მეც გამეღიმა. განა რას ვაკეთებდი? უსაქმურობისგან მთელი დღე ვამთქნარებდი. რამე კერძს თუ მოვამზადებდი ხოლმე, ისიც მაშინ, როცა ბაბას არ ეცალა და გამზადებულ სადილს ვერ ტოვებდა. ან ინტერნეტში ვძრომიალობდი მთელი დღე, ან ვკითხულობდი. წიგნების კითხვა მიყვარს და სხვებისგან განსხვავებით, ეკრანზე კითხვას ფურცლებზე კითხვა მირჩევნია. ასე თვალები ნაკლებადაც მეძაბება და გამოსხივებასაც ვირიდებ თავიდან.
ამ დროს ფანჯრის მინაზე კაკუნი გაისმა. კიტა იყო. საუზმის დრო დასდგომოდა.
_ ე! გიხმობს შენი შეყვარებული, _ გავეხუმრე ადას.
ერთი გენახათ, როგორი მზერით გამომხედა, ადგილზე გამაქვავა. არ უყვარს ბაბას ასეთი ხუმრობები. ვიცი, განა არ ვიცი, მაგრამ ენამ წინ გამისწრო, თან ჩემი „უდროო დროს დასაქმებისთვის“ სამაგიერო გადავუხადე ვითომ.
_ ენას ამოგაძრობ, ეგეთ რამეს მეორედ რომ მეტყვი, _ დააკვესა თავისი წკვარამ ღამესავით შავი თვალები და ფანჯარას მიუახლოვდა.
_ ახლავე ჩამოგაწოდებ! _ ცივად ჩასძახა მოხუცს და კალათა გამოართვა.
_ კიდევ რა ვქნა? _ დოინჯი შემოვიყარე.
_ მიბრძანდი ახლა და რაც გინდა ის ქენი. სანამ ეს ხორცი არ გადნება, ვერაფერს გავაკეთებთ.
_ მწვანილები გაქვს?
_ გუშინ მოვიტანე. _ უკმაყოფილო ტონს არ იშორებდა, თან კალათაში სანოვაგეს ალაგებდა კიტასთვის.
_ ხარჩოსთვის კაკალი არ დავამტვრიო?
_ მეყოფა, რაცაა დამტვრეული.
მხრები ავიჩეჩე, თუ ასეა, მაგას რა სჯობია-მეთქი და ისევ ჩემს საძინებელს მივაშურე.
ამ დროს ადას ლეპტოპში ზარი გაისმა. აშკარად მამა რეკავდა. მაშინვე ბაბაკოს ოთახში გავვარდი, მაგრამ ვერ მივუსწარი. სანამ მე შევიდოდი, ზარი გაწყდა. მე თვითონ ვცადე დარეკვა. არ გამომივიდა. არ აღდგა კავშირი. ახლა მამიკოსთან უკვე საღამოა. როგორც ჩანს, მოვიდა სამსახურიდან და ჩვენთვის მოიცალა. არა უშავს, როგორმე მოახერხებს დარეკვას. ფანჯარა ჩავკეცე და ის იყო, ადგომა დავაპირე, რომ უცებ ეკრანზე ვორდში აკრეფილი ფაილი გამოჩნდა. მგონი, ის რომანი იყო, ბაბა ბოლო დროს რომ წერდა. ზედა მაცხენა მხარეს შევხედე, სადაც ფაილის სათაური მოჩანს და ინტერესით წავიკითხე: „ქალის კოდი“. აჰააა, ეგაა! გვერდების რაოდენობას დავაკვირდი და ჰოი, საოცრებავ! 69 გვერდი უკვე დაწერილი ჰქონდა. ანუ თითქმის ნახევარი! საინტერესოა, რატომ არ მაკითხებს? რას მიმალავს? ეჭვებმა შემბოჭა. ასეთი რა აკრძალული თემაა? სმენა დავძაბე. ბაბა კიტას რაღაცას ელაპარაკებოდა. ამით დრო ვიხელთე და ფაილი ფოსტით ჩემს კომპიუტერში „გადავაფრინე“, მერე კი ამ „გადაფრენის“ ყველანაირი კვალი წავშალე.
ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ იმდენად წამძლია ცნობისმოყვარეობამ, რომ ვერ მოვითმინე. რა თქმა უნდა, არ ვეტყვი, რომანი რომ მოვპარე და როცა წასაკითხად ჩამაბარებს, არ შევიმჩნევ, უკვე წაკითხული რომ მექნება. ცუდი გოგო ვარ? არა მგონია. მართლა! სულაც არ ვარ ცუდი გოგო, მაგრამ ისე მინდა ამ ახალი რომანის შინაარსი გავიგო, რომ გულმა არ მომითმინა და ქურდობა ჩავიდინე. დიდი არაფერი დამიშავებია. ბოლოს მაინც ჩემი წასაკითხი იქნება, მე კი თადარიგი აქედანვე დავიჭირე, არ ჯობია წინ წავიგდო საქმე?
უამრავი წიგნი მაქვს ადას დამსახურებით წაკითხული. ბავშვობიდან მაიძულებდა კითხვას. მომაჩეჩებდა ჩემი ასაკის შესაფერის ლიტერატურას და აბა, კარგი დედის შვილი იყავი, არ წაგეკითხა! მერე იწყებოდა გამოკითხვა _ აბა, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა. უამრავ შეკითხვას დამისვამდა. რასაც მე ვერ მივხვდებოდი, თვითონ მიხსნიდა. ასე ჩამომაყალიბა გემოვნებიან მკითხველად. როცა კლასიკოსები ჩამაბულბულებინა, თანამედროვე მწერლების რომანებზე გადამიყვანა. მერე, როცა თავის საქმიანობაში ჩამაბა, ისეთ წიგნებს მაკითხებდა, სულ რომ არ მაინტერესებდა, მაგრამ რა ჩარა მქონდა, კორექტურა უნდა ჩამესწორებინა და იძულებული ვხდებოდი, გულდასმით წამეკითხა. ამაში კი ხელფასი მეძლეოდა. ჰო, მას თავისთან კორექტორად ვყავდი გაფორმებული და სამუშაოში ფულს მიხდიდა.
ძალიან საყვარელი დაქალები ჰყავს ბაბაკოს. ოთხი სტილისტი და ოთხივეს დედოფლური სახელი ჰქვია: თამარი, ქეთევანი, რუსუდანი და ელენე. ყველანი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მიყვარს, როცა ადასთან გამომცემლობაში მივდივარ. იქ ყველანი ისე მხვდებიან, გული სითბოთი მევსება. ქალებს უხარიათ ჩემი გამოჩენა. ადას მზე გოგო მოვიდაო, ასე მეგებებიან. თან სულ მაქებენ და აღნიშნავენ, რომ ადასავით ჭკვიანი და გამჭრიახი გონების ვარ, რომ კარგად ვუძღვები ჩემს საქმეს და მალე მათ ჩემი ბაბაკო კი არა, მე მოვევლინები უფროსად. არა, რა თქმა უნდა, ეს შორეული მომავლის საქმეა, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, ასე რომ მამკობენ. აბა, ვის არ უხარია ქათიანურის მოსმენა?..
ფეხაკრეფით გამოვედი ბაბაკოს კაბინეტიდან, თითქოს რაღაც საშინელება ჩამედინოს და კვალი წამეშალოს. მაინც ვიგრძენი სინდისის ქენჯნა. მე ხომ ამწუთას ჩემს სათაყვანებელ ბაბას ფიქრები მოვპარე! მაგრამ რა ვქნა, ცდუნებას ვერ ვძლიე…
სასტუმრო ოთახში შემოვედი და ადამაც მიხურა ფანჯარა. ალბათ, შეცბუნება თუ მეწერა სახეზე, რადგან მაშინვე მკითხა:
_ რა იყო, სონია, რა მოხდა?
_ მგონი, მამა რეკავდა და ვერ მივუსწარი.
_ მერე რა, კავშირი გაწყდა, როგორც ჩანს. დარეკავს, ნუ გეშინია, _ „დამამშვიდა“.
_ ხო რა, _ უდარდელი სახე მივიღე და მაშინვე სხვა თემაზე გადავერთე:
_ ჩაულაგე საჭმელი?
