საბას პასუხი არ გაუცია, ფანჯარაში გაიხედა. კიდევ ერთი სიმი ჩაწყდა გულში, ახლა უფრო ძლიერად…. წერეთელზე მალე გავედით. გიამ ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსთან შეაჩერა მანქანა. საბა მოქუფრული დაგვემშვიდობა და ისე გადავიდა, ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს. ახლა კი საბოლოოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფრის დამთავრებას ნიშნავდა. მორჩა, აღარ დამირეკავს, არც გამოჩნდება. ჰო მაგრამ, რატომ? ხომ არ იცის, სინამდვილეში რაც ხდება? თვითონ რა, ბოლომდე მართალია ჩემთან? ცოლზე რომ არასდროს არაფერი უთქვამს? მეც მაქვს მასთან პრეტენზიები! როგორ ამიხსნის ამ ყველაფერს? რა, საყვარლად ვუნდოდი? რატომაც არა! რითი ვიყავი მისთვის ცუდი ვარიანტი, რომელი ქალიშვილი მე ვარ? ლამაზი, მაგრამ განათხოვარი. იდეალური ვარანტია ცოლიანი მამაკაცისთვის. რა ულტიმატუმი უნდა წავუყენო, ან ცოლი, ან მე-მეთქი? ეს ხომ სისულელე იქნება? იგი მე არაფერს დამპირებია. ლუკა ძველი სიყვარული იყო და მოვიდა დაბადების დღის მოსალოცავად. რა არის ამაში გასაბრაზებელი? ჰმ, გაბრაზდა! გაბრაზდა და ცივი წყალი დალიოს! მეტიც არ მინდა, რამე მითხრას…
_ მაგდა, შენ ჩემთან წამოხვალ, არა? _ მომიბრუნდა მაია.
როგორც ჩანს, იმ ღამის გატარებას გიასთან აპირებდა, ჩემი იქ ყოფნით კი გეგმები ეშლებოდა.
_ არა, არა, მე სახლში მიმაბრუნეთ, რა?
_ გაგიჟდი? ისევ იქ რომ დაგხვდეს?
_ არა უშავს, როგორმე მოვუვლი, პირველად კი არ ვხედავ, _ ნაღვლიანად გამომივიდა ნათქვამი.
_ როგორც გინდა, _ არ დაუძალებია მაიას…
გიამ სადარბაზოსთან გააჩერა. გადმოვედი.
_ მოიცა, გაგაცილებ, _ გიამაც დააპირა გადმოსვლა.
_ არ გინდა, არ არის საჭირო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, _ ორივეს დავემშვიდობე და ეზოში შევედი.
ფრთხილად ავიარე სართული. ირგვლივ არავინ ჭაჭანებდა. ლუკას ალბათ მოჰბეზრდა აქეთ-იქით ყიალი და წავიდა. ძალიანაც კარგი, ახლა არავის ნახვა არ მინდოდა…
ტანსაცმელი გამოვიცვალე და მაგიდის ალაგებას შევუდექი. ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. რა უბედური ვარ, როგორ არ მიმართლებს სიყვარულში, რა მეშველება? ამისთანა რა ვარსკვლავზე დავიბადე? ვინ დამწყევლა ასე? უფრო ამომიჯდა გული, თან ჭურჭელს ვრეცხავდი, თან ცრემლებად ვიღვრებოდი.
…გვიან მოვრჩი სახლის მილაგებას. საათს შევხედე, სამი ხდებოდა. საძინებელში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩავიხედე. თვალები ჩამწითლებოდა ტირილისაგან. იქვე გიას ნაჩუქარი სუნამო იდო, რომელმაც საბას საჩუქარი გამახსენა. უჯრა გამოვაღე და სუნამო გამოვიღე. ინტერესი მკლავდა, როგორი სუნი ჰქონდა. გავხსენი. ჩემდა უნებურად, სანამ თავს მოვხსნიდი, ფრანგულ წარწერებს შევავლე მზერა და… თვალებს არ დავუჯერე: «მაგდას საბასგან, ექსკლუზიურად» _ ქართული ასოებით ეწერა უცხოურ ფლაკონზე. ეს რას ნიშნავს? ექსკლუზიური სუნამოა? ამან კიდევ უფრო გამაოგნა. არა, უნდა დავურეკო, აუცილებლად უნდა დავურეკო. ეს ხომ სახელობითი სუნამოა. «თეთრი მთვარე» _ ასეთი არ არსებობს, ეს გამოგონილია, ეს მისი დარქმეული სახელია. «მაგნოლია» ვიცოდი, მქონია კიდეც, მაგრამ სხვა დანარჩენი ჩემთვისაა მოძღვნილი, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა. ფლაკონიც სხვანაირია. ვერ მოვითმინე, მობილური ავიღე და საბას ნომერი ავკრიფე. ცოლის დედაც, რაც უნდა ის იფიქროს, მაინც ყველაფერი დამთავრებულია.
