მისმა შეკითხვამ დამაბნია და თავსატეხი გამიჩინა. რას ნიშნავს, მტკივა? რატომ უნდა მტკიოდეს, თუკი მიყვარს?
მხოლოდ თავი გავაქნიე, პასუხი არ გამიცია.
_ აი, მაგაშია საქმე! შენ არ ხარ შეყვარებული! სიყვარული რა არის? ეს ტკივილთა ერთობლიობაა, ტკივილი გულის, ტკივილი სულის, გონების, ფიქრის, ყველა კუნთის, ყველა უჯრედის. როცა გიყვარდება, ყველა ეს ტკივილი ერთიანდება და ერთი დიდი ტკივილი ხდება, რომელსაც უნივერსალური ტკივილი ჰქვია. ასე რომ, არსებობს უნივერსალური ტკივილი და ესაა სიყვარულის ტკივილი. ყველას კი არა აქვს ფუფუნება, მსგავსი ტკივილი გამოცადოს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ბევრს განუცდია და კიდევ ბევრი გამოცდის. ზოგი ერთხელ, ზოგი ორჯერ, ზოგიც რამდენიმეჯერ. ამაზე ზღვარი არ არის დაწესებული. ეს გულის და გონების გადასაწყვეტია. სწორედ ისინი არიან სიყვარულის კოლექციონერები. თუ ასეთია შენი მისადმი სიყვარული, წადი! მორჩა ამაზე ლაპარაკი! _ და ისევ ის მზერა, ადგილზე რომ გამგმირავდა ხოლმე.
არა, ასე ნამდვილად არ მიყვარდა. არანაირ ტკივილს არ განვიცდიდი მასზე ფიქრისას. უბრალოდ, ცოტათი მეშინოდა მასთან ურთიერთობის. გაურკვევლობის შიში მიპყრობდა. კიდევ… ცოტათი მრცხვენოდა კიდევაც. თუნდაც ცოლად შევერთე, როგორია მამაჩემზე უფროსი ასაკის კაცის ცოლობა? ლამის ბაბაკოს ხნის იყო. ჩემი ტოლები დამცინებდნენ, ალბათ. ამაზეც ვფიქრობდი.
ადასთან საუბარმა თითქოს ფარდა გადახსნა და სხვა სამყარო და სხვა სინათლე დამანახვა…
ის დღე იმით დამთავრდა, რომ შეხვედრაზე არ წავედი.
მეორე დღეს კი… ოიიი, მეორე დღე იყო, რაც იყო. ჯერ ხომ ლექციაზე თვალი ვერ გავუსწორე ბატონ გიორგის. წინა საღამოს ასეც გავაწბილე და ისეც. ამისთვის მომიწევდა ლექციის შემდეგ მისთვის ახსნა-განმარტების მიცემა. ამიტომ მთელი ორი საათი ეკლებზე ვიჯექი. პირველი შემთხვევა იყო, რომ მისი ახსნილიდან სიტყვაც არ გამიგია, შინაარსი არ გამომიტანია.
თუმცა სულაც არ მომიწია ახსნა-განმარტების მიცემამ.
როცა ლექცია დამთავრდა და გველესიანმა ხმამაღლა წარმოთქვა, აფაქიძე, ცოტა ხნით დარჩიო, ხომ ადგილზე გავქვავდი, მაგრამ როგორც კი ყველა გაიკრიფა, მოულოდნელად კარი გაიღო და აუდიტორიაში ჩემი ბაბაკო ქარზე უსწრაფესად შემოიჭრა.
_ გამარჯობა, ბატონო გიორგი! _ ისეთი აგრესიული ხმით მიესალმა ადა გველესიანს, შიშისგან გული წვივებში გამეპარა.
_ გაგიმარჯოთ?! _ მისალმებას ბოლოში კითხვის ნიშანი დაუსვა ჩემმა ლექტორმა, აქაოდა, შენ ვინღა ხარო.
_ ვაჰ! გივი, შენ ხარ თუ მეჩვენება? _ გაოცებული ტონით შეეკითხა ადა გიორგის და თვალებმოწკურული მიაჩერდა ჩემს სათაყვანებელ ხელოვნებათმცოდნეს.
