_ სონია, გაყიდულა თურმე ეს ბინა! _ ბაბაკომ, „ფეირით“ აქაფებულ ღრუბელს წრიულად რომ უსვამდა თეფშს, ჩემკენ მოაბრუნა თავი და ახალი ამბავი მახარა.
_ მართლა? კიდევ კარგი, დაადგა საშველი. რამდენი წელია, კარის მეზობელი არ გვყავს, _ მივუგე სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარმა, ფეხი ფეხზე გადადებულმა და წითელი ვაშლით პირმოტკბარუნემ.
_ ნეტავ როგორი ხალხია? ნორმალური მაინც მოვიდოდეს ვინმე! _ დაამატა ბაბაკომ და როცა თეფშებისა და ჭიქების აქაფებას მორჩა, წყალი ჭავლით მოუშვა მათ გასავლებად.
ბაბაკო ბებიაჩემია, ადა აფაქიძე, თავადის შთამომავალი სამეგრელოდან, 59 წლის, ფილოლოგი და ლინგვისტი. პატარაობისას, როცა ლაპარაკის დაწყებას ვცდილობდი, დედას და მამას მშვენივრად წარმოვთქვამდი თურმე, მაგრამ ბებო ვერ გამომდიოდა და ბაბას ვეძახდი. მერე და მერე, როცა საკმარისად ავტლიკინდი და „გამომძალველობა“ გავაცნობიერე, საკუთარი მიზნის მისაღწევად (ძირითადად, კანფეტების, შოკოლადების დასათრევად) სიტყვა „ბაბა“ კნინობითი ფორმით შევცვალე და ბებიაჩემი „ბაბაკო“ გახდა. საკმარისი იყო მეთქვა, ბაბაკო, დათუნია შოკოლადი მინდა!.. და შოკოლადი გარანტირებული მქონდა. ამის მიხედვით გახდა დედა _ დედაკო და მამა _ მამაკო. ბაბუა არ მყოლია. უფრო სწორად, არ მოვსწრებივარ. ბაბა იშვიათად ახსენებს მას. წესიერად არც მე ვიცი და, სხვათა შორის, არც მამაჩემმა, ვინ იყო იგი, რა ზნის, როგორი გარეგნობის, რას წარმოადგენდა, რატომ არ ცხოვრობდა ჩვენთან და ა. შ. მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთ ღრუბლიან დღეს წავიდა და აღარ დაბრუნდა. სად, ვისთან, _ ესეც საიდუმლოებითაა მოცული ისევე, როგორც ბაბაკოს ბაბუამდელი თუ ბაბუას შემდგომი სასიყვარულო ისტორიები. ჰო, ჩემს ბაბაკოს აქვს საიდუმლოებები და ამის გამო მე ძალიან ის მიყვარს.
ჩემი ბაბაკო იმ თაობას ეკუთვნის, ვინც 5-ფურცლიან იასამნის ყვავილს ან 4-ფოთლიან სამყურას ეძებდა, რათა მისთვის სურვილი ჩაეთქვა და ნატვრა ასრულებოდა.
ის ბავშვობა გამოიარა, როცა ანსამბლ „მზიურის“ გოგონებზე ამბობდნენ, აჩვენეთ ეს გოგონები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო, თუმცა რამდენიმე ომმა მაინც მის თვალწინ ჩაიარა. იმ დროში, როცა „აინით“ რეცხავდნენ, მაცივარი „ორსკი“ ედგათ სახლში, „კომუნისტს“, „ნორჩ ლენინელსა“ და „საქართველოს ქალს“ კითხულობდნენ.
ერთი სიტყვით, ყვლაფერი ნახა, რაც კი მსოფლიოში ოდესმე გაუსაძლისად ძნელი ასატანი ყოფილა _ იცხოვრა სოციალიზმში, სამოქალაქო ომის შუაგულშიც იტრიალა და მშობლიური ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაც იწვნია, სასურსათო ტალონებითაც მდგარა საათობით რიგში და მანეთის კუპონებით ჩანაცვლებასაც მოსწრებია.
