დილით უცნაურად შემცივნებულს გამომეღვიძა. საბანი დაბლა ჩაცურებულიყო და, მიუხედავად იმისა, რომ გათბობა ჩართული გვქონდა და პიჟამა მეცვა, მაინც შემცივდა. საბანი ამოვწიე და შიგნით საგულდაგულოდ გავეხვიე. ახლა მანამ არ ავდგები, სანამ კარგად არ ჩავთბები. დღეს შაბათია და ბაბაკოც სახლშია. როგორც ჩანს, ჯერ არც ის ამდგარა. წევს, ალბათ, თავისთვის თბილ ლოგინში და ფიქრებს მისძალებია. არც ის მაწუხებს და არც მე ვაწუხებ.
მობილურს გადავწვდი და საათს დავხედე. ჯერ ცხრის თექვსმეტი წუთი ყოფილა. ცხრაზე კიტა მოგვიკაკუნებს. სხვა დროს უფრო გვიან გვახსენებს თავს, რადგან იცის, რომ შინ მარტო ვარ და ფრთხილობს, სონიას ძილი არ დავუფრთხო, არ გავაბრაზოო, მაგრამ რადგან დასვენების დღეა და ადა სახლშია, აღარ მოერიდება. ბაბას კი უყვარს ფიქრი, მაგრამ გვიანობამდე არასდროს რჩება საწოლში.
მე მიყვარს მარტოობა. ბაბაკოსაც უყვარს მარტოობა. ჩვენ ორივეს გვიყვარს მარტოობა. ამიტომ შაბათ-კვირას, როცა ორივენი სახლში ვართ, ადა თავის ოთახში შეიყუჟება ხოლმე, მე ჩემს ოთახში და ჩვენ-ჩვენს მარტოობას ვეძლევით, თუმცა მარტონი სულაც არ ვართ. მაშინვე გვეწვევიან _ მე ჩემი ფანტაზიები, ბაბაკოს თავისი ფიქრები _ ფერების მიხედვით. ფიქრებსაც ხომ აქვთ ფერები, როგორც ფანტაზიებს, იმ განსხვავებით, რომ ფანტაზია მხოლოდ ფერადია, ნათელი, ჭყეტელაფერებიანი, ფიქრები კი შავიც არის, თეთრიც, ნაცრისფერიც და წითელ-ყვითელიც. ჰოდა, გააჩნია, რა ფერის ფიქრი ეწვევა ბაბაკოს. ამას მერე მისი განწყობით ვხვდები _ თუ კარგ ხასიათზე დგება, ესე იგი, თეთრ, ყვითელ, მწვანე და ოქროსფერ ფიქრებთან მუსაიფობდა, თუ მოწყენილია, ნაცრისფერთან და თუ დანა პირს არ უხსნის, შავთან. მე კი ფიქრზე მეტად ის მიყვარს, როცა ჩემს ფანტაზიებს მოვუხმობ. ფანტაზიაში შეგიძლია დაუშვა ის რეალობა, რომელიც შენს შეგნებულ ცხოვრებაში არასდროს აისახება. ფანტაზია ყველაზე ველური, ყველაზე აღვირახსნილი და თავაშვებული სამყაროა, სადაც ყველაფერი მოსულა. ჯად ლოუსაც კი შეაყვარებ თავს და შენ წინ დააჩოქებ.
ის იყო ძილის შებრუნება დავაპირე, რომ გარედან ხმაური მოისმა. სმენა დავძაბე. გაჩერებული მანქანის ძრავა ხმაურობდა და ვიღაც ბრძანებებს იძლეოდა: „ცოტა მარცხნივ, ცოტაც, ცოტაც, ახლა წამოდი, წამოდი. ვსიო, სტოპ!“
თავიდან ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, მაგრამ მერე გონება გამინათდა. როგორც ჩანს, ახალი მობინადრეები მოგვადგნენ. ხომ თქვა გუშინ ჩარიტამ, ხვალ აპირებენ გადმოსვლასო. ცქვიტად გადმოვხტი საწოლიდან, ჩემი ღუნღულა ატმისფერი ხალათი მოვიცვი, ასეთივე ღუნღულა ცისფერ ჩუსტებში შევაცურე ჩემი ტერფები და ფანჯარასთან მივირბინე. ოღონდ ისე დავდექი, გარედან არავის შევემჩნიე.
ჩამივარდა კოვზი ნაცარში. აქედან სადარბაზოსთან მომდგარი მიკროვატობუსის მხოლოდ კუდი ჩანდა და წარწერის ნაწილი: „ავეჯის გადაზ..“ ჰო, ავეჯის გადაზიდვის სერვისი იყო. ახალი მეზობლები გადმოდიან.
