წლების მერე, როცა დიდი ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ, ოჯახის სადავეები ადას ხელში გადავიდა. იმანაც არ დააყოვნა და როცა გაიგო, რომ პირველი სართულის მეორე მხარეს, ანუ ჩვენს გაყოლებაზე სამოთახიანი ბინაც იყიდებოდა, გაურიგდა მეზობლებს და თვითონ შემოიერთა. ასე რომ, ახლა გაშანშალებული ექვსოთახიანი გვაქვს. ამას გარდა, პირველ სართულზე ვეებერთელა სარდაფია, რომელიც ბაბაკომ საცხოვრებლად მოაწყო. ორი ოთახი სააბაზანოთი, ტუალეტით, სამზარეულოთი გააპიწკინა და სულ აქირავებდა წინა ზამთრამდე.
აი, წინა ზამთარს კი გამოჩნდა ეს კიტა და ისე შეეცოდა ჩემს ბაბაკოს, რომ გასაყინად ვერ გაიმეტა უსახლკარო კაცი და იქ დაასახლა, ოღონდ მხოლოდ ერთ ოთახში, მეორე დაკეტა და დღემდე ასეა დაკეტილი.
სწორედ ეს კიტა მიკაკუნებს ახლა ფანჯარაზე თავისი ბებრული ხელჯოხით.
_ სონია, შენს გაზრდას, შვილო, ასპირინი ხომ არ გექნება?
მხრები ავიჩეჩე. წარმოდგენა არ მქონდა, ასპირინი მოგვეძევებოდა თუ არა სახლში.
_ არ ვიცი, ახლავე ვნახავ, _ მივუგე და ფანჯარა ოდნავ მივხურე, რომ სიცივე არ შემოჭრილიყო. რაც არ უნდა იყოს, გაგანია დეკემბერია.
წამლების ყუთი ჩამოვიღე და მაგიდაზე გადმოვაპირქვავე. გვქონია, ოღონდ აცეტილსალიცილის მჟავა. დასტობით აქვს ადას სულ. როცა კონსერვებს ამზადებს ზამთრისთვის, ამას ჩააყოლებს ხოლმე, კარგად შეინახავს და არ ადუღდებაო. შუშხუნა არ არის, მაგრამ მერე რა? ეგეც ხომ ასპირინია? მთლიანი ფირფიტა გამოვაძვრე წვრილი რეზინით გადაკრულ საკმაოდ სქელ შეკვრას და კიტას მივაწოდე.
_ ცუდად ხომ არ ხართ? _ ზრდილობის გულისთვის ვკითხე.
_ რა ვიცი, რაღაც შემამცივნა და თავის დაზღვევის მიზნით დავლევ ერთ აბს, იქნებ ლოგინად არ ჩამაგდოს. არ მინდა ბებიაშენს კიდევ პრობლემები დავუმატო, _ მორიდებით შემომღიმა ქვემოდან.
_ ლიმონიანი ჩაიც დალიეთ, _ ვურჩიე.
ჩაიცინა. მივხვდი, რატომაც. ლიმონი არ ჰქონდა.
_ ერთი წუთით დამელოდეთ, კარგი? _ ვთხოვე და მაცივარს ვეცი. ბაბაკოს საყინულეში ყოველთვის უდევს დაჭრილი ლიმონი, საზაფხულო ხილის ნაირსახეობა, მარწყვიდან დაწყებული, ალუბლითა და მოცვით დამთავრებული. საყინულის ერთი უჯრა მხოლოდ ასეთი დელიკატესებითაა გამოტენილი. დავავლე ხელი ყველაზე პატარა პლასტმასის გამჭვირვალე ყუთს, რომელშიც დაჭრილი ლიმონი იყო ჩაწყობილი, კარადიდან ჩაის სამი პაკეტიც დავამატე და კიტას მივაწოდე:
_ აი, ლიმონიანი ჩაი დალიეთ და მოგიხდებათ.
_ მადლობა, შვილო, გაიხარე! ადა სახლშია?
_ ჯერ არ მოსულა, მაგრამ უკვე მალე მოვა. გადავცე რამე?
_ არა, არა, ისე მოვიკითხე. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. თქვენ რომ არ მყოლოდით, ალბათ, ჩემი ძვლებიც არ იქნებოდა დიდი ხანია, _ აუწყლიანდა თავისი ულამაზესი ცისფერი თვალები მოხუცს, ჯოხიანი ხელი დაიქნია და თავის „აპარტამენტებში“ მიიმალა.
