ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი როლანდ ოქროპირიძე ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო, როცა ის პოპულარულ სერიალ "ცხელ ძაღლში" გამოჩნდა. ის ასევე მონაწილეობა ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალებში: "ჩიფსების თაობა", „აქ ცხოვრობენ გუნცაძეები“, „ჩვენი ამბავი“, „სიყვარულს მიღმა“, „თესეა“ და სხვ.
2005 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში თამაშობს. შესრულებული აქვს როლები: ლაერტი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ რეჟ.: თემურ კუპრავა), დიეგო (ალბერ კამიუ „ქალაქი ალყაში“, რეჟ. დავით დოიაშვილი), იოველი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა), ჯეკ ბრაუნი (ბერტოლდ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, რეჟ. გიზო ჟორდანია), მცველი (ჟან ანუი „ანტიგონე“, რეჟ.: თემურ ჩხეიძე), მოსამართლე („ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე" რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა) და სხვ.
როლანდ ოქროპირიძე დაოჯახებული იყო მსახიობ სოფო გორელაშვილზე, რომელსაც ქართველი მაყურებელი ასევე არაერთი ფილიდან თუ სერიალიდან იცნობს. ყოფილი მეუღლეების პროფესიული გზა წლების შემდეგ კვლავ გადაიკვეთა - ისინი სერიალ "სიყვარულს მიღმას" გადაღებებზე შეხვდნენ. ახლა მეგობრობენ, თუმცა მათი დაშორება მტკივნეული იყო: „ოჯახის დანგრევა უბრალო ამბავი არ არის. ესე იგი, შეცდომით გადადგი ნაბიჯი. მერე შენს თავს ამ შეცდომას ვეღარ პატიობ, რადგან მარტო შენ არ ხარ დაზარალებული, ასევე ცუდად არის შენი მეორე ნახევარი… ჩემი პირველი მეუღლე კარგი გოგოა, არც მე ვარ ურიგო, ერთად კი ვერ გამოვდექით. ახლა კარგი მეგობრები ვართ. მეგობრობა შევძელით, მეუღლეობა – ვერა!..“
მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა: „არ არსებობს ადამიანი, რაღაც დონეზე არ განიცადოს. მე ისეთი ნერვიულობა შემხვდა, რომ დიაბეტი დამემართა…“
რონალდ ოქროპირიძემ მეორედ იქორწინა: „ჩემი მეორე მეუღლე არის ის, ვინც შეძლო და მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ის ზუსტად ჩემი ადამიანია. კარგად გვესმის ერთმანეთის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ ერთად“, - ამბობდა ის.
როლანდ ოქროპირიძეს ჰყავს უფროსი ვაჟი, რომლის შესახებაც მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა: "მყავს პირველი შვილი, ვაჟი, რომელიც ქორწინების გარეშე საკუთარი სურვილით გააჩინა ერთმა გოგონამ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩემს ადრეულ ახალგაზრდობაში მოხდა. პირველი ვაჟი მალე 16 წლის გახდება. გვაქვს ურთიერთობა, უფრო მეტად სატელეფონო, ვხვდებით კიდეც ერთმანეთს. მას ყოველთვის შეუძლია მოვიდეს ჩემთან და ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც დანარჩენ შვილებს…“
ახლა მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად კახეთში ცხოვრობს, სადაც საკუთარი სათევზაო მეურნეობა აქვს: "მამისგან ეს ადგილი მერგო და მოვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა. კახეთში ზოგადად ცხელა, მაგრამ ჩემთან არ ცხელა, ზღვის დონიდან 800 მეტრზე ვართ.
ჩემი შვილები პატარები არიან, მეხმარებიან ხოლმე ბიჭები, გოგონები მცირე ასაკის არიან. ოთხი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო. სხვათა შორის, კიდევ მინდა, რომ მყავდეს. ამას წინათ დამისვეს კითხვა, როგორი მამა ვიყავი და წავაგე „სიცრუის დეტექტორში“, ვუპასუხე, ცუდი მამა ვარ-მეთქი, მაგრამ გაირკვა, რომ კარგი ვარ. უფრო მეტი მინდა ჩემს შვილებთან ურთიერთობა. ზოგ მათგანთან ვერ ვახერხებ და გული მწყდება ამასთან დაკავშირებით. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს სეირნობა, მე – ნაკლებად, უფრო სახლში მიყვარს ყოფნა. ვსეირნობთ ხოლმე, ტყეში, მიყვარს ნადირობა…“