ერთი სული მქონდა, ბაბაკოს რომანის წაკითხვას როდის დავიწყებდი. რაღაცნაირად გაიწელა ის საღამო. ჩარიტა აღარ მობრუნებულა, ამიტომ ბაბას მარტოს მოუწია სუფრის ალაგებამ, საჭმლის პატარა კონტეინერებში გადატანამ და მაცივარში შედებამ. მე ჭურჭელი დავრეცხე და დავაბინავე. მერე ადამ ცალკე გადადებული საჭმელი ჩანთაში ჩააწყო და დაბლა ჩავიდა, კიტასთან, სადაც კარგა ხანს შემორჩა. ეტყობა, სასმელმა თავისი გაიტანა და იმასაც აეშალა ლაპარაკის საღერღელი. არ ვიცი, რაზე უნდა ესაუბრა ორ სრულიად განსხვავებული ფენისა და მოსაზრებების ადამიანს ამდენ ხანს ერთმანეთთან, მაგრამ ფაქტია, რომ ბაბას შეაგვიანდა. ამან ჩემი დაწოლის პროცესიც შეაფერხა. საძინებლის კარს არასდროს ვკეტავდი, ამიტომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ადა შემოსულიყო. მე კი მეშინოდა, მაინცდამაინც რომანის კითხვის დროს არ წამომდგომოდა თავს.
როცა დაბრუნდა, ჩემდა უნებურად, ზედმიწევნით ყურადღებით შევათვალიერე. არ ვიცი, რას ველოდი, რისი წაკითხვა მსურდა მის სახეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ვერაფერი შევატყვე. არც კმაყოფილი სახე ჰქონია და არც უკმაყოფილო. ისე გამოიყურებოდა, როგორც სხვა დროს, როცა კიტასთან ჩადიოდა ხოლმე.
_ უჰ, როგორ დავიღალე დღეს, ქანცი გამწყდა. ამაღამ მუშაობის თავი არ მაქვს. ერთი სული მაქვს, ლოგინამდე მივაღწიო და თავი ბალიშზე მივდო, _ თქვა, ცარიელი ჩანთა კოხტად დაკეცა და სამზარეულოს კარადის უჯრაში ჩადო.
_ ესე იგი, ყავას არ დალევ?
_ არა, რა ყავა, მერე აღარ დამეძინება. ხვალ მთქნარებით ხომ არ გავსკდები სამსახურში.
_ მე უნდა დავლიო, ცოტას მოვიხსნი დაღლილობას, _ ჩემთვის ჩავილაპარაკე და ელექტროჩაიდნის კნოპს თითი ავკარი.
ჩაიდანმა ჯერ წკაპანი გაადინა, მერე კი აშიშინდა.
_ მამაშენმა ხომ არ დარეკა?
_ არა, არ დაურეკავს, თორემ ხომ დაგიძახებდი.
_ ნეტავ როგორაა ჩემი სონია, _ უცებ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ბაბამ, ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს წაუკიდა.
სმენა დავძაბე. როგორც ჩანს, სასმელმა ესეც გულახდილობის ხასიათზე დააყენა, თორემ მამაჩემის მერე სონია რამ გაახსენა? ნეტავ რამე წამოსცდეს!
_ ისიც არ იცი, რომელ ქალაქშია?
_ ეგ რომ ვიცოდე, როგორმე შევეხმიანებოდი და დავთანხმებდი, აქეთ წამოსულიყო. უკრაინაში გაგანია ომია ახლა, იქ არავის ულხინს.
_ იქნებ ისეთ ადგილასაა, სადაც ბრძოლები არ მიმდინარეობს.
_ რა მნიშვნელობა აქვს, შვილო, ომი ომია. აგვისტოს ომის დროს მეც არ ვყოფილვარ ფრონტის ხაზთან ახლოს, მაგრამ მაინც მეშინოდა. როდის რა მოხდება, წინასწარ კაცმა არ იცის. რუსებს რა მოუფრენთ თავში, ვინ გამოიცნობს? არააადეკვატური ერია! _ გამოლანძღა მთელი რუსეთი.
_ აქეთ რომ წამოვიდეს, რა? აქ რა უნდა აკეთოს?
_ რაღაცას გამოვუძებნიდი, რა პრობლემაა. აგერ იცხოვრებდა ჩემ გვერდით და სადარდებელი მაინც არ ექნებოდა.
_ აააქ? ჩვენთან? _ გავიოცე.
ცალწარბაწეულმა ამრეზით გამომხედა.
