"2024 წლის 8 სექტემბერს სიმსივნე, კონკრეტულად საკვერცხის, ჩემს ცხოვრებაში სასიკვდილო განაჩენის მსგავსად შემოვიდა. 14 ოქტომბერს დავიწყე ჩემი ქიმიოთერაპიული მოგზაურობა, რომელიც ახლახან დასრულდა - გასულ ორშაბათს, 27 იანვარს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე თავს ისე ცოცხლად ვგრძნობდი, როგორც არასდროს.
რთული იყო და ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სხვაგვარად არ მექნებოდა ძალა. ამბობენ: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მივხვდი, სიმსივნემ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება" - წერს მოდელი ბიანკა ბალტი.
"როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, რატომღაც ვიცოდი, რომ ამას გავუმკლავდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი, რომ ვეღარ შევძლებდი ოჯახზე ზრუნვას. ჩემი პროფესია ყოველთვის იყო მიბმული ჩემს გარეგნობასთან. მუცელზე ნაწიბური მაქვს, თმა აღარ მაქვს, მე აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში. საწოლში იძულებითი წოლისას ვფიქრობ ჩემს თვითშეფასებასა და პროდუქტიულობაზე", - წერს 40 წლის ბალტი.
2022 წლის ბოლოს ბალტიმ გენეტიკური ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის მატარებელია - ასეთ შემთხვევაში მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შანსი 50%-ია, ხოლო საკვერცხის 30%.
"გასულ კვირას გამოკვლევა ჩავიტარე და გავიგე, რომ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი საკვერცხის კიბოთი იყო გამოწვეული. ეს იყო შიშით, ტკივილითა და ცრემლებით სავსე კვირა, მაგრამ სიყვარულით, იმედით და ძალით სავსე ვარ.წინ გრძელი გზა მელის, მაგრამ ვიცი, რომ ამას დავამარცხებ. ჯერჯერობით კიბომ ის მასწავლა, რომ თითოეულ დაბრკოლებაში სილამაზე უნდა დავინახო", - წერდა ბიანკა "ინსტაგრამზე" და აღნიშნავდა, რომ ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
სამოდელო კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა მაღაზიაში მომუშავე გოგონა მოდის აგენტმა შეამჩნია.
ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 2005 წელს მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.
2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან, იგი მუშაობდა ისეთი დიზაინერებისა და მოდის სახლებისთვის, როგორებიც არიან: შიატზი ჩენი, კარლ ლაგერფელდი, ჯანფრანკო ფერე, მარკ ჯეიკობსი, ალექსანდრე მაკქუინი, ჟივანში, ზაკ პოზენი, ერმესი, ჯონ გალიანო, გუჩი, ფენდი, ვალენტინო, პრადა, შანელი, კრისტიან დიორი, ვერსაჩე, ოსკარ დე ლა რენტა, ნარცისო როდრიგესი, რალფ ლორენი, კაროლინა ჰერერა და Victoria's Secret.
2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
2016 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა მეთიუ მაქრეიზე, რომელიც ესპანეთში, მარბელიეზე დასვენებისას გაიცნო. საქორწინო ცერემონია გაიმართა ფულერტონის სასამართლოს შენობაში. წყვილს ჰყავს ქალიშვილი მია მაქ-რეი. მეთიუ მაქ-რეისთან დაშორების შემდეგ, ბიანკა სალ ლაჰოუდს ხვდებოდა. შემდგომში განაახლა მეთიუ მაქ-რეისთან ურთიერთობა. წყვილმა 2017 წლის 1 აგვისტოს ოჯახისა და მეგობრების წინაშე ახალი ერთგულების ფიცი დადო.