ნიკო გომელაური შვილი, ანასტასია გომელაური ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს სტუმარი იყო, სადაც მამის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
"არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39 წლის, მე მალე ვხდები 33-ის... ჩვენს შორის ახლა ძალიან პატარა სხვაობა გამოდის.
ნიკო ცხოვრებაშიც დაფასებული იყო. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. ზედმეტად პირდაპირი იყო. სულ მქონდა რიდი... ძალიან გვიან გავიზარდე მისი გარდაცვალება, მიჭირდა დაჯერება, ამაზე ფიქრებიც დაბლოკილი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით, საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვქონდა. მაგრამ, რთულია, როცა ყოველდღიურად არ გაქვს კონტაქტი. თუ გვიანობამდე სხვაგან ვიყავი, ირეკავდა, მაგრამ თითქოს ბოლომდე არ აძლევდა იმის უფლებას საკუთარ თავს, რომ გავეკონტროლებინე. კლასიკური მამა არ იყო" - ამბობს ანასტასია.
ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო და ერთი წელი ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში გაატარა. იგი 2010 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობობაზე ყოველთვის ოცნებობდა: „ბოლო ზარზე დამრიგებელმა პირველ კლასში დაწერილი თემა „ვინ მინდა გამოვიდე“ დაგვირიგა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, მეწერა, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. უფრო სწორად, უბრალოდ მსახიობი კი არა, კინომსახიობი. ვერ გეტყვით, ეს სურვილი რით იყო განპირობებული. შეიძლება იმით, რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ჩემმა დეიდაშვილმა ტატო კოტეტიშვილმა გადამიღო თავის საკურსო ფილმში „გმირი“. როგორც ჩანს, ჩემი მსახიობობისკენ სწრაფვა შეამჩნია და ფილმშიც ამიტომ მათამაშა. სხვათა შორის, ორ როლს ვთამაშობდი – მოსწავლეს და ჯუჯა სპარსელს დიდი ჩალმით, რომელსაც ჩემზე გრძელი ხმალი ჰქონდა. მახსოვს, წვერი მიმაწებეს, სახე საერთოდ არ მიჩანდა…" - ნიკო წლების განმავლობაში იყო თავისუფალი თეატრის მსახიობი.
მისი პირველი მეუღლე ასევე მსახიობი ეკა ნიჟარაძე იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
ეკა ნიჟარაძე - „ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა.“
მსახიობის მეორე მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი იყო. ნიკოსთან პირველი შეხვედრის დროს, ნინა ქმარს ათი თვის გაცილებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. ნიკოს გაცნობის ისტორიას შემდგომში ინტერვიუში იხსენებდა:
„ჩვენი გაცნობის ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილო და საინტერესოა, ჩემდაუნებურად შევიდა ფილმში. სცენარისტს, რომელიც რუსია, ნიკო რომ გამეცნო მისთვის, რასაც მეკითხებოდა, ცხადია, პასუხს ვცემდი. ერთ-ერთი კითხვა ისიც იყო, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და მოვუყევი, როგორ ძალიან არ მინდოდა კაფეში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი მეპატიჟებოდა. უარი რომ ვუთხარი, სერიოზულად გამიბრაზდა, მე მჭირდება და რომ წამომყვე, ვითომ რა მოხდებაო?! ფეხები ძლივს მიმქონდა, იქ რომ მივედი. „გირჩა“ იყო ეს კაფე. მერე დაწერა კიდეც ნიკომ: „იქ დავუგე ლექსის მახე, ის კი ვეღარ გადამირჩა“… მართლაც მახე დამიგო… ასე მგონია, უფალმა იმ დღეს სარკმელი გამოაღო და ნიკოს შემახვედრა“.