ანდრიას ფერმკრთალ სახეს ამჯერად ოქროსფერი დასდებოდა, რაშიც დიდი როლი მაგიდის ლამპის შუქს მიუძღოდა. მამაკაცი წელში გაიმართა და კალამი აიღო _ ბოლო საბუთისთვის უნდა მოეწერა ხელი. როცა თავი ასწია, სახიდან ოქროსფერი გაუქრა და იგი კვლავ ფერმკრთალი გაუხდა, როგორც ყოველთვის. როცა საქმეს მორჩა, წაბლისფერ გრუზა თმაზე ხელი გადაისვა და ამოიხვნეშა _ იგრძნო, როგორ დაღლილიყო დღის განმავლობაში.
_ ესეც ასე, _ გაიღიმა, საქაღალდე დახურა და ხანში შესულ მდივანს გადააწოდა, _ ახლა ვეღარ მისაყვედურებ, ლალი, რომ საქმეს გიგვიანებ.
_ მე მხოლოდ იმას გსაყვედურობთ, ბატონო ანდრია, რომ გვიანობამდე რჩებით სამსახურში, _ მიუგო მდივანმა, _ კომპიუტერი რომ არ გქონდეთ, ვერც წარმომიდგენია, რამეს თუ მოასწრებდით საერთოდ.
_ მაშინ კიდევ ერთი თქვენნაირი დამხმარის აყვანა მომიწევდა, _ გაუღიმა მამაკაცმა და ხელმოწერილი დოკუმენტი ღიმილით გადააწოდა.
მდივანი გავიდა თუ არა, თვითონაც ადგა და კარისკენ გაემართა _ მაღალი, მხრებში გაშლილი ანდრია მხოლოდ და მხოლოდ ოცდაათი წლის გახლდათ.
მისი სიარულის მანერა იმდენად არისტოკრატული იყო, ერთხელ მაინც რომ მოგეკრათ მისთვის თვალი, აუცილებლად გაიფიქრებდით, ამ კაცის ძარღვებში თავადური სისხლი ჩქეფსო. მართლაც ასე იყო. გვარად ჭავჭავაძეს დედა დადიანი, ერთი ბებია ჩიქოვანი, მეორე კი გურიელი ჰყავდა.
საოცრად ლამაზი მამაკაცი იყო. დიდრონი ლურჯი თვალებით, სქელი ტუჩებითა და ხშირი, თითქოს ფუნჯით დახატული შავი წარბებით ვინ იცის, რამდენი ქალის ოხვრის ობექტი გამხდარა. იშვიათად იღიმოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელიწადი, მას შემდეგ, რაც ოჯახი დაენგრა და პოლიტიკაში ღრმად შეტოპა.
მაღალ შუბლთან თმა შეთხელებოდა, რის გამოც დედა ეხუმრებოდა ხოლმე, ფილოსოფოსის შუბლი გაქვსო. იქნებ არც ეხუმრებოდა და სრულიად სერიოზულად ფიქრობდა ქალბატონი ნიტა ასე? ყველა დედას თავისი შვილი გენიოსი ჰგონია, _ ასე ფიქრობდა ანდრია.
საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და გზას ნელა გაუყვა. არსადაც არ ეჩქარებოდა. არც მოსიყვარულე ცოლი ელოდებოდა შინ და არც შვილი…
ჭაღარათმიანი ნიტა, დედოფალივით რომ დამჯდარიყო დივანზე და ლიქიორს წრუპავდა, სამსახურიდან დაბრუნებულ ვაჟს გაცისკროვნებული მზერით შეეგება.
_ მოხვედი, შვილო? _ ნიტამ ბოკალი საჟურნალე მაგიდაზე შემოდგა და ანდრიასკენ გაშლილი მკლავები გაიშვირა.
ანდრიამ დედა გადაკოცნა და მაშინვე ტელევიზორის პულტი მოიგდო ხელში, რომ რვასაათიანი ახალი ამბებისთვის ეყურებინა.
_ თუ ღმერთი გწამს, გამორთე. ამათი მოსმენა არ შემიძლია, _ უკმაყოფილოდ გაისმა დედის ხმა, _ თან სალაპარაკო მაქვს შენთან.
_ დედა, ხომ იცი, რომ ახალ ამბებს უნდა მოვუსმინო. რაღა ახლა მოგინდა ჩემთან დალაპარაკება? _ უსაყვედურა ვაჟმა, ტელევიზორი გამორთო და პულტი დივანზე მიაგდო.