_ გისმენთ, _ გულგრილი ტონით მიპასუხა რამდენიმე ზარის შემდეგ.
_ მე ვარ, _ გაუბედავად ვთქვი.
_ ვიცი. მოხდა რამე?
_ ისეთი არაფერი…
_ აბა ამ შუაღამეს რამ შეგაწუხა? დახმარება ხომ არ გჭირდება? _ დამაყარა შეკითხვები.
_ არა, არა… ახლა შენი ნაჩუქარი სუნამო გავხსენი და ვერ მოვითმინე, რომ არ დამერეკა. ასეთ დროს რომ გელაპარაკები, უხერხული ხომ არ არის?
_ ჩემთვის არა, თუ შენთვის არ არის.
_ არა, რატომ, მე მარტო ვარ, მარტო ვცხოვრობ…
_ რა ვიცი… _ ირონიულად თქვა.
ადვილი მისახვედრი იყო, არ სიამოვნებდა ჩემთან ლაპარაკი, ან უბრალოდ, სურდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩენოდა.
_ მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. ეს ქართული წარწერა რას ნიშნავს?
_ მეგონა, მიხვდებოდი.
_ მივხვდი, მაგრამ… მართლა ასეა? მართლა სპეციალურად ჩემთვის არის გაკეთებული?
_ ექსკლუზივი კიდევ სხვა რამესაც ნიშნავს? _ თითქოს დამცინა.
_ არა, _ ხმა ჩამიწყდა და გავჩუმდი.
სიჩუმე რამდენიმე წამს გაგრძელდა.
_ კარგი, ღამე მშვიდობისა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის, _ თითქმის ჩურჩულით ვთქვი.
_ მოიცა, არ გათიშო. მეც მაქვს შეკითხვა.
დავიძაბე.
_ გისმენ, _ თრთთოლვამ ამიტანა.
_ ხომ არ ვიჩქარე ასეთი სუვენირით?
_ იჩქარე? ვერ გავიგე, რას მეკითხები.
_ არა, არაფერს, _ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა, _ მითხარი, რომელი უფრო მოგეწონა, მაგნოლიის «თეთრი მთვარე» თუ და ვინჩის «კოდი»?
გიაზე ხომ არ ეჭვიანობს? _ გამკრა გულში. თუ ასეა, მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა ჩემი წვალება და ვუპასუხე.
_ ვერ გეტყვი. შენი ნაჩუქარი ჩემთვის ჯერ ახალი ხილია, არ ვიცი, დასხურების შემდეგ როგორ სუნს დატოვებს. «კოდის» კი ნაცნობი სურნელი აქვს, ახლა ყველაზე მოდურია, ყველა აქებს. ვნახოთ, რომელი უფრო მომეწონება…
_ ყველა აქებს? _ საბამ სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება, _ განა ყველას აქვს ეგეთი?
_ ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს.
_ ჰა-ჰა-ჰა! _ ხმამაღლა გაიცინა, _ შენ გეშლება, ლედი, ალბათ «არმანი კოდი» იგულისხმე, არა? წარწერას არ შეხედე? კარგად დააკვირდი და ნახავ.
მივხვდი, რომ რაღაცაში ჩავიჭერი. გავწითლდი. გვერდულად გავხედე გიას საჩუქარს, მზერა დავძაბე… განსაკუთრებული ვერაფერი შევამჩნიე.
_ ესეც ექსკლუზიურია, და ვინჩის «კოდი» მხოლოდ ორი ცალი არსებობს დედამიწის ზურგზე _ ერთი შენთვის, მეორე _ მაიასთვის, გიას თხოვნით, რა თქმა უნდა. მის ცხოვრებაში ორი ერთნაირად ძვირფასი ქალი ფიგურირებს, როგორც ჩანს, _ ორაზოვნად თქვა.
