_ იმიტომ, რომ ალკოჰოლი ტკივილს აყუჩებს.
_ მე კიდევ დეპრესიაში მაგდებს, _ შევჩივლე.
_ დეპრესია გრძნობებს ამძაფრებს. გინდა ჩემთან? _ სრულიად მოულოდნელად, პირდაპირ დამაჯახა.
_ მგონი, კი. უფროსი მამაკაცები მიზიდავს, _ ძლივსგასაგონად ამოვთქვი და პირი გამიშრა.
_ ადრე გაგიკეთებია ეს ვინმესთან?
_ არა, არასდროს.
_ მაშინ ახლა დროა, სახლში მოუსვა! წამო, გაგაცილებ.
თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. მივხვდი, კოტეს მთლად ბავშვი ვეგონე.
_ ცოტა ხანს ვიქნები. შენთან მომწონს. ისე ვისაუბროთ რამეზე, ხომ შეიძლება?
_ მაგალითად, რაზე? _ თვალმოწკურულმა გამომხედა.
_ მაგალითად, ზოგადსაკაცობრიო იდეებზე.
_ მაგ თემებზე სასაუბროდ სხვა ადგილებში დადიან და არა უცხო მამაკაცებთან სახლში! _ კუშტად მომიჭრა და კარისკენ მიბიძგა.
გავბრაზდი. გაცილებაზე უარი ვუთხარი, ჩემით წავალ-მეთქი.
_ კარგი, მხოლოდ ქუჩამდე მიგაცილებ და მერე შენით წადი, ოღონდ იმ პირობით, რომ ხვალაც მინახულებ.
მისმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
_ შეიძლება?
_ რატომაც არა. შენთვის შეიძლება. მინდა ხვალაც მოხვიდე, ზეგაც, და საერთოდ, ყოველდღე… გამიხარდება, _ მითხრა და ტუჩებში ძალიან ნაზად მაკოცა…
წამოვედი. სასიამოვნო ჟრუანტელი აზვირთებულ ტალღასავით აწყდებოდა ჩემს სხეულს… ეს იყო პირველი კოცნა, რომელიც ცხოვრებაში ვიგემე. რაღაც უხილავი კავშირი დამყარდა ჩვენ შორის… უთქმელი, მაგრამ გასაგები…
დღეს 31 დეკემბერია… თითქოს ყველაფერი მხოლოდ ამ წუთიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ახლა, იქ, იმ პატარა ოთახში დავიბადე და ბამბის გროვაში გამხვიეს…“
რომანის ერთი ჩანაწერი აქ თავდებოდა. სიამოვნებით გავაგრძელებდი კითხვას, მაგრამ დაღლილობამ მეც შემახსენა თავი, ძალიან მეძინებოდა. სადაც გავჩერდი, ის ადგილი წითლად მოვნიშნე და ნოუთბუქი დავხურე… ეს დღე ძლიერი ემოციური დატვირთვით დამიღამდა…
***
მეორე დღეს ისეთი არეული დავდიოდი, თითქოს ნაბახუსევი ვყოფილიყავი. გონებაში ბაბას ახალი რომანი მიტრიალებდა. მართალია, ჯერ დაუწყობელი იყო, მაგრამ კონტურები აშკარად იკვეთებოდა. დადუნას სტუდენტობას არაფერი ჰქონდა ჩემს ბაბაკოსთან საერთო, რადგან ძალიან კარგად სწავლობდა და არც დედას გაუზრდია, მაგრამ ბამბის ფანტელებმა დამაფიქრა. შემთხვევით ნამდვილად არ იყო ნაწარმოებში ნახსენები. იქნებ თავისი ცხოვრების დღემდე დაფარული დეტალები ჩამალა რომანში? მწერლებს სჩვევიათ ასე, რაღაც-რაღაც ეპიზოდებს ხომ საკუთარ წარსულ ჰპარავენ და თავიანთ შემოქმედებაში გამოაქვთ სააშკარაოზე! ვინ იცის, იქნებ ის კოტე სწორედ რომ ბაბუაჩემია და მის ამბავს ჰყვება ჩემი ბაბა? ვნახოთ, ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება. შეიძლება ამიტომაც არ მაკითხებს და არც ახსენებს ახალ რომანზე არაფერს. დავიჯერო, ეშინია, რამეს არ მივხვდე? კი მაგრამ, მერე ხომ მაინც მომიწევს წაკითხვა? არა მგონია, ასე იყოს. ჯერ არა აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული, ფაბულა _ შეკრული, დალაგებული და ამიტომ არ მაყენებს საქმის კურსში. ესაა ალბათ მიზეზი, რომ დღიურების სახით უწერია. არაა გამორიცხული, საბოლოო ვარიანტში სულაც მოშალოს თარიღები და მთლიან თხრობად გადააკეთოს. ბაბაკო ხომ გამოუცნობი პიროვნებაა. მხოლოდ მას შეუძლია ასე, სხვას არავის!