მერე რა მოხდა, თუ ცნობისმოყვარეობას გამოვიჩენ და ფანჯრიდან გადავიხედავ? აბა, ასე ადრე, გაგანია ზამთარში, 6-გრადუსიან ყინვაში, როცა თბილად ნებივრობ საწოლში და ხმაური გაგაღვიძებს, ხომ უნდა დაინტერესდე, რა ხდება შენს ფანჯრებს მიღმა? ვინ მამაძაღლმა დაგირღვია იდილია?
სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება ავიკარი, ნამძინარევი სახე მივიღე და ფანჯარა გამოვაღე. ისე ციოდა, პირდაპირ ცხვირში მეტაკა ზამთრის ყინვა. აბურდულ თმაზე ღუნღულა ხალათის ღუნღულა ქუდი ჩამოვიფხატე და კისერი წავიგრძელე. ვიღაც ორი სპეცფორმიანი მუშა რაფის ტიპის მანქანას ავეჯისგან ცლიდა. ისინი მე ვერ მამაჩნევდნენ, თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი. კიტაც გამოსულიყო. ალბათ, ისიც შეაწუხა ხმაურმა, თავის ხელჯოხს დაჰყრდნობოდა და უცხო ადამიანების ფუსფუსს თვალს ადევნებდა. ამ დროს სადარბაზოდან მაღალი, ხმელ-ხმელი ქალი გამოვიდა და მუშებს უთხრა, პირველ სართულზე, მარცხნივ, კარი უკვე ღიააო. მივხვდი, ეს ქალი ჩვენი ახალი მეზობელი იყო.
სწორედ ამ დროს მსუბუქი ავტომანქანა მოადგა სადარბაზოს და ზუსტად ჩვენი ფანჯრის წინ გაჩერდა, ზუსტად კიტას შესასვლელ ფიცრულ კართან. ყავისფერი ჯიპი იყო. უკან არავინ იჯდა, წინ კი ორი კაცი _ მძღოლი და მგზავრი. წამიც და მგზავრმა ჩემკენ გამოიხედა, თითქოს უცხოს მზერა იგრძნოო. ჩემდა უნებურად, ჟრჟოლამ დამიარა. უსიმპათიურესი ბიჭი მომჩერებოდა. ჩემს დანახვაზე სახეზე წამიერმა გაოცებამ გადაურბინა, რომელიც მაშინვე დამალა. რამდენიმე წამის განმავლობაში ისე შევცქეროდით ერთმანეთს, როგორც ცა და ზღვა. მას თვალებში ზღვა ჰქონდა, ეგეოსის ზღვა, მე კი ცა, ქართული ცა. იშვიათად მენახა ასეთი ლურჯი თვალები, თანაც შავი წამწამებით ისე დაბურული, თითქოს თითქოს ფანქრით არშია შემოუვლიათო. მე ზემოდან დავცქეროდი, როგორც ცა, ის კი ქვემოდან ამომცქეროდა, როგორც ზღვა. უცნაური იყო, მისი თვალების სილამაზეში სევდის მთელი კორიანტელი იდგა, თითქოს მსოფლიოს ყველა დარდსა და ნაღველს მასში მოუყრიაო თავი.
მინდოდა მზერა მომეცილებინა, მაგრამ მოჯადოებულივით ვიყავი, ქანდაკებასავით მივშტერებოდი. ბოლოს მაინც „ვიქალკაცე“ და განზე გავიხედე, მერე სადღაც, მერე კიდევ სადღაც, მაგრამ გზააბნეულ თვალებს ვერ და ვერ მოვუძებნე საბოლოო ადგილი. თან ვიგრძენი, როგორ გამიხურდა ღაწვები.
_ რა ხდება, სონია? _ მომესმა ამ დროს უკნიდან.
ბაბაკო ამდგარიყო. ვერ შევამჩნიე, როდის მომიახლოვდა, ნაბიჯების ხმა არ გამიგონია.
_ ახალი მეზობლები გადმოდიან, _ ძლვისგასაგონი ხმით მივუგე და ფანჯარას მოვშორდი.
შემცივდა. ჩემს ოთახს მივაშურე, რათა ჩამეცვა. ზურგს უკან ბაბას სიტყვები გავიგონე:
_ დილა მშვიდობისა, კიტა!..
ჩემი საძინებლის კარი მოვხურე და ჩაცმას შევუდექი, თან თვალწინ ახალი მეზობლის უკიდეგანოდ ლამაზი თვალები მედგა. აი, ისეთი ბიჭი იყო, გოგო რომ ინატრებდა, ნეტავ შევუყვარდებოდეო. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ის ხეიბარია, ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული.