მიუხედავად ამისა, ერთადერთი ქალია ალბათ მის ასაკში, რომელსაც ცხრამეტი წლის გოგოსავით აცვია, უფრო სწორად, სამოცდაათიანელი ცხრამეტი წლის გოგოსავით. თან ყველაფერი უხდება, კაბაც, შარვალიც, მოკლეც, გრძელიც, ფართხუნაც და მოტმასნილიც.
იმიტომ, რომ ლამაზი აღნაგობა აქვს.
იმიტომ, რომ თვითონაც ლამაზია.
იმიტომ, რომ თვალში საცემი გარეგნობისაა.
თმას კეფაზე მუდამ ფანქრით იმაგრებს. თმის სამაგრები მის ხშირ თმას ვერ უძლებენ და სწორედ ესაა მიზეზი, მის მაგიდაზე, გრძელ ვიწრო ლარნაკში 19-მდე გრაფიტის ფანქარს რომ მოუღერებია ყელი.
ადა იდეალური ქალია. ქალი, რომელსაც ნაკლი არა აქვს. ყველასთვის სამაგალითო, მოწესრიგებული, რჩევების უხვად გამცემი, როცა ეს ვინმეს სჭირდება და, ამ ყველაფერთან ერთად, სიკეთის მთესველი. სიამოვნების მიღებას სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით რომ ცდილობს, აი, ისეთი. დამამშვიდებელი აბის როლის თამაში ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი.
ისე, კი აქვს ერთი ნაკლი, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.
მე? ვინ ვარ მე?
უნივერსიტეტდამთავრებული, ახალგაზრდა. ლამაზი. უდედო. ნახევრად შეყვარებული. ნახევრად ბედნიერი. ასეთი ვარ მე, სონია აფაქიძე, 21 წლის. დაქალება შეცდომებით დავიწყე. ჭადრაკის დაფასავით ყოველი მეორე ნაბიჯი ერთი ფერის შეცდომა იყო.
არ გაიკვირვოთ, ბაბაკოს გვარი რომ მაქვს. მან ასე ისურვა, მამაჩემი თავის გვარზე დაწერა. როგორც ჩანს, მართლა სერიოზული რაღაც მოხდა ბაბასა და ბაბუას ურთიერთობაში, თორემ თავის გვარს არ მისცემდა ერთადერთ შვილს. სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა.
წეღან ჩემს შეცდომაზე ვლაპარაკობდი. ჰო, იყო ასეთი მომენტი სტუდენტობის პერიოდში. არა, შორეულ წარსულზე არ ვლაპარაკობ. სულ ახლახან იყო ეგ ამბავი, თვეების წინ. საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტი წელს დავამთავრე _ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ჰოდა, ბოლო კურსზე ჩემი ლექტორი შემიყვარდა, რომელიც ხელოვნების ისტორიას გვასწავლიდა. გიორგი გველესიანი. სიმპათიური კაცი, კიდევ უფრო სიმპათიური ხმით, დაცემა მზერით და საოცარი ნიჭის ფეიერვერკებით. ის ოცდაცხრა წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა. სულ რომ მახინჯი ყოფილიყო, ლექციას ისე ატარებდა, ისე ჰყვებოდა ხოლმე ასახსნელ მასალას, ყველანი მონუსხულები შევცქეროდით ხოლმე, სულგანაბულები ვუსმენდით. მის იქით ვერაფერს და ვერავის ვამჩნევდით.
ჰოდა, შემიყვარდა. ვგრძნობდი, არც ის იყო გულგრილი ჩემ მიმართ. რამდენჯერმე თავისთან, სახლში დაგვიბარა ზოგიერთი, ყველაზე ნიჭიერები ვინც ვიყავით. თავიდან ბიჭებიც მოიწვია, მერე მხოლოდ გოგოებზე შეაჩერა არჩევანი. ექვსი-შვიდი მივდიოდით ხოლმე. მარტოხელა კაცი იყო, ოჯახი არ ჰყავდა. ამბობდნენ, ცოლი არასდროს ჰყოლიაო. ყავა, ნამცხვარი, ხილი _ ასეთ რამეებს გვახვედრებდა ყოველ ჯერზე. გველაპარაკებოდა ყველაფერზე, რაც კი რამ საინტერესო იყო _ მხატვრობაზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, სიყვარულზე, ურთიერთობაზე, სექსზე… ისეთ ინტიმურ გარემოს ქმნიდა თავის გარშემო, მე კი არა, მგონი, ყველა ჩემი კურსელი გოგო მასზე იყო შეყვარებული, თუმცა ხმამაღლა ეს არავის უთქვამს. ვერც ვამბობდით, რადგან ის ჩვენთვის ასაკოვანი მამაკაცი იყო და არჩევანს არავინ მოგვიწონებდა.
