობლემაა, _ დაამშვიდა მაიკომ.
_ მაგდა, რა გჭირს? _ მკითხა ჯულიეტამ.
_ არაფერი, ჯული, არაფერი.
_ გაწყენინა ვინმემ?
_ არა, არა. რაღაც ცუდი ამბავი მითხრა გიამ ერთ ახლობელზე და გული ამიჩუყდა, _ ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე და საჩვენებელი თითით ცრემლი მოვიწმინდე.
_ კარგი, რა, ნერვებს ნუ აყვები. ყველაფერი დალაგდება. აბა, ჩვენ წავალთ ახლა, უკვე გვიანაა. გადასარევი დრო ვატარეთ.
_ მოიცა, ჯული, მე მანქანით ვარ, ერთად წავიდეთ.
_ არ მინდა შენი შეწუხება, მაიკო, თან გიასთან ერთად ხარ. რა პრობლემაა, ტაქსის გავაჩერებთ, _ იუარა ჯულიეტამ.
ერთ წუთში ყველაფერი აირია. ყველამ ერთად მოინდომა წასვლა, ჩემმა მეზობელმაც კი. გული ცუდს მიგრძნობდა. შემოსასვლელში გავედი. გია და საბა იქ არ დამხვდნენ. სუნთქვა გამიჩერდა. ვაითუ გარეთ გავიდნენ და თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს! ამის გაფიქრებაზე ჟრჟოლამ ამიტანა. მაიკოც ცუდ დღეში ჩავარდა. სასწრაფოდ მოიხურა პალტო და კარი გამოაღო… გია და საბა სადარბაზოში იდგნენ და მშვიდად საუბრობდნენ რაღაცაზე.
_ რა იყო, თვალში მოგაკლდით? _ გაიცინა გიამ, ორივე ერთად რომ დაგვინახა.
_ გია, ჯულიეტა წასვლას აპირებს, მისი ქმარი მთვრალია. ჩვენ უნდა წავიყვანოთ.
_ კი ბატონო, წავიყვანოთ, ჩემი ქურთუკი გამომიტანე.
_ მეც მოვდივარ, _ თქვა საბამ და ოთახში შემობრუნდა.
_ შენ სადღა მოდიხარ, ამ ღმერთივით ქალს მარტო ტოვებთ, კაცო! _ გააპროტესტა გიამ და გამიცინა.
_ არა უშავს, მიჩვეული ვარ, _ ჩუმად ვთქვი და გავტრიალდი, რომ წასვლის წინ საბა მარტო მომეხელთებინა.
_ მე დაგირეკავ, _ ჩურჩულით მითხრა მან და გამომშვიდობების ნიშნად ლოყაზე მაკოცა.
ჩემი სტუმრები ხმაურით გავიდნენ ეზოში. ის იყო, კარის დაკეტვას ვაპირებდი, რომ… სადარბაზოში ვიღაც ბარბაცით შემოვიდა. მის დანახვაზე გავფითრდი. ეს ლუკა იყო, თან ისეთი მთვრალი, რომ წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა.
* * *
სიბრაზისგან ძაგძაგმა ამიტანა. ლუკასთან ლაპარაკის თავი მქონდა? რისთვის მოეთრა? ხომ გავაფრთხილე, არ დამენახვო-მეთქი! თვალები დავაკვესე და საჩხუბრად გავემზადე. ზურგს უკან კარი მივხურე, სახელურს ჩავეჭიდე და დაუპატიჟებელ სტუმარს მტრულად დავხვდი.
_ მაგდა… გილოცავ… დაბადების დღეს გილო…
_ რისთვის მოხვედი? _ მკვახედ გავაწყვეტინე ჩემ წინ მოქანავე მამაკაცს, გალეწილი მთვრალი იყო, ენას ძლივს ატრიალებდა პირში.
_ ვიცი, არ უნდა მოვსულიყავი და ამიტომაც დავთვერი, ბოლომდე დავთვერი. სხვანაირად ვერ გავბედავდი. მაპატიე, მაგრამ უნდა გელაპარაკო, ისე აქედან არ წავალ. ფეხს არ გავადგამ, სულ რომ აგური მირტყა თავში.
_ მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ერთხელ უკვე გითხარი. წადი, გირჩევნია. მეორედ არ გაბედო აქ მოსვლა, გესმის?! გიკრძალავ ჩემთან მოახლოებასაც კი! _ მთელი ხმით ვიყვირე გამწარებულმა, ოთახში შევვარდი და სახეარეულს კარი ცხვირწინ მივუჯახუნე.
ერთიანად მაკანკალებდა. კარგა ხანს გარედან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ვიცოდი, იქვე იქნებოდა ატუზული, ამიტომაც არ გავიხედე სათვალთვალოში. სიჩუმეს ყური მივუგდე. ცოტა ხნის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა. მოულოდნელობისგან შევხტი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც მოიქცეოდა. არ გავნძრეულვარ. ზარის ხმა კიდევ რამდენჯერმე გაისმა. როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო, ლუკამ ბრახუნი ატეხა, მუშტები დაუშინა კარს. ახლა კი მომეშალა ნერვები, თან შემეშინდა, მეზობლები არ შემიყაროს-მეთქი და იძულებული გავხდი, კარი ისევ გამეღო.
_ ვერ გაიგე, რა გითხარი? _ წავისისინე.
_ გავიგე, მაგრამ მაინც არ წავალ. მცემე, თუ გინდა, დამარტყი, არ წავალ, სანამ არ მომისმენ. გეხვეწები, სულ რამდენიმე წუთი, სულ რამდენიმე… _ თქვა და მუხლებზე დაეშვა.
სასოწარკვეთილმა ირგვლივ მიმოვიხედე, იქნებ ვინმე მშველელად მომევლინოს-მეთქი. ასეც მოხდა. კიბეზე სირბილით მომავალი მაია გამოჩნდა.
_ მაგდა, რას ელოდები, წავედით, თორემ დაგვაგვიანდა, _ ქაქანით მოგვიახლოვდა, _ უი, ლუკა, ვერ გიცანი, როგორ ხარ? _ შეჰღიმა ლუკას, რომელიც ქალის დანახვაზე შეცბუნებული წამოდგა.
მაიკომ მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
_ არა მიშავს, შენ როგორ ხარ, მაიკო? არ იცი, როგორ გამიხარდა შენი დანახვა, ნამდვილი კეთილი ფერია ხარ, მხსნელად მომევლინე, _ სახე გაებადრა ლუკას და რწევა-რწევით გადაეხვია ქალს.
მაიამ მისი მხრის ზემოდან გამომხედა და თვალებით მანიშნა, რით გიშველოო.
_ ახლავე ჩავიცვამ და გამოვალ, _ წყნარად ვთქვი, ოთახში შევბრუნდი, საკიდრიდან ქურქი ჩამოვხსენი, მხრებზე მოვისხი და გასაღებს ვეცი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი იქაურობას.
_ გოგონებო, სად მიდიხართ? _ ლუკა ძლივს ლუღლუღებდა, _ მეც წამიყვანეთ, ხომ შეიძლება? მართალია, მათხოვარი ვარ, მაგრამ… _ გაიცინა ლუკამ.
_ კარგი, რა, ლუკა, გეკადრება? შენ ახლა ნასვამი ხარ, წადი, გამოიძინე და ხვალ შემოგვიარე. მაპატიე, ჩემი საქმრო გველოდება დაბლა, მეგობართან მივდივართ. ხვალ შევხვდეთ და თუ გინდა, «პახმელიაზე» ერთად გამოვიდეთ. ო კეი? _ დაუყვავა მაიამ, რომ როგორმე დაეყოლიებინა მთვრალი მამაკაცი.
_ მაგდას უნდა ველაპარაკო, მეტი აღარ შემიძლია, დამეხმარე, მაკო, შენ მაინც შემიცოდე, ხომ ხედავ, აღარავის ვჭირდები, ყველამ მიმატოვა.
_ წადი, შინ წადი, ბოლოს და ბოლოს შეიგნე, რომ ვეღარ გიტან, შენი დანახვაც კი ნერვებზე მშლის. მეზიზღები, მძულხარ, მეტი რა გითხრა, რით ვერ გაიგე? _ ისევ ავიფოფრე და წინ ავესვეტე კითხვის ნიშანივით მოხრილ ლუკას.
