1953 წელს გამოქვეყნებული დისტოპიური რომანი “451 გრადუსი ფარენჰაიტით“ უცნაურ და საშიშ საზოგადოებას აღწერს. საზოგადოებას, რომელმაც წიგნები კანონგარეშედ გამოაცხადა და ლიტერატურა აკრძალა. სამწუხაროდ, ლიტერატურას მხოლოდ ლიტერატურაში არ უპირისპირდებიან და ტოტალიტარული რეჟიმებისა თუ დიქტატორების დიდი „დამსახურებით“ რეი ბრედბერის მკითხველებსაც, მსგავსად პერსონაჟებისა, უცხოვრიათ ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი აზრის კონტროლს ხელოვნების, ლიტერატურის შეზღუდვის საშუალებით ცდილობენ. თუმცა ის, რაც ამ რომანს მკვეთრად აშორებს სინამდვილეს, მეხანძრის სახის დეკონსტრუქციაა. ბრედბერის მეხანძრეებს ცეცხლმოკიდებული სახლებიდან არ გამოჰყავთ ადამიანები, ისინი თავად იჭრებიან უვნებელ სახლებში ცეცხლის გასაჩენად. ამ მორჩილი, მაგრამ სასტიკი მეხანძრეების მთავარი მოკავშირე ცეცხლია, მთავარი მტერი კი - წიგნის ფურცლები, რომლებიც მათ თვალწინ სამუდამოდ ნადგურდება.
ასეთია რომანის მთავარი მოქმედი პირიც, გაი მონტეგი, რომელიც ჯერ ბრმად ასრულებს ბრძანებებს, შემდეგ კი თანდათან, მკითხველის თვალწინ, მეამბოხე პროტაგონისტად გარდაიქმნება.
როგორც ცნობილია, „451 გრადუსი ფარენჰაიტით“ ნაცისტურ გერმანიაში წიგნების აკრძალვითა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე იდეოლოგიური რეპრესიებითაა შთაგონებული. თუმცა თავად ავტორი რომანის შექმნას სხვადასხვა მოვლენას უკავშირებდა. მაგალითად, 1956 წლის ინტერვიუში ბრედბერი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძნობდა იმგვარ საფრთხეს, რომელმაც ამ რომანის დაწერისკენ უბიძგა. მოგვიანებით განმარტავს, რომ ეს რომანი კომენტარია იმის შესახებ, როგორ ამცირებს ლიტერატურისადმი ინტერესს მასობრივი მედია. 1994 წელს კი სიტყვისა და ფიქრის თავისუფლების მთავარ მოწინააღმდეგედ პოლიტკორექტულობას ასახელებს.
ბრედბერი წიგნების დაწვისა და აკრძალვის თემას თავის ადრეულ მოთხრობებშიც იკვლევდა. საბოლოოდ, ამ თემისადმი მისი ინტერესი იქცა რომანად, რომელიც დროდადრო, კონტექსტიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ბრედბერიის მეხანძრეები კი კონკრეტული წიგნის პერსონაჟობის საზღვრებს დიდი ხანია გასცდნენ და იმ ადამიანების სიმბოლოდ იქნენ, რომლებიც სამართლისა და ადამიანების ნაცვლად, ბოროტების იმპერიებსა და ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურებიან.
ასეთი ამბოხებული მეხანძრეა მონტეგი, რომლის ნამდვილი თავგადასავალი პირველი მოპარული წიგნიდან იწყება. პირველი აკრძალული წიგნის შენახვით კვეთს მონტეგი საზღვარს, რომლის მიღმაც ლიტერატურაა, კლარისაა, ნამდვილი შეგრძნებებია, რომლებიც შეუძლებელია ფალსიფიცირდეს და ისეთ პროდუქტად იქცევს, როგორსაც ეკრანებზე ხედავენ მონტეგის ცოლი და სხვა, მისნაირი გულგრილი, ერთმანეთის იდენტური და ადამიანობისგან დაცლილი მანქანები.
რომანშიც და მონტეგის ცხოვრებაშიც ორი მნიშვნელოვანი ქალი ფიგურირებს: კლარისა და მილდრედი. ისინი ერთმანეთის ანტიპოდები არიან და ორ დაპირისპირებულ პოლუსს განასახიერებენ. მონტეგმაც თითქოს სწორედ ამ პოლუსებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, საკუთარი ადგილი მონიშნოს და დიდი ცვლილებებისა და სიცოცხლის გარისკვის ფასად უერთგულოს ამ არჩევანს. კლარისა მხოლოდ ცოტა ხანით გაიელვებს მონტეგის ცხოვრებაში, მაგრამ ეს ხანმოკლე ნაცნობობაც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად უფერულია მასთან შედარებით სატელევიზიო კედლებს მიჩერებული მონტეგის ცოლი, რომლისთვისაც მონტეგი მხოლოდ დეკორაციაა, რიგითი ნივთი სახლში და არა ცოცხალი არსება. ამიტომაც აღვიძებს კლარისასთან შეხვედრა მონტეგში იმ გრძნობებს, რომელთა არსებობას თავად მონტეგიც ვერ წარმოიდგენდა; მილდრედთან თანაცხოვრება კი პირიქით, მონტეგში სიცოცხლის სურვილს კლავს და მექანიკური, უსულო არსებობისკენ უბიძგებს.
კლარისას მოულოდნელი გაუჩინარება მონტეგს არა მხოლოდ საკუთარი დეფორმირებული ოჯახის სურათისთვის აიძულებს თვალის გასწორებას, არამედ უფრო ფართო ხედსაც უჩვენებს - როგორ ანადგურებს სისტემა თავისუფალ ნებას, თავისუფალ სიტყვასა და აზრს. ამ სისტემის მთავარი სიმბოლო მექანიკური ძაღლია, რომელსაც არც სიყვარული შეუძლია და არც სიძულვილი. ძაღლი, რომელიც მხოლოდ დავალებას ასრულებს; სწორედ ეს ძაღლია „იდეალური მეხანძრე“ და ნიმუში დანარჩენებისთვის - მისგან უნდა ისწავლონ უსიტყვო მორჩილება და სისასტიკე. მონტეგს თავიდანვე აფრთხობს ძაღლად განსხეულებული სისტემური ბოროტება და ძაღლიც თითქოს იმთავითვე ცნობს მონტეგში პოტენციურ დამნაშავეს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველანი ერთნაირად ლაპარაკობენ და ფიქრობენ, მუზეუმებში სურათები აბსტრაქტულია, ნახატებზე ქრებიან ადამიანები და მათი ისტორიები, ხელოვნების ნიმუშები ამბებს აღარ მოუთხრობენ მნახველებს, ბრედბერი მაინც იტოვებს იმედს - რომ დასაწვავად განწირული ფურცლიდან ამოკითხულ ფრაზებს, კლარისასნაირ გოგოებს და წიგნებთან ერთად დაფერფლილ მკითხველებს შეუძლიათ მეხანძრის ცივი მზერის გალღობაც კი. სწორედ ეჭვის პირველი ნაპერწკლიდან უნდა დაინთოს ცეცხლი, რომელიც სხვა, ხელოვნურად გაჩენილ ხანძრებზე მწველი იქნება.
R