_ რა სისულელეა. შენი გვარი არც ისე ცოტაა საქართველოში. არ მინდა დავიჯერო, რომ ამას სერიოზულად ამბობ. ან შენ როგორ უშვებ ამ ყველაფერს? რა, ანაქრონიზმია?
დიანამ მხრები აიჩეჩა და რობის ცინიკური მზერა ესროლა:
_ შენ, უბრალოდ, სხვა წრეში გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი კანონზომიერია.
_ კანონზომიერი კი არა, ბუნებრივია, _ შუსწორა მამაკაცმა.
_ ასეა თუ ისე, მეც ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები გამაჩნია.
რობის მზერა გოგონას ტუჩებზე შეჩერდა და დიანას მაშინვე გაახსენდა, როგორი გზნებით პასუხობდა მის კოცნას. გოგონამ დაჟინებით შეათვალიერა მისი სახე და ახლაღა შემაჩნია მამაკაცის დაღლილი გამომეტყველება, ფერმკრთალი სახე, თვალისა და ტუჩის კუთხეებში მიმალული ნაოჭები და… როგორც არასდროს, მოუნდა, თითებით შეხებოდა ამ სახეს.
მან დახუჭა თვალები, რათა მოულოდნელად მომსკდარი სურვილი ჩაეკლა. ნანობდა, რომ ნაუცბათევმა იმპულსებმა აქ მოიყვანა. ყველაფერში კი კატია იყო დამნაშავე. სწორედ ის შეეცადა დიკას დარწმუნებას, რომ მას ნებისმიერის შეყვარება შეეძლო, გარდა ანდრიასი. არადა, მართლაც არასდროს ჰყვარებია ანდრია. ის არ იწვევდა მასში ისეთ მოზღვავებულ ემოციებს, როგორსაც რობი.
ქალის გული მღელვარებით გაივსო, და შეეშინდა, მამაკაცს არ შეემჩნია ეს, რადგან იგრძნო, როგორ აუთამაშდა ყელთან ძარღვი.
_ უნდა წავიდე, _ ჩურჩულით წარმოთქვა დიკამ და ადგა.
რობიმ უსიტყვოდ მიაცილა მანქანამდე.
_ ნუთუ არასდროს მოგსურვებია, გებრძოლა შენი იდეალებისთვის? _ ჰკითხა გოგონას, როცა მანქანაში ჯდებოდა.
_ აქამდე არა.
_ და ახლა რისთვის შეგიძლია იბრძოლო?
_ საკუთარი თავისუფლებისთვის! _ გაწელვით გაისმა დიანას ხმა, _ უფლებისთვის, ვაკეთო ის, რაც მინდა.
თვალებში იმხელა სევდა ჩაუდგა, რომ რობის დაუოკებელმა სურვილმა წამოუარა, გადმოეყვანა მანქანიდან და ჩახუტებოდა. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია, რატომღაც, უღონობამ გადასძალა და როცა ალაპარაკდა, მისი ხმაც კი არაბუნებრივად გაჟღერდა:
_ შენ რეალურად რომ გდომებოდა თავისუფლება, მიაღწევდი ამას.
_ და სხვისი გრძნობებისთვის ანგარიში არ გამეწია?
_ თუ კვერცხი არ გატეხე, ერბოკვერცხს ვერ შეწვავ.
_ ვერ ვიტან ერბოკვერცხს, _ გაბზარული ხმით წარმოთქვა დიკამ, მანქანა დაქოქა და მამაკაცს დაუმშვიდობებლად ჩაუარა გვერდით, მერე კი მთელი სისწრაფით გააქროლა.
ბოლომდე ძალაგამოცლილმა რობიმ ძლივს მიაღწია თავის საძინებელს. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. ეს ოთახი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მას არავინ შეაწუხებდა და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შემოვიდოდა. დედა რომ დედაა, ისიც კი აკაკუნებდა.