როცა დედა ასეთი ტონით ელაპარაკებოდა, ანდრიამ იცოდა, რომ მისგან თავს ვერ დაიძვრენდა.
_ ოღონდ არ მითხრა ახლა, დიკაზე უნდა გელაპარაკოო, კარგი? _ წარმოთქვა და ისეთი თვალებით შეხედა ნიტას, მზერით ლამის გაბურღა.
_ აბა, როგორ მოვიქცე? უკვე ვეღარ ვხვდები, რა გემართებათ. ოთხი თვეა, ის გოგო დანიშნე და ქორწილზე ხმას არ იღებ.
_ ჩვენ არ გვეჩქარება, _ ჩაიდუდღუნა მამაკაცმა.
_ სამაგიეროდ, მე მეჩქარება. შვილიშვილი მინდა, გესმის?
_ მესმის.
_ რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სულ არ გინდა დიკაზე დაქორწინება.
_ შენ ცდები, დედა.
_ ეს შეგეძლო ძალზე ადვილად დაგემტკიცებინა, თუკი ქორწილის დღეს დანიშნავდი. იქნებ დიკა წელავს დროს?
_ არავინ არ წელავს დროს, _ გაღიზიანდა ანდრია, _ უბრალოდ, არ ვჩქარობთ.
დედამ წარბები შეყარა.
_ იქნებ უკვე მოხდა რაღაც და მე არ ვიცი?
_ რა უნდა მომხდარიყო, დედა? _ ანდრია ჯერ კიდევ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
_ მე რა ვიცი, აბა? იქნებ უკვე ისარგებლეთ დანიშნულების სტატუსით და…
_ შენ გულისხმობ, ერთად ვიწექით თუ არა? _ მამაკაცის სახეზე წამით შეცბუნების ნაპერწკალი გაკრთა, რაც მაშინვე სანდომიანმა ღიმილმა გადაფარა.
_ დედა, საქმე ლოგინი როდია. ეგ საერთოდ არაფერ შუაშია. მერე კიდევ, შენ ხომ იცი, რომ მე ჩვენს ოჯახში მიღებულ ტრადიციებს არ დავარღვევ? და თუნდაც ასე იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქორწილი არ იქნება.
მათ ოჯახში მართლაც, ნიტას დაჟინებული მოთხოვნით, ბიჭსა და გოგოს ქორწილამდე სექსი ეკრძალებოდათ. წესიერი გოგო ხელუხლებელი უნდა ჩაჰბარდეს თავის პატრონსო, დღედაღამ ამას იმეორებდა. აბა, ვის ჰქონდა ორი თავი, ქალბატონ ნიტას შეწინააღმდეგებოდა?
_ იქნებ ჯობდა კიდევაც, ასე მომხდარიყო, მაშინ დაქორწინებას აღარ დააყოვნებდი.
_ როგორ, შენ დაუშვებდი, მე პატივაყრილი ქალი მომეყვანა ცოლად? _ ირონია არ დაიშურა შვილმა.
_ ნუ ლაზღანდარობ! _ ხმას აუწია დედამ, _ იცი შენ, რასაც ვგულისხმობ! იმდენი ხანია, უცოლოდ დადიხარ, რომ ბერივით მარტო ცხოვრებას მიეჩვიე. დროა, ოჯახს მოეკიდო და შვილები იყოლიო.
_ როგორც კი არჩევნები ჩამთავრდება, მაშინვე ვიქორწინებთ, დედა, ნუ ღელავ. ხომ იცი, რომ ახლა მაგისთვის არ მცალია? ამ საარჩევნო ციებ-ცხელებამ ისედაც ბოლო მომიღო. _ ანდრიამ ტუჩები მოკუმა, _ ოღონდ აქედანვე გაფრთხილებ _ შენ რომ წარმოგიდგენია ისეთი ფოი-ფოი ქორწილი მე არ მჭირდება. ძალზე მოკრძალებულად დავიწერთ ჯვარს და მერე სადმე საქორწინო მოგზაურობას დავგეგმავთ. მორჩა!
_ რატომ, შვილო, რატომ? ვისზე ნაკლები ვართ? მაინცდამაინც ის გინდა, ჩვენზე ილაპარაკონ, რა წუწურაქები ყოფილანო?
_ დედა! როგორც ვთქვი, ისე იქნება. ბოლოს და ბოლოს პირველად არ ვირთავ ცოლს და ვიცი, რა უაზრობაცაა ქორწილების ცერემონიები. ეს შენც კარგად იცი, რაღას მალაპარაკებ?