გული ამიჩუყდა. რა საწყალი კაცია. ვინ იცის, წარსულში როგორი ცხოვრება ჰქონდა. ახლა კი აღარავის სჭირდება და უპატრონოდაა მიგდებული. ერთხელ აუცილებლად უნდა გამოველაპარაკო. მიყვარს ძველების ამბების მოსმენა. რამდენ საინტერესოს გაიგებს ადამიანი მათი ნაამბობიდან. მსგავსი შეიძლება ვერც წიგნებში წაიკითხო და ვერც ფილმებში ნახო.
ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. ჰოლში გავედი და სათვალთვალოში გავიჭვრიტე. ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა, ჩარიტა დეიდა, ანჩაბაძის ქალი. ბაბაკოს უახლოესი დაქალია, თანაც თავადური წარმომავლობის. ბაბას უყვარს მისნაირი დახვეწილი მანერების ადამიანები.
***
კარი მაშინვე გავაღე. ჩარიტამ იცის, დაახლოებით რა დროს ბრუნდება ადა სამსახურიდან და იმიტომაც გვესტუმრა. დღე არ გავა, არ შემოგვიაროს. განცალკევდებიან ბაბაკოს ოთახში და საათობით ლაპარაკობენ. ან კი როგორ არ ელევათ სალაპარაკო? მიკვირს.
ჩარიტა დეიდა (არ ვიცი, დეიდას რატომ ვეძახი, როცა თითქმის ბაბაკოს ხნისაა) ისეთი მსუქანია, კარიდან თითქმის გვერდულად შემოდის. თან უჭირს სიარული. ჯერ ერთ ფეხს შემოდგამს, ცალი ხელით ზედ დაეყრდნობა, მერე ტანს აითრევს და ასე ძლივძლივობით შემოალაჯებს. ამ ხნის ქალია და რომ შეხედავ, იფიქრებ, ნაოჭები სულ არა აქვსო. ნაოჭები მხოლოდ მაშინ ეტყობა, როცა გაიცინებს. ამ დროს თვალის კუთხეებში სხივები უჩნდება. თან თვალები ისე უბრწყინდება, გეგონება, მზემ გამოანათა და სხივები სიმეტრიულად გაშალაო. ტუჩები, მისი პომადიანი ტუჩები, ისეთ თეთრ და ჩაწიკწიკებულ კბილებს აჩენს, იფიქრებ, თექვსმეტი წლის გოგო მიცინისო. იშვიათად მინახავს ასეთი ლამაზი ტუჩ-კბილი.
ჩარიტაც იმ თაობას და ელიტის იმ ნაწილს ეკუთვნის, ნახევრად ქართულად და ნახევრად რუსულად რომ ლაპარაკობენ. ხელებს ისე თეატრალურად ამოძრავებს საუბრისას, შეგშურდება. აშკარად შეატყობ, რომ არისტოკრატიული მანერები შეძენილი კი არა, ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი.
_ რას საქმიანობს ჩვენი დახატული გოგო? _ გამიცინა და ხელი გამომიშვირა, სიარულში რომ დავხმარებოდი.
_ რა ვიცი, არაფერს. კიტას ასპირინი მივაწოდე წეღან და ლიმონი.
_ უი, რა სჭირს, გაცივდა?
_ რაღაც მამცივნებსო და…
_ ჩაი მოუხდება მაგას ლიმონით.
_ ეგეც მივეცი, _ გამეცინა ჩაისა და ლიმონის ხსენებაზე.
_ ეჭვიც არ მეპარება, ადას შვილიშვილს ეგ შეგეშლებოდა? ეჰ, საწყალი კიტა. მენანება ეგ კაცი. _ თავის გაქნევით წარმოთქვა და ხვნეშით ჩაჯდა სავარძელში ჩემს ხელს დაყრდნობილი.
_ გენანებათ? _ მაშინვე ჩავიჭირე მისი სიტყვა, _ იცით ვინაა?
ისეთი სახით შემომხედა, თითქოს რაღაც საშინელება მეკითხოს.
_ ღმერთმა დამიფაროს! ასეთებს რატომ უნდა ვიცნობდე, უბრალოდ, მის ყოფას რომ ვუყურებ, მეცოდება.
_ ჰო, ეგრე მეც მეცოდება. სულ ვფიქრობ, ნუთუ არავინ ჰყავს ამქვეყნად, ან შვილი, ან ნათესავი, ან ახლობელი, რატომ არავინ მოიკითხა აქამდე. უცნაური არ არის?