_ კიდევაც ჩავულაგე და კიდევაც ჩავაწოდე. ხეთქოს ახლა, რამდენიც უნდა.
გამეცინა.
_ ბაბაკო, იმ კაცს თან ჰყვები, აჭმევ-აცმევ და მაინც სულ ლანძღავ. რატომ? თუ არ გსიამოვნებს, გაუშვი თავის გზაზე, _ „დავმოძღვრე“.
_ სად ჯანდაბაში გავუშვა? რომ ჰქონდეს წასასვლელი, მე კი არ მეხალისება აქ რომ გვყავს. გავაქირავებდი იმ ბინას და ეგ იქნებოდა. რა, ზედმეტი შემოსავალი მაწყენდა თუ რა? _ გაასავსავა ადამ ხელები.
_ კი მაგრამ, უცებ რომ მოკვდეს, მერე რას უპირებ?
ამის გაგონებაზე გადაფითრდა, გეგონებოდათ, ამაზე ჯერ არ უფიქრიაო.
_ ჯერ ერთი, კი არ მოკვდება, გარდაიცვლება. მეორეც, რატომ უნდა გარდაიცვალოს, როცა არაფერი აწუხებს, ჯანზეა და, რაც მთავარია, არც ისეთი ასაკოვანია.
_ რამდენი წლისაა, ისე, ჩვენში რომ დარჩეს? _ დამაინტერესა.
_ მგონი, სამოცდათერთმეტის… არა, სამოცდათორმეტის.
_ უი, მე მეტის მეგონა.
_ იმიტომ, რომ მოტეხა ცხოვრებამ.
_ მოგიყვა რამეს? _ ისევ წამოყო თავი ჩემმა ცნობისმოყვარებამ.
_ ისე რა, გაკვრით, _ ბაბაკომ მზერა ამარიდა და სამზარეულოდან აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა.
ნეტავ ხომ არ მოსწონს ეს კაცი ჩემს ბაბაკოს? ახალი საფიქრალი გამიჩნდა…
***
ძირითადი რაღაცები ბაბაკომ შაბათ საღამოს გაამზადა, კვირისთვის მხოლოდ ღომის გაკეთება, ხაჭაპურის გამოცხობა და ქათმის შეწვა შემოიტოვა. მე, ასე ვთქვათ, შავ საქმეებში ვეხმარებოდი მხოლოდ. საბოლოო ჯამში ისეთი დედოფლური სუფრა გაიშალა, ნებისმიერს შეშურდებოდა. კვირა დილით ჩარიტაც გადმოვიდა, ვითომ მოსახმარებლად, მაგრამ აბა, ლამის 99 კილოგრამ ქალს რისი გაკეთება შეეძლო? იჯდა და საუბრით გვართობდა. მიყვარდა, როცა ის ჩვენთან მოდიოდა, საინტერესო ამბებს ვისმენდი მისი ახალგაზრდობიდან. თან საუბრის უჩვეულო სტილი ჰქონდა, რუსულ-ქართულ სიტყვებს ერთმანეთში ურევდა და ეს უფრო მახალისებდა.
სამი საათისთვის ადა ახალ მეზობლებთან გადავიდა და დაპატიჟა. წესით ამ დროისთვის მე თავი უნდა მომეწესრიგებინა და „იდეალურ ფორმაში“ დავხვედროდი სტუმრებს, თუმცა ასე არ მოვიქეცი. როგორც ვიყავი, შინაურულ ფორმაში, ისევე დავრჩი, რაც ბაბამ გააპროტესტა, მაგრამ მისი პროტესტი ერთ ყურში რომ შევუშვი, მეორიდან გამოვაპარე. არ მინდოდა იმ ლამაზთვალება ბიჭს ეფიქრა, ჩემ გამო საგანგებოდ გამოიპრანჭაო. არადა, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ გავეპრანჭებოდი.
თუმცა კოვზი ნაცარში ჩამივარდა, როცა დავინახე, რომ ადას მხოლოდ ის ხმელ-ხმელი ქალი შემოჰყვა ბომბანერით ხელში, ბიჭი კი არსად ჩანდა. მაშინვე წამიხდა ხასიათი.