იმ დღესაც მომინდა ბექასთან შესვლა, მაგრამ რაღაცნაირად მომერიდა. რა შეიძლებოდა მომემიზეზებინა მის სანახავად? არც არაფერი. ერთი ნაჭერიც არ დარჩა ხაჭაპური, თორემ შევუტანდი და ვეტყოდი, აი, გუშინ რომ მოგეწონა, დღესაც მოგიტანე-მეთქი, მაგრამ ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
ეს პირველი შემთხვევა იყო, შინ მარტო დარჩენილს მარტო ყოფნა რომ არ მომინდა. ყური და თვალები იქით იყო მიმართული, ახალი მეზობლის ბინისკენ. ისე ვაყურადებდი ხანდახან, თითქოს დარწმუნებული ვიყავი, უცებ მათი ბინის კარი გაიღებოდა და ბექა ჩემს კარს მოადგებოდა კაკუნ-კაკუნით. მეტი არაა ჩემი მტერი!
თუმცა კაკუნი მართლა გავიგონე, ოღონდ არა კარზე, არამედ ფანჯარაზე. ეს კიტა იყო. ამას რაღა უნდოდა? წუხელ იმხელა სანოვაგე ჩაუტანა ადამ, სამი დღე მაინც ეყოფოდა. როგორც ჩანს, სხვა რაღაც სურს ჩვენს ასაკოვან მდგმურს.
ფანჯარა გამოვაღე და რაფას გადავეყუდე.
_ გამარჯობათ, ბატონო კიტა, როგორ ხართ?
_ კაი გამარჯობა შენი, სონია! ღვთის წყალობით, უკეთ ვარ, მომიხდა შენი მოცემული წამალი და ლიმონი. სიცხე არ მაქვს. ცოტა ხველება კი დამჩემდა, მაგრამ ამასაც მოევლება. ახლა სხვა რამისთვის გაწუხებ, ბაბუ! თუთუნი გამთავებია და ადას რამე ხომ არ მოეძევება სახლში? _ მკითხა და დაკვირვებული მზერა მომაპყრო.
ასაკით პატარა კი ვარ, მაგრამ ეგეთ მზერებს და შეკითხვებს ადვილად ვხვდები და ვშიფრავ. მშვენივრად იცოდა, ადა რომ არ ეწეოდა. რამდენი ხანია, მიატოვა, მხოლოდ შემთვრალი თუ წაუკიდებს ხანდახან და ისიც, ნახევრამდე ჩაიყვანს სიგარეტს, მერე კი აქრობს, მაგრამ კიტა იმედოვნებდა, რომ შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი მწეველი, როგორც ჩემხელა გოგოების სულ ცოტა, ოთხმოცდაექვსი პროცენტი და იმიტომაც მიყურებდა ასე დაჟინებით, იქნებ შეცბესო.
ნურას უკაცრავად, ბაბუ! არც მე ვეწევი და რომც ვეწეოდე, არ დავმალავდი, რადგან ამას ოჯახში არავინ დამიშლიდა.
