მაგრამ როგორც კი გაახსენდა, როგორ უყვირა დიანამ მამამისის თანდასწრებით და სახლიდან გააძევა, განცდილმა სირცხვილის გრძნობამ ლოყები აუწვა. საინტერესოა, რატომ მოვიდა. ალბათ უნდა დასცინოს, ხასიათი მოუშხამოს და უთხრას, ანდრიას შენ ვერასდროს მოუგებო. შეეცადა, მღელვარება დაეძლია, დიკასთვის არ ეჩვენებინა, რასაც ამწუთას განიცდიდა, ამიტომ ყოველგვარი სითბოსგან დაცალა ხმა და ზედმიწევნითი გულგრილობით ალაპარაკდა:
_ რისთვის მოხვედი? წარმატება უნდა მისურვო თუ წაგების შემთხვევაში თანაგრძნობის გამოხატვას აპირებ?
_ გჭირდება კი ჩემი თანაგრძნობა? _ ირონიულად აზიდა წარბები დიკამ.
_ მე შენგან არაფერი მინდა, _ მოკლედ მოუჭრა რობიმ და გამჭოლი მზერით შეაჩერდა.
დიანას მიტკლისფერი დაედო. წამსვე შებრუნდა კარისკენ და ოთახიდან გავარდა.
კარგა ხანს იდგა ღამის სიბნელეში კორპუსის კედელს მიყრდნობილი. თავ-ბედს იწყევლიდა სისუსტის გამოჩენისთვის. რამ მოიყვანა აქ? როგორი იმედი ჰქონდა, რომ თუ პირველ ნაბიჯს გადადგამდა, რობი გულგრილი არ დარჩებოდა და საპასუხო სვლას გააკეთებდა.
არა უშავს, მომავალში უფრო ჭკვიანურად მოიქცევა. რომელ ქალს არ მოსვლია სისულეეები?
ის იყო, წასვლა დააპირა, რომ პირისპირ რობი აესვეტა. უნდოდა მამაკაცისთვის გვერდი აევლო, მაგრამ მან ორივე ხელი კედელს მიაყრდნო და გოგონა შუაში მოიქცია. ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ.
რობიმ თითქოს პირველად დაინახა იგი _ შესცქეროდა და მისი სილამაზით ტკბებოდა, მისი სველი სახე საოცარ სიამოვნებას ჰგვრიდა. ვერ გაიგებდი, ამ სილამაზეს სახე ცრემლებით ჰქონდა დასველებული თუ წვიმის წვეთებით.
ყელში თითქოს რაღაც გაეჩხირა. ახლა მის წინ სრულიად უმწეო გოგონა იდგა, რომელიც სრულებით არ ჰგავდა ამაყ და უკარება დიანას. ტუჩები უთრთოდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. დაბნეული აქნევდა თავს აქეთ-იქით და სველი თმა უფრო და უფრო უსველებდა სახეს. პირველად იხილა რობიმ მისი სათაყვანებელი ქალი უმწეო მდგომარეობაში, თუმცა ასეთი ბევრად უფრო მოსწონდა.
_ სულ დასველებულხარ, _ დამთბარი ხმით უთხრა რობიმ.
_ არა უშავს, არ დავდნები.
_ ნამდვილად? _ მამაკაცმა ყურადღებით შეათვალიერა მისი სახე, თან ცდილობდა, მოძალებული სურვილი როგორმე ჩაეხშო, _ მამაშენს არ მოეწონება, თუ გაიგებს, რომ ჩემთან იყავი.
სრულიად სხვა რამის თქმას აპირებდა, მაგრამ უნებურად სულ სხვა წამოსცდა, რისთვისაც გულში შეიგინა, _ მიხარია, რომ მოხვედი.
დიკამ განზე გაიხედა.
_ უკვე გვიანაა. უნდა წავიდე.
_ გინდა კი წასვლა?
_ არა-მეთქი, რომ გითხრა, რას იზამ? _ დიანას კვლავ დაუბრუნდა ძველი სიამაყე.
_ აი, ამას, _ ჩურჩულით წარმოთქვა რობიმ და გოგონა მძლავრად მიიკრა მკერდზე.
როგორც კი მისი ათრთოლებული სხეული შეიგრძნო, რობიმ თავგზა დაკარგა. ამ საღამომდე იგი დიკასთან ან სურვილის დემონსტრირებას ახდენდა, ან თავისი რისხვის, მაგრამ ახლა უნდოდა ეჩვენებინა მისთვის ის, რაც სინამდვილეში სჭირდებოდა. დიანას უნდა სცოდნოდა, რომ მის გარეშე რობის გამარჯვებას ფასი არ ჰქონდა და დამარცხებაც ვერ მოერეოდა, თუკი დიანა შეიყვარებდა.
