ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი "დღის პოსტის" სტუმარი იყო, სადაც ოჯახურ თემებზე ისაუბრა:
"რაც უფრო დატვირთული ვარ, მით უფრო მეტად ვარ ფორმაში, დრო სწორად მაქვს გადანაწილებული. ეს ხდება იმ ადამიანების დახმარებით, ვინც ჩემს გვერდით არიან: ოჯახის წევრები, მეგობრები... დათო თავადაც ყოფილი სპორტსმენია, თვეები იყო კონტრაქტებით. ბაქოში რომ წავედი, ხუთი თუ ექვსი ღამე გამომივიდა, მკითხა, ხომ გამოიძინე მაინცო… სპორტული ინტერესი ორივეს გვაქვს, რაღაცას რომ წამოიწყებს ხოლმე, ბოლომდე ვგულშემატკივრობ და პირიქით…"
უკვე წლებია, რაც ქეთი ხატიაშვილი დავით კაჭარავას გვერდით ჩნდება. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, თუმცა ბევრს მოგზაურობს, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ...
წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ. 2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია.
ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.