ბოლო დროს შევატყვე, რომ ჩემით განსაკუთრებით დაინტერესდა. როცა ლექციას ატარებდა, მხოლოდ მე მომჩერებოდა, თითქოს ჩემ გარდა აუდიტორიაში სხვა არავინ ეგულებოდა. ლექციის მერე რამდენჯერმე გამაჩერა, წიგნები მომცა, ესენი წაიკითხე და მერე მომიყევი, შენზე რა შთაბეჭდილება მოახდინაო. ასე ნელ-ნელა დამიახლოვა და შემიჩვია. მერე სიყვარულზეც ჩამოაგდო ლაპარაკი. მაგიჟებო, უშენოდ ვერ ვძლებო. მინდა ერთად ვიყოთო. ოჯახიც შეიძლება შევქმნათო… მეც რა მინდოდა მეტი, უტვინო პატარა გოგოს, რომელსაც ჯერ ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებოდა?
მერა რა, რომ ბაბას გაზრდილი ვიყავი? ვინც ჩემს ბაბაკოს არ იცნობს, ვერ მიხვდება, როგორი ბებიაა იგი. არასდროს გმოძღვრავს, არასდროს შენიშვნას არ მოგცემს. როცა რჩევას ჰკითხავ, ყოველთვის მაგალითებით გიბრუნებს პასუხს _ მე რომ შენხელა ვიყავი… ასე იწყებს ხოლმე და ზუსტად ისეთ ამბავს მოჰყვება, როგორი პრობლემაც იმ მომენტში მაქვს. თითქოს მას გადახდა. შეიძლება გადახდა კიდევაც, რას გავიგებ? და ისე დახატავს ამ ამბავს, ისე მიიყვანს ბოლომდე, უკვე ხვდები, შენი ნაბიჯი მცდარია თუ გამართლებული. პირდაპირ გიჩვენებს გზას, როგორ უნდა მოიქცე.
ადას ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშლია. ყველგან დავდივარ _ მეგობრებთან, ნაცნობებთან, დაქალებთან. ღამისთევით თუ გვიანობამდე. არც დალევას მიკრძალავს და არც ბიჭებთან შეხვედრას. გეგონება, ზუსტად იცის, რომ ცუდს არაფერს ჩავიდენ და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მაგარი გოგო ვიქნები, სანაქებო და თითით საჩვენებელი.
აი, ამიტომაც ვმეგობრობთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. თუ რამე არ მოეწონება, ერთ მზერას მესვრის, უსიტყვოდ, ხმის ამოუღებლად და იქ დაამთავრებს. ეს მზერა კი მომაკვდინებელია. იმწუთას მირჩევნია, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს. მირჩევნია, გამლანძღოს, სულელი მიწოდოს, გამოშტერებული, ჩერჩეტი, ოღონდ ასე არ შემომხედოს. ასეთი ჩუმი საყვედური ადგილზე მკლავს. ამიტომაც შევარქვი „სიჩუმის იმპერატორი“. თავისი სიჩუმით შეუძლია გაგანადგუროს.
ერთ დღესაც, ლექციის შემდეგ, გიორგი გველესიანმა შინ დამიბარა, საღამოს ექვს საათზე, თან გამაფრთხილა, მხოლოდ შენ იქნები, სხვები არ მოვლენ, რადგან ჩვენ ბევრი სალაპარაკო გვაქვსო. ამის გაგონებაზე დამცეცხლა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რა მელოდა მასთან მარტო დარჩენილს. კიდევ ბევრი რაღაც მითხრა, რამაც უარესად შემაშინა. თან დააყოლა, დღეს 50 წლის გავხდი და იმედია, არ გამაწბილებო. ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა ამ გაწბილებაში _ მასთან მიუსვლელობა თუ მერე სხვა რამეებზე უარის თქმა. მაგრამ რა საჭირო იყო დაკონკრეტება? ისედაც მივხვდი _ მას ჩემთან დაწოლა ჰქონდა განზრახული.
