ნატა მურვანიძე თეატრალურ-კინემატოგრაფიული ოჯახის წარმომადგენელია: მამა - მხატვარი და სცენოგრაფი მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე; დედა - ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი - მაკა მახარაძე;
ნატა მურვანიძე 1970 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1991 წელს.
შესრულებული აქვს მთავარი როლები სპექტაკლებში: რუსთაველის თეატრში - კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია"(1992); კინომსახიობთა თეატრში - აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა"(1994); მარჯანიშვილის თეატრში მილერის "სეილემის პროცესი(1994), "მეფე ლირი" (1995), ოცდამეთვრამეტე(1996); ჯან ანუის "ანტიგონე", ოსკარ უაილდის "სალომეა" და სხვა.
ქართველი მაყურებლისთვის, მისი სახელი ცნობილი 1992 წელს გახდა, როცა სულ ახალგაზრდამ ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა" ქეთოს დედის როლი შეასრულა. წლების გასვლასთან ერთად მსახიობური ნიჭიც ვითარდებოდა, არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოსა თუ თეატრში და ერთ-ერთ სპექტაკლში კაცის როლიც მოირგო.
2017 წელს კი, „აზიურ ოსკარზე“, პეკინში, ფილმში „საშიში დედა“, დედის სახის განსახიერებისთვის - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
„ისე მოხდა, რომ ალბათ, ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვობაში უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავდა. ფეხბურთი, ველოსიპედი უფრო მიზიდავდა. დაუოკებელი, მოუსვენარი ვიყავი. ახლა იშვიათად მაქვს ემოციურად გადარევის პერიოდები. უფრო მშვიდი გავხდი. თვითონ, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი. ყველაფერზე! ტვინს ვუჭამდი, ყველას ვღლიდი - „რატომ-ის?“ გამო. ამ მხრივ კარგი პროფესია ავირჩიე. იმდენი შეკითხვაა დასასმელი, იმდენი „რატომაა“! ახლა რეჟისორებს ვაწამებ. მამა და დედა, მაგრამ ბებიებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენ აღზრდაში. მაკა ახერხებდა, ყველაფერი შეეთავსებინა. მე და ანუკა, სანამ სკოლაში წავიდოდით, პრაქტიკულად ვცხოვრობდით ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპეტიციოში. ზაფხულში, რეგიონულ გასტროლებზე, ბებიაჩემს დავყავდით ხოლმე. მეორე ბებიასთანაც ძალიან ხშირად ვრჩებოდით. თან იქ მუსიკასაც ვმეცადინეობდით. ოღონდ, ბრჭყალებში“- ამბობდა ნატა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნატას მეუღლე მსახიობი და რეჟისორი ნიკა თავაძეა. მეუღლის მსგავსად, ნიკაც თეატრალური ოჯახიდანაა. ერთმანეთს პირველად თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების დროს შეხვდნენ. იმ დღესვე მოუწიათ პარტნიორობა – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნიკა თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი… ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები, მერე კი, ნატას დაბადების დღეზე, ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი დახვდა, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზეწარზე წარწერა “გილოცავ”.
ნატას და ნიკას ორი შვილი, დათა და მანუ თავაძეები ჰყავთ. ისე გამოვიდა, რომ შვილები მშობლებისა და, ზოგადად, ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ - მანუ თავაძე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, დათას კი თეატრალურ სამყაროში კარგად იცნობენ - ის "სამეფო უბნის თეატრში" რეჟისორია.