სონიას უცებ შევეჩვიე. თითქოს წლებია, ვიცნობდი, ბაბაკოსავით გავუშინაურდი. რახან სტუმარი გვყავდა, ადამ ერთკვირიანი შვებულება გამოუწერა სამსახურში თავის თავს და შინ დაჯდა. დილით ადგებოდნენ, ისაუზმებდნენ, მერე ჩარიტას დაურეკავდნენ, სამივენი ჩასხდებოდნენ მანქანაში და მიდიოდნენ. მთელი დღით იკარგებოდნენ. მთელი სამი დღე ასე გრძელდებოდა. თურმე უამრავი ადგილი მოიარეს და სონიას არამხოლოდ თბილისის, მცხეთისა და კახეთის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერებინეს.
საღამოობით ისეთი დაღლილები ბრუნდებოდნენ, ჭამის თავიც არ ჰქონდათ. ის სამი დღე ბექა ვერ მოვიხელთე, რადგან ყოველდღე ბიჭები აკითხავდნენ, მე კი მათთან შეხვედრა სასტიკად არ მსურდა. არ ვიცი, რა მოელანდათ, ადრე ასეთი სიხშირით არ უვლიათ, ათასში ერთხელ თუ შემოუვლიდნენ. ახლა კი ყოველ დილით მის კართან იყვნენ დარჭობილები. დარეკვითაც არ დაურეკავს ჩემთან, ამიტომ არც მე მოვიკითხე. კი ვიფიქრე, იმ დღის მერე აშკარად თავს მარიდებს და ძმაკაცებიც იმიტომ მოიხმო-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო და სინამდვილეში რა ხდებოდა, არ ვიცოდი.
ამან ხასიათი წამიხდინა. უკვე ველტვოდი მის ნახვას. ეკლებზე ვიჯექი, ისე მინდოდა მის სიახლოვეს ყოფნა. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ რაც მოხდა, იმის გამეორებას არ ვაპირებდი. ამის ახსნას ძალზე დელიკატურად ვაპირებდი, როგორც კი შევხვდებოდი. ისე უნდა მეთქვა სათქმელი, რომ გული არ სტკენოდა, ამიტომ ტექსტს ხშირ-ხშირად ვიმეორებდი გულში, რათა არ დამვიწყებოდა და ენა არ დამბმოდა. მაგრამ მეღირსა კი? უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ გამირბოდა. ალბათ სურდა გადაეხარშა ის, რაც ჩვენ შორის მოხდა და კარგად დაფიქრებულიყო, ღირდა თუ არა ურთიერთობის იმ ფორმით გაგრძელება. თანაც, მეც დრო მომცა მოსაფიქრებლად.
ჰოდა, მეც ვიცდიდი. ბაბაკოს ერთხელაც არ შემოუთავაზებია ჩემთვის, შენც შემოგვიერთდი, ერთად გავისეირნოთო და ვხვდებოდი, რატომაც _ მათ ცალკე ყოფნა სურდათ, რათა იმ თემაზე ელაპარაკათ, რაც მე არ უნდა მომესმინა. ვინ იცის, იქნებ კოტესაც გაუარეს და მოინახულეს? თუმცა რამე განსაკუთრებული იმ სამი საღამოს განმავლობაში არ შემიმჩნევია. ისიც კი არ ვიცოდი, ის ვიღაც კოტე არსებობდა თუ არა, თბილისში ცხოვრობდა თუ სადმე გადასახლდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ამიტომ, ცოტა არ იყოს, მოვიწყინე. სახლიდან გასვლა არ მინდოდა. დიდი სამეგობრო წრით ისედაც არ გამოვირჩეოდი, ვისთანაც ახლოს ვიყავი, ისინი უკვე მუშაობდნენ და ჩემთვის არ ეცალათ. მე კი ისე ვიყავი ბექათი გატაცებული, არც მქონდა სურვილი, ვინმეს შევხვედროდი და გული გადამეშალა. მარტო ყოფნა ყველაფერს მერჩივნა, მარტო და ბექასთან ახლოს.
მაგრამ მეოთხე დღეს კი ისეთი ამბავი მოხდა, ვიღას ახსოვდა ბექა და მასთან სიახლოვე.