_ არაა! სამწუხაროდ, არც თუთუნი გვაქვს და არც სიგარეტი, ჩვენ ხომ არ ვეწევით. _ სინანული ტუჩების მოპრუწვით გამოვხატე.
_ იქნებ დარჩა-თქო ვინმეს, ვიფიქრე, სტუმრად მოსულებს. _ არ მომეშვა და ახლა უკეთ ჩავწვდი, საით უმიზნებდა _ გავქცეულიყავი მაღაზიაში და მისთვის თამბაქო მომეტანა.
რა შტერი ვარ, როგორ ვერ მივუხვდი. მთლად გაზულუქდა ეს კაცი! რატომ ეზარება ორი ნაბიჯის გადადგმა? წავიდეს და იყიდოს! პენსია ხომ აქვს? მაგას დანაზოგიც ექნება, უეჭველი. არაფერში ფული არ ეხარჯება, ყველაფერს ბაბაკო უზიდავს და ათასში ერთხელ თვითონაც რომ იყიდოს, ქვეყანა დაიქცევა?
_ არ ვიცი, ვნახავ, ბატონო კიტა, თუ სადმე რამე ვიპოვე… _ ფანჯარა მივხურე და ოთახში შევბრუნდი.
გგონიათ, მართლა მოსაძებნად? ოდნავადაც არ შემიწუხებია თავი, რადგან ვიცოდი, მაინც ვერაფერს ვიპოვიდი. ჩემი დაქალები კი ეწევიან, როცა ჩემთან მოდიან, მაგრამ დატოვებით არასდროს ტოვებენ, ერთ ღერსაც კი. თუ რამეა და შემოაკლდებათ, აგერ, ორი ფეხის ნაბიჯზეა „ორი ნაბიჯი“ და უცებ გადაირბენენ ხოლმე.
ცოტა ხანში ისევ გამოვაღე ფანჯარა და იქვე მომლოდინე კიტას ჩავძახე:
_ ვერ ვიპოვე, სამწუხაროდ.
_ კაი, ბაბუ, მაინც მადლობა. მომიწევს დაბლა ჩასვლა, სხვა რა ჩარაა, _ თქვა და ფეხებზე დაიხედა, აქაოდა, ჩემი ფეხების პატრონმა როგორ ვიჩანჩალო ამ სიცივეშიო.
_ მე წავალ და მოგიტანთ, თუ გნებავთ, _ შევთავაზე, რადგან ვიცოდი, ბოლოს მაინც ჩემი მოსატანი გახდებოდა.
ცქვიტად ამომხედა და თავისი ლამაზი თვალები ისე შემომანათა, თითქოს ვიღაცამ ფარდა გადასწია და ოთახში მზის სინათლე შემოუშვაო. მართლა ძალიან ლამაზი თვალები აქვს ამ მოხუცს.
_ თუ არ დამზარდები, სონია, შენს გაზრდას! მიჭირს სიარული, რა ვქნა. აქ ახლომახლო არსად არაა, დაბლა ჯიხურში თუ იქნება, თორემ სხვაგან არ იყიდება ეგ ოხერი! ჩამო, ბაბუ, ფულს გაგატან და მომიტანე, კარგი? სამაგიეროდ, კარგ რამეს გაჩუქებ, აი, ნახავ!
მის ნათქვამზე გამეცინა. პატარა ბავშვს კანფეტით რომ შეევაჭრებიან, ისე გამოუვიდა.
_ ახლავე, ჩავიცვამ და ჩამოვალ! _ ფანჯარა ისევ მივხურე და ტანზე დავიხედე. სპორტულები მეცვა, არაფრის გამოცვლა არ მჭირდებოდა. ფეხსაცმელი და ქურთუკი, _ მხოლოდ ეს იყო საჭირო. სულ რაღაც სამასი მეტრი მქონდა გასავლელი, მეტი კი არა. ცხრა წუთში სახლში ვიქნებოდი…
მართლაც, მალე ამოვედი, ცხრა წუთიც არ დამჭირვებია. თამბაქოც მოვუტანე, ჰილზებიც და ოცლარიანიდან მორჩენილი ხურდაც.
