26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა... წაიკითხეთ სრულად
მსახიობ მანანა აბრამიშვილის გარშემო ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ საკუთარი პროტესტი მაისურებზე დატანილი წარწერით გამოხატეს. მანანა აბრამიშვილმა ვრცელი ვიდეო ჩაეწერა, სადაც ამბობს, რომ თეატრი პროტესტის ადგილი არ არის და მსახიობებმა საკუთარი აზრი ქუჩაში უნდა გამოხატონ. მან აღნიშნა ისიც, რომ რამდენიმე მსახიობი, ამ შემთხვევაში ისინი, ვინც მაისურზე წარწერებით გამოვიდნენ სცენაზე, არ უნდა საუბრობდნენ ყველა მსახიობისა და თეატრის სახელით.
მანანა აბრამიშვილის ვიდეომიმართვას უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის, ნანკა კალატოზიშვილი, რომელმაც მანანა არამიშვილს მიუთითა, რომ იმ მოძალადეების მხარესაა, რომელიც აქციაზე მის შვილსაც არბევს. ცნობისთვის, აბრამიშვილის შვილი ასევე მსახიობი თეკლა სულაქველიძეა.
თეკლა სულაქველიძემ დედის, მანანა აბრამიშვილის ვიდეომიმართვისა და კომენტარების შემდეგ, თავადაც გააკეთა განცხადება:
"მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად. ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის.
როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ. ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას.
არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის.მადლობა და ნახვამდის", - დაწერა მან.
"ჩემი შვილის პასუხი ყველას. ახლაც თეატრში ვარ ჯერ კიდევ და უცებ ვხედავ ჩემი შვილის პასუხს ყველას მიმართ. და დიახ! მე ბედნიერი დედა ვარ, რომ გავზარდე სწორად ჩემი ორივე შვილი და რომ ვერასდროს შეძლებს ვერავინ, ეს ყველაფერი ილუზია გახადოს!!!! ყველაფერი ამისთვის ღირს ცხოვრება და მე ვცხოვრობ. ყველა დედას და შვილებს სიკეთე... სამყაროში", - დაწერა მოგვიანებით მანანა აბრამიშვილმა.