ხათუნა თოთლაძე იუბილარია. იგი მილოცვას არაერთი ცნობილი ადამიანისგან იღებს.ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
დაიბადა 1980 წლის 18 თებერვალს. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2002 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002-2003 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტი. 2003-2005 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშე. 2005-2006 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პირველი მდივანი. 2006-2007 წლებში საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსი.
2014 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებს.
ხათუნა თოთლაძე ბატრი პატარკაციშვილის უმცროსი დის, მზია თოთლაძის ქალიშვილია. ხათუნას მეუღლე ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეა. წყვილს ერთი შვილი - ანასტასია ჰყავს.
"ხათუნა გავიცანი, როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია). ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ. იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვლიე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ..." - იხსენებდა ავთანდილი.
ხათუნა თოთლაძე თბილისში რამდენიმე ბინას ფლობს. 2011 წელს საჩუქრის სახით აქვს მიღებული 110 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 110 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 2005 წელს დიპლომატმა კიდევ ერთი ბინა მიიღო საჩუქრად, ამჯერადაც თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. მის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხი კრწანისის ქუჩაზე, რომელთა შესაძენად 10 ათასი დოლარი გადაიხადა.