მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ "თბილისელებთან" თავის მოვლასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობს:
"წინასწარ მრცხვენია ჩემი პასუხის, რადგან ამაზე საერთოდ არ ვზრუნავ. ქალები ათასნაირ პროცედურებზე დადიან, უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ არაფერს ვიყენებ. ეს ძალიან ცუდია. ამით არ ვამაყობ. დამეტყო კიდეც, რომ ამ მხრივ, არაფერს ვაკეთებ. იმას არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს საერთოდ არ ვუთმობ დროს, მაგრამ დღეს ათასნაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ 20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე და მე არცერთს არ ვიყენებ. სხვათა შორის, დედაც ასე იყო. არასდროს უვლია კოსმეტოლოგებთან რაღაც პროცედურებზე. ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა. საჭიროა, განსაკუთრებით კი ჩვენს პროფესიაში. ბოლო წლები, რაც ტელეწამყვანის ამპლუა შევითავსე, აუცილებელიცაა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, შიშიც მაქვს, რომ რამე გავიკეთო და ძალიან შევიცვალო. სარკეში რომ ჩავიხედო და სხვანაირი თავი აღმოვაჩინო, მგონია, რომ ვერ შევეგუები. მოდი სიმართლეც ვთქვათ, თუ რამეს იკეთებ, აუცილებლად ძალიან ხარისხიანად უნდა გაიკეთო, რაც არც თუ ისე ცოტა ფინანსებს საჭიროებს, რისი საშუალებაც მე არ მაქვს, ვერ მივცემ თავს ძალიან ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარების საშუალებას. ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც მე ძალიან ვჭირდები. თუმცა, მარტო ამასაც ვერ დავაბრალებ. ძალიან თუ მომინდება, ჩემი თავისთვის საჭირო ფინანსებსაც გავიმეტებ, მაგრამ არ ვარ ამ თემაზე ჩაციკლული. დღეს უფრო ახალგაზრდები არიან ამაზე ორიენტირებულები. მგონი, უნდა შეეგუო, რომ ასაკი გემატება და შენ უკვე ახალი ფუნქცია და დანიშნულება გაქვს. პროფესიაშიც ისეთი როლები გექნება, რომლებიც შენს ასაკთან შესაბამისობაში მოდის. ჩემი ერთადერთი აქტიურობა ამ კუთხით, რაც მახსენდება ისაა, რომ პანდემიის დროს, როცა სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ჩემი შვილის ძალდატანებით, სახეზე ნიღბებს ვიკეთებდი. ახლაც ვიყიდი ხოლმე გამზადებულს და საერთოდ არ მახსენდება მათი გამოყენება." - ამბობს მსახიობი.
ნანა ლორთქიფანიძე სამჯერ იყო დაოჯახებული - ორი ქმარი მსახიობი იყო. პირადი ცხოვრების შესახებ ნანა ლორთქიფანიძეს არაერთხელ უსაუბრია:
„ჩემი პირველი მეუღლე ილო წიქვაძე იყო. ჩემს გათხოვებასთან დაკავშირებით ოჯახიდან ცოტა წინააღმდეგობა წამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავპარულიყავით.
დედას და მამას ძალიან ეწყინათ. დედა ისე გაბრაზდა, რომ მთელი თვე არ შემრიგებია, მამას გულის მოლბობა უფრო ადვილი იყო. ერთად 5 წელი ვიყავით. დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა.
ალბათ პატარა ვიყავი და პირველივე პრობლემებს და სირთულეებს ვერ გავუმკლავდი. 5-6 წლით დიდი რომ ვყოფილიყავი იმ ასაკთან შედარებით, იქნებ ბრძოლა გამეგრძელებინა. მთელი ცხოვრებაა დაშორებას ვნანობ. ილო გარდაიცვალა და მთელი ცხოვრებაა ეს მაწუხებს – იქნებ ერთად რომ ვყოფილიყავით, სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.
რუსთაველის თეატრში ახალი მისული რომ ვიყავი, ძლივს ვესალმებოდით ერთმანეთს, ცოტა მეშინოდა კიდეც. ეს ურთიერთობა უცებ განვითარდა. 7 წელი ერთად ვიყავით, 1 წელი გავეყარეთ, შემდეგ ისევ შევრიგდით, მთლიანობაში 9 წელი ვიყავით ერთად. ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი იყო. თვითონ გაყიდა საკუთარი თავი. არ შეუძლია ტყუილები. ღამის 2 საათი იყო – აბაზანაში იყო, როცა დაურეკეს, მითხრა, ტელეფონს უპასუხეო. 2-ჯერ დარეკა და გათიშა. როცა ზაზა გამოვიდა, ვკითხე, ვისი ნომერია, მიკიდებს-მეთქი, თავში აზრად არ გამივლია, რომ ქალი იყო. უცებ სახე შეერყა და ფერი ეცვალა. ვახოს ნომერიაო (ჩვენი უახლოესი მეგობრის). ამას ახლა სიცილით ვიხსენებ. გავგიჟდი, გადავირიე, შემდეგ მე დავურეკე, გოგომ აიღო. ისეთი მოულოდნელი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, შეიძლება ძალიან გადამეტებული რეაქცია მივეცი ამ ყველაფერს" - ამბობდა ნანა ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.