სიყვარული შთაგონების წყაროა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში და რა თქმა უნდა, ლიტერატურაშიც. წიგნები სიყვარულზე ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავწვდეთ სხვადასხვა სახის ურთიერთობებს, გავიზიაროთ ემოციები და გავიგოთ, როგორ იქცევიან შეყვარებული ადამიანები განსხვავებულ ვითარებაში.
სიყვარულის დღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი ადამიანი იწყებს სასიყვარულო წიგნების კითხვას. ამავდროულად, ის საუკეთესო საჩუქარია ვალენტინობის დღეს ან ნებისმიერი სხვა რომანტიკული მომენტის აღსანიშნავად. ასეთი წიგნების კითხვა არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ გვაფიქრებს ურთიერთობებზე, გრძნობებსა და ზოგადად, ადამიანურ კავშირებზე.
სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობელობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობელობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად, გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც. ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია, ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა.
ელიფ შაფაქის ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ 2009 წელს გამოქვეყნდა და მილიონობით მკითხველის საყვარელ წიგნად იქცა. იგი ერთგვარი ხიდი აღმოჩნდა მრავალთათვის მისტიკური სამყაროსკენ. ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ თანამედროვე ადამიანის სულიერ ამაღლებას ემსახურება. ეს არაა მხოლოდ რომანი, იგი სუფიური ტრაქტატისა და მხატვრული სიტყვის ჰარმონიული ნაზავია, რომელიც ტექნიციზმისა და პროგრესის საუკუნეში ოსტატურად ცდილობს ადამიანებმა ცხოვრების დაკარგული საზრისი მოიპოვონ. მისი წაკითხვით, ადამიანს უჩნდება სურვილი, ყველას გაუგზავნოს მოწვევა ზეიმზე, სადაც შემწყნარებლობა, მიტევება და სიყვარული კიაფობენ. ამ რომანში გვხვდება შემდეგი სიტყვები: ,,სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი ის არის რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.” მართლაცდა, მისტიკოსები დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ დედამიწას არ ეკუთვნიან. მათი სამშობლო ალბათ იქაა, სადაც ცეცხლისა და წყლის სიყვარულს აღარაფერი ემუქრება.
გვერდით არავინ არ მოგვიჯდება და სიყვარულს ასე არავინ გვასწავლის. ასე რომ, ხშირად ურთიერთობაში რომანტიკული ფილმებიდან და პოპკულტურიდან მიღებული ინფორმაციით ძლივძლივობით ვერკვევით. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ნაცვლად იმისა, რომ სიყვარული რაღაც არამიწიერ ცნებად ან მთელი რიგი კლიშეების სახით წარმოგვიდგინოს, ჯეი შეტი კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს გვთავაზობს, რომელთა გადადგმაც დაგვეხმარება იმაში, რომ სიყვარულის სწავლისა და მისი განმტკიცებისთვის საჭირო უნარების განვითარება იმაზე უკეთ მოვახდინოთ, ვიდრე ოდესმე. იმ სამყაროში, რომელიც სავსეა ზედაპირული ურთიერთობებით და მოწყურებულია ღრმა ადამიანურ კავშირებს, ჯეი შეტი გვთავაზობს წიგნს, რომელსაც ყველანი ველოდით, რომელშიც მოცემულია უძველესი სიბრძნე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე – საკუთარ თავთან ჩვენსავე ურთიერთობაზე ვიმუშაოთ.
„ფრანგული რომანი“ ფრედერიკ ბეგბედერის ავტობიოგრაფიული რომანია − ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალურ დეტალებს გვიმხელს. რომანის გმირს, უკვე აღიარებულ მწერალს, პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ. ბნელ საკანში გამოკეტილს, თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე, თუმცა ბავშვობის დროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია. ამიტომ ცდილობს, თავი დააღწიოს ამ ფიქრებს, მაგრამ... მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული, ოჯახი, მშობლების წარმომავლობა... მიჰყვება ოჯახის გენეალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს... „ფრანგული რომანი“ 2009 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე დიდი აღიარება მოიპოვა. ამავე წელს რომანი „რენოდოს“ ლაურეატი გახდა.
მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან დაბრუნებული ნოა კოლჰუნი სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის. მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს _ იმის მიუხედავად, რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე. ელის დაკარგვის შემდეგ ნოა მხოლოდ მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას მანამ, სანამ ელი მოულოდნელად არ დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს. „დღიური“ ნიკოლას სპარქსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, მისი ავტორი კი _ ხმაურიანი დებიუტის წყალობით _ სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. ნიკოლას სპარქსის ეს რომანი პაზლივით აწყობს ელისა და ნოას სასიყვარულო ისტორიას და ამხელს მის დაფარულ მხარეებს. 2004 წელს წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.
1995 წელი — წელი, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხოვრება შეცვალა; წელი, როცა ერთი მიყრუებული კუნძულის პატარა ქალაქში მთელი ცხოვრების სიყვარული იპოვა — ბიჭი, რომელმაც სამყარო შეაცნობინა და საყვარელი საქმე აპოვნინა. 2019 წელი — წელი, როცა უკვე სახელგანთქმულ ფოტოგრაფს მომაკვდი ნებელი დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ის იბრძვის, მითუმეტეს, გვერდით ჰყავს ერთგული მეგობრები და ახალგაზრდა თანაშემწე, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა და უამბო თავისი დიდი სიყვარულისა და კიდევ უფრო დიდი ტრაგედიის ამბავი..
სად არის ის საოცნებო მხარე, რომელსაც ვნატრობთ და ხშირად მისი გზა ვერ გვიპოვია?! არადა, თურმე ჩვენ გვერდითაა, სულ ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ მივაგნებთ. ამაში სიყვარული დაგვეხმარება _ სიყვარული ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის. ოცნებაზე უარი არასოდეს არ უნდა ვთქვათ, წარსული წარსულში უნდა დარჩეს და აწმყოთი და მომავლის იმედით ვიცხოვროთ, გვასწავლის ნიკოლას სპარქსის კიდევ ერთი ბესტსელერი ”საოცნებო მხარე“, რომელიც სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით გაგაოცებთ.
როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებებს? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტესელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული. ესაა საჩუქარი, რომელიც არასოდეს გაქრება.
R