_ სამაგიეროდ, დიკა თხოვდება პირველად და აქვს უფლება, ნამდვილი ზეიმი მოიწყოს. ქალს ისე არაფერი ამახსოვრდება ცხოვრებაში, როგორც ქორწინების დღე. ძლივს შენი შესაფერისი საცოლე აირჩიე. რაც შეეხება შენს პირველ ცოლს და ქორწინებას, მშვენივრად იცი, როგორი დამოკიდებულებაც მქონდა მაგ საკითხთან. ჩემი აზრი დღემდე არ შემიცვლია. პირველი ცოლი შენი პირველი დიდი შეცდომა იყო. ისიც გეყოფა, ჩვენი ნებართვის გარეშე, მალულად რომ იქორწინე მაგ უკრაინელ მდაბიოსთან.
_ დედა! _ ანდრიამ თვალები დააბრიალა.
_ მაპატიე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მახსენდება, ის როგორ იქცეოდა, თავს ვერ ვიკავებ. მადლობა მითხარი, უარეს სალანძღავ სიტყვებს რომ არ ვიყენებ მის შესამკობად.
_ ეს ჩემთანაა, რომ არ იყენებ, თორემ სხვებთან ისეთი უშვერი გინებით იხსენიებ, ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ მართლა არისტოკრატების სისხლი უჩქეფს დედაჩემს ძარღვებში-მეთქი. _ მოჩვენებითი სიმშვიდით წარმოთქვა ანდრიამ.
_ ტყუილია! სხვათან სიტყვაც არ დამიძრავს იმ შენი კატიას თაობაზე! _ გააპროტესტა ნიტამ.
_ დედა, მას სხვა გზა არ ჰქონდა. მოდი, მეტად ნუღარ ვილაპარაკებთ მასზე, შევთანხმდეთ. მაპატიე, ჩემს ოთახში უნდა გავიდე. საქმეები მაქვს. ვახშამზე შევხვდებით.
ანდრიამ სწრაფად გაუარა დედას გვერდით და ფართო დერეფანში გავიდა. ჯერ ბიბლიოთეკაში შევლა გადაწყვიტა, მაგრამ მეორე წამს გადაიფიქრა, ტანსაცმელი უნდა გამოეცვალა და წყალი გადაევლო. ყოველთვის ასე იქცეოდა და ამ წესს ვერც ახლა გადაუხვევდა.
სააბაზანოდან გამოსულმა ატლასის ხალათი მოისხა და ფანჯარასთან დადგა. ეზოს გადახედა. კოხტად გაკრეჭილი გაზონები და დეკორატიული ბზების ბუჩქები ადამიანს თვალს მოსტაცებდა. ნაირფერი ვარდები მთელ მიდამოს არნახულ ელფერს სძენდა. ანდრიას უყვარდა ეს გარემო _ თავისი სახლი უზარმაზარი ეზოთი და ულამაზესი ბაღით, რომელსაც ორი მებაღე უვლიდა. ეს ხალხიც უყვარდა ანდრიას, ყველა, ვინც მის სახლში მუშაობდა და ამ ოჯახისთვის თავს დადებდა.
დედა ერთ რამეში მართალი იყო _ მას საკუთარი ოჯახი სჭირდებოდა _ მოსიყვარულე ცოლი და ცელქი შვილები, რათა მათთან ერთად გაეზიარებინა ჭირიც და ლხინით, სიხარულიც და მწუხარებაც.
როცა ასე იდგა ხოლმე ფანჯარასთან, გამუდმებით კატია ახსენდებოდა, _ მაღალი, ლამაზი, გამხდარი, ცისფერთვალება გოგონა, რომელზეც ცხრა წლის წინ იქორწინა. მისი კატია მაშინ თვრამეტი წლის იყო: მორცხვი, ქერა, შვლის ნუკრივით დამფრთხალი მზერით. აშკარად ეტყობოდა, რომ სლავური წარმოშობის იყო და ქართული სრულიად არაფერი უცხო. არც თავადიშვილი ყოფილა და არც არისტოკრატულ ჩვეულებებზე აღზრდილი, მაგრამ თავისი ქცევებითა და მანერებით არავის ჩამოუვარდებოდა. ატმისფერი სახის კანი და ქერა კულულები მის სილამაზეს მკვეთრად უსვამდა ხაზს. განსაკუთრებით საოცარი სანახავი იყო საღამოობით, როცა მისი ცისფერი თვალები იისფერი ხდებოდა. ამას ყველა აღნიშნავდა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს იგი. როცა ანდრიამ კატია პირველად გაიცნო, იფიქრა, ალბათ კაბის ფერი უცვლის თვალების ფერსაცო, მაგრამ შეცდა. მეორედ, როცა არა ლურჯი, არამედ თეთრი კაბა ეცვა, მაინც იგივე განმეორდა. მისი ცისფერი თვალები საღამოს გაიისფრდა.
რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. მთელი ცხრა წელიწადი! ახლა მას ეს დრო საუკუნედ ეჩვენება. ცხოვრების ერთი ეტაპი უკვე გაილია. როცა წარსულს გადახედა, მიხვდა, რომ კატიზე, როგორც თვითონ შეარქვა, დღემდე ფიქრობდა, მაგრამ არა როგორც საყვარელ ადამიანზე, არამედ როგორც უცხოზე. ნუთუ სიყვარული ასე უცებ ქრება? რამ გამოიწვია იმ ვნების გაცივება, რომელიც ასე ავსებდა? რა თქმა უნდა, მისი პიროვნების შეცვლამ, აქ საკითხავიც კი არაფერია. მაშინდელი ანდრია უცხოა დღევანდელი ანდრიასთვის: ზრდასრული, მკაცრი და ასკეტური მამაკაცისთვის, რომელმაც პრესტიჟული სამსახური პოლიტიკის გამო მიატოვა, პარლამენტარი გახდა, სახელი მოიხვეჭა და ახლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბანკირის ქალიშვილზე ქორწინდება.
ის ანდრია კი ვინ იყო? ერთი ცხვირმოუხოცავი ღლაპი, რომელიც გრძნობებს აჰყვა, დედ-მამის სურვილებს შეეწინააღმდეგა და ოჯახური ტრადიციები დაარღვია _ ნათესაობისთვის მიუღებელი ქალი შეირთო ცოლად, რაც საბოლოოდ არა მხოლოდ სანერვიულო, არამედ სანანებელიც გაუხდა. მისი პოლიტიკური კარიერა ლამის შეიწირა კატისთან დაქორწინებამ.
მამაკაცი ფანჯარას მოშორდა და შეეცადა, აზრები რეალობაში დაებრუნებინა, აღარ სურდა წარსულის ეპიზოდებით გონების დატვირთვა, თუმცა კატიას აჩრდილი, თითქოს ჯიბრზე, ყოველთვის თან დაჰყვებოდა.
აბა, რა დაავიწყებს იმ დღეს, როცა თავისი სათაყვანებელი არსება გაიცნო? შუა ზაფხული იყო, ნათელი და ცხელი დღე. ისეთი ცხელი არა, როგორიც თბილისში იცის, მაგრამ მაინც ცხელი. მაშინ პირველად ჩავიდა უკრაინაში მივლინებით. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მამამ თავისი გავლენის წყალობით საელჩოში გაამწესა სამუშაოდ. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, საელჩოში რომ მუშაობდა და როგორც ახალგაზრდა თანამშრომელი, კიევში მიავლინეს. სწორედ იმ პერიოდში უკრაინის დედაქალაქში ყვავილების ფესტივალი ტარდებოდა. მაშინ ახალგაზრდა იყო და ყველაფერი აინტერესებდა. მეგობრებთან ერთად თვითონაც გავიდა ქუჩაში და საერთო მხიარულებაში ჩაერთო. თვალს ვერ სწყვეტდა უკრაინელ გოგონებს _ თავზე ყვავილების გვირგვინებით რომ მიდი-მოდიოდნენ. ქალაქის ცენტრში ნამდვილი კარნავალი გაემართათ, ყვავილების კარნავალი. ყველა ცეკვავდა და როგორც სურდა, დროს ისე ატარებდა. იყო ერთი გადაძახილი, სმა და ღრეობა. მოულოდნელად გვერდით ძველებურმა ოთხთვალამ ჩაუარა, ასეთები ანდრიას მხოლოდ ფილმებში თუ ენახა. იგი ვარდებით იყო გავსებული. სანამ ამ ცხენშებმულ `ურემს~ ათვალიერებდა, ხან ვინ დაეჯახა და ხან ვინ. ისიც ყველას ბოდიშს უხდიდა. მოულოდნელად, როცა კიდევ ერთხელ მოუხდა ბოდიშის მოხდა, სუნთქვა გაუჩერდა _ მის წინ, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, ულამაზესი ცისფერთვალება გოგონა იდგა. მას ტრადიციული უკრაინული ქვედაბოლო და ბლუზა ეცვა, მოჩითული და რუშებიანი, ზემოდან კი