დილით გვიან ავდექი და ყავა მოვიდუღე. ამ დროს გარედან რაღაც ხმები მომესმა. ფანჯარა გამოვაღე და გადავიხედე. ქვემოთ, ჩვენს პატარა ეზოში კიტა, ბაბაკო, ჩარიტა და სონია იდგნენ და საუბრობდნენ. ამაში განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე, ამიტომ ფანჯარა მივხურე და ყავის სმა გავაგრძელე, მაგრამ ცოტა ხანში, როცა ბაბა და სონია ჩარიტას გარეშე ამოვიდნენ, შევამჩნიე, რომ ბაბაკოს საძინებელში რაღაც ფაციფუცი ატყდა. აი, მაშინ კი არ მომითმინა გულმა და ოთახში შევიჭყიტე. ადა და სონია ერთ ამბავში იყვნენ. ცალკე იყო გადადებული სონიას ლეიბი, საბანი, თეთრეული და იქვე მისი ჩემოდნებიც ელაგა.
გავოცდი. ნუთუ ჩვენგან წასვლას აპირებდა? ან სად უნდა წასულიყო? არა მგონია, იმდენი ფული ჰქონოდა, ნაქირავებში გადასულიყო.
ბაბამ დამინახა თუ არა, ხელი ამიქნია.
_ მოდი, მოგვეხმარე!
_ რა ხდება? _ კარის ძგიდეს მხრით მივეყრდენი და ხელებს ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეებში მივუჩინე ადგილი.
_ სონია დაბლა ჩამყავს და ბარგი უნდა ჩავიტანოთ, _ მიპასუხა ადამ.
_ დაბლა? სად დაბლა? _ ლამის გადმომცვივდა თვალები ბუდიდან.
_ კიტას გვერდით რომ ოთახია, იქ იცხოვრებს.
_ კი მაგრამ, რატომ? _ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ნუთუ ბაბას არ სურს სონიამ მასთან იცხოვროს? რამე მოხდა ამ დღეებში და მე არ ვიცი?
_ იმიტომ, რომ უნდა თავისთვის იყოს! _ ხმას აუწია ბაბაკომ, _ რა არის ამაში გაუგებარი? დაბლა ჩავიყვანე, ოთახი ნახა, მოეწონა, ქირა არ ექნება გადასახდელი. დანარჩენი მერე ვნახოთ, _ თითქოს მშვიდად ამბობდა ადა, მაგრამ ჩემზე უკეთ მას ვინ იცნობდა? აშკარად გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
სონიამ გამიღიმა, მომიახლოვდა და სახეზე ხელისგული ჩამომისვა:
_ ჩემთვის ვიყო მირჩევნია, სონია, თან ახლოსაც ვიქნები და ადასაც არ შევაწუხებ. ყოველდღე გნახავთ, მერე მუშაობას დავიწყებ, უსაქმოდ ვერ გავჩერდები. ადა შემპირდა, ჩემთან გამუშავებო. კომპიუტერი კარგად ვიცი და რაღაცას მომიხერხებს.
_ ოპერატორად დავაწყებინებ მუშაობას გამომცემლობაში, ტექსტებს აკრეფს, სანამ რამე უკეთესი გამოჩნდება. ჩემთან მეტი ისეთი არაფერია, კი იცი. ეს დარაჯადაც იმუშავებს, რომ მიუშვა, მაგრამ მე დარაჯი არ მჭირდება, _ გაიხუმრა ბაბაკომ.
რა უნდა მეთქვა? მე ვინ მკითხავდა? მხრები ავიჩეჩე მხოლოდ.
_ რაში მოგეხმაროთ? _ ესღა ვიკითხე.
_ ამეების ჩატანაში, _ თითი გამოიშვირა ბაბამ ჩემოდნებისკენ, _ გორგოლაჭებზეა, არ დაგამძიმებს, ლოგინს ჩვენ მოვერევით.
იმწუთასვე დავავლე ორივე ჩემოდანს ხელი, სახელურები დავუგრძელე და ჰოლში გავაგორე.
_ დაგელოდოთ თუ ჩავიტანო?
_ ჩადი, ჩვენც მოგყვებით! _ გამომძახა ბაბამ.