_ ვიცი, ადვილი არ იქნება, _ ჩურჩულებდა იგი, _ მაგრამ თავს არ დავზოგავ. ეს არჩევნები თამაში იქნება იმასთან შედარებით, რა წინააღმდეგობების გადალახვაც მომიწევს, რათა ჩემად დაგიგულო.
_ არაფერიც არ მოგიწევს, _ ჩურჩულითვე უპასუხა გოგონამ, _ მე უკვე შენს ხელში ვარ. სახლიდან საბოლოოდ წამოვედი, ამიტომ როცა მომინდება, მაშინ შემეძლება შენთან მოსვლა. ხედავ, რა ადვილად გამოგივიდა?
_ მართლა მეუბნები მაგას? არ მატყუებ?
_ არა, არ გატყუებ.
_ მერედა, შეგიძლია იგივე მამაშენთან გაიმეორო?
_ მე კი შემიძლია, მაგრამ შენ არ გეშინია, რომ გადამათქმევინოს და უკან დამაბრუნოს?
პასუხის ნაცვლად რობი მის ტუჩებს მისწვდა. დიანა გრძნობდა, როგორ ევსებოდა მთელი სხეული მამაკაცის სურვილის ტალღებით.
_ მე შენ მიყვარხარ, _ დაიჩურჩულა დიანამ, _ მხოლოდ შენ მიყვარხარ.
_ აი, პასუხიც შენსავე შეკითხვაზე, _ შვებამოგვრილი ხმით ამოთქვა რობიმ, _ ახლა უკვე არაფრის და არავის მეშინია.
ღამის სიბნელეს წყვილის ვნებიანი ამოკვნესა შეერია…
კატი მოფარებულ ადგილას იდგა და იქიდან ადევნებდა თვალს ანდრიასა და დიკას. თითქოს არაფერი იყო საგანგაშო, ჩვეულებრივი ნაცნობებივით საუბრობდნენ, ოღონდ კატიამ არ იცოდა, სწყენოდა ეს ამბავი თუ გახარებოდა.
როგორც კი დიკა წავიდა, უფრო დაკვირვებით დაუწყო ქმარს თვალიერება. ისეთი ანთებული თვალებით შესცქეროდა, გეგონებოდათ, სამუდამოდ სურს მისი სახის დამახსოვრებაო. რაც აქ ჩამოვიდა, ანდრია უფრო გახდა. კატიამ არ იცოდა, რა იყო ამის მიზეზი _ თვითონ თუ წინასაარჩევნო მარათონი. თუმცა, როგორი გადაღლილი და გაღიზიანებულიც უნდა ყოფილიყო ანდრია, მასთან ყოველთვის თავაზიანად იქცეოდა. ზედმეტად თავაზიანადაც, როგორც უცხო ადამიანთან იქცევიან. მათ შორის ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა რომ დამყარებულიყო, კატია არასდროს არ წაეკამათებოდა და ხანდახან იმის ნებასაც კი მისცემდა, რომ მამაკაცი ამ თავაზიანობის ფარგლებს გასცდენოდა და ადამიანური სისუსტეები გამოეჩინა. მაგრამ იმდენად ძაბავდა ქმართან საუბარი, რომ ყოველი მათი შეხვედრა ჩხუბით და კამათით მთავრდებოდა.
თუმცა ბოლო დროს ანდრია ძლიერ შეიცვალა. უფრო და უფრო ცდილობდა კატიასთან დაახლოებას, რის საშუალებასაც ქალი არ აძლევდა. მიუხედავად ყველაფრისა, იგი ძველებურად გაურბოდა საყვარელ მამაკაცს.
სწორედ ამ ფიქრებში იყო, რომ ანდრია შემობრუნდა, რადგან ვიღაცამ მხარზე ხელი მოუთათუნა. მართალია, კატია შორს იდგა და მამაკაცის სახის გამომეტყველებას ვერ ხედავდა, მაინც იგრძნო, როგორ ნერვიულობდა მისი ქმარი. თითებს ხან მომუშტავდა, ხან გაშლიდა, მხარს ხშირად შეატოკებდა და თავს ხან მარცხნივ გადახრიდა, ხანაც მარჯვნივ.
გარშემო მყოფთაგან ბევრისთვის იგი ამოუცნობი ადამიანი იყო თავისი ახირებული ხასიათით, ამპარტავნებითა და პოლიტიკური ვნებებით, მაგრამ კატიას კარგად ესმოდა მისი. ჯერ კიდევ მაშინ, თვრამეტი წლის ასაკში, შესანიშნავად უგებდა. იცოდა, რომ ანდრიას ამპარტავნობა მხოლოდ შირმა იყო, რომლის გაქრობა ადვილად შეიძლებოდა სიყვარულის გამოხატვით, რასაც კატია ყოველთვის ახერხებდა. ეს დადასტურდა კიდევაც მათი მცირეხნიანი ურთიერთობით. როგორ უხაროდა მაშინ კატიას, დიპლომატი ქმარი მეყოლებაო… ერთადერთი, რაც დღემდე პრობლემად დარჩა, ანდრიას მხრიდან გრძნობის განელება იყო.