_ ეს შენ გქონდეს, ბაბუ, „სნიკერსი“ იყიდე საახალწლოდ ჩემს სახელზე, _ ხურდაზე უარი მითხრა კიტამ, მაგრამ არაფრით არ დავიტოვე და რადგან არ მართმევდა, იმ ცელოფანშივე ჩავუგდე, რომლითაც ნავაჭრი მოვუტანე.
_ მოდი, მოდი, ცოტა ხანს შემოდი, შეპირებული უნდა გაჩუქო! _ გაახსენდა უცებ და თითების ქნევით მიმიხმო.
_ არა, დიდი მადლობა, არაა საჭირო, _ მეუხერხულა, თან მასთან არასდროს შევსულვარ, არც ვიცოდი, როგორ მოეწყო, რატომღაც, ამის არც სურვილი მქონია არასდროს და არც საჭიროება დამდგარა, ყოველთვის ყველაფერს ფანჯრიდან ვაწოდებდი ან ბაბა ჩადიოდა.
_ კაი, თუ არ გინდა შემოსვლა, აქ დამელოდე მაშინ, _ მითხრა და გატრიალდა.
ნეტავ რა ჯანდაბად მინდოდა კიტას საჩუქარი, ან რა უნდა მოეცა ისეთი, სიხარულისგან მეცხრე ცას ვწეოდი, მაგრამ მომერიდა, უკადრისობაში არ ჩამომართვას-მეთქი და დაველოდე. ამ დროს ვიღაცამ დამიძახა:
_ სონია!
გაოგნებულმა მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავლანდე.
_ აქეთ, მაღლა ამოიხედე!
ახლა მეც შევამჩნიე. ბექა გამოსულიყო თავისი ეტლით აივანზე და ის მეძახდა. რატომღაც, გავწითლდი, მაგრამ არ დავიბენი და ხელი დავუქნიე მისალმების ნიშნად.
_ შემოივლი? _ მკითხა.
უარესად ავილეწე, თითქოს ჩემს გულში იჯდა. დილიდან ვეშურებოდი მის ნახვას და აგერ, თვითონ მიმიპატიჟა.
_ გამოვალ ცოტა ხანში, _ თავის ქნევით ავძახე და ქურთუკის საყელო ყურებამდე ავიწიე ჩემი ალანძული სახის დასამალად.
ამასობაში კიტაც გამოვიდა, საჩვენებელი თითით ძაფზე ჩამოკონწიალებული ნაძვის ხის სათამაშო მოჰქონდა, აშკარად ძველისძველი, გამჭვირვალე შუშის, ასეთები ახლა აღარ იყიდებოდა. თეთრი ბაჭია იყო, უკანა ფეხებზე შემდგარი და ყურებდაცქვეტილი.
_ ნახე, როგორი ლამაზია! თან კურდღლის წელი მოდის და შენს ნაძვის ხეს მოუხდება. წლებია ვინახავ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ უკვე რაში მჭირდება, მე ნაძვის ხეს არ ვდგამ, ტყუილად მიდევს სახლში. გამომართვი, ბაბუ, ნუ გრცხვენია. ოღონდ სანაგვეში არ მოისროლო, იცოდე, თორემ მაწყენინებ!
_ როგორ გეკადრებათ, რატომ უნდა მოვისროლო, ძალიან ლამაზია, _ მოწიწებით გამოვართვი, _ უღრმესი მადლობა, აუცილებლად დავკიდებ ნაძვის ხეზე, თანაც ხვალ ვაპირებ მორთვას.
_ ოოო, გაიხარე. მადლობა, შვილო, დალოცვილი ყოფილიყავი, ბედნიერების მომტანი წელი ჰქონოდეს თქვენს ოჯახს! _ ბებრულად დამლოცა და მხარზე ხელი მომითათუნა.
