ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი, ანნა, 5 წლის გახდა. მშობლები მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავენ და კადრებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი ფოტოსესიიდან აქვეყნებენ. "გილოცავ, ჩემო საოცნებო გოგო", - წერს ჯანეტი.


ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახი
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.
რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილს, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. მას შემდეგ ჯანეტმა აქტიური სამოდელო კარიერა აღარ გააგრძელა. 2016 წელს ის სასწავლებლად იტალიაში წავიდა და მარაგონის უნივერსიტეტში ჩააბარა. ჯანეტი დიზაინერობას აპირებდა.
"მოდელობა არასდროს მინდოდა, ყოველთვის დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მიყვარდა ლუქების აწყობა, მაგრამ აქამდე არ მომეცა საყვარელი საქმის კეთების საშუალება. უნივერსიტეტში დღეში 12 საათი ვიყავით, დამღლელი იყო ამ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ შეუძლებელი არაფერია", - ამბობდა მაშინ ჯანეტ ქერდიყოშვილი.
"მინდა პირველი ჩვენება ევროპაში მქონდეს. ჯერჯერობით ლონდონში დავამთავრებ მაგისტრატურას, მე ვიცი როგორ შევქმნა პროდუქტი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავყიდო ის, ამიტომ მარკეტინგის კუთხით ვისწავლი. შემდეგ სტაფს შევკრავ და მოვაწყობ ჩვენებას", - ასეთი იყო "მის საქართველოს" გეგმები, თუმცა ამბობდა, რომ ამ ყველაფრისთვის დიდი ფინანსები იყო საჭირო და გათხოვების შემდეგ ყველაფერს ქმრის "მხრებზე დადებდა".
ამ ინტერვიუდან ორი წლის შემდეგ ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე დაინიშნნენ. 2020 წელს კი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.