სხვა გზა არ მქონდა, ბაბაკოს უნდა გავნდობოდი და მეკითხა, რას მირჩევდა ასეთ სიტუაციაში.
დავბრუნდი თუ არა შინ, მაშინვე მოვუყევი, რაც მოხდა. ადამ ისე მომისმინა, წარბი არ შეუხრია.
_ სონია, ქალწული ხომ ხარ? _ ისე მოულოდნელად მკითხა, დაბნეულობისგან ავილეწე.
_ კი, ვარ. _ მივუგე მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ.
_ რატომ? _ მკაცრად გამოუვიდა შეკითხვა.
_ რა რატომ? _ ჩემი დაბნეულობა სულშებერილ ბაბუაწვერასავით გაიპნა ჰაერში.
_ რატომ ხარ-მეთქი. შენი ასაკის გოგოებს ცხრა კაცი ჰყავთ გამოცვლილი. დავიჯერო, ისე არავინ მოგწონებია, რომ ცდუნებას აჰყოლოდი?
_ კი, როგორ არა, მომწონებია, მაგრამ რა ვიცი, ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე არ მიფიქრია.
_ და არ იცი, რატომ, ხომ?
თავი დავუქნიე დასტურის ნიშნად.
_ მე გეტყვი, რატომაც. რადგან გულის ხმას არ აჰყევი და გონებას დაუჯერე. გული ყველაზე ცელქი ორგანოა, ჩემო გოგო, რომელსაც თვალი აცდუნებს. კარგია, რომ გონებას ასე მყარად უჭირავს ხელში შენი თვალ-გული. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეჭირა. ახლა რა ხდება? რა შეიცვალა? რაო, რას გეუბნება ის შენი ლექტორი, რა მინდაო?
_ ასე მითხრა, მოდი, ერთად ვიყოთ, ვნახოთ, როგორ შევეწყობით ერთმანეთს და მერე შეიძლება დავქორწინდეთ კიდევაცო.
_ თუ არადა, რაო? _ გულგრილად მკითხა ბაბამ.
_ ნუ, რა ვიცი, ეს არ უთქვამს.
_ მერე? შენ რა უპასუხე? რას ფიქრობ, რამე გადაწყვიტე?
თავდახრილი ბოტასის ცხვირს იატაკს ისე ვურტყამდი, თითქოს მიწას ვჩიჩქნიდი, რათა მისთვის მზერა ამერიდებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბას არაფერს ვუმალავდი და ყველაფერს თამამად ვუყვებოდი, მაინც გამიჭირდა ამ თემაზე საუბარი.
_ არა, არაფერი. შენთან მოვედი რჩევის საკითხავად.
_ ჩემთან? _ ალმაცერად გამომხედა ჩემმა ბაბაკომ, _ მე რა უნდა გირჩიო? მისცე თუ არა აჟიტირებულ ბერბიჭას? _ იმპერატიული ტონით შემეკითხა, _ ასეთ რამეებზე რჩევებს არ იძლევიან, სონია. მსგავს არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო. ვფიქრობ, შენ ის კაცი არ გიყვარს, უბრალოდ, გატაცებული ხარ მისით, რადგან თვალმა დაგაბრმავა, გულმა კი ღალატის პირველი ტალღა გადაგატარა თავზე. ქალწულობის დაკარგვა, წესით, სპონტანურად უნდა ხდებოდეს და არა წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილებით. როცა სიყვარული თავს გავიწყებს და ვნებისგან კონტროლს კარგავ, გამართლებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. შენ თუ იმაზე იფიქრებ, მისცე თუ არ მისცე და ამისთვის სხვისი რჩევაც გჭირდება, გამოდის, რომ ან არ გიყვარს ის კაცი, ან სულელი ხარ და გონიც დაგიკარგავს. მოუსმინე შენს გულს, მერე გონებას და რომელიც უფრო მეტად აყვირდება, იმის ნებას მიჰყევი. ჩემი რჩევა ეს იქნება.