დიკასთან ყოველ შეხვედრას მისთვის ტკივილი და ტანჯვა მოჰქონდა. და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა ეს ტკივილი და ტანჯვაც. ახლა უკვე იმასაც ნანობდა, პირველი შეხვედრისას რომ აკოცა. დღემდე ვერ გაეაზრებინა, ასე რამ აღაგზნო. მაგრამ როგორც კი დაინახა ტყეში ბილიკზე მომავალი, მშვიდი, ტანკენარი, ალვის ხესავით აშოლტილი გოგო, ღრმა ახალგაზრდობა გაახსენდა. გაახსენდა, როგორ აირეოდა ხოლმე დიკას დანახვისას და მისადმი ლტოლვამ ისევ გაახელა. ალბათ როგორ გაუკვირდებოდა დიანას, თუ გაიგებდა, რობი ჯერ კიდევ ბავშვობიდან რომ იყო მასზე შეყვარებული _ უგონოდ, მაგრამ უიმედოდ…
_ მაგრამ ახლა აღარ მიყვარს! _ დუდღუნებდა თავისთვის, _ უფრო საინტერესო საქმეებიც არსებობს, ვიდრე დაიხარჯო ქალისთვის, რომელსაც იმის აღიარებისაც კი ეშინია, რომ მოსწონხარ! _ ამ სიტყვებით მხრები ისე შეათამაშა, თითქოს თავდასხმისთვის ემზადებაო, პერანგის სახელოები აიკაპიწა და სამუშაო მაგიდას მიუჯდა. ახლა სამუშაო თუ მოუტანდა შვებას, სხვა არაფერი…
მეორე დილით სოფლის ცენტრში გასულმა კატიამ ფოსტის შენობიდან გამომავალი რობი დაინახა. ქალს მას შემდეგ არ უნახავს იგი, სახლში რომ მიუვარდა პრეტენზიით, ჩემი საიდუმლო რატომ გაეციო. უნდოდა ისეთი სახე მიეღო, თითქოს ვერ ხედავდა, მაგრამ რობიმ თვითონ შეამჩნია ქალი. როცა ერთმანეთს მიუახლოვდნენ, კატიას მისი დაღლილი გამომეტყველება მოხვდა თვალში _ სახე ჩათეთქვოდა და ნაოჭებიც მომრავლებოდა. მამაკაცი ნერვიულად ატრიალებდა ხელში რაღაც ქაღალდს.
_ დიდი ხანია, არ შევხვედრივართ, _ თქვა მან.
_ ჰო. საშინლად დაკავებული ვიყავი ბოლო დღეებში, _ კატიამ გაუღიმა.
_ ყველაფერს აკეთებდი, რათა ანდრიას გამარჯვებაში დახმარებოდი?
ქალი გაწითლდა. რობი მიხვდა, ცუდად რომ გამოუვიდა და ხელზე შეეხო:
_ მაპატიე, კატია, შენი წყენინება არ მინდოდა. წამო, ყავა დავლიოთ. გეპატიჟები.
_ შენი აზრით, ცუდი არაფერი მოხდება, ერთად რომ დაგვინახავენ?
_ რა უნდა მოხდეს? მეგობრობა პოლიტიკაზე ძლიერია!
კატიამ გაიღიმა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მამაკაცთან ერთად კაფეში შევიდა.
_ მთლად კარგად ვერ გამოიყურები, რობი. ეს დიანას გამოა?
_ რატომ გგონია? ის რა შუაშია?
_ შენ ხომ გიყვარს იგი. მე…
_ აუ, რა არის ეს, ვერ გამიგია! _ აღმოხდა მამაკაცს, _ შენ რა, გინდა ჭკუიდან შემშალო?
_ თქვენ ხომ ორივეს სწორედ ეს გინდათ.
_ ოღონდ არ მითხრა, რომ ამ ბოდვას მასაც აწვეთებ ყურში, _ აიჭრა მამაკაცი, _ კატია, მომისმინე! იქნებ ჯობდეს, ცხვირი არ ჩაყო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება?
_ მშვენიერია, _ თავისი დიდრონი ლურჯი თვალები შეანათა ქალმა, _ მე როგორც გინდა, ისე მომაჩვენეთ თავი, ჩემთვის სულერთია. ცხოვრება ისეთი მოკლე და უაზროა, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ.
_ გეყოფა! _ ტკივილით გაივსო მამაკაცის ხმა, _ ხომ იცი, რომ არ მჯერა. მე მას არ ვუყვარვარ და ალბათ არც მე…. თუმცა… _ მან თავი გაარხია, _ შენთან რაღა უნდა დავმალო? აღარ ღირს ამ გრძნობის გულში ჩაკვლა, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთად ვერასდროს ბედნიერი ვერ ვიქნებით.
კატიამ აღშფოთებული მზერა ესროლა.
_ უნდა შეეცადო. ვიცი, რომ უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ჩემთვის არ უთქვამს.
_ აბა საიდან დაასკვენი?
_ ვხედავ, რომ ასეა. ვგრძნობ.
_ ცდები, გოგონი, ცდები. ის სულ მამამისს ჰგავს, რომც გრძნობდეს რამე სიმპათიას ჩემ მიმართ, მისთვის მაინც გლეხად დავრჩები.