მომეჩვენა თუ მართლა აუჩუყდა გული? თითქოს აუწყლიანდა თავისი ლამაზი თვალები. საწყალი. რა ცოდოა, ასე მარტო რომაა დარჩენილი და მომკითხავი არავინ ჰყავს. ისე, მეც კარგი მეტიჩარა ვარ! ხომ შემიძლია უფრო დავუახლოვდე და ახლოს გავიცნო? რა იცი, რას მომიყვება თავისი წარსულიდან. იქნებ მითხრას, ვინ ჰყავს _ ცოლი, შვილი, შვილიშვილი… ბოლოს და ბოლოს, ჩემი ინიციატივით მოვძებნიდი მის ნათესავებს და ნამუსზე ავაგდებდი…
სახლში დაბრუნებულმა პირველი, რაც გავაკეთე, სარკეში ჩახედვა იყო. ცუდ ფორმაში ხომ არ ხარ, სონია? ბექასთან უნდა გახვიდე, ამიტომ კარგად უნდა გამოიყურებოდე. რატომ? როგორ თუ რატომ! ის კაცია და აუცილებლად ისე შეგათვალიერებს, როგორც მამაკაცი ქალს. ხომ არ უნდა ათქმევინო, მოუწესრიგებელი მეწვიაო? ფორმაში უნდა იყო, გოგო! _ ფიქრებში წავედიალოგე სარკის სონიას, გავუღიმე და თვალიც ჩავუკარი.
რა წავუღო? ხელცარიელი ხომ არ შევალ? ნეტავ ღომი თუ უყვარს? ვაითუ არ უყვარდეს, მერე? უი, შოკოლადები მაქვს, ჩურჩხელაც და ხურმის ჩირიც. ბაბაკომ მოიმარაგა საახალწლოდ. აი, ამეებს წავუღებ.
პატარა ზომის ცელოფანი ავიღე და ბლომად ჩავყარე სხვადასხვა სახის შოკოლადი, ზემოდან ორი ჩურჩხელა დავადე და ექვსი ცალი ჩირიც. მგონი, საკმარისია. ახლა მზად ვარ მეზობლის მოსანახულებლად!..
კარი, როგორც გუშინ, ღია დამიხვდა, ბექაც _ ჩვეულ ადგილას, თავის საწოლზე, ოღონდ ამჯერად ბალიშებამაღლებული და ზედ ნახევრად მიწოლილი.
_ როგორ ხარ? _ ძალზე შინაურულად მოვიკითხე და ცელოფანი მივაწოდე.
_ ვა, ეგ რეები მომიტანე? ე! ჩირი?! აუ, მაგრად მევასება ეგ ჩირი. რბილი თუა? _ ცელოფანში ხელი ჩაყო და ჩირის სირბილე მოსინჯა, _ მმმმმ… _ თვალები მოწკურა და სახეზე სიამოვნების მიმიკა გადაიკრა, _ მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთია. შენ აასხი?
ისე გამეცინა, ლამის გავიგუდე.
_ ნაყიდია, რა მე ავასხი. ბაბამ იყიდა საახალწლოდ.
_ აუ! _ ვითომ განიხიბლა, _ მეგონა, შენი ნახელავი იყო. არა უშავს, მაინც კარგია. დაჯე რა, ყოველ მოსვლაზე უნდა გეხვეწო, დაჯექი-მეთქი? უცხო აღარ ხარ, ხომ ხედავ, _ ეშმაკური ღიმილით მომცა შენიშვნა და თავის სავარძელზე მიმითითა.
მეც დავჯექი და გუშინდელივით დავბზრიალდი, ერთი წრე დავარტყი მბრუნავი სავარძლით.
_ რა გიქნიათ ეს გუშინ, როგორ დაგითვრიათ დედაჩემი, ფეხზე ვერ დგებოდა, _ სიცილით მითხრა.
_ ჩვენებიც მასე იყვნენ, მარტო დედაშენი არ დამთვრალა. მერე რა?
_ არც არაფერი, მაგრამ ამ დილით ძლივს წავიდა სამსახურში, ისეთ „პახმელიაზე“ იყო.