ამის შეგნებამ თითქოს თვალები აუხილა და მიხვდა, რომ მის გვერდით დარჩენა აღარ შეეძლო. იმდენად დაიტანჯა ეს თვეები, რომ უნარი აღარ შესწევდა, ამწუთას მასთან მისულიყო და ბანალური ფრაზები ეფრქვია.
ოფისიდან აჩქარებული ნაბიჯებით გამოვიდა. გარეთ თავსხმა წვიმა დახვდა. შეიცადა, სანამ გადაიღებდა. კარგა ხანს მოუწია მოცდამ, მერე კი, როცა წვიმა დაცხრა, ქუჩა გადაჭრა და გზას დაადგა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა, საით მიდიოდა. იცოდა მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება შორს უნდოდა ანდრიასგან ყოფნა.
ამასობაში წვიმამ კვლავ დასცხო და გადაწყვიტა, სადმე თავი შეეფარებინა. მაშინვე რობი გაახსენდა, რომელიც თავის ყველაზე ახლობელ მეგობრად მიაჩნდა. კარგი იქნებოდა, მასთან შეევლო საარჩევნო შტაბში და მოეკითხა, წარმატება მაინც ესურვებინა მისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მერე რა, რომ ანდრიას გამარჯვება უნდოდა? სხვა თუ არაფერი, ელემენტარული ზრდილობა მოითხოვდა ამას.
ბევრი არ უყოყმანია, მაშინვე ცენტრისკენ გაიქცა და რობის საარჩევნო შტაბ-ბინას მიაშურა.
მოულოდნელად კარი გაიღო და ექვსაფეხურიან კიბეზე დიანა დაეშვა. გოგონამ წამსვე შეამჩნია იგი.
_ კატია! შენ ხარ?
კატიამ სველ შუბლზე ხელი გადაისვა.
_ ანდრიასთან ისე დაცხა, რომ ვეღარ გავძელი. თანაც როგორ გაიწელა დრო, არა და არ დამთავრდა ამ ხმების დათვლა. დაძაბულობამ დამღალა. მეტის ატანა არ შემეძლო.
_ ღმერთო ჩემო, რა სახე გაქვს! კარგად ხარ?
_ კი, კარგად ვარ. რობის ნახვა მინდოდა.
_ უი, გაგასწრო, იცი? ეს წუთია, მუნიციპალიტეტში წავიდა.
დიანას ისეთი გაბრწყინებული და კმაყოფილი სახე ჰქონდა, კატიას ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა.
_ მუნიციპალიტეტში? რა… რა ხდება… იქ?
_ გაიმარჯვა რობიმ, კატი, გაიმარჯვა! _ შესძახა დიკამ და ტაში შემოჰკრა, მაგრამ იმწუთასვე სერიოზული სახე მიიღო, თითქოს რაღაც გაახსენდაო, _ მაპატიე… ისე ვარ გახარებული, ვერც გავაცნობიერე, შენ რომ ანდრიას უჭერდი მხარს. ისე, ძალზე მცირე სხვაობით გაიმარჯვა. სულ მცირე პროცენტით.
_ რას ამბობ! ეს დაუჯერებელია! _ კატიას გული შეეკუმშა.
_ დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა.
_ ასე მალე როგორ დათვალეს ყველა ხმა? ჯერ ხომ უამრავი უბანია…
_ არა, არა, არც ისე ბევრი იყო დასათვლელი. ყველა უბნიდან მოვიდა პასუხი. ამაღამ არა, მაგრამ ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები.
_ დავიჯერო, არაფერი შეიცვლება?
_ არაფერი. ვწუხვარ, კატია.
_ საწყალი ანდრია… _ კატიას სახე მოეღუშა, _ ალბათ რა დღეში იქნება. _ ამ სიტყვებით დიკას ზურგი შეაქცია და წასვლა დააპირა, მაგრამ გოგონამ მკლავში ხელი სტაცა და შეაჩერა.
_ მუნიციპალიტეტში თუ მიდიხარ, ერთად წავიდეთ. მეც იქით მივდიოდი.
_ არა, დიკა, იქ არ მინდა. არ შემიძლია…
მან ნაძალადევად გაუღიმა გოგონას და გაიქცა.
გაგრძელება იქნება