სლავებისთვის დამახასიათებელი ცისფერი წინსაფარი მოეცვა. გვირილების გვირგვინი ქერა თმაზე შემოგრაგნოდა. სხვებისგან განსხვავებით, იგი არც ყვიროდა და არც მხიარულობდა. პირიქით, სევდიანად იცქირებოდა აქეთ-იქით და ხალხის თვალიერებით იყო გართული. ახლოს რომ ყოფილიყო, აუცილებლად გამოელაპარაკებოდა, შეეკითხებოდა, რატომ იყო ასე მოწყენილი, როცა ირგვლივ ყველა მხიარულობდა, მაგრამ გოგონა მოშორებით იდგა და აქედან ხომ არ გასძახებდა? რომც დაეძახა, იმ გნიასში რას გააგონებდა? სანამ ანდრია იმაზე ფიქრობდა, რა გამოსავალი ეპოვა მის გასაცნობად, უცნობი ლამაზმანი ბრბოში მიიმალა და მთელი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკრავს თვალი, თუმცა მთელი მოედანი ცხრაჯერ მაინც შემოიარა.
საღამოს მხიარულება გახურდა. მეგობრებმა ღვინის დასალევად მიიპატიჟეს, მაგრამ ანდრიას არც დალევა უნდოდა და არც ცეკვა, სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ქუჩები ისე იყო ხალხისგან გადაჭედილი, გავლა ჭირდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაინახავდით ერთად შეჯგუფებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ან სვამდნენ, ან მღეროდნენ, ან ცეკვავდნენ. სრულიად უცხოები ანდრიასაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ იგი ყველას თბილი უარით ისტუმრებდა.
ნელა მიიკვლევდა გზას სასტუმროსკენ. როგორც იქნა, ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია, საიდანაც გზის მოჭრა შეეძლო და უცებ ის გოგონა კვლავ დაინახა _ ქერათმიანი, სახესევდიანი უცნობი ლამაზმანი. იგი ახალგაზრდა მოცეკვავეების შუაგულში მოქცეულიყო და ანდრიას მოეჩვენა, რომ ამჯერად ისიც მხიარულობდა. თუმცა, ყურადღებით რომ დააკვირდა, თვალწინ სრულიად სხვა სურათი გადაეშალა. გოგონა მთელი ძალით ცდილობდა მოცეკვავეთა ჯაჭვის გარღვევას და წრიდან გამოსვლას. ხან ერთს გაჰკრავდა მუჯლუგუნს, ხან მეორეს, რომ როგორმე დაეღწია თავი არასასურველი ღრიანცელისთვის.
ანდრიამ ამით ისარგებლა, წრიულად მოხტუნავე ჯგუფს მიუახლოვდა, რკალი გაარღვია, გოგონას წელზე ხელი მოხვია და განზე გაიყვანა. უცნობი ლამაზმანი ისე ქოშინებდა, თითქოს ეს-ესაა, მგლების ხროვას გამოექცაო. დამფრთხალი აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და თავს ხან მარჯვნივ გადაიქნევდა, ხან მარცხნივ, რომ თმა ზურგს უკან გადაეყარა.
რამდენიმე ხანს ანდრია გაუნძრევლად იდგა, თან ხელს არ უშვებდა თავის ნადავლს, მკერდზე რომ მიეხუტებინა. მერე ორივენი გონს მოეგნენ და მამაკაცმა ბოდიშის მოხდით გოგონას ხელი შეუშვა. უცნობმა მორცხვად გაისწორა ფურჩალებიანი კაბა და თმა ზურგს უკან კიდევ ერთხელ გადაიყარა.
_ კარგად ხართ? _ სხვა ვერაფერი მოიფიქრა ანდრიამ და ესღა შეეკითხა.
მკვეთრმა აქცენტმა მაშინვე გასცა მამაკაცი _ კავკასიელი რომ იყო, გოგონას ამაში ეჭვი არ შეჰპარვია.
_ დიახ, მადლობა… დიდი მადლობა, რომ იმ რკალის გარღვევაში დამეხმარეთ, _ თქვა და გაიღიმა.