_ რა იყო, რა გაგიკვირდა? ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ერთ სახლში, სხვათა შორის. _ მკაცრად შემომიტია.
_ არა, არც არაფერი, ისე ვთქვი, _ თავი უხერხულად ვიგრძენი, _ ისე, რატომ წავიდა ნეტავ, საინტერესო არ არის?
_ რატომ… _ გაიმეორა ადამ, ნაფაზი დაარტყა და ბოლი გაღებულ ფანჯარაში გაუშვა, _ იმიტომ, რომ სისხლმა უყივლა. სამშობლო მოენატრა, დედამისის მოძებნა მოინდომა…
_ ვითომ დედამისი ცოცხალია?
_ მე რა ვიცი! _ აგდებით წარმოთქვა, ნახევრამდე დაყვანილი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და წამოდგა, _ წავედი, მივწვები მე… ჰო, მართლა, ნაძვის ხე როდის უნდა მოვრთოთ?
_ დღეს რა რიცხვია? _ მის კითხვას კითხვით ვუპასუხე და რადგან ელექტროჩაიდანმა ტკაცანით მამცნო, ავდუღდიო, ყავის მომზადებას შევუდექი.
_ ოცდაცხრაა დღეს.
_ ჰოდა, ზეგ ავაწყოთ. არ მიყვარს ადრე აწყობილი ნაძვის ხე, ხომ იცი.
_ შენც ჩემნაირი ხარ, არც მე მიყვარს, _ ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა ბაბამ და ფანჯარა ჩაკეტა, _ ეგერ დავდე ერთი შეკვრა ბამბა, რომ იცოდე და მერე ძებნა არ დაუწყო.
_ ფანტელებისთვის?
_ ჰო.
_ რამ შეგაყვარა ეგ ბამბის ფანტელები, ვერ ვხვდები, რა. ჩვენ გარდა არასდროს არავისთან მსგავსი არაფერი მინახავს, _ მხრები ავიჩეჩე მისი გატაცების აღნიშვნისას და ყავა მოვსვი.
_ არ გინახავს და ნუ გინახავს. ჩემს ბავშვობაში ნაძვის ხეს ეგრე ვრთავდით. სად იყო მაშინ ასეთი „ფრონცქი-ფრონცქი“ სათამაშოები, ახლა რომ თავზე გაყრიათ. მაგით ვალამაზებდით ნაძვს და გვიხაროდა. იქნებ როგორმე მომიშალო ახლა ბავშვობის სიყვარული! _ დამიცაცხანა, _ სანამ მე ცოცხალი ვარ, ამ სახლში ყოველ ახალ წელს ნაძვის ხეს ბამბის ფანტელები დაეყრება და როცა არ ვიქნები, რაც გინდათ ის გიქნიათ, არ მაინტერესებს!.. წავედი მე! _ თქვა და სამზარეულოდან გავიდა.
მეც აღარ დავრჩი. ყავის ფინჯანს ხელი დავავლე და ჩემს ოთახს მივაშურე. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, როდის დავიწყებდი ადას ჩანაწერების კითხვას.
პიჟამა ჩავიცვი, ჩავწექი და ლეპტოპი მოვიმარჯვე. ცოტა ხანს მივაყურადე, ბაბაკოს ფეხის ხმა ხომ არ ისმის-მეთქი და როცა სახლში სიჩუმემ დაისადგურა, მაშინვე ბაბას ახალი რომანი გავხსენი. პარალელურად ინტერნეტიც გამოვიძახე იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად შემოვიდოდა, უცებ ტიკ-ტოკში ამომეყო თავი, ვითომ ვიდეოებით ვერთობოდი.