და აქ დაამთავრა. ერთი სიტყვაც არ დაუმატებია თავისი ნათქვამისთვის. ჩემთვის კი ეს არ იყო საკმარისი. თავის ოთახში გასულს უკან გავეკიდე.
_ ბაბა, რატომ გგონია, რომ ეს სიყვარული არ არის? _ სირბილით გავუსწარი და წინ გადავუდექი.
_ იმიტომ, რომ ყველა ურთიერთობა არ არის სიყვარული. შენზე მეტი გამოცდილება მაქვს მაგ საკითხში და, შესაბამისად, შენზე მეტი მესმის. ის, რაც პირველად გიზიდავს ადამიანში, მომავალში შეიძლება შენთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. მესმის, რომ გხიბლავს ის შენი გიორგი, ისეთი თვისებები აქვს, რომ შენში არსებულ ჯერ კიდევ ცარიელი გრძნობის უჯრედებს ავსებს, შეიძლება ძალიან ლაღია, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ზედმეტად განათლებული, თავდაჯერებული, მტკიცე ხასიათის, მაგრამ ადამიანის შესაყვარებლად ეს არაა საკმარისი. შესწავლილი გაქვს მისი ბნელი მხარე? არა. ვერ ხედავ, რომ ფსიქოლოგიურ ომში გიწვევს? შენზე ორ-ნახევარჯერ უფროსია. ზეპირად აქვს შესწავლილი შენხელა გოგოების ფსიქოლოგია. იცის, როგორ დაგახვიოს თავბრუ, სადაა შენი ყველაზე სუსტი წერტილი.
_ სულ არ არის ასეთი. იცი, რა მაგარი კაცია? აი, რომ იცნობდე, ასე არ ილაპარაკებდი მასზე.
_ ვიცნობ ეგეთებს, _ დამცინავი ტონით მომიგო, _ მით უფრო, გველესიანი თუა გვარად. ვიცნობდი ერთ დროს მაგნაირ გველესიანს. ზუსტად ეგეთი იყო. ასეთი ტიპის მამაკაცები ეგოისტი მექალთანეები არიან, ჰედონისტური ცხოვრებით ცხოვრობენ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ცოლად შეგირთავს, როგორ არა! დღე და ღამე მაგაზე ფიქრობს! ახლა კი, გაიაზრე რაც გითხარი, ჩემი თვალით შეათვალიერე ის შენი ლექტორი და მერე როგორც გინდა, ისე მოიქეცი! წახვალ? შენი ნებაა. დარჩები? ეგეც შენი არჩევანი იქნება!
_ მაგრამ რომ მიყვარს?
ამის გაგონებაზე ცალი წარბი მაღლა აუხტა, მეორე დაბლა ჩამოსწია. ერთხანს ასე მომჩერებოდა, მერე კი ჩამჭრელი შეკითხვა დამისვა:
_ რას გრძნობ, როგორ გიყვარს? რაში გამოიხატება, რომ გიყვარს?
მხრები ავიჩეჩე.
_ რა ვიცი… სულ მასზე ვფიქრობ.
_ იცი კი, საერთოდ, რა არის სიყვარული?
_ რახან მიყვარს, ესე იგი, ვიცი.
_ თუ ასეა, წადი და მიეცი! მე რაღას მეკითხები, როგორ მოიქცე? შენ უკვე გადაგიწყვეტია ყველაფერი და მე რას მითანხმებ? მიდი! გელოდება. მოუთმენლად თან. მაგრამ ხვალ რომ ზედაც არ შემოგხედოს, მერე სად მიდიხარ? დავიჯერო, ასეთი მიამიტი ხარ? შენზე ზეწოლა არასდროს მომიხდენია, სონია. რჩევასაც კი დიდი სიფრთხილით გაძლევ ყოველთვის და მგონია, რომ გადასარევად გესმის ჩემი. მგონია, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ითვალისწინებ. როგორც ჩანს, ვცდებოდი. მიყვარსო, გაიძახი! მითხარი მაშინ, გტკივა მისი სიყვარული?
გაგრძელება იქნება ორშაბათს