სულ რიხინ-რიხინით ჩავიარე კიბის საფეხურები და ასეთივე რიხინ-რიხინით მივადექი კიტას საბრძანებელს. მას კარი ფართოდ გამოეღო, თვითონ კი გარეთ იცდიდა. დამინახა თუ არა, მაშინვე ჩემკენ გამოემართა ასაკთან შედარებით ერთობ მკვირცხლი ნაბიჯებით. რაღაცნაირად აღტყინებული მეჩვენა, თვალები უბრწყინავდა.
_ როგორ მიხარია, სონია, ვერ წარმოიდგენ, შვილო! დღეიდან მარტო არ ვიქნები. დამლაპარაკებელი მეყოლება. ეს დიდი ბედნიერებაა, დიდი! _ სწრაფად მომაყარა და ერთი ჩემოდანი ხელიდან გამომტაცა.
ჩემ გარდა არავის არაფერი უკვირდა, მხოლოდ მე ვიყავი გაოცებული. ამ ჩვენს ნახევრად სარდაფის ბინას ერთი შესასვლელი ჰქონდა. როგორ უნდა ეცხოვრა ერთმანეთის გვერდით ორ სრულიად უცხო ადამიანს? სამზარეულო საერთო უნდა ყოფილიყო, ასევე სააბაზანოც და ტუალეტიც. გასაგებია, რომ კიტასთვის მოსახერხებელი იქნებოდა, ცხელ სადილს არ მოაკლებდა სონია, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება? ვერ წარმომედგინა. რახან უკრაინელი იყო სონია, ვითომ მისთვის უცხო არ იქნებოდა ასე ცხოვრება? რახან ომის გაჭირვება გამოიარა, რახან თვეობით სარდაფში ცხოვრობდა, უწყლობაც გამოცადა, უგაზობაც, უშუქობაც, შიმშილიც და ჭურვების აფეთქებაც, ეს გამართლებული საქციელი იქნებოდა? აკი სთხოვა ჩარიტამ, ჩემთან გადმოდიო, რატომ იქ არ გადავიდა, თუ ადასთან დარჩენა არ სურდა?
მე თვითონ ავიხლართე ჩემს კითხვებში. კიტა კი იყო გახარებული, მაგრამ სონიაც ასე ფიქრობდა ვითომ? მაშინ რატომ მეჩვენა აფორიაქებული? და ბაბაკოც გაღიზიანებული?
აშკარად რაღაცაზე იჩხუბეს, რაღაცაში ვერ შეთანხმდნენ და მთლად თავიდან რომ ვერ მოიშორა ადამ, აქ უკრა თავი, კიტას გვერდით. ნუთუ ძველი ცოდვებისთვის სჯიდა მეგობარს?
_ რას ვიფიქრებდი, ასე თუ შემომიტრიალდებოდა ცხოვრება! ბედისწერას ვერ გაექცევი თურმე ადამიანი! _ თქვა კიტამ, როგორც კი ჩემოდანი სონიას ახალ ოთახში შეაგორა.
იქაურობა უკვე დაელაგებინათ. როგორც ჩანს, დილაუთენია ადგნენ და ჩამოვიდნენ, როცა მე ღრმა ძილში ვიყავი.
_ გიხარიათ? _ გავუღიმე კიტას.
_ უზომოდ. არც ვიცი, რა ვთქვა. ადასგან ამას არ მოველოდი. თურმე როგორი სულგრძელი ყოფილა. ყველა ვერ იზამდა ამას.
_ რას, ბატონო კიტა? ასეთი რა გააკეთა?
ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ასეთ მარტივ რამეს როგორ ვერ მიხვდიო.
_ რას ჰქვია რა გააკეთა! ყელაფერი გააკეთა, შვილო, ყველაფერი! დამინდო, დამინდო!
ააა, მივხვდი. ალბათ შეშინდა, როცა ბაბამ უთხრა, სონია აქ უნდა შემოვასახლოო. ეგონა, მე გამაგდებს გარეთ და უსახლკაროდ დავრჩებიო. როგორ ვერ მივხვდი!