ჩვენი ახალი მეზობელი, რომელსაც პეპელა ერქვა, მართლა პეპელასავით ქალი აღმოჩნდა. კი არ დადიოდა, დაფარფატებდა. როცა შემოვიდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, აი, ახლა გამოაჩენს ფრთებს და ჰაერში აიწევა-მეთქი. საშინლად გამხდარი ქალი იყო, თანაც უსაშველოდ მაღალი. გრძელი და წაწვეტებული ნიკაპი ჰქონდა, გრძელი სახე და ჩამოწეული ყვრიმალები. ცოტა ხორცი რომ ჰქონოდა, ლამაზი შესახედაობის იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მასზე ლამაზს ვერ იტყოდით, ცარიელი ძვლები ეჩხირებოდა ადამიანს თვალში. ყველაფერთან ერთად, მკერდი საერთოდ არ ეტყობოდა, იფიქრებდი, ორივე ძუძუ მოჭრილი აქვს ან საერთოდ არასდროს ჰქონიაო.
რა საშინელებაა, როცა მშობლები პეპელას გარქმევენ. რა უბედურებაა, ასე გაწირო შვილი? ასი რომ მყავდეს, ერთს არ დავარქმევ ამ სახელს. რამდენ რამეში სცოდავენ ხანდახან მშობლები, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვილებს სახელის ამორჩევის უფლებამოსილება ხომ წართმეული აქვთ.
პეპელა თბილად მომესალმა, დამლოცა, ბედნიერი გამყოფოს ღმერთმაო, მერე კი ჩემი ასაკით დაინტერესდა. როცა გაიგო, 21 წლის ვიყავი, შეიცხადა, უფრო პატარას ჰგავხარო, რაც მაინცდამაინც არ გამიხარდა.
_ ბექა ვერაფრით ვერ დავითანხმე წამოსვლაზე, მოკრძალებული უარით გამომისტუმრა, _ ოდნავ გაოცებული სახით გვამცნო მე და ჩარიტას ბაბამ.
_ რა ვქნა, იდა, გენაცვალე, _ გაეპასუხა პეპელა, _ თავისი ავადმყოფობის გამო საზოგადოებაში გარევა არ უყვარს. სულ ჩაკეტილია, სახლიდანაც არ გადის, ზის თავისთვის კომპიუტერთან და არის და არის ასე. რომ დაიღლება, მარტო მაშინ გადამყავს „კალიასკაში“, მაგრამ გარეთ კი არ მთხოვს გაყვანას, ან ოთახში გადი-გამოდის, ან აივანზე დაჯდება და ზის ხოლმე ჩაფიქრებული. იმას მოუკვდა დედა, როგორი ბიჭი რა დღეში მყავს, _ ხმა აიჩუყა პეპელამ და თვალები დაენამა.
_ არა უშავს, ჩემო კარგო. მერე და მერე შეგვეჩვევა და აღარ მოგვერიდება. ჩვენ კარგი ხალხი ვართ, კარგი მეზობლობა ვიცით. გაგვიშინაურდება, სად წავა. აგერ, სონიას დაუმეგობრდება. ეს ისეთი გოგოა, ბექას ძალიანაც რომ უნდოდეს, არ მოაწყენს. აგერ დაბრძანდი, მეზობელო და დაიმახსოვრე ამ წუთიდან, რომ შენ ახლა კიდევ ერთი ჩვენიანი ხარ, ამიტომ შინაურულად იგრძენი თავი, არაფრის არ მოგერიდოს, _ ბაბამ საპატიო ადგილის სკამი გამოუწია პეპელას და სუფრის თავში დასვა.
_ ეს ჩარიტაა, გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, არაჩვეულებრივი ადამიანი, სულით და ხორცით არისტოკრატი, _ ხაზი გაუსვა ჩარიტას წარმომავლობას ადამ და დაქალს თვალი ჩაუკრა, ხომ კარგად ვთქვიო.
ჩარიტა ამ დროს ცხელ ხაჭაპურს, ვეებერთელა ნაჭრებად დაჭრილს, ორ თეფშზე ალაგებდა.