„ქალის კოდი“ _ ასეთი დასათაურება ჰქონდა ბაბაკოს ახალ ნაწარმოებს და დღიურების სახით იყო დაწერილი. სულშეგუბული გამალებით შევუდექი კითხვას:
„31 დეკემბერი
ჩემი ცხოვრება მრავალტომეული ნაწარმოებია, სადაც მწერალიც და მთავარი გმირიც მე ვარ. რა დამავიწყებს იმ წლებს, როცა სტუდენტი ვიყავი და წელიწადში ორჯერ ჩათვლებისა თუ გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ჭირის დღესავით მეზარებოდა მეცადინეობა. არცერთი ჩემი ჯგუფელი კონსპექტს ხელს არ ჰკიდებდა, წიგნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ მაინც არ რჩებოდათ საგნები ჩაუთვლელი და გამოცდები ჩაუბარებელი. მე და დედაჩემი კი ერთმანეთს ვჭამდით. თუ არ ისწავლი, დარჩები ცარიელ-ტარიელი, უტვინო, გაუნათლებელი და ცოლად ხეპრე ქალს ნორმალური ბიჭი არ შეგირთავსო. ვიღაც ხომ შემირთავს-მეთქი, მეც ჯიბრში ვუდგებოდი. ჰოდა, ვიღაცის იმედად თუ იქნები, როგორც გათხოვდები, ისე გამოთხოვდები და დამიჯდები აგერ სახლში შერცხვენილიო, მამუნათებდა. იმავეს ეუბნებოდა ჩემს დასაც, რომელიც ერთი წლითაა ჩემზე უფროსი. ჭკუით დიდად არ განვსხვავდებით დები ერთმანეთისგან. ისიც ჩემსავით ქერქეტაა, თავში უქრის და თვალი სულ ბიჭებისკენ უჭირავს. მისგან განსხვავებით, მე ბიჭებით არ ვარ გატაცებული, რადგან ჯერჯერობით არავინ მომწონს. ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, ყველა ცერცეტია, მე კი სერიოზული და დინჯი ბიჭები მომწონს. უფრო სწორად, კაცები. ასაკით უფროსი მამაკაცები მიზიდავს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობ.
„ენა (მეტყველება) ზოგისთვის თავშესაფარია და ზოგისთვის სახლი! ჰაიდეგერი მას „ყოფიერების სახლად“ მოიხსენიებს. წესით, ჩვენს სიტყვებს და შინაგან სათქმელს შორის განსხვავება არ უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება? თუ იმთავითვე ენა გაჩნდა, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება…“ _ ვკითხულობ და თავში არაფერი არ შემდის. არადა, ეს გამოცდაღა დაგვრჩა, რომელიც ახალი წლების ჩავლისთანავე უნდა ჩავაბაროთ. ლექტორმა ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ დეკემბერში ერთი გამოცდა იანვრისთვის გადაიდო. ოოოხ! სულ არ მაინტერესებს ამწუთას, ენა ვიღაცისთვის თავშესაფარია თუ სახლი! რა დროს ესაა, რამდენიმე საათში ახალი წელი შემოვა! დედაჩემი გოზინაყს აკეთებს და მოხალული ნიგვზის სუნმა ცხვირში შემიღიტინა.
_ დადუნა, გადადი ერთი ლამზირასთან, უცხო სუნელს გამოგატანს, საცივისთვის მინდა და არ მქონია თურმე.
ახლა კიდევ ლამზირა!
_ რა დროს უცხო სუნელია, მცალია მაგისთვის? სამეცადინო მაქვს! თეო წავიდეს, ჩამოკიდებული რომაა ტელეფონზე, _ ავბუზღუნდი.
_ ტვინს მიგასხმევინებ ახლა, თუ არ ადგები და წახვალ! თეო მთელი დღეა მეხმარება, შენ კი ნაძვის ხეც არ მორთე, შე საზიზღარო! _ იკივლა ნათელამ, _ რა თაობა წამოვიდა, ღმერთო, რა დაგიშავე!
მაშინვე ავდექი და შემოსასვლელში გავიძურწე ქურთუკის ჩასაცმელად. დარჩენა კარგს არაფერს მიქადდა, ვგრძნობდი. ტვინს არ გამასხმევინებდა, მაგრამ მისი მწარე ხელით ალიყური რომ არ ამცდებოდა, ეს ნამდვილად ვიცოდი.
_ უმაქნისი ხარ, გამოუსადეგარი! შენხელა რომ ვიყავი, სარდაფში ვცხოვრობდი, ცარიელ პურს ვჭამდი და სიცივისგან კბილები მიკაწკაწებდა, მაგრამ მაინც ვსწავლობდი, რომ კარგი განათლება მიმეღო. შენ კიდევ ფუფუნებაში ცხოვრობ და ვხედავ, ვერ იფერებ ამას!
ეჰ, დედას ჰგონია, რომ სიძნელეები სიცივე, შიმშილობა და სარდაფში ცხოვრებაა. რანაირი სიძნელე ესაა? მე ამას დისკომფორტს ვეძახი. სიძნელე ისაა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გაკონტროლებენ და არც კინოში გიშვებენ, არც დაქალებთან და არც ექსკურსიებზე. ესე იგი, გამოდის, რომ მე მიცხოვრია სიძნელეში და არა დედაჩემს.