არა, ასეთი ადამიანის შეყვარებაზე წამითაც არ უნდა ვიფიქრო. წარმომიდგენია, თავისი ავადმყოფობის გამო როგორი გაუსახლისი ხასიათი ექნება. ჭირვეული, გამაღიზიანებელი. ალბათ, სისხლს უშრობს დედამისს. აი, ჩემს დაქალს, ნონას ჰყავს ეგეთი დედა. საცოდავი ქალი უკვე ორი წელია ლოგინიდან ვერ დგება. ნონა პამპერსების ყიდვას ვერ აუდის, თავგადაკლული უვლის ავადმყოფს, ის კი სულ უკმაყოფილოა, სულ ბუზღუნებს. უნდა, რომ შვილი ყოველ წუთს მის გვერდით იყოს, არსად წავიდეს, მარტო არ დატოვოს. არც ტოვებს, მაგრამ საკმარისია, მაღაზიაში გავიდეს რამდენიმე წუთით, რომ უკან მობრუნებულს საყვედურით ავსებს, ამდენ ხანს სად დაეთრეოდი, ერთი საათია, გელოდებიო. გაუმწარა სიცოცხლე ამ ხალისით სავსე გოგოს. ამიტომ მეჯავრება მათთან გასვლა. ნორას ატანა არა მაქვს. ძალიანაა გაეგოისტებული.
_ სონია, რას შვრები? _ ადამ კარი შემოაღო და თავი შემოყო.
_ ვიცვამ.
_ რახან გადმოვიდნენ, ხვალ ჩვენთან უნდა გადმოვიპატიჟოთ. მომეხმარები?
„რას მელაპარაკები“ მზერით გავხედე.
_ რა მოხმარება გინდა?
_ ადამიანს რომ დაპატიჟებ, ნორმალური სუფრა არ უნდა გაშალო? თუ ყავა შევთავაზო, როგორც შენ უმასპინძლდები შენს დაქალებს?
უკმაყოფილების დამალვა ვერ შევძელი.
_ ეს ასე აუცილებელია, ბაბა? გადმოვიდნენ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. რა, წვეულება უნდა მოუწყო?
_ ტყუილად გასწავლი მე შენ სტუმარმასპინძლობის წესებს. როგორ არ გესმის, რომ ახალი მეზობლები არიან, მთელი ცხოვრება ჩვენ გვერდით უნდა გაატარონ. არ გაინტერესებს, როგორი ადამიანები არიან? მე მაინტერესებს.
_ ჰოდა, ცუდები რომ გამოდგნენ, მერე რას შვრები? _ ცოტა უკმეხად გამომივიდა, სულაც არ მეპიტნავებოდა მთელი დღე გაზქურასთან ტრიალი.
_ მერეზე მერე ვილაპარაკოთ. მიდი ახლა, ნუ გეზარება!
_ აუუუ, მოდი რა, ახალ წელს გადმოვიპატიჟოთ. რაღა დარჩა, სულ რამდენიმე დღე. არ ჯობია?
_ სირცხვილ-ნამუსი სულ დაკარგე შენ, როგორც ვატყობ. მიდი, გაინძერი, მეორედ არ მათქმევინო, იცოდე! სამზარეულოში გელოდები! _ გასცა ბრძანება და კარი გაიხურა.
ბუზღუნით დავალაგე ჩემი საწოლი, პიჟამას ბალიშის ქვეშ მივუჩინე ადგილი და ოთახიდან გავედი. უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, ბაბაკო ბოლოს მაინც გაიტანდა თავისას.
განა სტუმრის წინააღმდეგი ვიყავი ან ახალი მეზობლების გაცნობას ვაპროტესტებდი. ის უცნაური თვალები მიკარგავდა მოსვენებას. ჩემი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ ეს თვალები ადვილად დამატყვევებდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა. ნეტავ იმან რა გაიფიქრა ჩემს დანახვაზე? მასაც ჩემნაირი რეაქცია ჰქონდა თუ არა? აი, ეს უკვე მაინტერესებდა. მეც ხომ ლამაზი თვალების პატრონი ვიყავი, ოღონდ არ ვიცი, ვისგან გამომყვა ეს ცისფერი თვალები. ბაბაკოს შავი ბრიალა თვალები აქვს, დედაჩემს, როგორც ამბობენ, თაფლისფერი, მამაჩემს კი რაღაც უცნაური _ აი, თაფლისფერს რომ ნაცრისფერი შეურიო, დაახლოებით ისეთი. რომ ვერ შეადარებ ვერცერთ ფერს, ისეთი. მამასგან ვიცი, რომ ბაბუა მყოლია ცისფერთვალება და, როგორც ჩანს, ჩემში მისმა გენმა იმძლავრა.