ამწუთას სულ არ მშიოდა, შინაგანად ისე ვიყავი აფორიაქებული, რადგან ბექას გამოჩენას ველოდი. რა კარგი სახელი რქმევია.
ჰოდა, მისმა მოუსვლელობამ მადაც დამიკარგა, შინაგანი ფორიაქიც გამიქრო და ჩემი აჟიტირებული განწყობაც შეიწირა. მიუხედავად ამისა, ხაჭაპურზე ვერ ვიტყოდი უარს. თუ რამე მიყვარს ამქვეყნად, ცხელი ხაჭაპურია, თანაც მეგრული, ზემოდან ყველგარეული ათქვეფილი კვერცხი რომ აქვს მოსხმული. როცა ბაბას გამომცხვარ მეგრულ ხაჭაპურს მივირთმევ, ისეთ კმაყოფილ ხმებს გამოვცემ, ვინმემ რომ გაიგონოს, ეს გოგო ჭკუიდან შემცდარაო, დაასკვნის. ბაბაკო მეუბნება, შენ ნამდვილი ხაჭაპურის გემო არ იცი. აი, კეცზე გამომცხვარი უნდა გასინჯო და მერე მიხვდები, ხაჭაპური რა ხილიცააო. არადა, სადღაა ამ დროში ეს კეცი. აქ კი არა, სამეგრელოშიც ვერ იშოვი, სულ რომ ფეხით შემოიარო მთელი დასავლეთი. ერთხელ, ზაფხულში, სოფელში რომ მივდიოდით, შროშაში გააჩერა მანქანა, კეცი უნდა ვიყიდოო, მაგრამ იქაც არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, ლობიოს მოსახარშად შეიძინა მაღალი ქოთანი, ამაში ამოზელილი ლობიო უნდა გაგასინჯოო. ჩავედით თუ არა სამეგრელოში, თავის ნათესავებთან, მართლა დაანთებინა ეზოში ცეცხლი და ძველებურ სამფეხზე შემოდგა ამ ქოთნით ლობიო. ისე, მართლა სხვანაირი გემო ჰქონდა _ თითქოს კვამლის სურნელება აქვს გარეულიო, თან იმწუთას მოკრეფილი მწვანილებით რომ შეანელა, უფ! უკეთესს რას შეჭამდა კაცი! მაგრამ რად გინდა. ჩამოვედით თბილისში და მას შემდეგ ის ქოთანი ერთხელ არ გამოუღია ლობიოს ჩასადგმელად. გაზზე როცა ხარშავ, გინდ ქოთანში ჩაგიყრია ლობიო და გინდ ქვაბში, სულერთია, ეშხი ცეცხლზე შემოდგმულს აქვსო. ჰოდა, გდია ეგერ კარადაში საცოდავი ქოთანი და მხოლოდ დეკორაციადაა ქცეული. მგონი, კეცსაც ეგ დღე დაადგებოდა, სადმე რომ გადასწყომოდა. ხაჭაპურის გამოსაცხობად ბაბა ეზოში, თანაც თბილისში, ცეცხლის დამნთები ნამდვილად არ იყო.
აი, ასეთ რამეებზე ვფიქრობდი და თან ბაბაკოს გამომცხვარი ხაჭაპურით ვიტკბარუნებდი პირს. ქალები თან აგემოვნებდნენ კერძებს, თან ენას არ აჩერებდნენ ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით.
_ რა ხნისაა შენი ბიჭი? _ მხოლოდ ამ შეკითხვას მივაქციე ყურადღება, რადგან იგი ბექას ეხებოდა.
_ ოცდაექვსი წლისაა, ჩემო ადა, ოცდაექვსი დასაწვავი წლის!
_ ნუ ამბობ ასე, პეპელა, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ხელი არ უნდა ჩაიქნიო, _ ანუგეშა ადამ ახალი მეზობელი.
_ და რა დაემართა? _ მორიგი შეკითხვა მე დავსვი და ყურადღებად ვიქეცი.