_ ლუდი უნდა დაელია, _ საქმეში კარგად ჩახედულივით გამოვთქვი ჩემი აზრი.
_ ლუდი არა, მაგრამ არაყი ხუხე-მეთქი, ვუთხარი და ხელები გაასავსავა, სასმლის ხსენებაზეც კი გული მერევაო. კომპოტი წაიღო სამლიტრიანი და წავიდა.
ამაზე ორივეს გაგვეცინა. როგორ უხდებოდა სიცილი, თვალები საოცრად უნათდებოდა ამ დროს, თავისი ულამაზესი თვალები, ხშირ შავ წამწამებში რომ შეემალა.
_ შენ როგორ ხარ? _ უცებ რაღაცნაირი მზრუნველი ტონით მკითხა, როგორც ძალიან, ძალიან ახლობელს, თან ერთი ცალი ხურმის ჩირი ამოიღო პარკიდან და ჩაკბიჩა.
_ სტამბოლის კაჟივით, _ მივუგე და ახლა ამაზე ჩავბჟირდით. კინაღამ გადასცდა ლუკმა ყელში. ტუჩები და ნიკაპი შაქრის პუდრით მოესვარა, რაც საკმაოდ ბლომად ჰქონდა ჩირს მოყრილი.
_ აუ, როგორი ტკბილია, _ აღნიშნა ბექამ და ტუჩები მოილოკა, _ უჰ, უჰ, მესიამოვნა. შენი ბაბაკო მაგრად მანებივრებს, ორი დღეა.
_ ბაბაკო, არა? ჰმ! _ დოინჯი შემოვიყარე და ვითომ გაბრაზებული სახე მივიღე, _ ჰოდა, ხვალ არაფერს არ მოგიტან და დაელოდე, ბაბაკო როდის გაგანებივრებს!
_ ხომ არ გეწყინა? _ უცებ შეეცვალა გამომეტყველება და შეშინებული მომაჩერდა.
_ არა, რა მეწყინა, გავიხუმრე, უბრალოდ. ბაბაკო რომ არა, ვერც ხაჭაპურს მოგიტანდი და ვერც ჩირს, სხვათა შორის.
_ ისე, ძაან ახალგაზრდა ბებია კი გყოლია. გუშინ რომ შემოვიდა, ვერც მივხვდი, ის თუ იქნებოდა. მაგარ ფორმაშია. რამდენი წლისაა?
_ 59-ის.
_ კაი რა! არ მჯერა! ვახ! ორმოცისაც არ მეგონა.
_ ისე, როგორ შეიცვალა, დრო, არა? _ თავი გავაქნიე.
_ რა პონტში?
_ რა და, ბავშვობიდან სულ მეგონა, რომ მხოლოდ ასაკოვანი ხალხი ბერდებოდა. უფრო სწორად, ბაბაკოსხელა ადამიანები უკვე ღრმა ბებერი მეგონა. ახლა ასე აღარ ვფიქრობ.
_ მაშინდელი ბებიები მართლა ბებიებივით გამოიყურებოდნენ და იმიტომ. ბებიებივით იცვამდნენ, ბებიებივით იბერებდნენ თავს, ახლა კი შარვლებში გამოწვართულები დადიან, სილამაზის სალონებში, სპა-საუნებში, აუზზე და ინარჩუნებენ ახალგაზრდობას. მე ეს მომწონს. ასე არ ჯობია? მერე ჩვენც დავბერდებით ნელ-ნელა და ჩვენ გავხდებით ბებია-ბაბ… _ უეცრად სიტყვა პირზე შეაშრა… ის ვერასდროს გახდებოდა ბაბუა, აი, რა გაიფიქრა.
_ ეს დაბერების პროცესი, როგორც ჩანს, ასაკთან ერთად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, _ ისე ვთქვი, არ შევიმჩნიე, რატომ არ დაამთავრა სათქმელი, არ მინდოდა ამის გამო ხასიათი გაფუჭებოდა, _ შენ რას იტყვი?