სამზარეულოში შესულს მაგიდაზე უკვე დახვავებული დამხვდა საყინულიდან გამოღებული ხორცეულობა, სახაჭაპურე ყველი, რომელსაც ბაბაკო ყიდვისთანავე გახეხავს, პარკებში ათავსებს და მერე საყინულეში უკრავს თავს, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად ჰქონდეს.
_ რის გაკეთებას აპირებ? _ დუდღუნა ხმით ვკითხე.
_ საცივს და ღომს მოვამზადებ, პიტნიან ყველს, ხაჭაპურს გამოვაცხობ, დედალს შევწვავ და ბლინებსაც დავაცხობ. რა ვიცი, არაა საკმარისი?
_ მოცლილი ხარ, მე თუ მკითხავ. არ გეზარება მაინც?
_ გოგო, შენ მთლად დედაშენის კვალზე ნუ წახვედი! ისიც ვერ იტანდა სტუმრებს, სულ ცხვირს იბზუებდა! რა გჭირს, აფაქიძეების არაფერი რომ არ გცხია!
_ სხვათა შორის, შენი არჩეული რძალი იყო, თუ გახსოვს! _ არ მოვერიდე და უხეშად მივახალე.
_ მაგიტომაც ვჭამე დედიჩემის! ახია ჩემზე! _ ჩაილაპარაკა ბაბამ და მე პირი ღია დამრჩა.
ადას, როგორც პროფესიონალ ფილოლოგს, არ სჩვევია სლენგებით, ბარბარიზმებით და ასეთი სალანძღავი ლექსიკით საუბარი. საკმარისია, მსგავსი რამე წამოგცდეს, მაშინვე დაგეტაკება, წესიერად იმეტყველეო. ამწუთას კი ისეთი რამ თქვა, თავის სიცოცხლეში რომ არ წამოსცდენია. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ მაინც, რაც მე ვარსებობ.
დედაჩემზე წარმოდგენა დაკარგული აქვს, თვალის დასანახავად ვერ იტანს, სულით ხორცამდე ეჯავრება და აქვს კიდევაც ამის მიზეზი. არადა, თავის დროზე ტვინი შეუჭამა თურმე მამაჩემს, კარგი გოგოა, თავადური წარმომავლობის, შესანიშნავ შვილებს გაგიჩენსო.
გახსოვთ, რომ ვამბობდი, ჩემს ბაბაკოს ერთი ნაკლი აქვს-მეთქი? სწორედ ეს „თავადური წარმომავლობის“ ახირებაა მისი ნაკლი. რახან თვითონ „ცისფერსისხლიანია“ თავისი ფესვებით, უნდოდა ასე გაეგრძელებინა მომავალშიც და მამაჩემსაც თავადური გვარის გოგო შეერთო ცოლად. თანაც, არც მეორე ტრადიცია დაერღვია და როგორც თვითონ გააჩინა შვილი ცხრამეტი წლისამ, მამაჩემსაც ამ ასაკში შესძენოდა პირმშო. დედაჩემი სუმბათაშვილია გვარად, სახელად კი ინოლა ჰქვია. ბაბაკოს რომ გაუცვნია, უფიქრია, ამისთანა სახელისა და გვარის გოგო ურიგო ნამდვილად არ იქნება ჩემი ვაჟისთვისო და იმ დღიდანვე დაფაცურებულა, რათა ჩემი დედა და მამა ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა. გაიფიქრა და გააკეთა კიდევაც. მამას მაშინვე მოსწონებია დედა, მაგრამ მის ცოლად შერთვაზე სასტიკი უარი განუცხადებია. ჯერ სად მეჩქარება ოჯახის შექმნაო, შორს დაუჭერია. ბაბასგან რამდენჯერ გამიგონია, ჩემს ლევანს, ალბათ, გული უგრძნობდა, მაგ გველის ხელში რა ცხოვრებაც ელოდა და თავს იმიტომ იკავებდაო.
ბოლოს მაინც დაქორწინდნენ. სანამ თაფლობის თვე „მიმდინარეობდა“, კიდევ არა უშავდა მათ ურთიერთობას, ის კი არა, მამა ბოლოს თურმე ყურებამდე აღმოჩნდა შეყვარებული, რასაც დედაჩემზე ვერ იტყოდით. სულ რაღაცით უკმაყოფილო ყოფილა. სულ გართობისკენ გაურბოდა თვალი, ახალი სამოსის ყიდვისკენ. სადმე სტუმრად რომ მიდიოდნენ, თუ ახალი ტანსაცმელი არ ეცვა, ცოცხალი თავით არ მიჰყვებოდა თურმე მამაჩემს, ესენი უკვე მეცვა და სირცხვილია, რას იტყვიან ჩემზეო.