_ მონობიდან დაგიხსენით.
ანდრიამაც გაუღიმა, თავი ჯენტლმენურად დაუკრა, მაგრამ სანამ რამეს შეეკითხებოდა, გოგონამ წასვლა დააპირა და მიტრიალდა. აბა, ამას როგორ დაუშვებდა ქართველი კაცი! ცხოვრებაში პირველად ქალი მოეწონა და მას ასე ადვილად გაუშვებდა ხელიდან? მით უფრო, რომ გოგონაში იყო რაღაც ისეთი, რაც სხვებში არასდროს შეუმჩნევია… მოუნდა უფრო ახლოს გაეცნო იგი, ამიტომ მოულოდნელად წინ გადაუდგა და გზა გადაუღობა.
_ აქ ახლოს ერთი კარგი რესტორანი ვიცი. რომ დაგპატიჟოთ, ცუდად ხომ არ გამიგებთ? _ და როცა შეამჩნია, რომ სლავი ლამაზმანი ყოყმანობდა, სასწრაფოდ დაამატა, _ ანდრია ჭავჭავაძე, ქართველი, თბილისიდან. ბრიტანეთის საელჩოში ვმუშაობ, შეუდარებელი რეპუტაცია მაქვს, არ შეგეშინდეთ ჩემი.
გოგონას გაეღიმა.
_ მე კატია მქვია, კატია კოვალენკო. _ თქვა და თავისი ნაზი, სანთელივით ჩამოქნილი თითები გაუწოდა.
_ ძალზე სასიამოვნოა. ახლა, როცა უკვე გავიცანით ერთმანეთი, უარს ნუ მეტყვით, დაგპატიჟოთ. სასმელს არ დაგაძალებთ, ცხელი შოკოლადი მაინც დავლიოთ ერთად.
ასე დაიწყო მათი მეგობრობა, რომელიც სულ მალე უფრო ღრმა გრძნობაში გადაიზარდა. ჭკვიანი, განათლებული, კარგად აღზრდილი კატია რადიკალურად განსხვავდებოდა თავისუფალი სლავი გოგონებისგან, პირადი სიამოვნებისთვის უკან რომ არ იხევენ. ასეთებთან ურთიერთობას ანდრია შეჩვეული იყო, ამიტომ როცა იმ საღამოს, რესტორნიდან გამოსვლისას კატიას კოცნა დაუპირა და პასუხად სილა გააწნეს, გაოგნებული დარჩა. დარწმუნებული იყო, საღამოს რესტორანში გატარება სრულიად საკმარისი იქნებოდა ახალი, ლამაზი სლავური მწვერვალის დასაპყრობად.
ამან უარესად გაახელა. იმდენად გაუმძაფრდა მისი დაუფლების სურვილი, ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ კი მიზნისთვის მიეღწია. ტანია კი, მისდა გასაოცრად, სრულიად სხვა ტრადიციებზე აღმოჩნდა აღზრდილი. იგი ნაგვიანევი შვილი იყო და ხანში შესული მშობლებისგან სხვა ღირებულებები შეეძინა. გოგონა სრულებით არ ჰგავდა თავის თანატოლებს, არც სიგარეტს ეწეოდა და არც სასმელს ეკარებოდა. სამაგიეროდ, ნებისმიერ თემაზე შეეძლო პოლემიკის გაბმა და ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა.
_ მამაჩემი ისტორიკოსია, _ მოუყვა ერთ საღამოს ანდრიას, _ მან იმდენი რამ მასწავლა, რასაც სხვები წლებს ანდომებენ, მაგრამ ხანდახან მეშინია მისი, ნამდვილი რადიკალია, მისი მოსაწონი მთავრობა უკრაინას ჯერ არ ჰყოლია.
მაშინ ანდრია პოლიტიკაზე სულ არ ფიქრობდა, ამიტომ კატიას მამის შეხედულებები მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ კატია გახლდათ _ ქერათმიანი სლავი გოგონა, რომელსაც ცისფერი თვალები საღამოობით იისფერი უხდებოდა…
იმ პერიოდში უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დამოუკიდებელ ქვეყანას საფრთხე დაემუქრა. თუმცა ანდრიას მაშინ სულ არ ანაღვლებდა, იქ რა ხდებოდა. ერთი სული ჰქონდა, კატიას ცოლად როდის შეირთავდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ემოქმედა, თან მშობლებისგან მალულად, რადგან დედას ეს ამბავი რომ გაეგო, არას დიდებით არ დათანხმებოდა, მის ვაჟს უცხოელი, თანაც საშუალო წრის ქალი შეერთო ცოლად. სხვა მხრივ წინააღმდეგობა არსაიდან ელოდა. კატიას მშობლებს ისე შეუყვარდათ ანდრია, ყოველი მისი სტუმრობა მათთვის დღესასწაულის ტოლფასი გახდა.