_ შენს ცხოვრებაში? _ მისი ბოლო ფრაზით ვისარგებლე და მწარედ ჩავურტყი.
_ როგორ?
_ შენს ცხოვრებაში რამდენი ერთნაირად ძვირფასი ქალი ფიგურირებს, მაინტერესებს, _ იმავე ტონით გავაგრძელე.
_ თუ ის გაინტერესებს, «თეთრი მთვარე» რამდენია, გეტყვი _ მხოლოდ ერთი და არასდროს განმეორდება, შეცდომებზე ბევრ რამეს ვსწავლობ, _ ცივად წარმოთქვა.
_ გასაგებია. მაპატიე, რომ შეგაწუხე.
_ არ შევწუხებულვარ, პირიქით.
_ ღამე მშვიდობისა.
_ კარგად, _ და წყვეტილი ზუმერი გაისმა.
ისევ ჩაწყდა ერთი სიმი გულში. ეს რა ღამე იყო… გულის სიმები ერთმანეთის მიყოლებით წყდებოდა და წყდებოდა… ალბათ ახლა მხოლოდ ერთ წვრილ ძაფზე ჰკიდია. ესეც რომ გაწყდეს, რა მოხდება?.. გასაგებია, რაც…
7 7 7
ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი იმ ღამეს დამთავრდა. მას შემდეგ საბა არ გამოჩენილა ჰორიზონტზე, ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩემით. როგორც გავიგე, ორ დღეში კვლავ პარიზში დაბრუნებულა. დღეები გადიოდა, თვეებიც… მისგან არაფერი ისმოდა. გია იყო ერთხელ მოსული, ბოდიში მომიხადა, დაბადების დღეს გული გატკინე, ცუდად მოგექეცი, საბა თურმე ცოლს დაშორებული ყოფილა, არ ვიცოდიო. ამას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. გიაზე ნაწყენი არც ვყოფილვარ. მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.
უღიმღამოდ გადიოდა დრო _ ზამთარი… გაზაფხული… არაფერი შეცვლილა, არც რამე მნიშვნელოვანი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გია და მაია შეუღლდნენ. ჯვრისწერა და ქორწილი აპრილში გადაიხადეს, მე მაიას მეჯვარე ვიყავი. საბა არც მათ ქორწილს დასწრებია, თუმცა დიდი იმედი მქონდა, რომ გამოჩნდებოდა. არ გამიმართლა.
ამასობაში მაისი დადგა. ეს სწორედ ის თვე იყო, როცა პირველად შევხვდი საბას, მაგნოლიების აყვავების პერიოდი. რა დამავიწყებს იმ დღეს, როცა იგი პირველად ვნახე, ან იმ ფრაზებს, მაშინ რომ მითხრა. ნეტავ თვითონ თუ ახსოვს? ვინ ვიყავი საერთოდ მისთვის? მორიგი გართობა თუ მართლა სერიოზული სიყვარული? ალბათ გართობა, თორემ სიყვარული რომ ყოფილიყო, ასე ადვილად არ გამიმეტებდა. ისე გაქრა, არც უკითხავს, რაში იყო საქმე, რას წარმოადგენდა ლუკა ჩემთვის და რა ადგილი ეკავა მას ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ თუ გართობა იყო, რატომ ბოლომდე არ მიიყვანა საქმე? ხომ იცოდა, რომ მე მასთან დაწოლაზე უარს არ ვიტყოდი? რა მოხდა? რატომ მოიქცა ასე, რატომ? დამტანჯა ფიქრებმა, ცხოვრება ამერია. არაფერი ამქვეყნად არ მაინტერესებდა. ერთადერთი, რასაც გვერდიდან არ ვიშორებდი, «თეთრი მთვარე» იყო, ყოველ დილით დავიპკურებდი და მთელი დღე მისი სურნელით ვარსებობდი.
ის დღეც გათენდა, საბამ მაგნოლია რომ მომიწყვიტა. უცნაურ ხასიათზე გამეღვიძა, თითქოს გული რაღაცას მიგრძნობდა. ამეკვიატა, აუცილებლად გავსულიყავი აღმაშენებელზე, კიდევ ერთხელ გამევლო მაგნოლიების ხეივნის ქვეშ, იქნებ მომხდარიყო სასწაული და საბა იქ დამხვედროდა? საოცრება არ იქნება, ასე რომ მოხდეს? დავუშვათ და, მოხდა, რა იქნება მერე?