საოცარია, რატომ არ ესმის დედას ჩემი? ხანდახან მგონია, რომ ის ახალგაზრდა არასდროს ყოფილა, დაბადებიდანვე დედა იყო, რომელსაც შვილები უკიდურესი სიმკაცრით უნდა გაეზარდა.
კიდევ რამდენიმე წუთი და მე უკვე გარეთ ვარ. ლამზირა ორი კორპუსის იქით ცხოვრობს. რა მოუსმენს ახლა მაგას. ვერ ვიტან გატყლარჭულ ქალებს, მაგის ქედმაღლურ ლაპარაკს დედაჩემის წიოკობა მირჩევნია.
უეცრად ერთადერთი განათებული ლამპიონის ბოძთან ვიღაც შევნიშნე, ჩაკუზულიყო და თავი ქურთუკის საყელოში ჩაერგო. ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი. აბა, ჭკუათმყოფელი ამ საშინელ ყინვაში გარეთ დაჯდებოდა?
_ ცუდად ხომ არ ხართ? _ წინ დავუდექი და შევეკითხე.
ძალიან დიდხანს მოუნდა თავის აწევას. ასე ნელა ფარდა იხსნება ხოლმე ჩვენს თეატრში, როცა სპექტაკლის სანახავად მივდივართ.
_ ბა-ტო-ნო? _ ერთი სიტყვის ამოთქმასაც კარგა გვარიანი დრო მოანდომა.
ვა, რა კარგი ტიპია! მთვრალია? _ გამიელვა გონებაში.
_ დახმარება ხომ არ გჭირდებათ.
_ აა! _ ისევ ჩაქინდრა თავი, მერე ისევ ასწია, ამჯერად უფრო სწრაფად და დამიკანტურა, _ კი, მჭირდება. დამეხმარები?
_ რა ვიცი, თუკი შევძლებ… _ დამაბნია მისმა უცნაურმა ამოხედვამ.
_ წამოდი ჩემთან, აქვე ვცხოვრობ. ნაძვის ხე მაქვს ასაწყობი და მომეხმარე, არ გინდა?
_ მინდა, _ ჩემდა უნებურად წამომცდა. იმწუთას რა მეტაკა, თავადაც ვერ ვხსნი.
_ აუჰ, შენ გენაცვალე! ჯიგარი ხარ! დაარტყი ხელი! _ გაიცინა უცნობმა, ცქვიტად წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
მეც დავურტყი მის მარჯვენას ჩემი მარჯვენა.
მერე ჩემი თითები თავისაში ჩაბღუჯა და გზას დავადექით. თითქოს მიბარბაცებდა.
_ ჩემი არ გეშინია? _ მკითხა და თითები ოდნავ მომიჭირა.
_ არა. ადამიანები ერთმანეთს თუ არ ვენდეთ, კაცობრიობა დაიღუპება, _ გამოცდილი ქალივით ავლაპარაკდი.
_ ეს ვინ გასწავლა? _ გაიცინა.
_ ცხოვრებამ, _ ამაყად მივუგე.
_ ხა-ხა-ხა! ა-ჰა-ხა-ხააა! _ ახარხარდა, _ და რამდენ წელს ითვლის ეს შენი ცხოვრება?
_ თვრამეტს, _ თავდაჯერებულად კი მივუგე, მაგრამ უკვე ვინანე, გაყოლაზე რომ დავთანხმდი.
_ ასაკთან შედარებით კარგად მსჯელობ. რა გქვია?
_ დადუნა.
_ კარგი გოგო ჩანხარ შენ, დადუნა!
მერე გამომკითხა, ვისთან ვცხოვრობდი, რას ვსაქმიანობდი, შეყვარებული მყავდა თუ არა.
_ არა, არ მყავს. მე არაფერს წარმოვადგენ, ვინმემ რატომ უნდა შემიყვაროს?
_ რას ნიშნავს არაფერს წარმოადგენ? ეგ ვინ ჩაგაგონა?
_ არც არავინ, თვითონ ვხვდები. სულ ჩემი თავის ძიებაში ვარ.
_ მერედა, რას ეძებ, შენ ხომ უკვე არსებობ?
ამ კითხვაზე ვერაფერი ვუპასუხე.
_ აი, მოვედით კიდევაც, _ თქვა და ხრუშჩოვის ტიპის კორპუსის პირველ სართულზე შუაში მდებარე კარს მიადგა…
სულ ერთი ოთახი ჰქონდა, პატარა სამზარეულო და სააბაზანო. აშკარა იყო, ამ ერთ ოთახში ჭამდა, სვამდა და ეძინა.