გოგონას არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა. პროფესორი მამა არა მხოლოდ უკრაინაში, მთელი ევროპის სამეცნიერო წრეებში იყო ცნობილი, თუმცა ანდრიასთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. გლეხიც რომ ყოფილიყო პროფესორი, ბიჭი წამითაც არ შეყოყმანდებოდა. მას უყვარდა კატია და სურდა, მთელი სიცოცხლე მის გვერდით გაეტარებინა.
აღარ დაუყოვნებია. სასწრაფოდ დაიწერეს ჯვარი და თაფლობის თვის გასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ. ო, რა ამბავი ატყდა. ნიტა ისე გაცოფდა, მთელი კვირა შვილს სახლში არ უშვებდა. ანდრიამაც მოჰკიდა ხელი თავის ახალშერთულ მეუღლეს და კახეთს, მამულეთს მიაშურა. მხოლოდ მეცხრე დღეს დაურეკა ნიტამ შვილს და ნება დართო, თბილისში დაბრუნებულიყო.
სხვა გზა არ რჩებოდა. ან უნდა დაეკარგა ერთადერთი ვაჟი, ან უნდა შერიგებოდა. ანდრიას არა, მაგრამ ბედს შეურიგდა. ფიქრობდა, ამ გოგოს ისე გავამწარებ, თავისი ფეხით გაიქცეს უკრაინაშიო. ახლობლები ამშვიდებდნენ, ხომ იცი სლავი ქალების ამბავი, აქაურობას ძნელად ეგუებიან, მაგათ მხოლოდ `ტანცი-მანცი~ უნდათ და გართობა, როცა ამას ვერ მიიღებს, ვეღარ გაძლებს და თვითონვე მიატოვებს ანდრიასო.
თუმცა კატიას ამის დამტკიცებამ ვეღარ მოუწია. ორი კვირის დაქორწინებულებიც არ იყვნენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მორიგმა კონფლიქტმა იფეთქა. თაფლობის თვეს ვიღა ჩიოდა, ცოლ-ქმარს ერთად ყოფნის საშუალებაც ესპობოდა, რადგან ანდრია საელჩოდან ინგლისში გაიწვიეს, უარის თქმა არ შეიძლებოდა. უარი სამსახურს დააკარგვინებდა. სამსახურის დაკარგვა კი საყვარელი ქალის დაკარგვას ნიშნავდა, რადგან სულაც არ სურდა, მშობლების სარჩენი გამხდარიყო და დედას დღეში ცხრაჯერ დაეყვედრებინა, უჩემოდ შიმშილით სული გაგძვრებათო.
აეროპორტში ცოლმა გააცილა და გამოსამშვიდობებელი კოცნაც აჩუქა.
_ არ მოიწყინო, იცოდე! _ არიგებდა ანდრია, _ როგორც კი მოვეწყობი, შენც წაგიყვან. დედას არ ეკამათო. მართალია, თავისებური ქალია, მაგრამ კეთილი გული აქვს. როგორმე გაუძელი, სულ ცოტა ხანს გაუძელი, ჩემო ლამაზო. მერე მე ქართულს გასწავლი და მორჩა, ყველაფერი კარგად იქნება.
_ ყველაფერს გავუძლებ, ანდრია, ყველაფერს, _ ეჩურჩულებოდა კატია, _ ვიცი, რომ მალე ისევ ერთად ვიქნებით. როგორც კი დამირეკავ, მაშინვე წამოვალ.
_ ამ წუთიდან წამების ათვლას ვიწყებ ჩვენი შემდეგი შეხვედრის მოლოდინში, _ გადაეხვია ანდრია ცოლს და სახე დაუკოცნა.
მაშინ არც ერთმა არ იცოდა, რომ ისინი მეტად ვეღარ შეხვდებოდნენ ერთმანეთს…
პირველ დღეებში კატიამ საშინლად მოიწყინა. ამას ზედ ნიტას კაპრიზებიც დაერთო. მოსამსახურეს არ ავალებდა იმდენს, რამდენსაც რძალს. კერძების მომზადებას ვინ ჩივის, ჭურჭელსაც კი მას არეცხინებდა. გოგონა ითმენდა, ითმენდა იმ იმედით, რომ ანდრია მალე შეეხმიანებოდა და აქაურობას დატოვებდა.