_ ეხ, რას გაიგებ, შვილო. ამ დროში არაფერია გასაკვირი. სტაროსტ ნე რადოსტ. ვის რად უნდა ბებერი მამა? სამაგიეროდ, ჩვენ ვყავართ აგერ. განა ეს ცოტაა? ნე მალო, გენაცვალე!
_ რა ვქნა, ჩაი შემოვდგა? ყავას ვიცი, რომ არ სვამთ.
_ ოოოპ! ყავა აკლია ახლა ჩემს წნევიან ორგანიზმს, სხვა არაფერი. იყოს, არც ჩაი მინდა. დაველოდები ადას და მერე ერთად დავლევთ. მეგონა, უკვე მოსული დამხვდებოდა.
_ საცაა მოვა. შეიძლება მარკეტში შეიარა. არ დააგვიანებს, თორემ დამირეკავდა.
სწორედ ამ დროს გაისმა ბაბაკოს ხმა ფანჯარასთან, კიტას ელაპარაკებოდა.
_ ე! მოვიდა! _ თითი ფანჯრისკენ გაიშვირა ჩარიტამ და მეც ფანჯარას ვეცი.
ჩვენს გაყოლებაზე, დაახლოებით ორი მეტრის მანძილზე, სანამ ტროტუარი დაიწყება, ბაბაკოს ბინის ჩვენი ნაწილის ტერიტორიისთვის ღობე აქვს შემოვლებული და ულამაზესი ბაღი გაშენებული. აქ ზამთარშიც კი ყვავიან ვარდები და ასტრები. მარადმწვანე ბუჩქებიც და ვეება ნაძვიც კი გვიდგას შუაში. რადგან კუთხის ბინაც შემოვიერთეთ, საკმაოდ დიდი ფართობი გამოგვივიდა, იქითა ნაწილიც მოემატა ეზოს და ადა ზაფხულში მებოსტნეობასაც კი ახერხებს. მწვანილები სულ აქვს. კიტრს წყავის ძირში თესავს და მერე ისე აუყვება ხეს, რომ ბლომად ნაყოფს ისხამს. პამიდორსაც მოუძებნა ადგილი, ქოთნებში ჩათესავს ხოლმე და კაკლის ტოტებზე დაკიდებს იმ სიმაღლეზე, რომ მისი მორწყვა არ გაუჭირდეს. ასე რომ, ზაფხულში ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს. რაც კიტა შემოგვისახლდა, უკეთესად წავიდა საქმე. მოხუცი თავს დასტრიალებს ყვავილებსაც და ბოსტანსაც. არც მორწყვას აკლებს და არც გასხლვას. ამაში მაინც ადგება ბებიაჩემს.
როგორ მახსოვს ის დღე, კიტა რომ გამოჩნდა. შარშან, დაახლოებით ამ დროს. არა, ვცდები. ახალი წელი ჩავლილი იყო უკვე. კოკისპირულად წვიმდა. ადა ის იყო, სამსახურიდან დაბრუნდა და ფანჯარასთან მიახლოებულმა უცებ შეჰკივლა. მეც შეშინებულმა მივაჭერი და გადავიხედე. ზუსტად ჩვენი ფანჯრების წინ იდგა საწყალი კიტა, ცალ ხელში ჩანთა ეჭირა, მეორეში თავისი განუყრელი ჯოხი და ქუჩის ძაღლებს გაჭირვებით იგერიებდა. მე მაშინვე გავყავი თავი გარეთ და ძაღლებს დავუცაცხანე, მაგრამ ვინ მომისმინა? ბაბაკომ კი დაავლო ხელი თავის საწვიმარს, იქვე საკიდარზე ჩამოკონწიალებულ ქოლგას და წამში გავარდა გარეთ. მე სამზარეულოდან ვადევნებდი თვალს. ერთხანს რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ბაბაკო თავს აქნევდა, ხელებს შლიდა. მერე მე ამომხედა და სარდაფის გასაღები ჩამომაწოდეო, დამიძახა. მაშინვე მივაწოდე. და ეს უცნობი კაცი შიგნით შეიყვანა.
კარგა ხანი გავიდა, ბაბა კი არ ჩანდა. ვიცოდი, ადა რომ ყველას დედა ტერეზა იყო, მაგრამ ასეთ ბოგანოსაც თუ პატრონად მოევლინებოდა, რას ვიფიქრებდი? კარგა ხნის მერე ამოვიდა, ტახტი ამოქექა და ერთი ხელი საბანი ამოიღო.