გივიო? გაოცებისგან მუხლები მომეკვეთა და მერხზე დავჯექი.
_ ადა! გოგო! აქ საიდან გაჩნდი? _ ხელები გაშალა გველესიანმა და ბაბაკოსკენ დაიძრა.
ადამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თვალებგაბრწყინებული კაცი ახლოს არ მიუშვა.
_ ერთი ის მითხარი, გიორგი როდიდან გახდი? _ ისეთი სარკასტული სიცილით შეეკითხა, კაცი ადგილზე გახევდა. მისკენ გაწვდილი ხელები ჩამოუშვა და ღიმილი სახეზე შეეყინა.
_ ხოოო, რა თქმა უნდა, ასეთ სახელგანთქმულ ლექტორს გივი ნამდვილად არ შეეფერება სახელად, _ ცინიკურად შენიშნა ბაბამ, _ აი, გიორგი კი სულ სხვა საქმეა, მეფურად ჟღერს.
_ ადა, რა ხდება? _ მთლად ჩამოყარა ყურები კაცმა, რომელსაც ლამის ვაღმერთებდი. უეცრად საშინლად უსუსური გახდა ჩემს თვალში.
_ რა ხდება? მეკითხები კიდევაც, რა ხდება?! _ ხმას აუწია ადამ, _ ეს გოგო იცი ვინ არის? ჩემი შვილიშვილია! კარგად შეხედე და უფრო კარგად დაიმახსოვრე! დღეიდან სათოფეზე არ გაეკარო, თორემ შენი კაიკაცობის ამბავს მთელ უნივერსიტეტს მოვდებ, იცოდე! გასაგებია? მე მაინც ვიცი, სინამდვილეში ვინც ხარ. აბა, ერთი გაბედე და ამ ჩვენმა საუბარმა ამის ნიშნებზე იმოქმედოს! ქვას ქვაზე არ დავტოვებ, იცოდე!
_ კი მაგრამ, ასეთი რა დავაშავე? ცუდი არაფერი გამიკეთებია სონიასთვის. ისე ჩემი საუკეთესო სტუდენტია. არასდროს მიწყენინებია, შენიშვნაც კი არ მიმიცია. რაში მადანაშაულებ? _ თავი გაისულელა ჩემმა ლექტორმა.
ნეტავ რამ შეაშინა ასე? რა საიდუმლო იცოდა მასზე ბაბაკომ, ასე წამში რომ დააპატარავა ამხელა კაცი?
_ გივი, შენ ყოველთვის თაღლითი იყავი. ახლა, ამდენი წლის მერე, მთლად მიმზიდველი თაღლითი გამხდარხარ, მაგრამ ცეცხლს ეთამაშები! მაშინ ბავშვი იყავი და გაპატიე. გახსოვს, ალბათ, ან კი რა დაგავიწყებდა, ისეთ დღეში ჩაგაგდე. მაგრამ მაშინ სხვა იყო და ახლა სხვაა. ახლა ცეცხლი კი არა, ხანძარი ვარ და გადაგბუგავ, იცოდე! საქვეყნოდ მოგჭრი თავს, თუ სონიას თავს არ დაანებებ!
_ სონია, თუ შეიძლება, მარტო დაგვტოვე, _ უცებ ჩემკენ გამოიხედა გიორგიმ. სახე ისე ასწითლებოდა, თითქოს ამდენ ხანს თონეში იყო ჩაყუდებული.
მაშინვე დავავლე ჩემს ჩანთას ხელი და გავედი. მერე არ ვიცი, დახურულ კარს მიღმა რაზე ილაპარაკეს. ბაბაკოს სხვა საიდუმლოებებთან ერთად, ესეც საიდუმლო გახდა ჩემთვის. სულ რაღაც ათ წუთში გამოვიდა და კრინტი არ დაუძრავს, ისე წამოვედით სახლისკენ.
ჩემი პირველი ცრუსიყვარულის ამბავი იმ დღეს დამთავრდა და ამ თემას მე და ბაბა არასდროს მივბრუნებივართ. რამდენჯერაც მასთან გველესიანზე სიტყვის ჩამოგდება ვცადე, იმდენჯერ ცივად გამაწყვეტინა.