იმ დროს ჩვენი ოჯახი არ ყოფილა შეძლებული. მამა სტუდენტი იყო, დედაჩემიც, ბაბაკო _ მარტოხელა ქალი, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. განა რა უნდა ჰქონოდა იმდენი? თვითონ დედას კი ჰყავდა მდიდარი მშობლები, მაგრამ მისგან დახმარების მიღებას მამა და ბაბა სულ აპროტესტებდნენ თურმე, ჩვენ სამოწყალო არაფერი გვჭირსო. ერთი სიტყვით, ვერ აეწყო ურთიერთობა ვერც ცოლ-ქმარს შორის და ვერც რძალ-დედამთილს შორის. ბაბაკო საერთოდ არაა კონფლიქტური, თუ რამე ეწყინა, ამის აფიშირებას არასდროს ცდილობს. პირიქით, თევზივით ჩაიგუბებს პირში წყალს და არაფრით აგრძნობინებს მწყენინებელს, რომ მან გული დასწყვიტა. ხომ ვთქვი, „სიჩუმის იმპერატორი“ შევარქვი-მეთქი. მაგრამ ბოლოს მასაც აევსო მოთმინების ფიალა. ეს მაშინ, როცა მე გავჩნდი და ჩემი სახელის შერჩევაზე მიდგა საქმე. ამაზე უკვე ვილაპარაკე და აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბაბაკოს ფიალაში და დედაჩემის მოთმინების ფიალაშიც…
როცა დედა საზღვარგარეთ გაიპარა, იქიდან შემოეხმიანა მამაჩემს, თუ გიყვარვარ, შენც წამოდიო. მამას უკვე ისე ჰყვარებია ცოლი, გამგზავრება გადაუწყვეტია. ჩემი დარდი არ გაჰყვებოდა, რადგან იცოდა, საიმედო ადამიანის ხელში მტოვებდა. ადა დუმილით შეხვედრია შვილის გადაწყვეტილებას, არც მოუწონებია მისი არჩევანი და არც დაუწუნებია. მაგრამ მამა სწორედ რომ მის დუმილს გაუჩერებია. იცოდა დედამისის ხასიათი, თუ არაფერს ეტყოდა, ესე იგი, არ ეთანხმებოდა. მამამ კი ვერ გაიმეტა ბაბაკო დარდისთვის და გამგზავრება გადაიფიქრა.
და კარგიც ქნაო, იტყვის ხოლმე ადა. ეგენი რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ, მაინც ვერ დარჩებოდნენ ბოლომდე ერთად, ის ქალი მალევე მიატოვებდა, რადგან ინოლა ქალი კი არა, ქარაშოტი იყო, ნგრევა უფრო გამოსდიოდა, ვიდრე აშენებაო.
მერე მამაჩემმა უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობა დაიწყო და, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალი, საზღვარგარეთ გაანაწილეს გაცვლითი პროგრამით. იქ ისე კარგად მოეწყო თავიდანვე, რომ დარჩა და დარჩა. და აი, დღეს წარმატებული ეკონომისტია და ამერიკელები უდიდეს პატივს სცემენ…
ბაბას რეპლიკაზე ყურადღება აღარ გავამახვილე და უხმოდ შევუდექი საქმეს. ქვაბი გამოვიღე, ხორცი თბილ წყალში ჩავდე გასალღობად, ყველი კი ემალის ჯამში ჩავაპირქვავე.
ბაბამ ერთხანს მიყურა, მერე კი დამნაშავის ტონით ჩაილაპარაკა:
_ მაპატიე, სონია, შენი გულისტკენა არ მინდოდა.
_ სულაც არ მტკენია.
_ აბა, შეწყინა?
_ არც მწყენია.
_ აბა, რატომ ხარ ასე კოპეშეკრული?
_ საქმის გაკეთება მეზარება და იმიტომ. შაბათ-კვირას მინდოდა დამესვენა, _ გაღიზიანებული ხმით გავუშიფრე ჩემი კოპეშეკრულობის მიზეზი.
_ უფ, თორემ სხვა დღეებში ხომ თავს იკლავ, იმდენ საქმეს აკეთებ. სიქა გაქვს გამძვრალი, _ გაეცინა ბაბაკოს.
გაგრძელება იქნება