_ მაგრამ შენ ისეთი განათლება გაქვს მიღებული, მასზე ათი თავით მაღლა დგახარ.
_ განათლება არაფერ შუაშია, აქ გვარია შუაში, რით ვერ გაიგე, ადამიანო? _ რობი უკვე წონასწორობას კარგავდა.
_ უყვარხარ. _ თავისაზე ჯიუტად იდგა კატია.
_ მამამისი ჩემზე მეტად უყვარს.
_ რა თქმა უნდა, მამა შენზე ნაკლებად არ უყვარს, მაგრამ არც შენზე მეტად. ამიტომ უნდა უთხრა.
_ რა ვუთხრა, რა?! _ გადაირია რობი.
_ რასაც მის მიმართ გრძნობ.
_ ის არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც მამამისს არ მოეწონება.
_ ოდესმე ცოლობა გითხოვია მისთვის? _ არ მოეშვა ქალი.
_ მართლა გაგიჟდი, როგორც ვატყობ! _ ხელი აიქნია მამაკაცმა.
_ მაშინ როგორ გინდა მამის გავლენას თავი დააღწიოს? თუ იმას ელოდები, რომ პირველად თვითონ გითხრას, ცოლად შემირთეო?
_ რა თქმა უნდა, არა, იდიოტი კი არ ვარ, _ იწყინა მამაკაცმა, _ შენც მშვენივრად იცი და მეც, რომ დიკა მამის წინააღმდეგ არ წავა და რომც წავიდეს, ბედნიერები ვერასდროს ვიქნებით.
_ შენ მას ძალა უნდა მისცე, რომ შეძლოს მამის გავლენისგან თავის დახსნა. _ კატიას სიტყვები მოთხოვნას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.
_ არ ვაპირებ პირველი ნაბიჯის გადადგმას.
ქალმა ტაში შემოჰკრა.
_ რა ჯიუტი ხარ! შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი, მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, _ წაიმღერა კატიამ, _ და ორივე ერთ ადგილს ტკეპნით. თუ ოდნავ მაინც აგრძნობინებ, რაც გულში გაქვს, ამით მას გააძლიერებ და ნახავ, რაც მოხდება. დამიჯერე.
_ არ შემიძლია. რომ შევცდე? არა, არა! დამცინებს, რასაც ვერ ავიტან.
_ ღმერთო, რა პატარა ბიჭივით იქცევი, რობი? არ მეგონა, ასეთი მშიშარა თუ იყავი. არადა, პოლიტიკოსი ხარ. არჩევნების მოსაგებად იბრძვი და ქალის გულის მოსაგებად ვერა?
მამაკაცს სახე წამოუჭარხლდა.
_ თავი დამანებე, რა! _ მოკლედ მოჭრა და კბილი კბილს დააჭირა, რამაც ყბები აუცახცახა.
_ დაგანებებ. არც ამ ყავას დავლევ, კოფეინი სულ არა აქვს, ძალიან სუსტია.
_ ჰო, ისევე, როგორც მე, _ დაამატა რობიმ.
მან საფულე ამოიღო, ფული გადათვალა, მაგიდაზე დაყარა და კაფედან გავიდა. კატია უკან მიჰყვა.
_ გამიბრაზდი? _ შეეკითხა, როგორც კი გარეთ გავიდნენ, _ მეგობრებად დავრჩებით თუ არა?
რობი წამითაც არ შეყოყმანებულა, ისე დააწყო მხრებზე ხელები, თვალებში ჩახედა და მიუგო:
_ რა თქმა უნდა, კატია, რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, ყოველთვის…
მამასთან დაბარებულიმა დიანამ მოხუცის კაბინეტის კარი შეაღო.
_ რა ხდება, მამა?
_ მითხრეს, რომ იმ ლოთის სახლში ხშირად დადიხარ. ეს მართალია?
_ არა, არ არის მართალი, _ დიანას ღაწვები წამოუწითლდა.
_ ვიღაცამ დაგინახა, როგორ გამოდიოდი მისი სახლიდან.
რა საქმე გაქვს მასთან?
_ ჰო, ვიყავი ერთხელ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ხშირად ვარ.
_ კიდევ ერთხელ რომ ჩამაწვეთოს ვინმემ მსგავსი რამ, ძალიან მეწყინება, ხომ იცი? მე ვერ მოვითმენ შენგან ასეთ გამოხტომებს.
დიკამ პასუხი არ გასცა.
_ გესმის ჩემი? _ დაიღრიალა მოხუცმა.