და აი, მას მერე თვეები გავიდა.
დიდი განცდები არ მქონია გიორგისთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლად ადვილად ჩაიარა. განსაკუთრებით ღამით მიჭირდა ხოლმე, დასაძინებლად როცა ვწვებოდი. თან უკვე ვამთავრებდი უნივერსიტეტს და ესეც დამეხმარა გაცრუებული სიყვარულის დავიწყებაში.
ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება. ნეტავ რამ შემაყვარა? რაზე ვფიქრობდი, როცა მისით აღფრთოვანება მიპყრობდა? როგორც კი საშიშროების მოახლოება იგრძნო, კაცმა მაშინვე უკან დაიხია და თავის მართლება დაიწყო. ლამის აქეთ დამაბრალა, თითქოს ტყუილი მოვიგონე, თორემ ჩემი შეცდენა განზრახული სულაც არ ჰქონია.
კიდევ კარგი, ჩემმა ბაბაკომ გადამარჩინა. მაშინ რომ კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადამედგა, მთელი ცხოვრება მწარე სინანულად გამყვებოდა.
ამის მერე ხელახლა „გადავაწყვე“ ჩემი თავი იმ ადამიანად, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპს უნდა მოერგოს. ის შეცდომა კი, როგორც სხვა დანარჩენი, ჩემს გონებაში დაილექა…
***
სანამ მოზარდი ვიყავი, არ მაწუხებდა იმაზე ფიქრი, სონია რატომ დამარქვეს, თუმცა ბევრი მეკითხებოდა, განსაკუთრებით ჩემი ტოლები, რუსული სახელი რატომ დაგარქვესო. თავიდან ამაზე ვერაფერს ვპასუხობდი, რადგან ჩემ გარშემო ბევრი იყო, ვისაც უცხოური სახელი ერქვა, თუმცა მერე და მერე გავაანალიზე, რომ ეს ერთობ იშვიათი სახელი რუსული წარმოშობის იყო. რა თქმა უნდა, პასუხის მისაღებად ბაბაკოს მივაშურე. აღმოჩნდა, რომ ჩემს ბაბას ჰყავდა მეგობარი გოგო, მისი თანატოლი, რომელიც ბავშვობიდან მათ ოჯახში იზრდებოდა, რადგან სამი წლისა მიატოვა უკრაინელმა დედამ და მისი აღზრდა ბაბაკოს ბებიამ, ანა ჩიქოვანმა იკისრა. გამოდის, რომ ბაბაკოც და მისი მეგობარი სონიაც ბებიის გაზრდილები ყოფილან, ისევე როგორც მე. ადას ისე უყვარდა თურმე თავისი მეგობარი, რომ მის პატივსაცემად მე დამარქვა მისი სახელი, რასაც მამაჩემი არ შეწინააღმდეგებია.
სამაგიეროდ დედაჩემი დარჩა უკმაყოფილო. ამის გამო რძალ-დედამთილს შორის ისედაც არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. საბოლოო ჯამში დედაჩემმაც მიატოვა მამაჩემი, დაჰკრა ფეხი და იტალიაში გადაიხვეწა, ჩემი თავი კი ბაბაკოს დაუტოვა გასაზრდელად. ასე რომ, დედა არ მახსოვს. არც მას გავხსენებივარ. არც ის ვიცი, როგორ გამოიყურება. სახლში არცერთი მისი სურათი არ მოგვეძევება. ბაბა მას საერთოდ არ ახსენებს, მამაჩემი _ მით უფრო, რადგან ცხრა წელია ნიუ-იორკში მუშაობს და ორ-სამ წელიწადში ერთხელ თუ მეღირსება მისი ნახვა.
მამა ეკონომისტია, თან კარგი ეკონომისტი და გზა ადვილად გაიკვალა უცხოეთისკენ. ის ერთ-ერთ სერიოზულ ამერიკულ ფირმაში მუშაობს და იქაურ კოლეგებს გაყიდვების ზრდასა და პორტფოლიოს მართვაში ეხმარება. როგორც მისგან ვიცი, პარტნიორ კომპანიებს მათთვის საჭირო აიტი რესურსებს აწვდის. ანაზღაურებაც შესაბამისი აქვს, არც თვითონ უჭირს და არც ჩვენ, ყველაფრით უზრუნველყოფილია. მეორეჯერ დაქორწინდა. ახლა ამერიკელი მეუღლე ჰყავს, მერიენი, თუმცა საერთო შვილი არ შესძენიათ.
