მსახიობმა ზურა ყიფშიძემ საავტორო გადაცემაში "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ", ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა:
"ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა, გეტყოდა: "როგორა ხარ?"
შენ ეტყოდი: "ლიკა, გინდოდა რამე?"
ის კი გიპასუხებდა: "არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგადა ხარ?”
ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?"
ლიკა ქავჟარაძესა და ზურა ყიფშიძეს კარიერის მანძილზე ერთად მუშაობაც მოუწიათ. ეს იყო ფილმი "როცა აყვავდა ნუში":
" როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი, მე 17 წლის ვიყავი, ლიკა-13- ის. პატარა სცენა ჰქონდა - ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი "ბანდა" - რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი. მისი აღუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია, რაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა, მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში.. მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას", - იხსენებდა ზურა ყიფშიძე.
ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. ამ ამბავმა შეძრა მთლიანად საქართველო - დიდი თუ პატარა, რადგან მისი გარდაცვალებიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც ყველაზე ლამაზ ქალად კვლავ მას ასახელებენ... მის სილამაზეს არაერთ ცნობილ ადამიანს ადარებდნენ, თუმცა ლიკა რჩება ერთადერთ, ყველასთვის საყვარელ, დაუვიწყარ ქალად...
ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. როგორც თავად იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება. ამასთან, დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა - ძირითადად, იმ მიზეზით, რომ უკანასკნელი, როგორც თავად ლიკა აღწერდა, მუდამ აკონტროლებდა.
ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით. 12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
ლიკა ქავჟარაძე მარიტას როლით ქართულ კინოში შეუდარებელი სახე შექმნა. მისი სინაზე, ტრაგიზმი და იდუმალება მაყურებლის გულში სამუდამოდ დარჩა. ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო კინომოყვარულებზე.
ლიკა ქავჟარაძის ბუნებრივი სილამაზე ბევრისთვის დღემდე ეტალონია. მისი დახვეწილი ნაკვთები, მშვიდი გამომეტყველება და ქარიზმა ყველას ახსოვს. ის არასდროს ყოფილა სკანდალების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა ადრეული ასაკიდან ერგო, სამუდამოდ თავმდაბალ და მორიდებულ ადამიანად დარჩა. უცნაურია არა?! მაშინ, როცა მთელი საქართველო აღმერთებდა, საკუთარ თავს განსაკუთრებულად ლამაზად სულაც არ მიიჩნევდა...
გარდა მსახიობობისა, ლიკა ქავჟარაძე იყო შესანიშნავი პიანისტი. მან თბილისის კონსერვატორია დაამთავრა და კლასიკური მუსიკა ძალიან უყვარდა.
მისი მოულოდნელი გარდაცვალება ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო. ხალხს დღემდე აინტერესებს მისი ცხოვრების დეტალები და ხშირად განიხილავენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მეტი შესაძლებლობა რომ მიეცათ მისთვის კინოში. ლიკა ქავჟარაძის სახელი და სახე დღემდე ასოცირდება სილამაზესთან, სინაზესთან და ნამდვილ ქართულ კულტურასთან. სწორედ ამიტომ, მისი ხსოვნა ყოველთვის ცოცხალი დარჩება.