_ მესმის, მამა. როგორ შეიძლება არ მესმოდეს, როცა ასე ყვირი?
მირიანს ყბა მოექცა:
_ რა გჭირს, შვილო? ბოლო დროს ვერ გცნობ.
_ ალბათ გავიზარდე.
_ გაიზარდე! _ დამცინავად გაიმეორა მამამ, _ შენ დიდი ხანია, გაიზარდე!
_ მიკვირს, შენ რომ შენიშნე ეს. _ მწარედ ჩაუკრა შვილმა.
ამ დროს მოსამსახურე შემოვიდა, რომელსაც ხელში ვარდების თაიგული ეჭირა.
_ ეს საიდან მოვიდა?
_ დიანას მოუტანეს, ბატონო მირიან. _ მორიდებით თქვა ქალმა და თაიგული და კონვერტი დიასახლისს გადასცა.
მამაზე არანაკლებ გაოგნებულმა გოგონამ კონვერტი გახსნა: `ნუ იქნები იასავით, ჩრდილში რომ ხარობს. იყავი ვარდივით, რომელიც მზისკენ თავაღერილი იფურჩქნება~.
რობის წერილმა დიკა მთელ სახეზე წამოაწითლა.
_ ვინ გიგზავნის ამ ყვავილებს?
_ რობი ნონიაშვილი. _ ამაყად მიუგო ქალიშვილმა.
_ როგორ ბედავს ის ბიჭი ამდენს? _ მაგიდას ხელი დაჰკრა მირიანმა.
_ რატომაც არა? ის ჩემი მეგობარია.
_ რომელიც ბავშვობის მერე არ გინახავს!
_ მერე რა? ის ჭკვიანი კაცია, მე კი მიყვარს ასეთი ადამიანები.
_ გეთანხმები. ჭკვიანია, მაგრამ სიჭკვიანე არაფერს ნიშნავს. ჩემო შვილო, უნდა შეწყვიტო მასთან შეხვედრა.
_ მე მას არ ვხვდები, მამა.
_ სამაგიეროდ, სახლში აკითხავ.
_ ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მის სახლში. რატომღაც, ბავშვობის გახსენება მომინდა. სულ ესაა, _ თვალებდახრილმა ძლივს ამოთქვა.
_ შენ ბავშვი აღარ ხარ, შვილო. შენ ზრდასრული ქალი ხარ და გონიერად უნდა მოიქცე.
_ მაგრამ შენ არ მექცევი ისე, როგორც ზრდასრულს. სამწუხაროდ, მიეჩვიე, ისე მელაპარაკო, როგორც პატარა გოგოს. ყოველთვის ისე უნდა მოვიქცე, როგორც შენ იტყვი. შენ მკარნახობ, რა გავაკეთო, რა ჩავიცვა, ვის შევხვდე… იმასაც კი, ვის გავყვე ცოლად! _ მისდა უნებურად, დიანამ ხმას აუწია…
გაოცებული მოხუცი ქალიშვილს წარბებაწეული მიაშტერდა.
_ მდაა… მეგონა შენ ჩემი გესმოდა, შვილო… ასე რამ გაგამწარა? შენც ხომ არ მოგეჩვენა, რომ ანდრიას ისევ შეუყვარდა თავისი ყოფილი ცოლი?
_ არ მომჩვენებია. ეს ასეა და ანდრია სწორადაც მოიქცა. საშინელება ის იქნებოდა, სახლიდან რომ გაეგდო.
_ როგორც ვხედავ, მთლად დაგიკარგავს გონება, _ დაიღრინა მირიანმა.
_ რატომ? იმიტომ, რომ არ მსურს ანდრიას ცოლად გავყვე?
_ იმ ლოთის გამო? _ დაიგრგვინა მოხუცმა, _ ოღონდ არ მითხრა, რომ ის შეგიყვარდა!
_ დიახაც! სწორად მიხვდი, მამა! _ დიანა ისე გაბრაზდა, რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა, _ და ნუღარ ეძახი მას ლოთს! მე მიყვარს იგი, გესმის? მიყ-ვარს!
მამა-შვილის დიალოგს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა და უკვე ძნელი მისახვედრი იყო, მათ შორის რომელი უფრო მეტად დარჩა თავზარდაცემული: დიანა თუ მამამისი. მირიანი პირველი მოეგო გონს და როცა ალაპარაკდა, მისი ხმა სრულ სიმშვიდეს გამოხატავდა.
_ გესმის მაინც, რას ამბობ, დი?
