მსახიობი ანა ამილახვარი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონის გამორჩეული მონაწილე იყო, რომელმაც სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ანა ამილახვარი დაიბადა 1991 წელს.
2013 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, გიორგი მარგველაშვილის ჯგუფი. ამავე წლიდან არის რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი.
ბავშვობაში სუხიშვილებში ცეკვაზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება საკმაოდ გვიან, 26 წლის ასაკში აუხდა. ილიკო და ნინო სუხიშვილებმა მისი წარმოუდგენლად დიდი შრომა დაინახეს. ბოლოს არჩევანის გაკეთება მოუწია ცეკვასა და თეატრს შორის, რა თქმა უნდა, თეატრი აირჩია.
"სუხიშვილებში ცეკვაზე ვოცნებობდი. იცით, ეს როგორი ოცნება იყო? ძალიან შორეული, მაგრამ მაშინ მოვხვდი ანსამბლში, როდესაც ვერაფრით წარმოვიდგენდი – 26 წლის ასაკში. ეს შედეგი ძალიან დიდი, ტოტალური შრომის ფასად მოვიდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, რომელსაც სიამოვნებით ვიხსენებ. ის, რომ ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ჩემი წარმოუდგენლად დიდი შრომა დაინახეს, ჩემთვის უზარმაზარი გამარჯვება იყო, ეს იღბლის დამსახურებაცაა. ხუთ თვეში ხუთი წლის სამუშაო შევასრულე. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდი, ლამის სხეული გადავწვი, მაგრამ ნამდვილად ღირდა.
თუმცა, მერე არჩევანის გაკეთება მომიწია სუხიშვილებსა და რუსთაველის ეროვნულ თეატრს შორის. რა თქმა უნდა, ვერ ვუღალატე ჩემს მთავარ ოცნებას, ჩემს პროფესიას და სუხიშვილებიდან წამოვედი.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოხვედრაზე. ვგიჟდებოდი ამ პროექტზე და აქაც იღბალმა ითამაშა დიდი როლი. თუმცა იღბალიც ჩემმა განვლილმა გზამ განაპირობა. რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული როლებით დამინახეს და შანსი მომცეს. ვერ გავიმარჯვე, რაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ისე ვიასპარეზე, რომ დღემდე ბევრი ადამიანი გამოხატავს სიყვარულს და ჩემს მონაწილეობას ძალიან ღირსეულად აფასებენ. ამ საქმეშიც არანორმალური შრომა ჩავდე" - ამბობდა ანა ამილახვარი.
ანა ამილახვარი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდება, თუმცა 2019 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში შვილის შესახებ ისაუბრა:
"ჩემი მეუღლე დავით კიკნაძე ბიზნესმენია. მყავს 5 წლის ალექსანდრე, რომელიც ძალიან სასაცილო ბიჭია. ჩემი პროფესიები, როგორც დიდ კაცს, ისე აქვს გათვითცნობიერებული. ძალიან ზრუნავს ჩემზე. ამას წინათ, რეპეტიციაზე მაცილებდა, რაღაც მოძრაობები მაჩვენა და მითხრა, ამის გაკეთება არ დაგავიწყდესო. სხვათა შორის, მოსწონს სახლის თეატრად გადაკეთება, გიჟდება რეჟისურაზე, მე და ჩემს მეუღლეს ტექსტებს გვინაწილებს, ქორეოგრაფიც თავადაა და მუსიკალური გამფორმებელიც; რასაც გეტყვის, მის სიტყვას ვერ გადაუხვევ. საერთოდ, ასეთ სივრცეში გაზრდილი ბავშვები კარგად ხვდებიან, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმეა და ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ, როგორიც ჩვენ", - ამბობდა ანა ერთ-ერთ ინტერვიუში.