კეით ბლანშეტი ავსტრალიელი მსახიობი და თეატრის რეჟისორია, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო. 2007 წელს კეიტ ბლანშეტი მოხვდა ჟურნალ ტაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.
ქეით ბლანშეტი 1969 წლის 14 მაისს ავსტრალიაში, მელბურნში დაიბადა. სამსახიობო კარიერა სამშობლოში, კერძოდ, სიდნეის თეატრის სცენაზე დაიწყო. ეკრანზე აქტიურად 1994 წელს მინისერიალ Heartland-ში გამოჩნდა. სერიალის შემდეგ ქეითმა საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა ფილმით “ოსკარი და ლუსინდა”, თუმცა მსახიობისთვის გარდამტეხი 1998 წელი აღმოჩნდა, როდესაც კინომანებმა ქეით ბლანშეტი ელისაბედ I-ის როლში პირველად იხილეს. ფილმმა მსახიობს საყოველთაო აღიარებასთან ერთად ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. მისმა გარდასახვის საოცარმა უნარმა, რომლითაც ქეითმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული ფიგურის ემოციური ტრანსფორმაცია გადმოსცა, ფილმის ვერც ერთი კრიტიკოსი გულგრილი ვერ დატოვა. მისი შესრულება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მსახიობს ელისაბედ I-ის როლის მორგება 2007 წელს მეორედ, ფილმში “ელისაბედი: ოქროს ხანა” მოუხდა. ქეითის საოცარი პერსონაჟი შეუმჩნეველი არც მარტინ სკორსეზესთვის დარჩენილა, რასაც 2004 წელს ფილმი “ავიატორი” და ბლანშეტის პირველი ოსკარი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული მსახიობის, კეტრინ ჰეპბერნის განსახიერება ნებისმიერი პროფესიონალისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნებოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქეითმა ამ საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა.
მსახიობს მეორე ოსკარი ვუდი ალენის ფილმმა “სევდიანი ჟასმინი” მოუტანა. ქეითი იმდენად კარგად გადმოსცემს მთავარი გმირის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომ ქაოსური, ხშირად სასტიკი და სასოწარკვეთილი ჟასმინის პერსონაჟი მაყურებელში კომპლექსურ ემოციებს იწვევს: ზოგს სძულს ჟასმინი, ზოგს - ებრალება. მთავარი პერსონაჟისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქეით ბლანშეტის ემოციური შესრულება გულგრილს ვერც ერთ მაყურებელს ვერ დატოვებს.
ქეით ბლანშეტი ფემინიზმია და ქალთა უფლებების შესახებ ხშირად საუბრობს:
"მე ფემინისტი ვარ და ეს ახალი ამბავი არ არის. ჩვენს ეპოქაში ამის თქმა აუცილებელიც კია. არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სიტყვას სტიგმებით გარშემორტყმული უყურებენ და ამ ქმედებით პატრიარქატს კიდევ უფრო აძლიერებენ", - ყვება ინტერვიუს დროს ქეითი.
ოსკარის მფლობელი მსახიობი აღნიშნავს, იმასაც, რომ მოვიდა დრო ქალებსა და კაცებს გაწეული სამსახურისთვის თანაბარი ანაზღაურება მისცენ.
"ხშირად გამიგია ჩემი კოლეგა ქალებისგან, რომ როდესაც მათ მოითხოვეს ჰონორარის გაზრდა, უთქვამთ - ამას როგორ ბედავ. თუმცა კაცების მისამართით მსგავსი არაფერი მომხდარა. მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ, არავის აქვს უფლება გაწეული ძალიან მძიმე სამუშაოსთვის ნაკლები გადაგიხადოს", - ამბობდა ქეითი.