_ ოხ, შვილო… ჯვარი აქაურობას! მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე მჭირს, _ თავი გააკანტურა პეპელამ, _ კლდიდან მოწყდა და ხევში ჩავარდა, თან ორ ლოდს შორის გაიჭედა და საღამომდე იქ იყო ჩაპრესილი, სანამ მაშველები ჩავიდოდნენ და ამოიყვანდნენ.
_ რას ნიშნავს, მოწყდა? _ ვერ ჩავხვდი ნათქვამის აზრს.
_ მეკლდეური იყო, დედი, კლდეებზე დაცოცავდა ჩემი ცოდვით სავსე. სულ ვეუბნებოდი, დაანებე თავი მაგ ოხერ საქმეს, ერთხელაც არ გაგიმართლებს და დავიღუპებით-მეთქი. ისე აგიხდეს ყველაფერი, ეჰ… _ ხელი ჩაიქნია პეპელამ.
რამდენიმე წამით ყველანი გავისუსეთ. იმწუთას სამივე მისი უბედურების თანამონაწილე გავხდით.
_ მას მერე წელს ქვემოთ მთლიანად მოწყვეტილია. არცერთი რეფლექსი არ უმუშავებს. წელს ზემოთ, იცოცხლე, ბიჭი ვერ აჯობებს, მაგრამ რად გინდა!
_ ბოჟე მოი! _ აღმოხდა ჩარიტას, _ დიდი ხანია ასეა?
_ მეექვსე წელია.
_ ნწ, ნწ, ნწ! ბედნი პარენ! _ ლოყაზე ჩამოისვა ხელი და ასე შეიცხადა ჩარიტამ მეზობლის გასაჭირი.
_ აბააა! _ კვერი დაუკრა პეპელამ, _ ამ დღეში ვართ ამდენი ხანია. ყველაზე უფრო პირველი წელი გაგვიჭირდა. ისეთი დეპრესია ჰქონდა, მტრისას! ყველა ამხანაგს აუკრძალა სანახავად მოსვლა, შეყვარებულიც არ გაიკარა, არავინ, არავინ! მერე რა ვიცი, რაღაცნაირად ნელ-ნელა მოიხედა ჩვენკენ. ძმაკაცებმა კაი ხარისხის კომპიუტერი უყიდეს და მაგან დააინტერესა ძალიან. მერე ბიჭებიც მოდიოდნენ, საათობით რჩებოდნენ, ართობდნენ, თან ასწავლიდნენ მაგ კომპიუტერით სარგებლობას თუ რაცაა. რა ვიცი, მაგის მე ამ ხნის ქალი ვარ და ვერაფერი გავიგე. მერე ისე დაეუფლა, რომ მუშაობაც კი დაიწყო, შეკვეთებს იღებდა. ამან კი დაუბრუნა ცხოვრების ხალისი, მაგრამ გარეთ გასვლაზე მაინც არ გვთანხმდებოდა. სახლიდან მუშაობდა. ახლა, როგორც მაგის ძმაკაცები ამბობენ, ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამისტიაო თბილისში და რა ვიცი.
_ არადა, რა ლამაზი ბიჭია, რა თვალები აქვს, _ დანანებით წარმოთქვა ადამ.
_ ეჰ, ახლა იმის ნახევარი არ არის, რაც იყო. თქვენ მაშინ უნდა გენახათ, სანამ ეს დაემართებოდა, ისეთი ბიჭი მყავდა, როოომ… ჩემი მეზობლები ალენ დელონს ეძახდნენ.
ალენ დელონის ხსენებაზე გამეღიმა. არადა, რა უადგილო იყო ჩემი ღიმილი. ქალი თავის უბედურებაზე ჰყვებოდა, მე კი ვიღიმოდი.
_ ეს ალენ დელონი მაგარ მოდაში იყო თქვენს დროს, არა? _ ჩემი ღიმილი როგორმე რომ გამემართლებინა, ფრანგ მსახიობს გადავწვდი.
_ უიმეე! ეგეთი ლამაზი არც არავინ დაბადებულა მას მერე, _ პეპელამ მაშინვე აიტაცა ჩემი რეპლიკა, _ ახლა რომ არიან ვიღაცები და სექსსიმბოლოო, რომ გაიძახიან, რომელი ერთი შეედრება ნეტავ? ასე არ არის? _ თანხმობის მისაღებად ადას შეხედა პეპელამ.