ექვსი თვის განმავლობაში პირველად, საგანგებოდ გამოვიპრანჭე, ჩვეული, ყველასათვის კარგად ნაცნობი მაგდა «გამოვძერწე» სასოწარკვეთილი ქალისგან და პირველი ფურორი სამსახურში მოვახდინე. ყველას გაუკვირდა ჩემი «სახეცვლილება». პირდაპირ არავის უკითხავს, ასეთი ბედნიერი რამ გაგხადაო, მაგრამ მათ გამომეტყველებაში ეს კარგად იგრძნობოდა.
მუშაობას რომ მოვრჩი, გეზი პირდაპირ მაგნოლიებისკენ ავიღე. «მაგთის» ოფისთან ჩამოვედი ტაქსიდან და ფეხით დავუყევი ტროტუარს. დაძაბული მხოლოდ წინ ვიყურებოდი, ასე მეგონა, სადღაც იქვე საბა იყო ჩასაფრებული და ჩემს მომლოდინე მზერას უთვალთვალებდა.
მაგნოლია უკვე აყვავებულიყო. ლამაზი თეთრი ყვავილები ისე მიცინოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. ღიმილით ჩავიარე ის მონაკვეთი… სასწაული არ მოხდა. უკან მოვბრუნდი. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხესთან დავდექი და ავხედე. ყვავილები ძალიან მაღლა ესხა, ხელით კი არა, ორმეტრიანი ჯოხითაც ვერ მივწვდებოდი. კარგა ხანს ვიდექი ასე, გაშტერებული და შევყურებდი თეთრ, სავსე მთვარესავით გადაშლილ ყვავილებს.
_ ხომ არ გინდა, მოგიწყვიტო? _ მომესმა მოულოდნელად ხმა… ძალიან ნაცნობი, ძალიან ახლობელი.
მკვეთრად მოვტრიალდი… ჩემ წინ საბა იდგა… საბა _ შავგვრემანი და ლურჯთვალება, უფრო სასურველი, ვიდრე ოდესმე, ოდნავ შეცვლილი, ოდნავ გამხდარი, მაგრამ თვალები ისევ ისეთი ჰქონდა, როგორც ყოველთვის _ უძირო და მომნუსხველი, ბევრისმთქმელი და მომაჯადოებელი… ვიგრძენი, როგორ მიმდიოდა გული, გონება დამებინდა, ცოტაც და, მიწაზე მოვადენდი ზღართანს. წავბარბაცდი. საბამ ხელი შემაშველა და მის მკლავზე მივესვენე.
_ ცუდად ხარ? _ შიშნარევი ხმით მკითხა.
_ არა, არა, ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ. შენ აქ საიდან გაჩნდი? _ ნელ-ნელა დამიბრუნდა ფერი.
_ იქიდან, _ ზემოთ აიხედა საბამ, _ კოსმოსიდან გადევნებდი თვალს, ვნახე, როგორ მიყურებდი და ეგრევე ჩამოვფრინდი. მითხარი, გაგიხარდა?
_ სიზმარში მგონია თავი, არ გელოდი.
_ არ მელოდი? მატყუებ. აბა აქ რა გინდოდა, თუ არ მელოდი? რატომ მატყუებ?
_ ვიფიქრე… გავივლი-მეთქი… ის დღე გამახსენდა.
_ მეც გამახსენდა, ამიტომაც ვარ აქ.
_ როდის ჩამოხვედი?
_ გუშინ.
_ მერე? რატომ…
_ იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, _ შემომღიმა და წელზე მომხვია ხელი, _ გუშინ გია და მაია ვინახულე, დავთვერი.
_ ღმერთო, არ მჯერა, _ ამოვიკვნესე და თავი მკერდზე მივაბჯინე.
_ სამაგიეროდ, მე მჯერა. იცი? რაღაც მინდა გაჩვენო. წამომყვები?
_ სად?
_ რა მნიშვნელობა აქვს?
_ არანაირი. მინდა წამიყვანო… სადაც გინდა, ოღონდ წამიყვანე.
_ მაშინ წავედით, _ საბამ ხელკავი გამიყარა და იქვე მდგარი მანქანისკენ გამიძღვა.
…წერეთელზე გავედით. მივხვდი, მის ბინაში მივდიოდით. გული საგულეში აღარ ჩერდებოდა, ბაგაბუგი აუტეხა ბუდეს. უხმოდ მივდიოდით, ლაპარაკის თავი არც ერთს არ გვქონდა.