მაგრამ იღბალმა უმტყუნა. უკრაინიდან დედამ დაურეკა, მამაშენი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაიჭირეს და სასწრაფოდ ჩამოდიო. რა გააჩერებდა თბილისში, როცა თავისიანებს უჭირდათ? დაჰკრა ფეხი და იმ დღესვე დედასთან გაჩნდა.
ეს ამბავი ანდრიამ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგო. როცა ნიტა დარწმუნდა, არასასურველი რძალი თავიდან მოვიშორე და იგი აქ ჩამომსვლელი აღარ არისო, მხოლოდ მაშინ დაურეკა შვილს და ყველაფერს მოუყვა. გაგიჟდა ბიჭი, მთელი ხმით გაჰყვიროდა, რატომ მაშინვე არ შემატყობინე, რაც ხდებოდა, რამეს მოვიფიქრებდიო. ნიტა შეცბუნდა. არ ეგონა, მის შვილს ასეთი რექცია თუ ექნებოდა. რა მოხდა მერე, ცოტა ხნით დარჩება და ისევ ჩამოვაო, ანდრიას დამშვიდება სცადა, გულში კი უდიდეს კმაყოფილებას გრძნობდა კატიას თავიდან მოშორებით.
დედასთან საუბარი დაამთავრა თუ არა, ანდრიამ კატიასთან დარეკა. გოგონა ისე ხმადაბლა ელაპარაკებოდა და ისე მიკიბულ-მოკიბულად, ბიჭი მიხვდა, რომ ცოლი სათქმელს ბოლომდე ვერ ამბობდა, რაღაცას მალავდა.
კატიასთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, მამამისს ქვეყნისთვის ეღალატა. ვის და რაში აწყობდა პროფესორისთვის ასეთი ცილისწამება, გოგონა ვერ ხვდებოდა. ანდრიამ რამდენჯერმე დაურეკა, ეხვეწებოდა, შინ დაბრუნდი, მე ვიზას გამოვაგზავნინებ და ჩემთან ჩამოდი, იქ ყოფნით მამაშენს მაინც ვერაფერს უშველიო, მაგრამ კატიამ არ გაუგონა, დედას მარტო ვერ დავტოვებო.
პროფესორმა კოვალენკომ სიმართლე ვერ დაამტკიცა. მას რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ჯაშუშობა დასწამეს და სასამართლოც დაინიშნა, მაგრამ… მოხუცის გულმა ამხელა დარტყმას ვერ გაუძლო და საპატიმროში გარდაიცვალა.
გოგონას სამშობლოს მოღალატის შვილის იარლიყი სამუდამოდ აეწება.
ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ კატიას და დედამისს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს, თორემ აპირებდა, სახლი გაეყიდა და დედასთან ერთად საქართველოში ჩამოსულიყო, აქ ბინა ეყიდა და ანდრიას დალოდებოდა. როცა ამაშიც არ გაუმართლა, სხვა ხერხს მიმართა. სამშობლოში უკვე აღარ დაედგომებოდა, ყველა მისკენ იშვერდა თითს, მეზობელი იყო თუ უბრალო ნაცნობი. ერთადერთი გამოსავალი სადმე სოფელში გადასახლება იყო, სადაც არც სროლები იქნებოდა და ნაცნობთა თვალსაც მიეფარებოდა.
დედას მოელაპარაკა, დაითანხმა და ბინა გაყიდეს თუ არა, სოფელ ბერიოზკასკენ აიღეს გეზი, სადაც მათი ნათესავი ცხოვრობდა. იქ იაფად შეიძინეს სამოთახიანი სახლი დიდი ეზოთი და სული მოითქვეს. აქამდე არც ბოროტი ხმები აღწევდა და არც ავი ენები, მაგრამ ანდრიასთან კონტაქტი გაუწყდა. მობილური ტელეფონი დაკარგა, ანდრიას ნომერი ზეპირად არ იცოდა და ხმას ვერსაიდან ვეღარ აწვდენდა. იმის იმედი ჰქონდა, როცა ჩემი ქმარი ინგლისიდან დაბრუნდება, თვითონ მომძებნისო. გული ამით დაიმშვიდა.
გაგრძელება იქნება