_ გეთანხმები, ჩემო ძვირფასო, ნამდვილად ასეა, _ დაუდასტურა ადამაც და თავისი ნათქვამი თავის დაქნევითაც გაამყარა.
_ კრასააავეც მუჟჩინა! _ დაამატა ჩარიტამ მეოცნებე სახით და ხელისგულები ერთმანეთს შეატყუპა.
_ შენ თუ მუშაობ, პეპელა? _ ადამ ხაპაჭურის ყველაზე პატარა ნაჭერი გადაიღო და პირისკენ გააქანა.
_ ვმუშაობ, აბა რა ვქნა. ამ ბიჭს იმდენი წამალი სჭირდება, რომ არ ვიმუშაო, ვინ მომცემს. ორი ფირმის მთავარი ბუღალტერი ვარ. სამი დღე ერთგან ვმუშაობ, სამი დღე მეორეგან. კარგად მიხდიან, უკმაყოფილო არ ვარ. ამას მომვლელი არ სჭირდება, თავისით ახერხებს ყველაფერს, თუ ადგომა მოუნდება. სადაც ვცხოვრობდით, იქ სახლთან ახლოს მქონდა სამსახური და დღეში ორ-სამჯერ გადმოვირბენდი ხოლმე, რომ დამეხედა. ახლა არ ვიცი, რა გვეშველება. აქედან არც ისე ახლოსაა ჩემი ფირმები. არადა, მომვლელის გაგონებაც არ უნდა, თორემ ვიქირავებდი ვინმეს. ქმარი მაინც მყავდეს ცოცხალი. ისე, ბედნიერი კი წავიდა ამ ქვეყნიდან, ამ სიმწარეს რომ არ მოესწრო, _ სევდიანად შენიშნა პეპელამ.
_ არა უშავს, ქალბატონო, ღმერთი კარგ ადამიანს არ გაწირავს, _ ანუგეშა ჩარიტამ, _ რა იცი, რა ხდება. იქნებ იქნეს რამე საშველი. ბოგ ვსეგდა ს ნამი, _ დაამატა.
_ შენ მაგაზე არ იდარდო, პეპელა, _ ახლა ადამ დაიწყო მეზობლის გამხნევება, _ ჩვენ მივხედავთ. აგერ, სონია სულ სახლშია, შეაკითხავს ხოლმე, დახედავს. თუ რამე დასჭირდება, არ დაზარდება, _ ახალი საქმე გამომიჩინა ჩემმა ბაბაკომ.
ამის გაგონებამ სუნთქვა ლამის გამიჩერდა, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი, უცებ დააყოლა:
_ სონია, მიდი, ბაბა, შედი ბექასთან, გაიცანი, დაელაპარაკე. იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს და შემოვიდეს.
_ არა, არა, აზრი არ აქვს, მაინც არ შემოვა, ადა, დაანებე თავი, _ პეპელამ მადლიერების ნიშნად ბაბას ხელს თავისი ხელისგული დააფარა.
_ მაშინ ხაჭაპური მაინც შეუტანე, იქნებ შეჭამოს. მიდი, ადექი, ნუ გეზარება, _ შემომიტია ადამ, როცა შუბლზე კოპების დასმით ჩუმი პროტესტი გამოვხატე.
რაღა დამრჩენოდა. პეპელა იქ იყო და ხომ არ გავჯიქდებოდი, არ მინდა იმ ბიჭის ნახვა, თავი დამანებეთ-მეთქი. ზლაზვნით წამოვდექი, სამი ნაჭერი ხაჭაპური თეფშზე დავდე და კარისკენ გავემართე.
_ კარი ღიაა, დედი, რომ შეხვალ, ეგრევე, მარცხნივ, პირველი საძინებელია, _ მომაძახა პეპელამ, _ იქნებ გაუხარდეს ამ ლამაზი გოგოს დანახვა, რა ვიცი. გაიცნობენ მაინც ერთმანეთს.
გაგრძელება იქნება