_ ეს უნდა ჩავიტანო, _ ისე მითხრა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა ამისთვის.
_ რა, ჩვენთან რჩება?
_ აბა, ქუჩაში ხომ არ გავაგდებ? ცოდოა, _ მითხრა და თვალი ამარიდა, _ ჯერ იყოს აქ და მერე რაღაცას მოვუფიქრებ.
რა უნდა მეთქვა? ვიცოდი მისი გულის ამბავი. კაცს კი არა, ძაღლს არ დატოვებდა ქუჩაში უპატრონოდ. მთელი ჩვენი უბნის ძაღლებს და კატებს ხომ ეგ აპურებდა, დილა-საღამოს ჩაჰქონდა მათთვის ქვაბებით საჭმელი.
_ კი მაგრამ, ქვემოთ ხომ არის საბანი და ლეიბიც? _ გამიკვირდა.
_ კი არის, მაგრამ ერთი არ ეყოფა. ისეა შემცივნებული, ხვალამდე შეიძლება ვერც გაატანოს. გათბობაც ჩავურთე.
_ ცხელ აბაზანაში არ ჩააწვინე? _ სიცილი ვერ შევიკავე.
თავისი მრისხანე მზერა ბადესავით შემომახვია.
_ შენ წარმოიდგინე, ჩავაწვინე! _ მკვახედ მომიგდო და მამაჩემის ოთახში შევიდა, საიდანაც ცოტა ხნის მერე ხელზე გადაკიდებული ტანსაცმლით დაბრუნდა _ მამაჩემის შარვალი, პულოვერი, სპორტულები, თბილი ხალათი…
_ არაფერი არ მითხრა ახლა იცოდე! _ დამიბრიალა თვალები, საბანსაც სტაცა ხელი და ისევ გავიდა.
ცოტა კი გამიკვირდა, ასე უცებ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რომ შემოუშვა სახლში სრულიად უცნობი ადამიანი, მაგრამ იმდენად დავრდომილი იყო ის კაცი, არც მიფიქრია, რომ გაგვძარცვავდა და მეორე დღეს გამოცარიელებული დაგვხვდებოდა სარდაფი. მაგდენს ნამდვილად ვერ მოახერხებდა, ძლივს დაღოღავდა თავისი ჯოხით. ახლა რომ მოფერიანებულია, ეგეთი კი არ იყო ერთი წლის წინ.
მეორე დღეს ბაბაკო დატვირთული ჩანთით მიადგა კიტას. როგორც გაირკვა, მეორადებში მისთვის ტანსაცმელი უყიდია და მიუტანა.
სარდაფი კი ერქვა ქვედა სართულის საცხოვრებელს, მაგრამ კომფორტულად იყო მოწყობილი. გათბობა გაყვანილი, ცხელი წყალიც, სარეცხი მანქანაც, მაცივარიც და რა ვიცი, აუცილებელი ავეჯიც იდგა, რაც მდგმურებს სჭირდებოდათ.
იმ დღის მერე კიტა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა და, შესაბამისად, ჩვენი მდგმურიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქირას არ გვიხდიდა. საჭმელი ყოველდღე ჩაჰქონდა ადას. თუ თვითონ ვერ ასწრებდა, დამიტოვებდა და გამაფრთხილებდა, ჩასძახე, კალათას ამოგაწვდის და ესენი ჩაულაგეო. ერთადერთი, სარეცხს არ ურეცხავდა, თორემ სხვა მხრივ ისე ექცეოდა, როგორც მშობელს შვილი მოექცეოდა.
რატომ აიღო თავის თავზე მისი მეურვეობა, არ მესმოდა. რატომ ამარაგებდა თუთუნითა და საჭმლით. იქნებ ის კაცი თილისმის ვარიანტი იყო მისთვის? ამასთან, სულ აღიზიანებდა მისი დანახვა. რაც არ უნდა კარგ ხასიათზე ყოფილიყო, როგორც კი კიტა ფანჯრის მინას მოაკაკუნებდა, ბაბა მაშინვე სიბრაზისა და გულგრილობის ნიღაბს ჩამოიფარებდა და ისე მიადგებოდა ფანჯარას.