_ წამო, წამო, ლუკა ჩვენიანია, გაგვიგებს. დროზე, თორემ გადაირევიან ბიჭები, _ მკლავში ჩამავლო მაიამ ხელი და მომქაჩა, _ ლუკა, იზვინი, რა, ჩვენ წავალთ, თორემ ჩემი კაცი რომ ამოვიდეს, შეიძლება იეჭვიანოს და… _ ხუმრობით მოუბოდიშა მაიკომ და ისევ მომქაჩა.
ჩქარი ნაბიჯებით დავუყევი საფეხურებს ისე, რომ უკან არ მიმიხედავს. არ ვიცოდი, რა ხდებოდა იქ, ჩემს კართან. ვაითუ ანგრევს იქაურობას. რაღაც მომენტში შევჩერდი კიდეც.
_ შეეშვი, წავა, აბა რას იზამს, გამოადგი ფეხი, არ დაგვეწიოს, _ მითხრა მაიამ და მანქანისკენ მიბიძგა.
უკანა სალონში შევძვერი და სიბნელეში კინაღამ საბას ჩავუჯექი კალთაში.
_ როგორც იქნა, სად ხართ აქამდე? _ მოუთმენლად იკითხა გიამ.
_ წავედით, წავედით, მერე აგიხსნი, _ ჩქარ-ჩქარა მიაყარა მაიამ, წინ ჩაჯდა და კარი მიიჯახუნა.
მანქანა მძიმედ დაიძრა. მჭიდროდ ვეხებოდი საბას, თითქმის ვეხუტებოდი, მაგრამ ჩემი გონება ახლა მხოლოდ ლუკას დასტრიალებდა. ვინ იცის, რა დღეშია, იქნებ ღრიალებს, იქნებ ბრახუნით იკლებს იქაურობას…
_ პირველად ვინ მიგიყვანოთ? _ ფიქრებიდან გიას შეკითხვამ გამომარკვია.
_ ჯერ ჩვენ, გია, ძალიან გთხოვთ, თორემ ამას მერე რა გააღვიძებს, _ თქვა ჯულიეტამ.
_ კი ბატონო, ოღონდ მითხარით, სად მივდივართ, _ გიამ სიჩქარეს მოუმატა.
ჯულიეტამ მისამართი უკარნახა. მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. მარცხენა მხარე გამითბა, ისეთი მხურვალება მოდიოდა საბასგან. გული გამალებით მიცემდა. რა სიამოვნებით დავადებდი თავს მკერდზე, უფლება რომ მქონდეს. ნეტავ როგორ ხასიათზეა? მიხვდა, რაც ხდებოდა, თუ არა? ვაითუ გაბრაზებულია… ეჭვები ტვინს მიღრღნიდა, შეხედვის მეშინოდა. მოულოდნელად საბა შეირხა, უფრო მოხერხებულად მოკალათდა და მარჯვენა ხელი მხარზე გადამხვია. ნეტარების ტალღამ მთელ სხეულს გადაუარა. ღამის იყო, კრუტუნი დავიწყე…
ვერ გავიგე, გია როდის გაჩერდა. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, საბაც რომ გადავიდა მანქანიდან ჯულიეტას დასახმარებლად. მარცხენა მხარეს სიცივე ვიგრძენი… იგი მალევე დაბრუნდა და ჩემ გვერდით ისე დაჯდა, ახლოს არ მოწეულა. როგორც ჩანს, ნაწყენია, ალბათ ყველაფერს მიხვდა. გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში.
_ საბა, შენ სახლში, არა? _ გიამ სარკეში ჩაიხედა, რომ მისთვის შეეხედა.
_ ჰო, რა თქმა უნდა, _ ყრუდ უპასუხა მამაკაცმა.
_ ლია გიჟს ჰგავს ალბათ, სად დამეკარგა ეს კაცი მთელი დღეო, _ გაიცინა გიამ და კვლავ სარკიდან შეხედა.
გაგრძელება იქნება