_ ბაბაკოს ეგეთები არ ეშლება, ბატონო კიტა! თქვენ ის არსად არ გაგიშვებთ, დამიჯერებთ. ეგეთი უგულო არაა.
_ კი, კი, ვიცი, სონია, ვიცი, შვილო. ყოველთვის ასეთი მიმტევებელი იყო. ეს მე ვერ დავაფასე, თორემ…
რაო? ყოველთვისო? რაღაც ვერ გავიგე. რა, ადრეც იცნობდა ბაბაკოს? რაში ვერ დააფასა? რა იგულისხმა? კრიალოსანის მძივივით ვმარცვლავდი შეკითხვებს.
_ თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ბატონო კიტა. ჩვენ დიდ პატივს გცემთ. აქ ყველას უყვარხართ. კარგი რომ ხართ, იმიტომაც შეაყვარეთ თავი მეზობლებსაც კი. თან როგორ გვეხმარები.
უეცრად ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, წარბები შეატოკა. მერე ისეთი სინანულით სავსე მზერით შემომხედა, გული დამეწვა. მე კი გავაგრძელე:
_ მიკვირს, თქვენმა ოჯახმა ამდენი ხანი რომ არ მოგიკითხათ.
_ ჩემი ოჯახი თქვენ ხართ, შვილო. თქვენ გარდა მე არავინ მყავს… და არც არასდროს მყოლია, _ ყრუდ ჩაილაპარაკა და თვალებზე ცრემლი გაუბრწყინდა.
უეცრად თითქოს ერთიანად განათდა. გონებაში ყველაფერი ერთად ამოტივტივდა. კოტე-კიტა! ნუთუ?! არა, ეს დაუჯერებელია! ასე არ ხდება! მაშინ ამდენი ნართაული რა საჭიროა? ხომ არ ვკითხო? არა, უნდა ვკითხო! ამდენს ვერ მოვითმენ! _ გავიფიქრე და ის იყო, კიდევაც უნდა მეკითხა, წარსულში იცნობდით ერთმანეთს-მეთქი, რომ ბაბა და სონია დავინახე, აქეთ რომ მოიჩქაროდნენ ლეიბ-საბნებით დატვირთულები.
კიტა ახლა მათ მიეგება. ადამ მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა, ნეტავ ჩვენს არყოფნაში შენ და ეს კაცი რაზე ბაასობდითო. მეც არ დავინდე ჩემი ბაბაკო და ისე იდუმალად ავზიდე წარბები და ისეთი ნიშნის მოგებით გავუღიმე, თუ ჩემი ვარაუდი მართალი იყო, აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ყველაფერს მივხვდი. თვითონაც ხომ მიმიკებით უყვარდა ლაპარაკი, წარბების თამაშით, თვალების ბრიალით, „სასიკვდილო მზერებით“.
_ რას იმანჭები, ბავშვო, რა გიხარია? _ მისთვის არადამახასიათებელი ტონით შემეკითხა და გვერდი ისე ამიარა, პასუხის არ დალოდებია.
არც მე გამიცია. სამივენი დაბლა ჩავიდნენ და მეც მივყევი, მაგრამ ადამ როგორც კი დამინახა, ეგრევე მომიტრიალდა:
_ სონია, წადი შენ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ! _ და ისე მბრძანებლურად წარმოთქვა ეს ყველაფერი, სხვ აღარაფერი დამრჩენოდა, გარდა წამოსვლისა.
ოხ, როგორ მჭირდებოდა ამწუთას ბექა! ერთი სული მქონდა, ჩემს ეჭვს როდის გავუზიარებდი, მაგრამ მისი ბინიდან ხმამაღალი მუსიკისა და ხორხოცის ხმა გამოდიოდა, რაც მისი ძმაკაცების იქ ყოფნას ადასტურებდა, ამიტომ ეგრევე ჩემს საძინებელს მივაშურე.
საწოლზე გავიშოტე და ნოუთბუქს ვეცი. ბაბაკოს რომანის ერთი თავი მქონდა წაუკითხავად დარჩენილი, რომელსაც შეგნებულად არ ვკითხულობდი ბექას გარეშე, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვითმენდი, იქნებ საიდუმლოს გასაღებისთვის იქ მიმეკვლია.
გაგრძელება იქნება