ოთახში ერთი დივანი იდგა იმისთვის, რომ დაწოლილიყო; პატარა მაგიდა იმისთვის, რომ ესადილა; კამოდი იმისთვის, რომ ტანსაცმელი ჩაელაგებინა. კიდევ რა იყო? ნაძვის ხე, რომელიც ახლა უნდა მოგვერთო. დივანზე ბამბის მთელი გორა იდგა, ხოლო მაგიდაზე ფეხსაცმლის ყუთით შუშის ფერადი სათამაშოები იდო.
_ ამდენი ბამბა რისთვისაა საჭირო? _ გავოცდი.
_ გეტყვი, რისთვისაც. ჩემს ბავშვობაში, ნაძვის ხეს რომ ავაწყობდით, ფიფქების მოვალეობას ბამბა ასრულებდა. დავწეწავდით ბამბას და დავადებდით ნაძვის ტოტებს არეულად, აქ, იქ, მაღლა, დაბლა. ყველა ტოტზე რამდენიმეს. მის ყურებას არაფერი სჯობდა. საოცრად რომანტიკულ ხასიათზე მაყენებდა. მერე დავჯდებოდი ხოლმე ნაძვთან ახლოს, ვუყურებდი ამ ხელოვნურ ფიფქებს და ვოცნებობდი დიდ სიყვარულზე და თუ უკვე შეყვარებული ვიყავი, ხომ ნუ იტყვი! წარმოვიდგენდი, როგორ გვეყრებოდა თავზე მე და მას ეს ბამბის ფიფქები და არ გვასველებდა. მერე, ძირს რომ ბლომად დახვავდებოდა, შიგ ჩავეფლობოდით და ერთმანეთს მიხუტებულები ამ ფიფქებში ვთბებოდით, ამ თეთრ სამყაროში. აი, ასეთი ფანტაზიები მეხვეოდა გარს. თუმცა ჩემი ყველა სიყვარული იმ ბამბის ფიფქებს დაემსგავსა, რომელიც თვალებს არ დაგისველებს, თმაში არ ჩაგადნება, მაგრამ დარჩება და ნამდვილი ვერ იქნება. სამაგიეროდ, ნაძვის ბამბით მორთვა დღემდე დამჩემდა. ახლა გაიგე?
_ კი, გავიგე. რამდენი წლის ხარ და რა გქვია?
_ ოცდათერთმეტი წლის ვარ და კოტე მქვია. კიდევ რა გაინტერესებს?
გავწითლდი, ცნობისმოყვარეობა რომ გამოვიჩინე.
_ მეტი არაფერი. დავიწყოთ ნაძვის მორთვა, _ ხმადაბლა წარმოვთქვი და ყუთიდან წითელი ბურთი ამოვიღე.
_ დავიწყოთ, მაგას რა ჯობია! _ გაშალა ხელები და თვითონაც დასწვდა მეორე სათამაშოს.
როცა ბურთები დავკიდეთ, ბამბის გაწეწვას და ნაძვზე მის მოყრას შევუდექით. უფრო სწორად, ის წეწავდა ბამბას, მაგიდაზე მიდებდა, მე კი ნაძვის ტოტებზე ვალაგებდი. საბოლოოდ მშვენიერი მორთული ნაძვი გამოგვივიდა.
_ აუ, მადლობა, დადუ, შენ რომ არა, ახალი წელი არ გამითენდებოდა წელს, _ მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
თავი უხერხულად ვიგრძენი. ჩემთვის ჯერ არავის უკოცნია, ლოყაზეც კი. მიხვდა, რომ ავირიე და რომ არ შემშინებოდა, უეცრად დასწვდა ბამბის გროვას, ჰაერში გაწეწა და თავზე დამაყარა. გამიხარდა, ბავშვურად რომ მომექცა. მეც არ დავახანე, მოვაგროვე დაყრილი ბამბა და მას მივაყარე. კარგა ხანს ვერთობოდით ასე. მერე სათითაოდ ავკრიფეთ მიმოფანტული ბამბა და კვლავ გროვა დავაყენეთ.
ისევ უხერხულობა. არ ვიცოდით, რა გვექნა, რა გვეთქვა.
_ დავლიოთ რამე? ახალი წელი მოდის, _ დახშულად გაისმა კოტეს ხმა.
_ დალევა აუცილებელია? _ სხეული შემეკუმშა.
_ რა ვიცი, არა? მე მიყვარს დალევა.
_ რატომ?
გაგრძელება იქნება ორშაბათს