ვერ ვიტყვი, რომ მერიენზე მზე და მთვარე ამომდის, მაგრამ ცუდი ურთიერთობაც არ მაქვს. უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე ოჯახურ-დედაშვილური. თვითონაც ცოტა ცივი პიროვნებაა, ძალიან ახლოს არ მიგიშვებს, ამიტომ დიდად არც მე გამომიდია თავი მასთან დასაახლოებლად. რაც მთავარია, მამა და მერიენი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. მამა ვიდეოთვალით ხშირად გვეხმიანება და მე და ბაბაკოც ხალისიანად ვუყვებით აქაურ ამბებს. მამას ჰქონდა მცდელობა, მეც წავეყვანე ამერიკაში, უნივერსიტეტიც იქ დამემთავრებინა, მაგრამ ადამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვერავინ ვერასდროს ვერ მისცემს სონიას ისეთ განათლებას, როგორის მიცემაც მე შემიძლიაო. მართალიც იყო. აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში, არასდროს გამჩენია სურვილი, უცხო ქვეყანაში მესწავლა და მეცხოვრა.
ბაბაკო მართალი იყო. მან მე ყველაფერი მომცა, რაც შეიძლება მშობელმა შვილს მისცეს. მართალია, დედას არ ვეძახი, მაგრამ ჩემთვის დედაზე უფრო ძვირფასია. თვითონ ხომ ფასდაუდებელი განძია და სულ რომ არაფერი მესწავლა სკოლასა და უნივესიტეტში, მარტო მისგანაც შემეძლო ყველაფრის ათვისება. უგზო-უკვლოდ განათლებული ბაბაკო მყავს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამდენი წიგნი მაქვს წაკითხული და ნებისმიერ სფეროში შემიძლია ვეკამათო ნებისმიერ მცოდნე ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ.
ბაბაკო თავზეხელაღებული რომანტიკოსია და ამაში არც მე ჩამოვრჩები. მის რომანტიკულ ბუნებას წლებმა ვერაფერი დააკლო, მიუხედავად იმისა, რომ ქმართან დაშორების მერე მეგობარი მამაკაცი არ ჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მსგავსი არაფერი გამიგია.
ადას საკუთარი ბიზნესი აქვს. გამომცემლობა. ის მწერალია და ამავდროულად, მთარგმნელიც. ორი რომანი აქვს გამოქვეყნებული, სამი _ მოთხრობების კრებული და ექვსი თუ შვიდი ცნობილი მწერლების რომანები _ ნათარგმნი. არაჩვეულებრივად უძღვება თავის საქმეს. განსაკუთრებული სიფაქიზით ახალგაზრდა ნიჭიერ ავტორებს სწყალობს. წიგნებსაც უბეჭდავს და პიარსაც არ აკლებს. გარშემო თავისი თაობის ქალები ჰყავს შემოკრებილი, უნივერსიტეტის დაქალები. ისინი ბაბაკოსთან სტილისტებად მუშაობენ და ბაბაზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იციან თავიანთი საქმე.
მეც თავისი საქმის გამგრძელებლად მიმიჩნევს. მე რომ არ შემეძლება, გამომცემლობას შენ უნდა გაუძღვეო, მეუბნება. ამიტომაც მინდა თუ არ მინდა, ჩამრთავს ხოლმე სამუშაო პროცესში _ ხან კორექტურას გამაკეთებინებს, ხან მეტყვის, ერთი ეს რომანი წაიკითხე და მითხარი, ღირს თუ არა ამის დაბეჭდვაო. ასე ვთქვათ, „ტექნიკურად“ ახდენს ჩემს გადაბირებას. მეც ხალისით ვეხმარები. ამის ბრალიცაა, რომ მუშაობის დაწყებას არ ვჩქარობ. უცებ კარგ თანამდებობაზე არავინ მომსვამს, სტაჟიორად მუშაობა კი დიდად არ მეხალისება. მერე წლები უნდა ველოდო, როდის დამაწინაურებენ. ბაბასთან კი ეს საქმე შემიძლია ერთი ხელის მოსმით მოვაგვარო. პირდაპირ მენეჯერად დამნიშნავს და მორჩა, ეგ არის.