_ მოვედით, _ თქვა საბამ და მანქანა კორპუსთან მიაყენა, _ ეს ჩემი სახლია, _ ღიმილით გამომხედა.
_ ვიცი, ერთხელ უკვე ვიყავი აქ, _ მეც გავიღიმე სახეალეწილმა.
_ ჰო, მახსოვს.
ლიფტში შევედით. კარი ხმაურით დაიხურა. საბამ თითი მეთხუთმეტე სართულის ღილაკს მიაჭირა.
_ ასე მაღლა ცხოვრობ? _ გავიკვირვე.
_ მიყვარს სიმაღლე, შენც მიყვარხარ, _ დააყოლა უცებ, წელზე ხელი მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა.
კარი რომ გაიღო, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიეთ. დაბნეული გამოვედი სადარბაზოში. საბამ გასაღები მოარგო რკინის თეთრ კარს და გადაატრიალა. მუხლები მეკვეთებოდა ბედნიერებისგან გაბრუებულს.
_ კეთლი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში, _ ხაზგასმით თქვა მამაკაცმა.
კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
_ ოთახში შედი, იქ სიურპრიზი გელოდება, _ ჩურჩულით მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
შევედი… გაოცებისგან შევკივლე… მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული _ იატაკზე, საწოლზე… ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.
_ საბა… _ აღმომხდა.
სიტყვის გაგრძელება არ დამაცადა, მოწყურებულივით მეძგერა და კვლავ ტუჩებზე დამაკვდა… არ მახსოვს, როგორ განმძარცვა სამოსისგან, როგორ გადამაწვინა მაგნოლიის ყვავილებზე, როგორ შეერთდა ორი სხეული… მხოლოდ სიტყვები მახსოვს, გამალებით რომ იმეორებდა.
_ მაგდა… მაგდა… ჩემი ოცნებების ლედი… ჩემი ბედნიერების გასაღები… მიყვარხარ, მიყვარხარ… მიყვარხარ…
ბედნიერების წამები წუთებად გადაიქცნენ, წუთები _ საათებად… ამასობაში მოსაღამოვდა. არაფერი გვახსოვდა, ერთმანეთის გარდა…
_ მე ყველაფერი გავიგე, მაიამ მითხრა ერთი თვის წინ, როცა მოსალოცად დავურეკე, _ ჩურჩულით თქვა საბამ მორიგი «შესვენების» შემდეგ და ყურის ბიბილოზე მიკბინა, _ მე მეგონა, მაშინ შენს ცხოვრებაში პარალელურად სხვა მამაკაციც არსებობდა. ეს ვერ ავიტანე. შევცდი, რომ ყველაფრის გარკვევა არ ვცადე. იმედია, მაპატიებ. გვიან გავიგე სიმართლე. ძალიან მიჭირდა უშენოდ, ვერ გავძელი, ვერც ამბავი ვიკითხე, იქნებ უკვე გათხოვდა და ეს არ მახარონ-მეთქი. შემეშინდა. ახლა მშვიდად ვარ. ახლა ჩემთან ხარ და ეს არის ყველაზე მთავარი. აღარსად გაგიშვებ. შენ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი. ხომ გითხარი, ყოველთვის მეყვარები და ეს არ დაგავიწყდეს-მეთქი. ხომ არ დაგავიწყდა? ხომ გჯეროდა ჩემი?
_ არ ვიცი, თავიდან მჯეროდა, მაგრამ მერე მეც შემეშინდა… ძალიან გაიწელა პაუზა…
_ სამაგიეროდ, აწი ავინაზღაურებთ. მგონი, შევძლებ შენს დარწყულებას, სიბერემდე დიდი დროა, რას იტყვი? _ ვნებიანად მიჩურჩულა და კვლავ მიმიზიდა…
ხელი მოვხვიე და ვაკოცე, არაფერი მითქვამს. არც იყო საჭირო. მერე ავდექი, ნებიერად გავიზმორე და სრულიად შიშველი ფანჯარას მივუახლოვდი.
სავსე მთვარის შუქი მხრებსა და მკერდზე ვერცხლისფრად მომელამუნა.
გავხედე მთვარეს…
იქიდან ფორტუნამ გამიღიმა…
ეშმაკურად…
დასასრული