საწყალი. დიდად არც მე მაწუხებდა და არც ბაბაკოს. თუ ძალიან გაუჭირდებოდა, მაშინ ამოგვძახებდა ხოლმე. მერე და მერე უფრო გაგვიშინაურდა. დილით ფანჯარაზე დააკაკუნებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის საჭმელი უნდა ჩაგვეწოდებინა. რამდენჯერმე ჩარიტაც შევამჩნიე მასთან ჩასული. მასაც ეცოდებოდა და იმასაც მიჰქონდა ხოლმე მოსაკითხი.
მერე თანდათან მომჯობინდა. ბევრჯერ უჯოხოდაც მინახავს ეზოში გავლილი. ახლა ის აპურებდა ქუჩის ძაღლებს და კატებს. ეს პრობლემაც მოუხსნა ბაბაკოს. ადა ჩაუტანდა ხოლმე მათთვის განკუთვნილ დღიურ ულუფას და ისიც აჭმევდა. ახლა უკვე აღარ უღრენდნენ ადრინდელივით მაწანწალა ძაღლები. პირიქით, ორი-სამი ზამთრობით მის კართან იწვა და ღამეს იქ ათენებდა. ზაფხულში ორი მოზრდილი სახლიც კი აუშენა კიტამ მათ და შემოდგომის მიწურულს, როგორც კი აცივდა, ორი ძაღლი იქ შესახლდა.
აი, ასე მხიარულად გადიოდა დრო ჩვენს უბანში.
_ ოხ. ჩარიტა! პრივეტსტვუიუ! _ მხიარულად მიესალმა ადა დაქალს.
_ გდე ტი ბილა დო სიხ პორ, გენაცვალე? _ ჩარიტამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ბაბაკოს, _ უშენოდ ჩაიც კი არ დავლიეთ მე და სონიამ.
_ ჰოდა, ახლავე შევუდგები მაგ საქმეს. მარკეტში შევიარე, გამოგვიცარიელდა მაცივარი და რაღაცები ვიყიდე. სონია, შეალაგე, ბაბა, ესენი მაცივარში, რა?! _ ორი ვეება პარკი მომაწოდა ბაბაკომ.
_ იმასაც მოუტანდი შენ რაღაცებს, შენი ამბავი რომ ვიცი.
_ აბა, რას ვიზამდი, ჩარიტა! ერთი პარკი მაგას დავუტოვე. მაგის ცოდვით ვიწვი, არ ვიცი, რა ვუშველო. ვინმე უნდა მოვნახო, ბინიანი ქალი და შევუსახლო იქნებ. დაბანილ-დავარცხნილი მშვენიერი კაცია, ერთობ სიმპათიური. ა, რას იტყვი? არავინ გეგულება ეგეთი? _ თავის ოთახში შესული ბაბა თან ტანსაცმელს იცვლიდა, თან აქეთ, ჩარიტასთან ბაასობდა.
_ რა ვიცი, გემეტება კი? _ სიცილით გადაბჟირდა ჩარიტა.
_ ხოოო, ეგეც საკითხავია. ამ სიბერეში რა იცი, იქნებ გავგიჟდე კიდევაც. აგერ, სონიაც ოცნებობს ბაბუაზე და… _ ადაც აჰყვა დაქალის ხუმრობას.
_ დევოჩკა, რა მაგის პასუხია და, ეს ბინა გაყიდულაო, გაიგე?
_ კი, გავიგე, _ სპორტულებში გამოწვართული ბაბაკო სასტუმრო ოთახში გამოვიდა, _ ნეტავ ვინ არიან, ხომ არაფერი გაგიგია?
_ დედა-შვილიაო, ემზარას ცოლმა მითხრა. ბიჭი ინვალიდი ყოფილა. ხვალ აპირებენ თურმე გადმოსვლას.
_ ინვალიდი? უი, რა მითხარი! რამდენი წლისაა ნეტავ?
_ დვადცატ შესტ, პა პოემუ, _ მიუგო ჩარიტამ, _ წელს ქვემოთ მოწყვეტილიაო. კრასავეც მუჟჩინა, ნო… _ გაასავსავა ხელები, _ ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი გასაჭირი. იმისთანა ბიჭი იყო, ამ კარებში არ შემოეტეოდაო, მზეომ.
_ უჰ, უჰ, რა მითხარი ეს! მტრისას ასეთი გაჭირვება, მტრისას!
_ წყალი ადუღებულიააა! _ გავძახე ქალებს და ჩემს საძინებელს მივაშურე, სხვისი გაჭირვების მოსმენის ხასიათზე სულაც არ ვიყავი.
გაგრძელება იქნება