პასუხი არ გაუცია. უხმოდ შემომცქეროდა და მაკვირდებოდა. ჩვენ შორის დუმილს მის თავზე, კედელზე დაკიდებული საათის ტიკტიკი არღვევდა. ტიკ-ტაკ! ტიკ-ტაკ! მონოტონურად ისმოდა ეს ხმა.
ბოლოს, როგორც იქნა, ჩაიღიმა და მიპასუხა:
_ მე იმას ვიტყვი, რომ გენიალური გოგო ხარ შენ, სონია!
_ კარგი რა… _ გამაწითლა მისმა ქათინაურმა და კიდევ ერთი ბრუნი გავაკეთე სავარძელში, _ ახლა ბაბაკოს ჰკითხე, როგორი ვარ? ყველაფერში მე მადანაშაულებს. სიზარმაცეში, უნიათობაში, უინტერესობაში და რა ვიცი. ცუდი ამინდიც კი შეიძლება მე დამაბრალოს, ან უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალი.
_ გლობალურ დათბობაში არ დაუდანაშაულებიხარ ჯერ? _ ისევ ეშმაკური ღიმილით შემეკითხა და ისევ ავფხუკუნდით.
ასე არ ჯობია? ასეთი ბექა მომწონს მე და არა მელანქოლიური, დეპრესიული.
_ არა, მართლა კარგი გოგო ხარ, დედას გეფიცები! _ ისეთი გულწრფელობით წარმოთქვა, გული ამიჩუყდა.
_ დიდი მადლობა, _ დავიმორცხვე.
_ და მეც კარგი ბიჭი ვარ, _ რიხიანად დაამატა.
_ კი, ვხედავ, რომ კარგი ბიჭი ხარ, თან ულამაზესი თვალები გაქვს, _ მეც მოვიშველიე კომპლიმენტი.
_ მე-ე? რას ამბობ! მეორედ არ წამოგცეს ეგ! ლამაზი თვალები შენ გაქვს, თუ გაქვს. აი, მაგ ზღვასავით ცისფერი თვალებით რომ მიყურებ, მეშინია, შენი თვალები ზღვის ტალღებივით არ შემომასკდეს.
ღმერთო, როგორი ლამაზი ნათქვამი იყო! თან რამხელა სევდა ჩააქსოვა მასში.
შემეცოდა… მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევდი!
_ ჩემი შენ გითხარიო, ისე გამოგივიდა, _ დავეჯღანე, _ სარკეში ჩაიხედე, თუ შეიძლება!
_ სოონ, _ უცებ სახე დაუსერიოზულდა, _ შეყვარებული თუ გყავს?
_ უი, არაა! _ მაშინვე ავიტაცე მისი შეკითხვა, _ რა მეჩქარება? ჯერ ბავშვი ვარ, არც ვიცი, რა არის სიყვარული, _ ხუმრობაში გავუტარე.
_ არც გყოლია? _ არ ამყვა ხუმრობაში და მთელი სერიოზულობით გააგრძელა, _ მართლა მაინტერესებს.
_ არა, _ ყოყმანით მივუგე, _ ერთი მომწონდა ადრე, მაგრამ უკვე აღარ. არ ვიყავით ერთმანეთის შესაფერისი, საერთოდ არ შევეფერებოდი, _ ჩემი ლექტორის სახე ამომიტივტივდა გონებაში.
_ შენ არ შეეფერებოდი? ასეთი ვინ იყო, შენნაირი რომ დაჩრდილა?
_ სხვა დროს მოგიყვები, კარგი? არ მსიამოვნებს იმ პერიოდის გახსენება, _ ისე ვუპასუხე, თითქოს ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა და ოცდაერთის კი არა, ოცდათერთმეტი წლის ვიყავი.
_ კარგი, როგორც გინდა, _ მხრები აიჩეჩა და გვერდზე გადმოტრიალდა, ალბათ დაიღალა გულაღმა წოლით.
გაგრძელება იქნება