_ მე… ჰო… არა… ახლაღა მივხვდი ამას, როგორც კი წარმოვთქვი… _ წაიჩურჩულა გოგონამ, _ მანამდე კი… არც მიფიქრია, თუ მიყვარდა.
_ მაგრამ ეს ხომ სისულელეა, ეს შეუძლებელია! შენ უნდა დაფიქრდე, შვილო, _ დაყვავებით წარმოთქვა მირიანმა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა, თან შეეცადა, რაც შეიძლებოდა კეთილი მოხუცის გამომეტყველება მიეღო, _ შენ, უბრალოდ, გადაიღალე, ჩემო გოგო. სულ ამ არჩევნების ბრალია ყველაფერი, ძალ-ღონე გამოგაცალა. ბუნებრივია, საკუთარი სიამაყე არ გაძლევს უფლებას, აღიარო…
_ რა უნდა ვაღიარო, მამა?
_ ანდრიაზე ეჭვიანობა. ამიტომაც არწმუნებ შენს თავს, რომ სხვა შეგიყვარდა.
_ არა, მამა, არ ვეჭვიანობ. თავისუფალი რომც ყოფილიყო, ანდრიას ცოლად მაინც არ გავყვებოდი. მე ის არ მიყვარს. არც არასდროს მყვარებია.
_ შეიძლება ასეა, შეიძლება არა. ჯერ თვითონაც ვერ გაგირკვევია, როგორაა. ახლა მთავარი ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა _ ნორმალურ მდგომარეობაში დაგაბრუნო. არ გინდა სადმე სამოგზაუროდ გაემგზავრო? ამერიკაში, ბაჰამის კუნძულებზე… სრულიად სხვა ადამიანად იგრძნობ თავს, როცა გარემოს შეიცვლი.
_ მე ისედაც სულ სხვა ადამიანი გავხდი და, ცხოვრებაში პირველად, შენი მითითებების გარეშე მივხვდი, რა მსურს.
_ მე ხომ მხოლოდ კარგი მინდა, შვილო…. ჩემთვის ვაჟიშვილივით ხარ…
_ არა, მამა. მე არ ვარ შენი ვაჟიშვილი და ვერც ვიქნები. ამაშია საქმე. ყოველთვის ვცდილობდი, დამეკავებინა ბიჭი მემკვიდრის ადგილი, რომელიც შენ არასდროს გყოლია, ამიტომაც ქალურობა დავკარგე. საბოლოო ჯამში მართლა კაცი გავხდი. ჩვენ ორივენი ვიტყუებდით თავს, ამიტომ აჯობებს, გავჩერდეთ. აქ დავსვათ წერტილი. მე არ ვარ შენი გვარის გამგრძელებელი და მაშინაც კი, როცა შვილს გავაჩენ, თუნდაც ბიჭი იყოს, ისიც სხვა გვარის იქნება. ასე რომ…
მირიანს სახე გადაუფითრდა.
_ როგორც მივხვდი, შენ გინდა, რომ ჩემი შვილიშვილი ნონიაშვილის გვარს ატარებდეს?
დიანა გაჩუმდა, ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.
_ შეკითხვა გაგიმეორო?
_ ამაზე არ მიფიქრია… თუმცა, რატომაც არა? _ ამაყად ასწია თავი და მამას თამამად შეხედა.
_ მერედა, მაგ ყმაწვილს უყვარხარ?
_ არ ვიცი… სიმართლე გითხრა, არასდროს მიკითხავს.
_ არც არის საჭირო. მე შენზე უკეთ ვიცნობ მას. კაცი, რომელიც ანდრიასთან ჭიდილს არ შეუშინდება, ყველაფერზეა წამსვლელი. ის შენზე ბევრად გონიერია, შენგან განსხვავებით, იცის თავისი ადგილი, იცის, რისი მიღწევაც სურს და ამისთვის უკან არ დაიხევს.
_ ამ სამყაროში ჩვენ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს, მამა, _ მოულოდნელად ყვირილზე გადავიდა ქალიშვილი, _ და ნუ გგონია, რომ შენ ვინმეზე რამით უკეთესი ხარ!
გოგონამ მამას პასუხის გაცემის დრო არ მისცა, ისე გავარდა გარეთ და კარი გაიჯახუნა.
აფორიაქებულმა ჭიშკარს მიაშურა და სოფლის გზას დაადგა. ვერც აცნობიერებდა, საით მიდიოდა, თვალები ცრემლით დაებინდა და ხმამაღლა რომ არ ეტირა, თავის თავს ჩურჩულით ელაპარაკებოდა.
გაგრძელება იქნება