"ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, პერიოდული მძაფრი გატაცებებით ცხოვრობს. ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია. აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს იშვიათად ნანობს. ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს და სანაცნობო წრესაც კი. ყოველთვის აქვს სურვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს"... - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ ანა ქურთუბაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიით დიდად ვინტერესდები. ამ სფეროში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ მყავს მეგობარი, რომელიც გარკვეულია, ყველა დეტალი იცის და ინფორმაციას პერიოდულად მისგან ვიღებ.
- დრაკონის წელში ხარ დაბადებული. როდესაც 2024 წელი დაიწყო, განსაკუთრებული მოლოდინი, განწყობა გქონდა?
- იმის გამო, რომ ჩემი წელი დაიწყო? არა, განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა. მე უფრო ყურადღებას ვაქცევ, რომელია ჩემი ნიშანი დაბადების თვის და - არა წლის მიხედვით. ეს ალბათ იმიტომ, რომ ასტროლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი.
- "მიმნდობი და ალალია, ამის გამო ხშირად ატყუებენ".
- ასე ბავშვობაში უფრო ხდებოდა, მერე გავიზარდე და რაღაცები მეც ვისწავლე.
- ფეთქებადი ხასიათი გაქვს?
- საშინლად.
- ეს დიდხნიანი მოთმინების კულმინაციაა?
- არა, პირდაპირ "ვფეთქდები". ბოლო წლებში ამ მხრივ თავის კონტროლი ვისწავლე, რადგან ამ ხასიათის გამო, ბევრჯერ ისეთ ფაქტს შევეჯახე, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. ამ დროს შეიძლებოდა, ვიღაცისთვის გულიც კი მეტკინა. სულ ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა ხასიათში ეს თვისება მაინც მრჩება.
- "აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს იშვიათად ნანობს".
- არა, მე ვნანობ ხოლმე.
- შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა გიჭირს?
- არასდროს.
- სიჯიუტე შენი თვისებაა?
- კი, გაჯიუტებაც მჩვევია.
- ადამიანებს უთქვამთ, რომ სიჯიუტის გამო უჭირთ შენთან ურთიერთობა?
- არასდროს. უფრო ხშირად მესმის, რომ ჩემთან ურთიერთობა უადვილდებათ. ადამიანებს ზედმეტად არ ვაღიზიანებ, ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ. მეც ასე მგონია და სხვებსაც დაუდასტურებიათ, რომ ჩემთან ურთიერთობა ადვილია.
- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს".
- თავისუფლების სიყვარული ტყუპის ნიშნით დაბადებულებს გვახასიათებს. არ ვიცოდი, ეს თვისება დრაკონიდანაც თუ მქონდა. ვხვდები, თავისუფლების სიყვარული ჩემში ასეთი მძაფრი ფორმით რატომაა. არასდროს არაფერი დაგეგმილი არ მაქვს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც დავგეგმო, მაგრამ საბოლოოდ ისე ხდება, რომ იმ გეგმას მაინც გადავუხვევ ხოლმე. გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებ.
- რა ხდება მაშინ, როცა ვიღაც ცდილობს, შეგზღუდოს?
- უბედურება ხდება. ბავშვობაში შეიძლება ამ დროს "ავფეთქებულიყავი", მაგრამ ახლა მსგავს სიტუაციას აუცილებლად გავექცევი.
- ამბიციური ხარ?
- მეუბნებიან, რომ ეს საჭირო თვისებაა და უნდა მქონდეს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამბიციურობა ძალიან მაკლია.
- პროფესიაში?
- პროფესიული თავდაჯერებულობა ნამდვილად მაქვს.
- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".
- ეს არ არის ჩემზე ნათქვამი, ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ, მით უმეტეს, ახლობლებთან ურთიერთობაში.
- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".
- ასე არ არის, როგორც ჩემ გარშემო მყოფები ამბობენ, ჩემგან უფრო სიმშვიდე მოდის.
- "არ უყვარს ერთ ვინმეზე და ერთ რამეზე მიჯაჭვა".
- იმიტომ, რომ ეს მიჯაჭვულობა არ შემიძლია. არც თავად ვითხოვ, ვინმე იყოს ჩემზე მოჯაჭვული.
- თავისუფლების შეზღუდვად ხომ არ აღიქვამ?
- ასე არ აღვიქვამ, მაგრამ არ მსიამოვნებს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ადამიანზე მიჯაჭვულობა.
- "ეს გაორებული ნიშანი არა მხოლოდ სხვებს, საკუთარ თავსაც უქმნის პრობლემას".
- იყო დრო, როცა ჩემში "მცხოვრები" ორი ადამიანი პრობლემებს მიქმნიდა, მაგრამ წლებმა და გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ და დღეს ეს ჩემი გაორებული ხასიათი არათუ პრობლემას მიქმნის, მართობს კიდეც. უფრო იუმორით ვუყურებ.
- "მას ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს და სანაცნობო წრესაც კი".
- ხასიათი ხშირად მეცვლება, მაგრამ სამსახურსა და სანაცნობო წრეზე იმავეს ვერ ვიტყვი.
- ტყუპის თილისმა იცი, რა არის?
- არა.
- ნიღაბი.
- ნეტავ, რატომ? პირველად გავიგე.
- ცნობისმოყვარე ხარ?
- არა, მით უმეტეს, სხვისი ამბებით არასდროს ვინტერესდები. მეგობარი რომ მიყვება თავის ამბავს, იმდენად ცუდი მეხსიერება მაქვს, ეგეც კი არ მამახსოვრდება. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამეც დამავიწყდეს.
- მოუთმენლობა შენი ხასიათის დომინანტი თვისებაა?
- კი, როცა რაღაც მინდა, ის აუცილებლად იმ წუთში უნდა მივიღო, იმ წუთში უნდა ვიმოქმედო. რა თქმა უნდა, ამით სხვას თუ არაფერი უშავდება. სულ ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად ჩქარა გავაკეთო.
- ცინიკოსი ხარ?
- ცინიკოსი (ფიქრობს)? ვერ ვიტყოდი. კეთილი სარკაზმი მახასიათებს, არავითარ შემთხვევაში ბოროტულს არაფერს ვიტყვი და გავაკეთებ.
- "არაპუნქტუალურია, ყველგან აგვიანებს".
- მართალია, საშინლად არაპუნქტუალური ვარ, მაგრამ რეპეტიციაზე, სპექტაკლზე, საქმიან შეხვედრაზე არასდროს ვიგვიანებ. მეგობრულ შეკრებაზე ყველაზე ბოლოს მივდივარ.
წაიკითხეთ სრულად: gza.kvirispalitra.ge