სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე "ჩცდ" - ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება. მის მიერ განსახიერებული ქეთი გულუბრყვილო ქალია, რომელიც გულწრფელობით გამოირჩევა.
სალომე შარვაძის ცნობადობის ასეთი ტემპით ზრდა უკავშირდება სერიალში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ერთ - ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, პოპულარობას ძირითადად მისთვის დადებითი ემოციები მოაქვს და ცხოვრებაში ყველაფერში ეხმარება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სალომეს პერსონაჟი არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მსახიობს ამაზე ინტერვიუში ბევრჯერ უსაუბრია:
"ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ხელის ერთი მოქნევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ არც ერთი წუთი იმ მოძალადის გვერდით აღარ გაატაროს. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება. არ არსებობს ადამიანი, ერთხელ თუ გააკეთა, არ გაიმეოროს, რადგან მოძალადე არის მოძალადე. სადაც ფიზიკური ძალადობაა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ექნება ადგილი. არსებობს მოძალადე ოჯახებიც, გოგონები რომ თხოვდებიან და მერე მათ საქმეში ყველა ერევა, ვისაც არ ეზარება, ოჯახიდან დაწყებული, საგვარეულოს წევრებით დამთავრებული. ძალადობის მსხვერპლ გოგონებს უვარდებათ თვითშეფასება, დეპრესიაში ჩავარდნილნი ხელს ჩაიქნევენ ცხოვრებაზე. გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. " - ამბობდა სალომე.
სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრამისა და კინოს ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გაყიდვებისა- და ივენთმენეჯერი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში.
სალომე ცნობილი მხატვრის, მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილია. ეს უდიდესი ადამიანი სალომეს დედის ბიძა იყო და საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოეწყო გამოფენა, რა თქმა უნდა, სალომეს ძალისხმევით.
2013 წელს ყაზახეთში, ასტანაში და ალმა-ატაში ჩატარდა მიხეილ ვარდიშვილის ნამუშევრების გამოფენები. როგორც ხელოვნებათმცოდნე გულმარა შალაბაევამ აღნიშნა, ”მის ნახატებში არის საქართველოს ფერების სიმღერა, მისი ულამაზესი ბაღები, ყვავილები, ხეები, მთები, არის თანამემამულეების პორტრეტები და ჟანრული სცენები. მისი აზრი სამყაროს მრავალფეროვნებაზე, ბუნების დიდ სილამაზეზე ჭეშმარიტია. მან დაინახა ეს მშვენიერება, იგრძნო მისი ჰარმონიული სუნთქვა, ხმაური და სიჩუმე, ღიმილი, სიხარული და ტკივილი. მხატვარი ვარდიშვილი წარმოაჩენს ბუნების უზენაესობის იდეას, მას აკვირდება სილამაზისა და უკვდავების თვალსაზრისით ”.
სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს. ამასთან ერთად კი, ხშირად ყვება სახალისო ამბებსაც. მაგალითად, როცა სალომე შარვაძე გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი იყო, მეუღლეზე ასეთი ისტორია გაიხსენა:
"ჩემს მამაკაცზე ხშირად მელანდება ხოლმე ეჭვიანობის საბაბი და ერთხელაც, როდესაც ყაზახეთში იყო წასული 6 თვით. რომ დაბრუნდა ამოვუქექე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მიჭირავს მისი ტელეფონი მოდის მესიჯი რუსულად: „როგორ ჩახვედი?“. ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც მისწერა. რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? ვფიქრობ და დავდივარ ოთახებში. კივილ-წივილი მაქვს ატეხილი და მივწერე „კარგად“. მინდოდა, რომ გამომეძალა ინფორმაცია. მომივიდა პასუხი: „მიხარია, რომ კარგად ჩახვედი და გელოდები, რომ მალე ისვე დაბრუნდე“. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და მივწერე „ჩემი დიდი საიდუმლო არ იცი, რომ მე ქალები არ მაინტერესებს“. მივწერე ეს ჩემი ქმრის ტელეფონით და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს რეკვა. არ დავასახელებ იმ ადამიანს, ერთ-ერთი „წონიანი“ პიროვნებაა ყაზახეთში, ვინც რეკავდა. გამორბის ჩემი ქმარი, მეკითხება რა ქენი, შე არანორმალუროო. გავრბივარ მე და როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლის ყაზახი პარტნიორის ცოლმა მოიწერა მოსაკითხად, რომლის ქმარიც ერთი თვე ცხოვრობდა ჩემს ქმართან ერთად. მე კი ვუთხარი ჩემი ქმრის სახელით, რომ კაცები მომწონს-თქო", - ამბობდა სალომე.
ახლა სალომე ტელეეკრანებზე იშვიათად ჩანს, რადგან ეთერში აღარც სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" გადის და არც გადაცემა - "ქალები". მიუხედავად ამისა, სალომე აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ასევე ფოტოებს მოგზაურობებიდან. ის არაერთ ცნობილ სახესთან მეგობრობს, მაგალითად, მსახიობ ნანუკა გულუასთან, ტელეწამყვან მანიკა ასათიანთან... მათ პირად გვერდზე ერთობლივ ფოტოებსა და მხიარულ კადრებსაც ხშირად შეხვდებით.