ბაბაკო ახლა კიდევ ერთ რომანზე მუშაობს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, რაზე წერს, ხმას არ იღებს. არც კი მახედებს შიგნით. ჯერ მე თვითონ არ ვიცი, რა გამომივა, ამიტომ ნურაფერს მკითხავო. შეიძლება ბომბი გამომივიდეს, ამას ბოლოს ვნახავთო.
ვნახავთ და ვნახავთ. ზედმეტ ცნობისმოყვარეობას არ ვიჩენ. მოვა დრო და პირველს ვისაც წააკითხებს, მე ვიქნები. ეს დანამდვილებით ვიცი.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ფანჯარაზე კაკუნი რომ გაისმა. ოოოხ! გააწყალა გული ამ მოხუცმა! კიტა იქნებ, სხვა ვინ!
კიტა ერთი უსახლკარო კაცია, მოხუცი. ზუსტად არ ვიცი, რამდენი წლისაა, მაგრამ ჩემი გამოთვლით, სამოცდათხუთმეტის იქნება, თუ მეტის არა. სულ ჯოხით დადის საწყალი, სახე ნაოჭებით აქვს დაღარული. გეგონებათ, სულ ცოტა, ცხრა ომი მაინც გამოუვლიაო, თუმცა ერთობ სიმპათიური მოხუცია და, რაც მთავარია, ის ჩვენი… მდგმურია. ჰო, ალბათ, ასე ითქმის, რახან ჩვენთან ცხოვრობს. არა, მთლად ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ჩვენს ბინაში ცხოვრობდეს. არც ეგრეა საქმე. ის ჩვენს სარდაფში ცხოვრობს.
საქმე ისაა, რომ ჩვენი კორპუსი სამსართულიანია. კორპუსიც არ ეთქმის, უფრო კერძო სახლის ტიპის შენობაა. წლების წინ აქ რესტორანი ყოფილა, მერე მის პატრონს ვალების გამო გაუყიდია და ბაბაკოს ბებია-ბაბუას შეუსყიდია. მაშინ ორსართულიანი ყოფილა, მერე კიდევ დააშენეს ერთი სართული, რადგან ჩემი დიდი ბაბუა, ანუ ბაბაკოს ბაბუა, არქიტექტორი ყოფილა კომუნისტების დროს, გავლენიანი პიროვნება და ეს შენობა თავისთვის დაუთრევია. მერე ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა რამეში, პირველი სართულის ერთი მხარე თავის სახელზე გაუფორმებია, მეორე მხარეს მეგობარი არქიტექტორი შეუსახლებია, ხოლო მოგვიანებით ზემოთ კიდევ ერთი სართული დაუშენებიათ კოლექტიური წესით და მხატვრების სახელოსნოებად მოუნათლავთ. ასე რომ, თუკი მაშინ ვინმე ახლობელი არქტიტექტორი ან მხატვარი ჰყავდა, ყველა აქ შემოუსახლებია.
მას შემდეგ ვინ იცის, რამდენი ათეული წელი გავიდა. ზოგმა გაყიდა თავისი სახელოსნო, ზოგმა ქალაქის ცენტრში გადაცვალა. იმ მეგობარმა არქიტექტორმაც გაყიდა თავისი ბინა და ჩვენს მეზობლად სხვა შემოსახლდა. მერე იმანაც გაყიდა და აგერ, უკვე სამი წელია, ჩვენ გვერდით მდებარე ოროთახიანი ბინა დაკეტილია და თურმე ამას წინათ ვიღაცას შეუძენია. ასე რომ, ახალ მეზობელს უკვე დღე-დღეზე ველოდებით. ერთადერთი მეზობელი გვყავს, რომელიც პირველი დღიდან შემოგვრჩა, ბაბაკოს დაქალი ჩარიტა. ის მეორე სადარბაზოში ცხოვრობს.
გაგრძელება იქნება