მუსიკოს გელა დაიაურისა და მისი ოჯახის ტრაგიკულმა ამბავმა წლების წინ მთელი საქართველო შეძრა. გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ჯიპის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ავარიას სულ 7 ადამიანი შეეწირა. თეონა თავადაც მუსიკოსი იყო და მის შემოქმედებას დღემდე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
ამჯერად გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და მისი დაბადების დღის შესახებ წერს:
"41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში, ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო... ჩემი არსების ნაწილო... უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ..." - წერს მუსიკოსი.
„თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად დიდი იყო… ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო. თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი. ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს. მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ. ალბათ, გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ. რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს. ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის", - ამბობდა გელა დაიაური.
გელა დაიაურმა მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ შექმნა ოჯახი. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა.
"დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ… არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” - თქვა გელა დაიაურმა.
გელა დაიაურსა და ეკა მანჩხაშვილს პირველი შვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ. პატარას ვაჩე დაარქვეს. ვაჩეს ფოტოებს მშობლები სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ, მათი მეგობრები კი აღნიშნავენ, რომ პატარა ძალიან ჰგავს მამას.